გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3--------------
საქმე №3-------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - ი-------------- ,-----------–----------
წარმომადგენელი - მ-----------–---–-
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ქ---------------
მესამე პირები (16.2.) - ნ---------------ი, გ-------------ი, მ-----------ე
მესამე პირის გ-------------ის წარმომადგენელი - მ-----------–---–-
მესამე პირის მ-----------ის წარმომადგენელი - თ----------------ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 თებერვლის №----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ-------–--–-------–----–---–---------------–----–---–----------------------–------------------ ,-------–---–----------–----------–------- ბინაზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 20 აპრილს დაფუძნდა იბა ,-----------–-------, რომლის ერთ- ერთი წევრია მ-----------ე. დაფუძნების აქტით მას უფლება ჰქონდა 120 კვ. მეტრზე შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ. ვინაიდან მ-----------ემ ვერ შეძლო თანხის გადახდა, სურვილი გამოთქვა ფართის შემცირების. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ ამხანაგობის №8 კრების ოქმით (25.05.2011წ.) დადგინდა, რომ მ-----------ე აღირიცხებოდა მომავალ მესაკუთრედ, ხოლო ნაკისრი ვალდებულების ბოლომდე შესრულების შემდეგ ამხანაგობის გამგეობის თანხმობის საფუძველზე წარმოეშობოდა საკუთრების უფლება. მიუხედავად ამისა, მ-----------ეს ამხანაგობის დაფუძნებიდან დღემდე არ შეუტანია მისთვის განპირობებული ფართის ღირებულება, არ მიუღია მონაწილეობა ამხანაგობის საქმიანობაში, რის გამოც ამხანაგობას არ წარმოშობია მისთვის ფართის გადაცემის ვალდებულება. 2012 წლის 27 სექტემბრის გამგეობის კრების ოქმით ამხანაგობის ვალდებულება მ-----------ის მიმართ ჩაითვალა და ცვლილება შევიდა ამხანაგობა ,,ო--------–------’’-ის №8 კრების ოქმში და მ-----------ის კუთვნილ ფართზე გაუქმდა სამომავლო საკუთრების უფლება.
მოსარჩელე უთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა რეგისტრაცია იმ მოტივით, რომ წარსადგენი იყო მომავალ მესაკუთრესა და ამხანაგობას შორის გაფორმებული უფლების გაუქმების დოკუმენტი, მოითხოვეს მ-----------ის თანხმობა, თუმცა მისგან თანხმობა ვერ მიიღეს. მოსარჩელემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ვალდებულების გაუქმებულად ჩათვლა და მ-----------ის სამომავლო საკუთრების უფლების გაუქმება, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განჩინებით უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, იმ მოტივით, რომ გაურკვეველი იყო, რატომ ითხოვდნენ მოსარჩელეები კრების ოქმში ცვლილების შეტანას სასამართლოს მეშვეობით, მაშინ როდესაც წარმოდგენილი მასალიდან გამომდინარე, აღნიშნული უკვე განხორციელებული იყო ამხანაგობის გადაწყვეტილებით.
მოსარჩელის განმარტებით, განცხადება ზემოხსენებულ განჩინებასთან ერთად კვლავ შეიტანეს საჯარო რეესტრში, თუმცა 2014 წლის 15 იანვრის №-------------04 გადაწყვეტილებით კვლავ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იგივე საფუძვლით. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით კი მოარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მის ბათილად ცნობას და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
2. მხარეთა პოზიციები
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1.1. მესამე პირმა - მ-----------ემ სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.1.1. მესამე პირს - გ-------------ს წერილობითი ფორმით შესაგებელი ი-------------- ,-----------–-----------ის სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელს მხარი დაუჭირა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2006 წლის 20 აპრილის №1-704 ამხანაგობა „----------–---------- დაფუძნების შესახებ სანოტარო აქტით ირკვევა, რომ 2006 წლის 20 აპრილს დაარსდა ამხანაგობა ,,ო--------–-------’. ამხანაგობის დამფუძნებლები იყვნენ ნ---------------ი და გ-------------ი, ხოლო ამხანაგობის ერთ-ერთ წევრს წარმოადგენდა მ-----------ე. ამავე კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობის დამფუძნებელთა მიზანი იყო წინამდებარე სადამფუძნებლო ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და ვადებში (მშენებლობის დაწყებიდან ოცდაათ თვეში) ერთობლივად ემოქმედათ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. კრების ოქმის მე-3 მუხლით კი განისაზღვრა ამხანაგობაში დამფუძნებელთა შენატანი და სხვა ვალდებულებები, რომლის თანახმად, მ-----------ეს უნდა გადაცემოდა 120კვ.მ. საცხოვრებელი ფართი თეთრ კარკასულ მდგომარეობაში.
4.1.2. საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 06 აპრილის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ჩ---–----–---–-- ქ---------------–---, ჩ---–----–---–-- III, №4 (ნაკვეთი 6----) მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2011 წლის 06 აპრილიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია იბა ,,ო--------–------’’-ის სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2709.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------; 0---------------; 0---------------. ამავე ამონაწერის თანახმად, ვალდებულებაში ფიქსირდება, რომ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ ამხანაგობის წევრებს გადაეცემოდათ მათი კუთვნილი ფართები, მათ შორის მ-----------ეს გადაეცემოდა 120კვ.მ. საცხოვრებელი ფართი თეთრ კარკასულ მდგომარეობაში.
4.1.3. იბა ,,ო--------–------’’-ის 2011 წლის 25 მაისის №8 კრების ოქმით დადგინდა, რომ ამხანაგობის წევრი მ-----------ე, ვალდებულების ბოლომდე შეუსრულებლობის გამო უნდა აღრიცხულიყო მომავალ მესაკუთრედ და ნაკისრი ვალდებულების ბოლომდე შესრულების შემდეგ, ამხანაგობის გამგეობის თანხმობის საფუძველზე წარმოეშობოდა საკუთრების უფლება. ამასთან, კრების ოქმზე თანდართულ განშლის ცხრილში მ-----------ე მითითებულია მომავალ მესაკუთრედ, ხოლო მის კუთვნილ საერთო ფართად მითითებულია 48.4 კვ.მ.
4.1.4. იბა ,,ო--------–------’’-ის გამგეობის 2012 წლის 27 სექტემბრის კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობის ვალდებულება მ-----------ის მიმართ ჩაითვალა გაუქმებულად, ცვლილება შევიდა ამხანაგობა ,,ო--------–------’’-ის №8 კრების ოქმში, მასზე თანდართულ განშლის ცხრილში და დადგინდა, რომ მ-----------ის კუთვნილი ფართი აღირიცხებოდა ამხანაგობა ,,ო--------–------’’-ის სახელზე, ხოლო მ-----------ის სამომავლო საკუთრების უფლება გაუქმდებოდა. აღნიშნულ კრების ოქმს ხელს აწერენ: კრების თავმჯდომარე - ჯ----–--------–---–ი, გამგეობის წევრები - გ-------------ი, ნ---------------ი, ნ-----------------ი, ზ---------------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2006 წლის 20 აპრილის №1-704 სანოტარო აქტი ამხანაგობა ,,ო--------–------’’-ის დაფუძნების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 102-107);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 06.04.2011 (ტომი 1, ს.ფ. 33-36);
- იბა ,,ო--------–------’’-ის 2011 წლის 25 მაისის №8 კრების ოქმი და განშლის ცხრილი (ტომი 1, ს.ფ. 88-98);
- იბა ,,ო--------–------’’-ის გამგეობის 2012 წლის 27 სექტემბრის კრების ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 13-17).
4.1.5. 2012 წლის 08 ოქტომბერს ამხანაგობა ,,ო--------–------’’-ის წარმომადგენელმა ჯ----–--------–---–მა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ჩ---–----–---–-- ქ---------------–---, ჩ---–----–---–-- მე-3 ჩიხი, №4 (ნაკვეთი 6----), ,,ა’’ ბლოკი, სართული I, ბინა №4-ზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და იბა ,,ო--------–------’’-ის გამგეობის 2012 წლის 27 სექტემბრის კრების ოქმი.
4.1.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 09 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე რეგისტრაციები ხორციელდებოდა ცალკეულ უფლების ობიექტებზე (ბინა/ერთეულებზე), შესაბამისად, წარსადგენი იყო სარეგისტრაციო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ბინა №4-ის (სართული №1, ,,ა’’ ბლოკი) ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაციისთვის. ამასთან, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაციისთვის წარსადგენი იყო მომავალ მესაკუთრესა და ,,ო--------–------’’-ს შორის გაფორმებული წინარე უფლების გაუქმების დოკუმენტი.
4.1.7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 ნოემბრის №-------------04 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამხანაგობა ,,ო--------–------’’-ის წარმომადგენლის ჯ----–--------–---–ის 2012 წლის 08 ოქტომბრის №------------ სარეგისტრაციო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 118-119);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 09 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 127);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 ნოემბრის №-------------04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 128).
4.1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის განჩინებით (საქმე №2/18593-13) ირკვევა, რომ 2013 წლის 17 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ---------------ის, ჯ----–--------–---–ის, გ-------------ისა და ნ-----------------ის წარმომადგენელმა მოპასუხე მ-----------ის მიმართ ვალდებულების შეწყვეტის მოთხოვნით. თუმცა მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ (საქმე №2/18593-13) (ტომი 1, ს.ფ. 18-21).
4.1.9. 2014 წლის 09 იანვარს ამხანაგობა ,,ო--------–------“-ის წარმომადგენელმა ჯ----–--------–---–მა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და კვლავ მოითხოვა ქ. თბილისში, ჩ---–----–---–-- ქ---------------–---, ჩ---–----–---–-- მე-3 ჩიხი, №4 (ნაკვეთი 6----), ,,ა’’ ბლოკი, სართული I, ბინა №4-ზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია. განცხადებას სხვა დოკუმენტებთან ერთად ასევე ერთვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
4.1.10. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 15 იანვრის №-------------04 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისთვის წარსადგენი იყო მომავალ მესაკუთრესა და ,,ო--------–------’’-ს შორის გაფორმებული წინარე უფლების გაუქმების დოკუმენტი ან მომავალი მესაკუთრის თანხმობა ვალდებულების გაუქმებასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამხანაგობა ,,ო--------–------’’-ის წარმომადგენლის ჯ----–--------–---–ის 2014 წლის 09 იანვრის №------------ სარეგისტრაციო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 69-70);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 15 იანვრის №-------------04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 115-116).
4.1.11. 2014 წლის 27 იანვარს ამხანაგობა ,,ო--------–------’’-ის წარმომადგენელმა ჯ----–--------–---–მა №142879/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 15 იანვრის №-------------04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ჩ---–----–---–-- ქ---------------–---, ჩ---–----–---–-- მე-3 ჩიხი, №4 (ნაკვეთი 6----), ,,ა’’ ბლოკი, სართული I, ბინა №4-ზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაციის დავალება.
4.1.12. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 თებერვლის №----- გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ამხანაგობა ,,ო--------–------’’-ის წარმომადგენლის ჯ----–--------–---–ის 2014 წლის 27 იანვრის 142879/17 ადმინისტრაციული საჩივარი, თუმცა ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 15 იანვრის №-------------04 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა №------------ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლების საფუძველზე, ახალი, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
4.1.13. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 17 თებერვლის №-------------06 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
4.1.14. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 თებერვლის №----- გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 24 თებერვალს მიღებულ იქნა №--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამხანაგობა ,,ო--------–------’’-ის წარმომადგენლის ჯ----–--------–---–ის 2014 წლის 27 იანვრის 142879/17 ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 64-65);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 თებერვლის №----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 11-12);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 17 თებერვლის №-------------06 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 117);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 თებერვლის №--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 131).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი-------------- ,-----------–-----------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 თებერვლის №----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი ასევე განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ’’ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სხვადასხვა საფუძვლებს, მათ შორის, ამავე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 08 ოქტომბერს ამხანაგობა ,,ო--------–------’’-ის წარმომადგენელმა ჯ----–--------–---–მა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ჩ---–----–---–-- ქ---------------–---, ჩ---–----–---–-- მე-3 ჩიხი, №4 (ნაკვეთი 6----), ,,ა’’ ბლოკი, სართული I, ბინა №4-ზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია.
დადგენილია ასევე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 09 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე რეგისტრაციები ხორციელდებოდა ცალკეულ უფლების ობიექტებზე (ბინა/ერთეულებზე), შესაბამისად, წარსადგენი იყო სარეგისტრაციო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ბინა №4-ის (სართული №1, ,,ა’’ ბლოკი) ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაციისთვის. ამასთან, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაციისთვის წარსადგენი იყო მომავალ მესაკუთრესა და ,,ო--------–------’’-ს შორის გაფორმებული წინარე უფლების გაუქმების დოკუმენტი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 ნოემბრის №-------------04 გადაწყვეტილებით კი, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ მითითებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის გადაწყვეტილებები მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2014 წლის 09 იანვარს ამხანაგობა ,,ო--------–------’’-ის წარმომადგენელმა ჯ----–--------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და კვლავ მოითხოვა ქ. თბილისში, ჩ---–----–---–-- ქ---------------–---, ჩ---–----–---–-- მე-3 ჩიხი, №4 (ნაკვეთი 6----), ,,ა’’ ბლოკი, სართული I, ბინა №4-ზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია. აღნიშნულ განცხადებას სხვა დოკუმენტებთან ერთად ასევე ერთვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის განჩინება, საიდანაც ირკვევა, რომ 2013 წლის 17 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ---------------ის, ჯ----–--------–---–ის, გ-------------ისა და ნ-----------------ის წარმომადგენელმა მოპასუხე მ-----------ის მიმართ ვალდებულების შეწყვეტის მოთხოვნით, თუმცა მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 15 იანვრის №-------------04 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისთვის წარსადგენი იყო მომავალ მესაკუთრესა და ,,ო--------–------’’-ს შორის გაფორმებული წინარე უფლების გაუქმების დოკუმენტი ან მომავალი მესაკუთრის თანხმობა ვალდებულების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 თებერვლის №----- გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 15 იანვრის №-------------04 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა №------------ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლების საფუძველზე, ახალი, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერება წარმოადგენს დავის საგანს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულია ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ რადგან თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2012 წლის 09 ოქტომბრის №--------------- სარეგისტრაციო წარმოების შესახებ გადაწყვეტილებით იმსჯელა 2014 წლის 09 იანვრის №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ ანალოგიურ საკითხზე, ამასთან, ვინაიდან ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო მითითებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და ასევე არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები/მტკიცებულებები, რომლებიც განაპირობებდნენ განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, თბილისის სარეგისტრაციო სამსახური არ იყო უფლებამოსილი ხელახლა ემსჯელა საკითხზე, არამედ ვალდებული იყო ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლების საფუძველზე, მიეღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო აქვე იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 თებერვლის №----- გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 24 თებერვალს მიღებულ იქნა №--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (რომელიც არ გასაჩივრებულა), გაუგებარია თუ რა ინტერესი აქვს მოსარჩელე მხარეს გასაჩივრებული 2014 წლის 17 თებერვლის №----- გადაწყვეტილების მიმართ.
რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე (საქმე №2/18593-13), სადაც სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა, რომ გაურკვეველი იყო თუ რატომ ითხოვდნენ მოსარჩელეები ამხანაგობის კრების ოქმში ცვლილებების შეტანას სასამართლოს მეშვეობით, მაშინ, როდესაც აღნიშნული უკვე განხორციელებული იყო ამხანაგობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს იბა ,,ო--------–------’’-ის 2011 წლის 25 მაისის №8 კრების ოქმზე, რომლითაც დადგინდა, რომ ამხანაგობის წევრი მ-----------ე, ვალდებულების ბოლომდე შეუსრულებლობის გამო უნდა აღრიცხულიყო მომავალ მესაკუთრედ და ნაკისრი ვალდებულების ბოლომდე შესრულების შემდეგ, ამხანაგობის გამგეობის თანხმობის საფუძველზე წარმოეშობოდა საკუთრების უფლება. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იბა ,,ო--------–------’’-ის გამგეობის 2012 წლის 27 სექტემბრის კრების ოქმზე, რომლის თანახმად, ამხანაგობის ვალდებულება მ-----------ის მიმართ ჩაითვალა გაუქმებულად, ცვლილება შევიდა ამხანაგობა ,,ო--------–------’’-ის №8 კრების ოქმში და მასზე თანდართულ განშლის ცხრილში და მ-----------ის კუთვნილი ფართი აღირიცხა ამხანაგობა ,,ო--------–------’’-ის სახელზე, ხოლო მ-----------ის სამომავლო საკუთრების უფლება გაუქმდა. მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომ აღნიშნულ კრების ოქმს ხელს აწერენ: კრების თავმჯდომარე - ჯ----–--------–---–ი, გამგეობის წევრები - გ-------------ი, ნ---------------ი, ნ-----------------ი და ზ---------------–---–ი, ხოლო თავად მ-----------ე, რომლის ქონებასთან დაკავშირებითაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული, არ აწერს ხელს, უფრო მეტიც, ის კრებას საერთოდ არ ესწრებოდა.
მართალია მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს იბა ,,ო--------–------’’-ის კრების ოქმების კანონიერება, თუმცა საჯარო რეესტრი ვალდებული იყო მოეთხოვა განმცხადებლისთვის მომავალ მესაკუთრესა და ,,ო--------–------’’-ს შორის გაფორმებული წინარე უფლების გაუქმების დოკუმენტი ან მომავალი მესაკუთრის თანხმობა ვალდებულების გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც გააკეთა კიდეც 2012 წლის 09 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილებით, ხოლო 2014 წლის 09 იანვარს ანალოგიურ საკითხზე წარდგენილ განცხადებაზე, თბილისის სარეგისტრაციო სამსახური არ იყო უფლებამოსილი ხელახლა ემსჯელა საკითხზე, მით უფრო მაშინ, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა მხარეს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, არ წარმოადგენდა ისეთ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას/მტკიცებულებას, რომელიც სხვა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდებოდა.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 17 თებერვლის №----- გადაწყვეტილებით სწორად მიიჩნია, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 15 იანვრის №-------------04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, მიღებული იყო საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე და ეწინააღმდეგებოდა კანონს.
7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 თებერვლის №----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებისა და გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-------------- ,-----------–-----------ის მოთხოვნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 თებერვლის №----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2014 წლის 24 თებერვალს მიღებულ იქნა №--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, ი-------------- ,-----------–-----------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-------------- ,,ორთაჭალა - 2006“-ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ლეილა გოგიშვილი