გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.06.2019
საქმის ნომერი
330210119002924435
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/7013-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 მაისი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - სს ,,მ---------------------ი“

წარმომადგენელი - ნ---------------–--ე

მოპასუხეები - ზ-----------ა, ი-------------ე

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ზ-----------ას და ი-------------ეს, სს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 3 062.85 ლარის გადახდა;

 

1.2. ზ-----------ას და ი-------------ეს, სს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სარგებლის - 2 143.96 ლარის გადახდა;

 

1.3. ზ-----------ას და ი-------------ეს, სს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის 100 ლარის გადახდა;

 

1.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2017 წლის 11 ივლისს, ზ-----------ასა და შპს „მ---------------------ს“ შორის, გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს თვეში 5 %-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 11 623 ლარი. სესხი უნდა დაფარულიყო 24 თვის განმავლობაში თვეში 843 ლარის გადახდით შეთანხმებული გრაფიკით. სესხის უზრუნველსაყოფად, მოსარჩელის სასარგებლოდ, გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი ტოიოტა პრიუსი.

 

ზ-----------ას სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დამატებით აგრეთვე უზრუნველყოფილი იყო ი-------------ის სოლიდარული თავდებობით. თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით 39 000 ლარით

 

მსესხებელმა დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი. 2018 წლის 29 იანვარს, მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიაზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით ავტომობილი გაიყიდა 8 835 ლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა შემდეგნაირად: 72 ლარით - სრულად გაიქვითა დარიცხული პირგასამტეხლო, 1 327.52 ლარით - სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი; 7 435.28 ლარით - შემცირდა ძირითადი თანხა.

 

გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისთვის მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ძირი თანხის დავალიანების სახით ერიცხებოდა - 10 498.32 ლარი, ავტომობილის რეალიზაციის შემდგომ მას კვლავ დარჩა დავალიანება - სესხის ძირითადი თანხა 3 062.85 ლარი, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5 %-ის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან, ავტომობილის რეალიზაციიდან სარჩელის წარდგენის დღისთვის გასულია სრული 14 თვე (29.02.2018 წ და ყოველი მომდევნო თვე 29.03.2019 წლის ჩათვლით) დარიცხული სარგებელი შეადგენს 2 143.96 ლარს. რეალიზაციის შემდგომ, სესხის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით 2018 წლის 12 დეკემბერს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხეებს და მიეცათ დამატებითი ვადაც. არცერთი მოპასუხე შეტყობინებას არ გამოხმაურებია. 2018 წლის 25 დეკემბრიდან შპს „მ---------------------ი“ გარდაიქმნა სს „მ---------------------ად“ .

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

 

შესაგებელში აღნიშნულია, რომ მართალია მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, თუმცა, ხელშეკრულებაში მითითებული პირობები კაბალურია და ცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრულია 81.09 %-ით, რაც ცდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ რაოდენობას. ავტომობილის რეალური საბაზრო ღირებულება გაცილებით მეტია ვიდრე ექსპერტის მიერ იქნა შეფასებული. ავტომობილი შეფასებულ იქნა 8 700 ლარად რაც დაახლოებით 3 200 აშშ დოლარის ექვივალენტურია, ხოლო ასეთი ავტომობილები ბაზარზე როგორც წესი 4 000 – 5 000 აშშ დოლარად რეალიზდება.

 

მოპასუხეთა განმარტებით, სარჩელზე დართული საფოსტო გზავნილიდან ჩანს, რომ შეტყობინება არ ჩაბარებია თავდებს, ამასთან იძულებითი აღსრულება არ განუხორციელებია მოვალის მიმართ, შესაბამისად, როგორც თავდები უარს აცხადებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამოღებული თანხა არ იქნა სრულად მიქცეული ძირის ნაწილში რამაც გამოიწვია სარგებლის სახით გაზრდილი თანხის დაკისრება.

 

ვინაიდან, თავდების მიმართ არ მომხდარა შეტყობინება ვალდებულების დარღვევის შესახებ ასევე თავდების რეალური ნება იყო მხოლოდ თავდებობა და არა სოლიდარული თავდებობა, გამომდინარე აქედან, თავდები იტოვებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას არ შეასრულოს ხელშეკრულების რიგი ვალდებულებები სანამ არ განხორციელდება ძირითადი მოვალის მიმართ სრული იძულებითი აღსრულების მოქმედებები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 11 ივლისს, ზ-----------ასა და შპს „მ---------------------ს“ შორის, გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს თვეში 5 %-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 11 623 ლარი. სესხი უნდა დაფარულიყო 24 თვის განმავლობაში თვეში 843 ლარის გადახდით შეთანხმებული გრაფიკით. სესხის უზრუნველსაყოფად, მოსარჩელის სასარგებლოდ, გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი ტოიოტა პრიუსი.

 

ზ-----------ას სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დამატებით აგრეთვე უზრუნველყოფილი იყო ი-------------ის სოლიდარული თავდებობით. თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით 39 000 ლარით

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლის მეოთხე პუნქტით, სესხი არის პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება საკრედიტო შეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარისა. სესხზე სარგებლის დარიცხვა იწყება მისი მსესხებლისათვის გადაცემის დღიდან და გრძელდება თანხის სრულად დაბრუნებამდე, მათ შორის მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლით დადგენილი წესით, ავტომობილის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემიდან მის რეალიზაციამდე არსებულ პერიოდში, მიუხედავად იმისა თუ გადაცემიდან რამდენ ხანში მოხერხდება მისი რეალზიაცია.

ხელშეკრულების მე-5 მუხლის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებდა პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის დარჩენილი/მიუღებელი ნაწილის ამოღების მიზნით გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღება და რეალიზაცია, აგრეთვე საბანკო ანგარიშების დაყადაღება და სხვ. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ხაზით უზრუნვლეყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-23)

- საკრედიტო შეთანხმება (ს.ფ. 24-25)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 26)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.2. 2017 წლის 11 ივლისს, შპს ,,მ---------------------“-ს და ი-------------ეს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ი-------------ემ ზ-----------ასთან ერთად, იკისრა სესხის დაბრუნების სოლიდარული პასუხისმგებლობა. თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა 39 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის 11 ივლისის წერილობითი განცხადებება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 28)

- 2017 წლის 11 ივლისის ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 29-31)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.3. ზ-----------ამ სესხის გადახდა ვერ შეძლო. 2017 წლის 15 დეკემბერს, შპს „მ---------------------ს“ მფლობელობაში გადაეცა გირავნობის საგანი ავტომობილი. ავტომობილის ღირებულება დამრგვალებით განისაზღრა 9 400 ლარით, ხოლო ლიკვიდური ღირებულება 8 700 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 32-33)

- შეფასების აქტი (ს.ფ. 34-41)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.4. გირავნობის საგანი გაიყიდა 8 835 ლარად. ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით დავალიანების გაქვითვა განხორციელდა შემდეგნაირად: 72 ლარი - სრულად გაიქვითა დარიცხული პირგასამტეხლო, 1 327.52 ლარი - სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი, 7 435.48 ლარი - შემცირდა ძირი თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 29 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 42-43)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- შეტყობინებები (ს.ფ. 44-46)

3.1.6. 2018 წლის 25 დეკემბრიდან შპს „მ---------------------ი“ გარდაიქმნა სს „მ---------------------ად“ .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 50-51)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი მისი დარღვევის შემთხვევაში 60%-ის ოდენობით, წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას. (აღნიშნულზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ დავალიანების ძირითად ნაწილში, ხოლო სარგებლის ნაწილში უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 361-ე, 8-ე, 54-ე, 891-ე-895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

დადგენილია რომ მხარეებს შპს "მ---------------------სა" და მოპასუხე ზ-----------ას შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან, რომლის საფუძველზე მოპასუხე ზ-----------ამ სესხად მიიღო 11 623 ლარი და წარმოეშვა შეთანხმებული გრაფიკით, სარგებლის გადახდით, სესხის დაბრუნების ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ ზ-----------ამ სესხის დაბრუნება ვერ შეძლო, რის გამოც განხორციელდა გირავნობის საგნის რეალიზაცია. მიუხედავად გირავნობის საგნის რეალიზაციისა ზ-----------ას დავალიანება სრულად დაფარული არ არის. სესხის ძირი თანხის დარჩენილი დავალიანების ოდენობა შეადგენს 3062.85 ლარს, რისი გადახდაც მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს.

 

6.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 11 ივლისის სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით ყოველთვიურად 5%-ს დარიცხვის ნაწილში. როგორც აღინიშნა სარგებლის სახით მხარეთა მიერ განსაზღვრულია ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის - 5%, რაც წლიურად 60%-ს შეადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ. სასამართლოს მოსაზრებით გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

 

საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება, თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან, გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას გ. ს.-ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ (№ას-663-629-2015)

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების თანახმად, საპროცენტო სარგებელი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს წლიურ 60%-ს, ეფექტური საპროცენტო სარგებელი 81.09%. ამ ოდენობით საპროცენტო სარგებლის დაკისრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვას და შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ სარგებლის ოდენობა განსაზღვროს 15 %-ით, რის შესაბამისადაც დასაკისრებელი სარგებლის ოდენობა განსაზღვროს 535.99 ლარით.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 11 ივლისს სს ,,მ---------------------“-ს და ი-------------ეს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით 39 000 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებ პირს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2017 წლის 11 ივლისის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, ანაზღაურების თაობაზე და მას ზ-----------ასთან ერთად, სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროთ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 108.50 ლარის გადახდა.

 

მოპასუხე მხარეს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ავტომანქანის შეფასებისათვის გადახდილი თანხის 100 ლარის ანაზღაურება, რაც წარმოადგენს ხარჯების/დანახარჯებს გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში და რომლის გადახდის ვალდებულება ეკისრება მოპასუხე მხარეს.

 

8. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები. ამავე კოდექსის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაჩიო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ რამ განაპირობა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, რამაც შემდგომში შესაძლოა გააძნელოს მისი აღსრულება, ზოგადად ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კრედიტორისათვის ზიანის მოტანას, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემისათვის ეს მნიშვნელოვანი ზიანი უნდა იყოს, სადაც მხევლელობაში მიიღება გადაწყვეტილებით დადგენილი შესასრულებელი ვალდებულების შინაარსი და ხასიათი. მით უფრო როცა მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სხვა რაიმე უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,მ---------------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ზ-----------ას და ი-------------ეს, სს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 3 062.85 ლარის გადახდა;

3. ზ-----------ას და ი-------------ეს, სს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სარგებლის - 535.99 ლარის გადახდა;

4. ზ-----------ას და ი-------------ეს, სს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის 100 ლარის გადახდა;

5. ზ-----------ას და ი-------------ეს სს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 108.50 ლარის ანაზღაურება;

6. არ დაკმაყოფილდეს სს ,,მ---------------------ი“-ს მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის 1607.97 ლარის დაკისრების ნაწილში;

 

7. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე