განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2019
საქმის ნომერი
330140017001857757
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1------

(გამოძიების №0----------8)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----------–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ--------------–----–--ე (დაბადებული - 1----–-–--------------------------–----------–---------------------------------------–------------------–------------------------------–---–-----------------------------------ში),ადვოკატი - გ------------------ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ--------------–----–--ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 7 მარტს, დაახლოებით 10:50 საათზე, ქ. თბილისში, გ-----------------აზე, ნ--------------–----–--ე მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით „ჰონდა ფიტი“, სახელმწიფო ნომრით I--------, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე გ---------–-–----ეს. შეჯახების შედეგად, გ---------–-–----ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2016 წლის 7 მარტს, დაახლოებით 10:50 საათზე ქ. თბილისში, გ-----------------აზე მომხდარ ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში ნ--------------–----–--ის მონაწილეობა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევა უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

 

3.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.

 

3.4. ნ--------------–----–--ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ გ---------–-–----ის, მოწმეების - ჯ----–-----–------ის, ნ--–-----------ის, ი-–---------------ის, ს------------–-----ს, ლ--------------–---–ის, ლ---------------ს, ა-------–----–-–---–ისა და გ-----------ას ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ცნობა ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნები, რომლებზეც სასამართლო დეტალურად შეაჩერებს ყურადღებას.

 

3.5. სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ დაზარალებულ გ---------–-–----ისა და მოწმე ნ--–-----------ის ჩვენებებით უტყუარად დგინდება, რომ 2016 წლის 7 მარტს, დაახლოებით 10:50 საათზე, ქ. თბილისში, გ-----------------აზე ფეხის მიდამოში დაზიანება მიიღო გ---------–-–----ემ.

 

3.6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 მაისის #0-------- დასკვნის თანახმად, გ---------–-–----ე შპს „ქ. თ---–----------–----------------------ოში“ მკურნალობას გადიოდა 2016 წლის 7 მარტიდან 2016 წლის 11 მარტამდე, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა მცირე წვივის ძვლის დიაფიზის მოტეხილობა ცდომით მარცხენა მედიალური გოჯის ღია მოტეხილობა ცდომით, ტერფის ამოვარდნილობა, არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი.

 

რენტგენოგრამები შესწავლილ იქნა თ-------------–--------–---------------ის მიერ, რომლის დასკვნითაც, გ---------–-–----ეს აღენიშნება მცირე წვივის ძვლის ირიბი მოტეხილობა დიაფიზის დისტალურ მესამედში, სინდესმოზის გაგლეჯით, კოჭის ძვლის ლიტერალური წინა ქვეამოვარდნილობით. რენტგენოგრაფიული სურათი არ ეწინააღმდეგება დაზიანების მიღების თარიღს - 2016 წლის 7 მარტს. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

 

3.7. სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ს------------–-----მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას და განმარტა, რომ გ---------–-–----ის სხეულზე დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნის გამოყენებით. მოწმის განმარტებით, ექსპერტიზას არ შეუძლია განსაზღვროს დაზიანებები რა სიმძიმის საგანთან შეჯახებითაა გამოწვეული.

 

ამდენად, ის გარემოება, რომ გ---------–-–----ემ 2016 წლის 7 მარტს მიიღო სხეულის დაზიანება, უტყუარად დადგენილია და სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით არ იმსჯელებს. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა ვითარებაში მიიღო გ---------–-–----ემ დაზიანება, აღნიშნული წარმოადგენს სადავო ფაქტობრივ გარემოებას, რომელზეც სასამართლო დეტალურად შეაჩერებს ყურადღებას.

 

3.8. 2016 წლის 7 მარტის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ცნობის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქ. თბილისში, გ-----------------ის #----–. განათების ბოძთან, 10:50 საათზე, ბუნებრივი განათების პირობებში, ასფალტის ზედაპირის მქონე, მცირედ დახრილ, უდეფექტო გზაზე. ავტომანქანა ,,ჰონდა ფიტი“ (მძღოლი ნ--------------–----–--ე) დაეჯახა ქვეითად მოსიარულე გ---------–-–----ეს.

 

3.9. მოწმე ი-–---------------ემ დაადასტურა მის მიერ შედგენილი ცნობა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თაობაზე და დამატებით განმარტა, რომ ცნობაში არსებული ინფორმაცია მთლიანად ეფუძნებოდა მხარეთა განმარტებებს. ცნობაში ასევე აღწერა გზის საფარის მდგომარეობა, ამინდი, განათების საშუალება და სხვა გარემოებები. რამდენად დასტურდება ცნობაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები (მხარეთა განმარტებები), აღნიშნულზე სასამართლო თითოეული ჩვენების შეფასებისას დეტალურად იმსჯელებს.

 

3.10. 2016 წლის 7 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, გ-----------------აზე, №------–. განათების ბოძთან, სადაც გზის სავალი ნაწილი არის ასფალტირებული, უდეფექტო, მცირედ დახრილი პროფილის, რომელიც განკუთვნილია ავტომობილთა ორმხრივი მოძრაობისათვის, გ-------–---–-----------ის მხრიდან ჩ-----–-------ის მიმართულებით და პირიქით. გზის საერთო სიგანეა 7.8 მეტრი. ჩ-----–-------ის მხრიდან გ-------–---–-----------ის მიმართულებით მიმავალ გზას მარჯვენა მხრიდან ეკვრის 4.0 მეტრი სიგანის ტროტუარი, სადაც განთავსებულია #----–. განათების ბოძი, რომლის წინაც არის საგზაო მონიშვნა: „ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი გადასასვლელი“. აღნიშნული მიმართულების გზის მარჯვენა მხარეს გასდევს 2.5 მეტრი სიგანის პარკირების ზოლი. გ-------–---–-----------ის მხრიდან ჩ-----–-------ის მიმართულებით მიმავალ გზას მარჯვენა მხრიდან ეკვრის 3.1 მეტრი სიგანის ტროტუარი, სადაც გადაყენებულ მდგომარეობაში, წინა ნაწილით მიმართული ჩ-----–-------ისკენ დგას ავტომობილი „ჰონდა ფიტი“ სახ. #I--------, მისი უკანა მარცხენა ნაწილი #----– განათების ბოძიდან დაშორებულია 0.7 მეტრით. აღნიშნული ბოძიდან ჰორიზონტალურად 4.4 მეტრში გ-------–---–-----------ის მიმართულებით გზის სავალ ნაწილზე აღინიშნება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ მონიშნული ავტომობილ ჰონდა ფიტის“ დგომის ადგილი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რომელიც წინა ნაწილით მიმართულია ჩ-----–-------ისკენ. მისი წინა და უკანა ნაწილები ტროტუარიდან დაშორებულია ვერტიკალურად 2.4-2.4 მეტრით.

 

3.11. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა-------–----–-–---–მა.

 

3.12. გამომძიებელმა გ-----------ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და სისწორე.

 

3.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - ი-–---------------ე, გ-----------ა და ა-------–----–-–---–ი არიან პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მართებულობა, რომლებიც მათ მიერ იქნა ჩატარებული ან რომელშიც მიიღეს მონაწილეობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, რაც მხარეთა მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა. აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების მიმართ ან საერთოდ არ არის რელევანტური ან წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას).

 

3.14. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე, პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

3.15. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).

 

3.16. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - ი-–---------------ის, გ-----------ასა და ა-------–----–-–---–ის ირიბი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს თუ რა მოხდა 2016 წლის 7 მარტს, დაახლოებით 10:50 საათზე ქ. თბილისში, გ-----------------აზე და გამოიწვია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევა ნ--------------–----–--ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფამ.

 

3.17. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 14 მარტის ექსპერტის N------- დასკვნის თანახმად, - წარდგენილ ავტომობილზე რაიმე ავარიული სახის დაზიანების კვალი არ აღინიშნება და შესაბამისად მასზე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) შეჯახება - ურთიერთქმედებისთვის დამახასიათებელი კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა.

 

ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.

 

3.18. აღნიშნული ექსპერტიზის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---------------მ.

 

3.19. დაზარალებულმა გ---------–-–----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 7 მარტს, გამოვიდა კუთვნილი აფთიაქიდან, გ-----------------ა გადაკვეთა და გაჩერდა გზის გამყოფ ღერძულა ხაზზე. გაიხედა მარცხნივ და გაატარა ავტომანქანები. აღნიშნულის შემდეგ გაიხედა მარჯვნივ, რა დროსაც მარცხენა მხრიდან დაეჯახა ავტომანქანა, რის გამოც გაითიშა და წაიქცა. ჯვარედინი დაკითხვისას დაზარალებულმა განმარტა, რომ რა დაეჯახა არ დაუნახავს, მხოლოდ იგრძნო შეჯახება. გონზე რომ მოვიდა ჩაცუცქულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მიყრდნობილი იყო ავტომანქანას მარცხენა მხარეს. მის წინ იდგა მძღოლი, რომელიც იძახდა თუ რა მოუვიდა. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და გადაიყვანეს საავადმყოფოში. მძღოლმა საჭე მარცხნივ რატომ მიმართა მისთვის უცნობია. ნ--------------–----–--ემ მკურნალობის ხარჯები მთლიანად აუნაზღაურა. ნოტარიუსის თანდასწრებით შედგა ხელწერილი, სადაც განმარტავდა, რომ მძღოლის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა. დაზარალებულის განმარტებით, გზის გამყოფ ღერძულა ხაზზე დაახლოებით 10-15 წამი იმყოფებოდა უძრავად. აფთიაქზე დამონტაჟებულია ვიდეო სამეთვალყურეო კამერა, რომლის ჩანაწერებიც ნებაყოფლობით გადასცა გამოძიებას. დაზარალებულის ვარაუდით მარცხენა მხრიდან ფეხზე გაჰკრა ავტომანქანის საბურავმა და წვივი გადაუტეხა. გონება მაშინვე დაკარგა. რამდენი ხანი იყო გათიშული არ ახსოვს.

 

3.20. მოწმე ჯ----–-----–------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის მარტის თვეში, ქ. თბილისში, გ-----------------ასთან მდებარე ტროტუარზე, რამდენიმე წუთით გააჩერა მისი კუთვნილი ავტომანქანა „მერსედესი“. ტროტუარიდან გ-----------------აზე ჩასვლისას, გაიხედა ავტომანქანის მარცხენა გვერდითა სარკეში. მისი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის უკან ავტომანქანა არ ჩანდა და მოძრაობა გააგრძელა. სავალ გზაზე ჩასვლისას შეამჩნია მის გვერდით, ოდნავ წინ გაჩერებული ავტომანქანა „ჰონდა ფიტი“. გაჩერებული ავტომობილი მოძრაობაში ხელს არ უშლიდა. გადაადგილება გააგრძელა და დაახლოებით 5 მეტრის გავლის შემდეგ, სარკეში დაინახა, რომ მის უკან რაღაც ხდებოდა. გააჩერა ავტომანქანა, მივიდა ახლოს და მიწაზე შეამჩნია ხანდაზმული მამაკაცი, რომელსაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი. როდესაც ტროტუარიდან სავალ გზაზე ჩავიდა, ავტომანქანა „ჰონდა ფიტს“ რაიმე მოძრაობა არ განუხორციელებია. იგი ,,ჰონდა ფიტს“ მოძრაობაში ხელს არ უშლიდა. შეჯახების მომენტი არ დაუნახავს, მაგრამ ვინაიდან დაზარალებული „ჰონდა ფიტთან“ ახლოს იწვა, ფიქრობს, რომ სწორედ აღნიშნული ავტომანქანა დაეჯახა გ---------–-–----ეს.

 

3.21. მოწმე ნ--–-----------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის მარტის თვეში, მისი მეუღლე გავიდა ქ. თბილისში, გ-----------------აზე მდებარე აფთიაქიდან, რა დროსაც ყვირილის ხმა გაიგონა. გარეთ გასულმა დაინახა მისი მეუღლე, რომელიც ავტომანქანაზე მძღოლის მოპირდაპირე მხარეს იყო მიყრდნობილი. ასევე შეამჩნია, ბრალდებული, რომელმაც თავში წაიშინა ხელი (ძალიან შეწუხებული იყო). ვინაიდან ნ--------------–----–--ე შეშფოთდა, იფიქრა რომ ის დაეჯახა გ---------–-–----ეს. საპატრულო პოლიცია ძალიან სწრაფად მივიდა შემთხვევის ადგილზე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მისმა მეუღლემ ფეხი მოიტეხა. მკურნალობის ხარჯები ნ--------------–----–--ის ოჯახმა აანაზღაურა.

 

3.22. სასამართლო აფასებს დაზარალებულ გ---------–-–----ის, მოწმეების - ჯ----–-----–------ისა და ნ--–-----------ის ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ არცერთ მათგანს ავტოსაგზაო შემთხვევის (შეჯახების) ფაქტი არ დაუნახავს. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ გ-----------------ის გადაკვეთისას სავარაუდოდ ფეხზე მოხვდა ავტომანქანის საბურავი, რომელმაც წვივი გადაუმტვრია. დაჯახების მომენტი მას არ დაუნახავს, თუმცა მოგვიანებით შენიშნა მძღოლი, რომელიც წუხდა მომხდარის შესახებ. მოწმე ჯ----–-----–------მა დაადასტურა მხოლოდ ის გარემოება, რომ კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით ტროტუარიდან ჩავიდა გ-----------------ის სავალ ნაწილზე, რა დროსაც შენიშნა ოდნავ წინ გაჩერებული „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანა. მოძრაობის დაწყებამდე სარკეში გაიხედა, თუმცა უკან მომავალი ავტომანქანა არ დაუნახავს. ტროტუარიდან ჩასვლისას „ჰონდა ფიტის“ მძღოლისთვის მოძრაობისას დაბრკოლება არ შეუქმნია. ვინაიდან დაზარალებული იმყოფებოდა „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანასთან ახლოს, ივარაუდა რომ სწორედ აღნიშნული ავტომანქანა დაეჯახა გ---------–-–----ეს, თუმცა თავად არაფერი დაუნახავს. მოწმე ნ--–-----------ემ დაადასტურა, რომ ყვირილის ხმაზე გაიხედა აფთიაქიდან, რა დროსაც დაინახა ავტომანქანაზე მიყრდნობილი მისი მეუღლე. ასევე შენიშნა შეწუხებული ბრალდებული და იფიქრა, რომ სწორედ ის დაეჯახა გ---------–-–----ეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------–-–----ის, ჯ----–-----–------ისა და ნ--–-----------ის ჩვენებებით შეუძლებელია 2016 წლის 7 მარტს, გ-----------------აზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის სრული სურათის აღდგენა. დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციით შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს ნ--------------–----–--ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა დაეჯახა თუ არა გ---------–-–----ეს და დაარღვია თუ არა „ჰონდა ფიტის“ მძღოლმა ნ--------------–----–--ემ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები იმგვარად, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. გ---------–-–----ის, ჯ----–-----–------ისა და ნ--–-----------ის მხოლოდ ვარაუდი, რომელიც არ არის დაფუძნებული უტყუარ ფაქტებზე და ემყარება მათ მოსაზრებებს, ცალსახად არასაკმარისია შეჯახების ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის თვალსაზრისით. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძღოლის ჯ----–-----–------ის განმარტება, იმის თაობაზე, რომ ბორდიურიდან სავალ ნაწილზე ჩასვლისას ხელს არ უშლიდა ,,ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანას გადაადგილებაში, გარდა მისი განმარტებისა არ დასტურდება არცერთი სხვა უტყუარი მტკიცებულებით (ვიდეჩანაწერი დაუშვებლად არის ცნობილი). სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუ ჯ----–-----–------ი საწინააღმდეგოს განაცხადებდა (ხელს უშლიდა ,,ჰონდა ფიტს“ გადაადგილებაში), ფაქტობრივად მოახდენდა საკუთარი თავის თვითინკრიმინაციას, ვინაიდან გამოიკვეთებოდა მისი ბრალეულობა ავტოსაგზაო შემთხვევაში. შესაბამისად, იგი როგორც მოწმე დაინტერესებულია საქმის შედეგით, მისი ჩვენება არ სარგებლობს სანდოობის მაღალი ხარისხით და იმ პირობებში, როდესაც სხვა არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მოწმის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, უტყუარად ვერ დადგინდება ფაქტი იმის თაობაზე, რომ იგი ტროტუარიდან სავალ ნაწილზე შესვლისას ხელს არ უშლიდა ,,ჰონდა ფიტს“ გადაადგილებაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა ის გარემოება, თუ რა ტრაექტორიით შევიდა ავტომანქანა ,,მერსედესი“ ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე (სავალ ნაწილზე შევიდა პირდაპირ, მოგვიანებით საჭე მიმართა მარჯვნივ), რაც ჯ----–-----–------ის ან სხვა მოწმის განმარტებებიდან არ დგინდება. კითხვის ნიშანს აჩენს ჯ----–-----–------ის განმარტება, რომ გზის სავალ ნაწილზე შესვლამდე გაიხედა სარკეში, თუმცა ავტომანქანა არ დაუნახავს, რაც აშკარად არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3.23. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ნ--------------–----–--ემ ჩვენებაში დაადასტურა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 7 მარტს, ავტომანქანა „ჰონდა ფიტით“, დაახლოებით 35-50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ქ. თბილისში, გ-----------------აზე, მ-------------------- მიმართულებით. მოძრაობისას შეამჩნია ტროტუარიდან ჩამომავალი შავი ფერის „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა. ასევე შენიშნა, რომ „მერსედესის“ მძღოლი მისკენ არ იყურებოდა. გააჩერა ავტომანქანა და ტროტუარიდან ჩამომავალი ავტომანქანა გაატარა. როდესაც მისი მართის ქვეშ მყოფი ავტომანქანის დაძვრა დააპირა, სარკეში გაიხედა და დაინახა, რომ მის უკან ჩოჩქოლი იყო. გადავიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც დაინახა დაზარალებული, რომელსაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ბრალდებულის განმარტებით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო (წნევამ აუწია). ბრალდებულის განმარტებით, ეგონა, რომ თვითონ დაეჯახა, თუმცა ამის დადასტურება არ შეუძლია და არ იცის, როგორ მიიღო დაზიანება გ---------–-–----ემ. შემთხვევის ადგილზე მყოფი ადამიანებიდანაც მისთვის არავის უთქვამს, რომ რაიმე ჩაიდინა. ტროტუარიდან ჩამომავალ ავტომანქანას მოძრაობა არ შეუნელებია და არც გაჩერებულა. გამოძიებაში როდესაც დაიკითხა თავს შეუძლოდ გრძნობდა (მაღალი წნევა ჰქონდა). არ ადასტურებს მისი გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციას.

 

3.24. ამდენად, ბრალდებულ ნ--------------–----–--ის ჩვენებთ არ დგინდება, რომ იგი ავტომანქანით დაეჯახა ქვეითად მოსიარულე გ---------–-–----ეს, დაარღვია ავტოსაგზაო მოძრაობის წესები. ნ--------------–----–--ე ადასტურებს, რომ ავტომანქანით გადაადგილებისას შენიშნა ტროტუარიდან ჩამომავალი ავტომანქანა „მერსედესი“, რომლის მძღოლიც მისკენ არ იყურებოდა. ფეხმოტეხილი დაზარალებული შეამჩნია მხოლოდ მას შემდეგ, რაც „მერსედესი“ გაატარა და გზის გაგრძელებას აპირებდა.

 

3.25. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ, ნ--------------–----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების თვალსაზრისით, სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი თუნდაც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულის მონაწილეობას 2016 წლის 7 მარტს ქ. თბილისში, გ-----------------აზე განვითარებულ ავტოსაგზაო შემთხვევაში. მხოლოდ მოწმეთა ზოგადი განმარტებები და ვარაუდები, რომ შემთხვევის ადგილზე დაინახეს ფეხმოტეხილი გ---------–-–----ე და ბრალდებული, რომელიც ნერვიულობდა, თავისთავად არ ადასტურებს ნ--------------–----–--ის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს. ვერცერთი მოწმე (მათ შორის დაზარალებული) ვერ უთითებს, რომ გ---------–-–----ის მიერ დაზიანების მიღების მომენტში, ავტომანქანა „ჰონდა ფიტს“ რაიმე კონტაქტი ჰქონდა დაზარალებულთან. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ,,ჰონდა ფიტის“ ავტომანქანას რაიმე შეჯახების ობიექტური ნიშანი (კვალი) არ აღენიშნება, რაც კიდევ უფრო სავარაუდოს ხდის ბრალდების მხარის ვერსიას ავტომანქანა ,,ჰონდა ფიტის“ დაზარალებულისთვის შეჯახების თაობაზე.

 

3.26. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკვანძო საკითხს წარმოადგენს მონაწილეობდა თუ არა ნ--------------–----–--ე ავტოსაგზაო შემთხვევაში, დაარღვია თუ არა მან საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის უტყუარობას.

 

3.27. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 8 სექტემბრის N------ დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ ნ--------------–----–--ის ქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33, პუნქტი 2-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

3.28. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ--------------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებისა და ვიდეოფირის გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო ნ--------------–----–--ის მოქმედების შედეგად. „ჰონდა ფიტის“ მძღოლის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33 მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში საგზაო შემთხვევა არ მოხდებოდა. ექსპერტმა ჩვენების დასაწყისში დაადასტურა, რომ კვლევისას ძირითადად დაეყრდნო ბრალდებულის ჩვენებასა და გამოძიების მიერ წარდგენილ ვიდეო ჩანაწერს, რომელთა ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ 2016 წლის 7 მარტს გ-----------------აზე, გ-------–---–-----------ის მხრიდან ჩ-----–-------ის მიმართულებით, დაახლოებით 40 კმ/სთ. სიჩქარით მოძრაობდა ავტომანქანა „ჰონდა ფიტი“, რომელსაც მართავდა ნ--------------–----–--ე. მძღოლმა დაინახა მარჯვენა მხარეს გაჩერებული მსუბუქი ავტომობილი, რომელიც დაიძრა გზის სავალი ნაწილისკენ. ნ--------------–----–--ემ მისივე ჩვენების თანახმად, აღიქვა რომ ეჯახებოდა ავტომობილს, რის გამოც საჭე მიმართა მარცხენა მხარეს და შეეჯახა სავალი ნაწილის გამყოფ ღერძულა ხაზთან, დაახლოებით 10 წამის განმავლობაში გაჩერებულ ქვეითს - გ---------–-–----ეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში და სქემაში მითითებული იყო ავტომანქანა „ჰონდა ფიტის“ საბოლოო გაჩერების ადგილი, კერძოდ: ავტომანქანა გაჩერებული იყო გ-------–---–-----------ის მხრიდან ჩ-----–-------ის მიმართულებით, გზის კიდიდან 2.4 მეტრის მოშორებით, სავალი გზის პარალელურად. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი გაჩერების დროს იმყოფებოდა გზის პარალელურად.

 

ექსპერტის განმარტებით, ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეო ჩანაწერში შეჯახების მომენტი არ ფიქსირდება, თუმცა კარგად ჩანს ავტომანქანის კადრში შესვლა დამუხრუჭებულ მდგომარეობაში და მისი საბოლოო გაჩერება. გამოკვლევისას დაადგინა, რომ ავტომანქანა „მერსედესი“ ნამდვილად ჩადიოდა ტროტუარიდან, თუმცა „ჰონდა ფიტის“ გაჩერების შემდეგაც, ტროტუარსა და „ჰონდა ფიტს“ შორის დარჩა იმდენი მანძილი, რომ ავტომანქანა „მერსედესის“ მანევრი არ ქმნიდა საფრხეს მოძრაობისთვის.

 

ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ვიდეოჩანაწერის მიხედვით ზუსტი მანძილის დადგენა შეუძლებელია, თუმცა ფირზე არსებული ერთი უძრავი წერტილიდან მეორე უძრავ წერტილს შორის მანძილის მიხედვით განისაზღვრება მიახლოებითი მანძილი, ცდომილება ძალიან მცირეა. ექსპერტმა დაადასტურა, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა კატეგორიულია. ექსპერტიზის გაცემისას დაეყრდნო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სქემას, ვიდეო ჩანაწერს, ნ--------------–----–--ის ჩვენებას, „მერსედესის“ მძღოლისა და ქვეითთა ჩვენებებს.

 

ექსპერტის განმარტებით, ნ--------------–----–--ის ჩვენება არ შეესაბამებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს. ავტომანქანა „მერსედესის“ მძღოლი განმარტავდა, რომ 50 სანტიმეტრით ჩავიდა ტროტუარიდან, ხოლო „ჰონდა ფიტს“ მანევრისთვის ჰქონდა დაახლოებით ერთი მეტრი მანძილი. ეს ფაქტი ვიდეო ფირითა და ავტომანქანების საბოლოო განლაგებიდან გამომდინარე გამოირიცხა. შესაბამისად, მიიღო ის ტრაექტორია, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული. ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარეობს, რომ „მერსედესის“ მძღოლს საგზაო მოძრაობის წესები არ დაურღვევია. ვიდეო ჩანაწერი ზუსტად ასახავდა „ჰონდას ფიტის“ ტრაექტორიას, რაც ასევე დასტურდება „მერსედესის“ მძღოლის ჩვენებით, ასევე ავტომანქანა „ჰონდა ფიტის“ საბოლოო გაჩერებით. ვიდეო ჩანაწერისა და ბრალდებულის ჩვენების გარეშეც შეძლებდა ნ--------------–----–--ის მიერ საგზაო მოძრაობის დარღვევის ფაქტის დადგენას.

 

3.29. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის შინაარსიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე (სატრანსპორტო დანაშაული), მთავარ მტკიცებულებას ნ--------------–----–--ის ბრალეულობის დადგენის თვალსაზრისით წარმოადგენს სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც უტყუარად უნდა დადგინდეს დაარღვია თუ არა ბრალდებულმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესი/წესები იმგვარად, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. აღნიშნული მტკიცებულების (ექსპერტის დასკვნის) დამაჯერებლობას და უტყუარობას, რომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ცალსახაა, ვინაიდან სწორედ ამ სახის მტკიცებულებით, სპეციალური ცოდნის მქონე პირის - ექსპერტის მიერ უნდა დადგინდეს, მთავარი საკითხი - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რაც სატრანსპორტო დანაშაულის (კონკრეტულად სსკ-ის 276-ე მუხლის) შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია და რომლის გარეშეც დანაშაულის შემადგენლობა არ იარსებებს.

 

3.30. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს, უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, უნდა ეფუძნებოდეს საქმეში არსებული მტკიცებულებების გონივრულ, სწორ, სრულ შეფასებას და არ უნდა ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ ექსპერტი იყო მიკერძოებული და იხელმძღვანელა მხოლოდ იმ მასალებით, რაც ადგენდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, ხოლო უგულებელყო მტკიცებულებები, რომლებიც არსებითად ცვლიდნენ მოვლენათა განვითარების მექანიზმს/შემთხვევის ადგილზე არსებულ ვითარებას და წარმოადგენდნენ ბრალდებულის პოზიციის მხარდამჭერ მტკიცებულებებს. ამ განმარტების საწინააღმდეგო პოზიციის არსებობის პირობებში, მაღალია რისკი იმისა, რომ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება და რეალურად არადამაჯერებელ, სავარაუდო და საეჭვო მთავარ მტკიცებულებას - ექსპერტიზის დასკვნას დაეფუძნოს გამამტყუნებელი განაჩენი, რაც დაუშვებელია, როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ცალსახაა, რომ მტკიცებულება, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამდენად, სასამართლო დეტალურად შეაფასებს სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას და იმსჯელებს მისი უტყუარობის/დამაჯერებლობის შესახებ, კერძოდ:

 

3.31. სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს 2016 წლის 8 სექტემბრის N------ ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ მნიშვნელოვან გარემოებებზე - კონკრეტულად რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გასცა ექსპერტმა დასკვნა, რა სახის კვლევა ჩაატარა და როგორ მივიდა დასკვნამდე, კერძოდ:

 

ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, ,,2016 წლის 7 მარტს, დაახლოებით 10:50 საათზე, ქ. თბილისში გ-----------------აზე, გ-------–---–-----------ის მხრიდან ჩ-----–-------ის მიმართულებით, დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი „ჰონდა ფიტი“ სახ. ნომრით I--------, რომელსაც მართავდა ნ--------------–----–--ე. მსვლელობისას მძღოლმა დაინახა მისგან მარჯვენა მხარეს გაჩერებული მსუბუქი ავტომობილი, რომელიც დაიძრა სავალი ნაწილისკენ, ნ--------------–----–--ემ აღიქვა, რომ ეჯახებოდა ავტომობილს რის გამოც, მისი ჩვენებით საჭე მიმართა მარცხენა მხარეს, რა დროსაც დაეჯახა ქვეითს - გ---------–-–----ეს, რომელიც იმყოფებოდა გაჩერებული გზის სავალ ნაწილზე დაახლოებით 10 წამის განმავლობაში.

 

წარმოდგენილ ს.ს. საქმეში არსებული, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და მასზე დანართ სქემაზე მოცემული ავტომობილ „ჰონდა ფიტის“ სახ. ნომრით I-------- მდებარეობის მიხედვით, ავტომობილის წინა მარჯვენა ნაწილი, გ-------–---–-----------ის მხრიდან ჩ-----–-------ის მიმართულებით, სავალი გზის მარჯვენა კიდიდან დაშორებულია 2,4 მეტრით, ხოლო უკანა მარჯვენა ნაწილი ასევე 2,4 მეტრით, (ე.ი. ავტომობილი გაჩერებულია სავალი ნაწილის პარალელურად).

 

3.32. ექსპერტიზაზე წარდგენილი ვიდეოფირის თანახმად, ავტომობილი „ჰონდა ფიტი“ გადაადგილდება სავალი ნაწილის პარალელურად, რა დროსაც მის სამოძრაო ზოლში მარჯვნიდან მარცხნივ, ნელი სვლით, ნაწილობრივ შედის ტროტუარის მხრიდან მოძრავი ავტომობილი „მერსედესი“. ვიდეოფირიდან ასევე ირკვევა, რომ ავტომობილი „ჰონდა ფიტი“ ჩერდება სავალი ნაწილის პარალელურად, ავტომობილ „მერსედესის“ გვერდით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვღებულობთ, რომ ავტომობილ „მერსედესის“ მანევრი არ ქმნიდა საფრთხეს ავტომობილ „ჰონდა ფიტის“ მოძრაობისთვის. საქმის ასეთ ვითარებაში, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ნ--------------–----–--ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 2-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა“.

 

3.33. სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მოხსენიებულია ექსპერტის მიერ მხოლოდ სამი მტკიცებულება - ბრალდებულის ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (თანდართული სქემით) და ვიდეო ჩანაწერი, შესაბამისად, ცალსახაა, რომ ექსპერტის დასკვნა ეყრდნობა მხოლოდ აღნიშნულ სამ მტკიცებულებას. სხვა არცერთი მტკიცებულება დასკვნის კვლევით ნაწილში ნახსენები არ არის. აღსანიშნავია, რომ იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულმა ნ--------------–----–--ემ არ დაადასტურა ავტოსაგზაო შემთხვევაში მისი მონაწილეობის ფაქტი, ხოლო ვიდეოჩანაწერი წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი, ექსპერტიზის დასკვნას გამოეცალა ორი მთავარი მტკიცებულება, ფაქტობრივად ძირითადი საფუძველი. საქმეზე დარჩა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული სქემით, საიდანაც ირკვევა, მხოლოდ ის გარემოება, რომ ავტომობილ „ჰონდ ფიტის“ სახ. #I-------- წინა და უკანა მარჯვენა ნაწილები გ-------–---–-----------ის მხრიდან ჩ-----–-------ის მიმართულებით, სავალი გზის მარჯვენა კიდიდან დაშორებულია 2.4 მეტრით, ხოლო ამ მტკიცებულებით არ დგინდება, რომელი ავტომანქანა შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, არ შეუქმნა საფრთხე ავტომანქანა ,,მერსედესმა“ ,,ჰონდა ფიტს“ გადაადგილებაში და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი.

 

3.34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ 2016 წლის 8 სექტემბრის N------ ექსპერტიზის დასკვნა ვერ აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს, ვინაიდან არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ექსპერტის მიერ ექსპერტიზის ჩატარებისას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გაიზიაროს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა შინაარსიდან. სასამართლოს ასევე არალოგიკურად მიაჩნია ექსპერტის განმარტება, რომ თითქოს ბრალდებულის ჩვენებისა და ვიდეო ჩანაწერის გარეშეც დაადგენდა, 2016 წლის 7 მარტს, ქ. თბილისში, გ-----------------აზე მოძრაობისას ნ--------------–----–--ის მიერ „საგზაო მოძრაობის“ შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის ფაქტს, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე დაკითხული არცერთი მოწმე (მათ შორის დაზარალებული გ---------–-–----ე) არ უთითებს უშუალოდ დაჯახების დეტალებზე. დაზუსტებით ვერავინ აღწერს თუ რომელი ავტომანქანა დაეჯახა დაზარალებულს, ავტომანქანის რა ნაწილით მოხდა შეჯახება და უტყუარად არ დგინდება, რომ ავტომანქანა ,,მერსედესი“ არ უქმნიდა საფრთხეს ,,ჰონდა ფიტს“. მხოლოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული სქემით ვერ აღადგენს 2016 წლის 7 მარტს, ქ. თბილისში, გ-----------------აზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის მნიშვნელოვან დეტალებს და არ არის საკმარისი კატეგორიული დასკვნის გაცემისათვის. რაც შეეხება მოწმე ჯ----–-----–------ის ჩვენებას, მის მტკიცებულებით ძალასთან დაკავშირებით სასამართლომ ზემოთ იმსჯელა და დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში სავარაუდოდ მონაწილე ავტომობილზე („ჰონდა ფიტი“) არ შეიმჩნევა რაიმე დაზიანების ობიექტური ნიშნები.

 

3.35. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სავარაუდო დასკვნის საფუძველზე ობიექტურად შეუძლებელია დადგინდეს, გამოიწვია თუ არა „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომობილის მძღოლის ქმედებებმა ავტოსაგზაო შემთხვევა, ჰქონდა თუ არა ნ--------------–----–--ეს გადაადგილებისას დამაბრკოლებელი გარემოებები და დაარღვია თუ არა „ჰონდა ფიტის“ მძღოლმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

 

3.36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეასრულა მისი მოვალეობა და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ნ--------------–----–--ის ავტომანქანა ,,ჰონდა ფიტის“ დაზარალებულზე შეჯახების ფაქტი, მით უფრო ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა იმგვარი დარღვევა, რომელმაც გ---------–-–----ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ნება.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის ჯანმრთელობა. მოცემული ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია, იგი კრძალავს ქმედებას, რომლის შინაარსი ჩამოყალიბებულია სხვა ნორმატიულ აქტში - ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონში. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სახეზე იყოს ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ამდენად, სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებას - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევასა და დამდგარ შედეგს (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას) შორის.

 

4.2. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

 

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2016 წლის 7 მარტს, დაახლოებით 22:50 საათზე ქ. თბილისში, გ-----------------აზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, თუმცა უტყუარად მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დგინდება, რომ ნ--------------–----–--ე ავტომანქანით დაეჯახა დაზარალებულს, მით უფრო დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა და დაზარალებულ გ---------–-–----ის ჯანმრთელობის დაზიანება. ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც უნდა დადასტურებულიყო ნ--------------–----–--ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფა, ვერ აკმაყოფილებს დამაჯერებლობისა და უტყუარობის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს.

 

4.4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

4.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.).

 

4.7. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

4.8. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

4.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ სატრანსპორტო დანაშაულის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.

 

4.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ--------------–----–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

5.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-276-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ--------------–----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ნ--------------–----–--ეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

3. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი