გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-1060-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ივნისი 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: სალომე არევაძე
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - არ-------------ი
წარმომადგენელი - ან---------------------ი
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)- რუ-------------ი
წარმომადგენელი- ბე-–--------ე
შეგებებული სარჩელით მოპასუხე- და-----------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
შეგებებული სარჩელით დავის საგანი- სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
aRwerilobiTi nawili
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რუ-------------ს არ-------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სესხის ძირი თანხის 100 000 ლარის ანაზღაურება.
1.2. რუ-------------ს არ-------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლოს 23200 ლარის ანაზღაურება.
1.3. რუ-------------ს ვალდებულების სრულად შესრულებამდე არ-------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1 %.
1.4. რუ-------------ს არ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1500 ლარის გადახდა, იურიდიული მომსახურების ანაზღაურების მიზნით.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს რუ-------------ს და არ-------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის თანახმად, რუ-------------მა აღიარა, რომ არ-------------ის მიმართ გააჩნია ვალი 100 000 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნულ თანხას დააბრუნებს 2017 წლის 15 აგვისტომდე. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1 %.
მოსარჩელის განმარტებით, არაერთი თხოვნის მიუხედავად, რუ-------------ი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და არ აბრუნებს თანხას.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს:
1.რუ-------------ს არ-------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სესხის ძირი თანხის 100 000 ლარის ანაზღაურება.
2. რუ-------------ს არ-------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლოს 23200 ლარის ანაზღაურება.
3. რუ-------------ს ვალდებულების სრულად შესრულებამდე არ-------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1 %.
4. რუ-------------ს არ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1500 ლარის გადახდა, იურიდიული მომსახურების ანაზღაურების მიზნით.
შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა:
ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 02 აგვისტოს და 2017 წლის 04 აპრილის ვალის აღიარების შესახებ ხელწერილები და მათ ნაცვლად დადებულად იქნეს აღიარებული სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით- გაცემის დრო 2017 წლის 05 იანვარი, კრედიტორი-არ-------------ი, მოვალე- და-----------ა, სესხი 100 000 ლარი, სესხის დაბრუნების ვადა- სამი თვე.
შეგებებული სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ რუ-------------ს დაახლოებით ერთი წლის წინ დაუკავშირდა მოპასუხე არ-------------ი და სთხოვა დახმარება, რაც გამოიხატებოდა საერთო ნაცნობის და-----------ასათვის თანხის- 100 000 ლარის გადაცემაში, კერძოდ, არ-------------მა დახმარება სთხოვა რუ-------------ს, რომ მას და-----------ასათვის მიეტანა 100 000 ლარი, ვინაიდან ორივე მათგანი მოსარჩელისათვის ნაცნობი იყო, მან აღნიშნული თხოვნა შეასრულა და და-----------ას გადასცა თანხა. გარკვეული პერიოდის შემდეგ არ-------------ი დაუკავშირდა რუ-------------ს და მოსთხოვა მის მიმართ ვალის აღიარების შესახებ ხელწერილის გაფორმება იმ მიზნით რომ მას დაედასტურებინა თანხის გადაცემის მომენტი. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან არ-------------მა ნამდვილად გადასცა მას თანხა 2017 წლის 02 აგვისტოს, დარწმუნებულმა იმაში რომ და-----------ა დაადასტურებდა მისგან ამ თანხის მიღებას, ვალის აღიარების ხელწერილი გააფორმა არ-------------თან, სანაცვლოდ თვითონ და-----------ას 2017 წლის 04 აპრილს დააწერინა ხელწერილი, რომ მან ნამდვილად მიიღო მისგან თანხა. შესაბამისად, რუ-------------ის მიერ გამოხატული ნება რეალურად მიმართული იყო არა ვალის აღიარებისაკენ, არამედ მას სურდა დაედასტურებინა არ-------------ისაგან თანხის მიღების და მისი და-----------ასათვის გადაცემის ფაქტი,აღნიშნულიდან გამომდინარე, რუ-------------ის მოთხოვნას წარმოადგენს:
ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 02 აგვისტოს და 2017 წლის 04 აპრილის ვალის აღიარების შესახებ ხელწერილები და მათ ნაცვლად დადებულად იქნეს აღიარებული სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით- გაცემის დრო 2017 წლის 05 იანვარი, კრედიტორი-არ-------------ი, მოვალე- და-----------ა, სესხი 100 000 ლარი, სესხის დაბრუნების ვადა- სამი თვე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე რუ-------------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, მან განმარტა, რომ ნამდვილად არსებობს ვალის აღიარების ხელშეკრულება, თუმცა იგი მიმართულია არა ვალის აღიარებისკენ, არამედ იმ ფაქტის დადასტურებისაკენ, რომ რუ-------------ი აღნიშნულ ურთიერთობაში წარმოადგენდა მხოლოდ შუამავალს, გარდა ამისა, მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 0.01 %-მდე.
2.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია
არ-------------მა შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს 2017 წლის 02 აგვისტოს და 2017 წლის 04 აპრილის ხელწერილების ბათილად ცნობის საფუძვლები, ვინაიდან წარმოდგენილი ხელწერილი რუ-------------ის მიერ დაწერილია ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, შესაბამისად, არ არსებობს მისი ნების ნამდვილობის გამომრიცხავი არცერთი გარემობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 04 აპრილს გაფორმებული ვალის აღიარების ხელწერილის თანახმად, და-----------ამ 2017 წლის 03 მარტს რუ-------------ისაგან ისესხა 100 000 ლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 25 აპრილს.
მტკიცებულება: ვალის აღიარების ხელწერილი
3.1.2. 2017 წლის 02 აგვისტოს ნოტარიუს მერი მერაბიშვილის მიერ გაცემული # 17------0 სანოტარო აქტის თანახმად, რუ-------------ს და არ-------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის თანახმად, რუ-------------მა აღიარა, რომ მას არ-------------ის მიმართ გააჩნია ვალი 100 000 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 15 აგვისტომდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1 %.
მტკიცებულება: ნოტარიუს მერი მერაბიშვილის მიერ გაცემული # 17------0 სანოტარო აქტი
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუ-------------ის მიერ სანოტარო ბიუროში გამოვლენილი ნება ვალის აღიარების თაობაზე ნამდვილია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ რუ-------------მა ვალი აღიარა არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ იმ გაგებით, რომ იგი წარმოადგენს შუამავალს, რომლის მეშვეობითაც მოხდა თანხის გადაცემა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტის მტკიცების ტვირთი აკისრია მოპასუხე მხარეს, თუმცა მას არანაირი მტკიცებულება წარმოუდგენია აღნიშნულის დასადასტურებლად.
samotivacio nawili
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, იგი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 133-ე, 317-ე, 341-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართალურთიერთობა წარმოიშვა ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის,რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. ამდენად, ვალის არსებობის აღიარება თავად არის ხელშეკრულება. ცალმხრივი ხელშეკრულება არის იმიტომ, რომ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. აბსტრაქტული ხელშეკრულება არის იმიტომ, რომ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან, რომლის არსებობა მხარეებისათვის შეიძლება სადავოც კი იყოს. ვალის არსებობის აღიარება ქმნის ახალ დამოუკიდებელ მოთხოვნას, რომლის მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, 2017 წლის 02 აგვისტოს რუ-------------ს და არ-------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის თანახმად, რუ-------------მა აღიარა, რომ მას არ-------------ის მიმართ გააჩნია ვალი 100 000 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 15 აგვისტომდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1 %. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მას არ დაუბრუნებია მითითებული თანხა მოსარჩელისათვის იმ მიზეზით, რომ მართალია ვალის აღიარების შესახებ ხელწერილი მისი დაწერილია, თუმცა აღნიშნული აღიარებით იგი ადასტურებს მხოლოდ არ-------------ის მიერ და-----------აზე გადასაცემად თანხის მიღების მომენტს, შესაბამისად, მის მიერ გამოვლენილი ნება არ შეიძლება გაგებული იქნეს ვალის აღიარებად.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მოსარჩელე მიმართავს რა სასამართლოს ვალდებულებით სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტი, რომ მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხეს მის მიმართ ნამდვილად გააჩნია დავალიანება 100 000 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარმოადგინოს მტკიცებულება, რითაც დაადასტურებს, რომ აღიარება იყო შეცდომის შედეგი, რაც განპირობებული იყო მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებით ან სხვა რაიმე მნიშვნელოვანი გარემოებით გამოწვეული, განსახილველ შემთხვევაში მართალია რუ-------------ი არ ხდის სადაოდ თავისი ნების ნამდვილობას და განმარტავს, რომ მან ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, ნებაყოფლობით დაწერა ხელწერილი, თუმცა მასში გამოხატული ნება არის შეცდომის შედეგი, კერძოდ, მას თავისი შინაარსით სურდა დაედასტურებინა არ-------------ისაგან და-----------აზე მისაცემი თანხის გადაცემის ფაქტი, თუმცა სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, პირი რომელიც ცდილობს გარკვეული ფაქტის დადასტურებას, მან აღნიშნული სათანადო მტკიცებულებებით უნდა გაამყაროს, თუმცა რუ-------------ს მისი პოზიციის დასადასტურებლად არათუ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, არამედ მის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმაც, კერძოდ მამამ- კურბან მუსაევმა და მათი ოჯახის ახლობელმა თეიმურაზ შუკაკიძემ ვერ დაადასტურეს, რომ რუ-------------ი აღნიშნულ ურთიერთობაში წარმოადგენდა მხოლოდ შუამავალს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ვალის აღიარების ხელწერილი რუ-------------ის მიერ დაწერილია ნებაყოფლობით, იმ მიზნით რომ მას სამართლებრივი შედეგი მოყოლოდა, მოპასუხის მხოლოდ ახსნა-განმარტება, რომ მის მიერ გამოხატული ნება მიმართული იყო იქითკენ რომ მას დაედასტურებინა მისი შუამავლის როლი, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, რუ-------------ს არ-------------ის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის 100 000 ლარის ანაზღაურება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის/მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდეობამდე, კერძოდ 0.01 %- მდე.
6.2. რაც შეეხება რუ-------------ის შეგებებულ სარჩელს, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამავე კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
განსახილველ შემთხვევაში, რუ-------------ი შეგებებული სარჩელით ითხოვს რა ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 02 აგვისტოს და 2017 წლის 04 აპრილის ვალის აღიარების შესახებ ხელწერილები და მათ ნაცვლად დადებულად იქნეს აღიარებული სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით- გაცემის დრო 2017 წლის 05 იანვარი, კრედიტორი-არ-------------ი, მოვალე- და-----------ა, სესხი 100 000 ლარი, სესხის დაბრუნების ვადა- სამი თვე, თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს იმ გარემობაზე, რომ რეალურად სამართლებრივი ურთიერთობის მხარეები არიან არ-------------ი და და-----------ა, რაც შეეხება რუ-------------ს იგი არის მხოლოდ შუამავალი, მისი მეშვეობით მოხდა თანხის გადაცემა, სწორედ აღნიშნულის შესახებ დაწერა მან ხელწერილი, შესაბამისად, რუ-------------ის ნება არ შეიძლება გაგებული იქნეს პირდაპირ, როგორც აღიარება ვალის არსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღსანიშნავია, რომ ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს ძალიან დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს.
მოცემულ შემთხვევაში რუ-------------ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება არ შეესაბამება მის ნამდვილ ნებას, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, რომ მის მიერ გამოხატული ნება მიზნად არ ისახავდა ვალის არსებობის აღიარებას, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, რუ-------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის 1500 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.არ-------------ის სარჩელი მოპასუხე რუ-------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. რუ-------------ს არ-------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სესხის ძირი თანხის 100 000 ლარის ანაზღაურება.
3. რუ-------------ს არ-------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლოს 2320 ლარის ანაზღაურება.
4. რუ-------------ს ვალდებულების სრულად შესრულებამდე არ-------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.01 %, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.
5.რუ-------------ს არ-------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 3000 ლარის ანაზღაურება, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.
6. რუ-------------ს არ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1500 ლარის გადახდა, იურიდიული მომსახურების ანაზღაურების მიზნით.
7. რუ-------------ის შეგებებული სარჩელი მოპასუხეების და-----------ას და არ-------------ის მიმართ ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი