გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/24124-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე სს ”ს----------–---------”
წარმომადგენელი ირ---–------–---
მოპასუხე გი---------------–---
დავის საგანი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე
დავალიანების გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნაა:
1.1. მოპასუხე გ-------------–---ს 2015 წლის 18 ნოემბრის N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დავალიანების 14 036.93 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე გ-------------–---ს 2015 წლის 04 მაისის N2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დავალიანების 29 123.24 ლარის გადახდა.
2015 წლის 18 ნოემბერს მსესხებელ გ-------------–---ზე გაიცა „სმს სესხი“ 2 690 ლარის ოდენობით. სესხი გაცემულ იქნა 23 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი შეადგენდა წლიურ 13.2%-ს. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა სესხის გაცემის საკომისიო, ასევე სესხის პირობების თანახმად ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხის მიერ 2015 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა, რის გამოც გ-------------–---ს სს „ს----------–---------ს“ მიმართ 2018 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 14 036.93 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2 690 ლარი, პროცენტი 971.85 ლარი, პირგასამტეხლო 10 260.08 ლარი და საკომისიო 115 ლარი.
2015 წლის 04 მაისს მსესხებელ გ-------------–---ზე გაიცა „სმს სესხი“ 7 500 ლარის ოდენობით. სესხი გაცემულ იქნა 42 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი შეადგენდა წლიურ 12.60%-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სესხის გაცემის საკომისიო, ასევე სესხის პირობების თანახმად ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხის მიერ არც აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულებულა და 2019 წლის 21 მარტის მდგომარეობით გ-------------–--ის დავალიანება სს „ს----------–---------ს“ მიმართ შეადგენს 29 123.24 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 6 460.52, პროცენტი 1 393.88, საკომისიო 160 ლარი და პირგასამტეხლო 7 071.91 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელის მოთხოვნები არ ცნო და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოსა და სესხის გაცემის საკომისიოს ნაწილში მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო 2015 წლის 04 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა არის ხანდაზმული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 18 ნოემბერს მსესხებელ გ-------------–---ზე სს „ს----------–---------ს“ მიერ გაიცა „სმს სესხი“ 2 690 ლარის ოდენობით. სესხი გაცემულ იქნა 23 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი შეადგენდა წლიურ 13.2%-ს..
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- სამომხმარებლო სესხის განაცხადი;
- საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილება.
3.1.2. 2015 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულებით გაცემული თანხა მსესხებელმა აითვისა და გ-------------–---ს სს „ს----------–---------ს“ მიმართ 2018 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 14 036.93 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2 690 ლარი, პროცენტი 971.85 ლარი, პირგასამტეხლო 10 260.08 ლარი და საკომისიო 115 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- გადახდის გრაფიკი
- დავალიანების შესახებ ცნობა.
3.1.3. 2015 წლის 04 მაისს მსესხებელ გ-------------–---ზე სს „ს----------–---------ს“ მიერ გაიცა „სმს სესხი“ 7 500 ლარის ოდენობით. სესხი გაცემულ იქნა 42 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი შეადგენდა წლიურ 12.60%-ს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები.
3.1.4. 2015 წლის 04 მაისის ხელშეკრულებით გაცემული თანხა მსესხებელმა აითვისა და 2019 წლის 21 მარტის მდგომარეობით გ-------------–--ის დავალიანება სს „ს----------–---------ს“ მიმართ შეადგენს 29 123.24 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 6 460.52, პროცენტი 1 393.88, საკომისიო 160 ლარი და პირგასამტეხლო 7 071.91 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- გადახდის გრაფიკი
- დავალიანების შესახებ ცნობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 18 ნოემბერს გ-------------–---ზე გაცემულ „სმს სესხზე“ გათვალისწინებულ იქნა სესხის გაცემის საკომისიო, ასევე სესხის პირობების თანახმად ვალდებულების შეუსრულებლობისათვის - პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- სამომხმარებლო სესხის განაცხადი;
- საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილება.
3.2.2. 2015 წლის 04 მაისს გ-------------–---ზე გაცემულ „სმს სესხზე“ გათვალისწინებულ იქნა სესხის გაცემის საკომისიო, ასევე სესხის პირობების თანახმად ვალდებულების შეუსრულებლობისათვის - პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები.
3.2.3. მოსარჩელის მოთხოვნა 2015 წლის 04 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ არის ხანდაზმული.
საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თავად იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში.
მოპასუხის მიერ ხანდაზმულობის თაობაზე მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამასთან, სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007, გვ.63.).
ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-868-830-2014).
თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 1.12.2010წ. №ას-599-562-2010).
ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე {სსკ-ის 144.1-ე მუხლი}.
როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა {სსკ-ის 873-ე მუხლი}. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს.
უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (სუსგ 20.05.2013წ. №ას-1432-1351-2012, 14.02.2017წ. ას-934-899-2016, 22.06.2018წ. საქმე №ას-462-462-2018, 12.06.2018წ. საქმე №ას-440-440-2018).
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად, თანხის ყოველი გადახდის მიმართ უნდა აითვალოს დამოუკიდებლად. სარჩელი სასამართლოში შემოსულია 2019 წლის 22 მარტს, საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, გრაფიკით გადასახდელი ბოლო ვადაა 01.11.2018 წელი. მსესხებელმა გადახდა შეწყვიტა 2016 წლის იანვრიდან. აქედან გამომდინარე, გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელ თანხებზე კრედიტორის მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება.
შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 2015 წლის 04 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ არის ხანდაზმული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–---------ს” სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 867-ე, 361-ე, 868-ე, 873-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხის თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. ასევე დადგენილია, რომ 04.05.2015 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 18.11.2015 და 04.05.2015 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სესხის გადახდის საკომისიო 115 ლარი, ხოლო 2015 წლის 04 მაისის ხელშეკრულებით - 160 ლარი, რომელიც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულებით სარგებლობისათვის დადგენილია წლიური 13.2%, ხოლო 2015 წლის 04 მაისის ხელშეკრულებით საპროცენტო სარგებელი შეადგენდა წლიურ 12.60%-ს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ დარიცხული პროცენტის ოდენობა გონივრული და თანაზომიერია სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი ვალდებულების მოცულობასთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს და მოპასუხეს 2015 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 51.30 ლარის, ხოლო 2015 წლის 04 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 70.71 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სს „ს----------–---------ს“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 537.39 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 49-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ”ს----------–---------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. დაეკისროს მოპასუხე გ-------------–---ს მოსარჩელე სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ:
1.1.1. N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 2 690 ლარის, პროცენტის - 971 ლარის, პირგასამტეხლოს 51.30 ლარისა და საკომისიოს 115 ლარის გადახდა;
1.1.2. N2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 6 460.52 ლარის, პროცენტის - 1 383.88 ლარის, საკომისიოს - 160 ლარის და პირგასამტეხლოს 70.71 ლარის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხე გ-------------–---ს მოსარჩელე სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ 357.39 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაკა ჭედია