გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.04.2019
საქმის ნომერი
330310018002773011
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7920-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - ზ------ მ---------ე

წარმომადგენელი - დ----------–-----

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

წარმომადგენლები - თ--------------- და გ--------------–---

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. ბათილად იქნეს ცნობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 ნოემბრის №ES 9------------ ბრძანება.

 

2. დაევალოს მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე - ზ------ მ---------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ--------------------------–---–-------------–--------------ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

3. დაევალოს მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ზ------ მ---------ეს აუნაზღაუროს მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელო, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 25 იანვრის №39 ბრძანებით დამტკიცდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საშტატო ნუსხა და სააგენტოს სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოები თანდართული სახით; ძალადაკარგულად გამოცხადდა „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საშტატო ნუსხისა და სააგენტოს სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 15 იანვრის №7 ბრძანება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 25 იანვრის №39 ბრძანება (ს.ფ. 85-86).

 

3.1.2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის №ES 2------------ წერილით ზ------ მ---------ეს ეცნობა, რომ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეეთავაზა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს გურჯაანის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს ა-----------------------–---–-------------–-----------------–---–ის პოზიციაზე დანიშნვა. ზ------ მ---------ეს, 2018 წლის 2 აგვისტომდე მიეცა ვადა თანხმობის წარსადგენად, ხოლო მითითებულ ვადაში თანხმობის წარუდგენლობისას მოხდებოდა მისი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კადრების განკარგულებაში გადაყვანა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის №ES 2------------ წერილი (ს.ფ. 53-54).

 

3.1.3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს №ES 0------------ ბრძანებით, „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დამტკიცდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხა. აღნიშნული საშტატო ნუსხით გათვალისწინებული იქნა ა-----------------------–---–-------------–--------------ის 1 საშტატო ერთეული.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს №ES 0------------ ბრძანება (ს.ფ. 97-99).

 

3.1.4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს №52933 ბრძანებით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2018 წლის პირველ აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე, 2018 წლის პირველი აგვისტოდან გათავისუფლდნენ თანამდებობიდან და აყვანილი იქნენ კადრების განკარგულებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეები ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად, მათ შორის, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი - ზ------ მ---------ე (პ/ნ: 0----------), საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ--------------------------–---–-------------–--------------ი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს №52933 ბრძანება (ს.ფ. 37).

 

3.1.5. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 ნოემბრის №ES 9------------ ბრძანებით, „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №8 ბრძანებით დამტკიცებული წესის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში მყოფი სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი - ზ------ მ---------ე (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან 2018 წლის 2 დეკემბრიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 ნოემბრის №ES 9------------ ბრძანება (ს.ფ. 14).

 

3.1.6. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის - გ------- ჩ--------ის მიერ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული სამმართველოს უფროსისადმი გაგზავნილ, 2018 წლის 19 სექტემბრის №ES 7------------ წერილში მითითებული იქნა, რომ - ზ------ მ---------ე, მისი დაკვირვებით წარმოადგენს უსაფუძვლოდ, უაღრესად ამბიციურ ადამიანს, მისთვის მკაფიოდ დამახასიათებელი იყო ხელმძღვანელი პირისათვის სრულიად შეუფერებელი ოპერატიულობის დაბალი დონე, რაც გამოიხატებოდა დროის არასწორ განაწილებაში, მიცემული დავალებების დაგვიანებით არაჯეროვნად შესრულებაში, არ იყო ენერგიული, პროფესიული კუთხით გააჩნდა სერიოზული ხარვეზი, რაც კონკრეტულად გამოიხატებოდა მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობებში სრულყოფილად ვერ გარკვევაში, რაც პირდაპირპროპორციულად აზიანებდა სამსახურის ინტერესებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში არსებული საკანონმდებლო მარეგულირებელი ბაზის ზედაპირულ ცოდნაში, ძალიან უჭირდა საკუთარი შეცდომის აღიარება, ყოველთვის ცდილობდა სამსახურებრივი ჩავარდნის სხვაზე გადაბრალებას, 2018 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში მას, როგორც უშუალო ხელმძღვანელს, არაერთხელ მიუცია შენიშვნა მისი მხრიდან ხელმძღვანელი პირისათვის შეუფერებელი უტაქტო გამონათქვამების გამოც. ყოფილა მისი მხრიდან რელიგიური და ეთნიკური ნიშნით თანამშრომელთა დაცინვის შემთხვევაც, რაზეც ასევე მის მიერ მოხდა რეაგირება, შემჩნეული ყავდა ტყუილის თქმაში. აღსანიშნავია, რომ მათ მშვიდ გარემოში ქონიათ საუბარი იმის თაობაზე, რომ მას და მოსარჩელეს უჭირდათ სხვადასხვა მიზეზით ერთად მუშაობა და საკუთრივ მოსარჩელეს დაუფიქსირებია მზაობა საერთოდ წასულიყო სამსახურიდან, რაზეც იგი არ დათანხმდა და მოუწოდა, რომ მეტი ენთუზიაზმით და შემართებით გაეგრძელებინა მუშაობა და ყველანაირად დაუდგებოდნენ გვერდში.

 

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული, მის მიერ ზემოთქმული გარემოებისა, ბატონ ზ------ მ---------ეზე, არასდროს მიაჩნდა მას საკუთარი თავი ამ უკანასკნელზე უკეთეს არც თანამშრომლად და არც მოქალაქედ საკუთარი თავი. იგი მუდმივად ცდილობდა საკუთარი შეცდომებისა და ჩავარდნების აღიარებით, გაანალიზებით, ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებით, კონსტრუქციული საუბრის და დიალოგის გზით, სამსახურში არსებული სუბორდინაციის პრინციპების დაცვითა და კანონმდებლობათა მოთხოვნათა ზედმიწევნით შესრულებით წინ წაეწია საქმე, ქონდა როგორც ძალიან კარგი კოლეგიური, აგრეთვე კარგი, მეგობრული ურთიერთობა, რაც დარწმუნებული, რომ გააუმჯობესებდა სამსახურის ატმოსფეროს, თუმცა მთავარ წყალგამყოფად და ხელისშემშლელად დარჩა რიგი ფაქტორები, კერძოდ: იგი მუდმივად საკუთარი თავით და ნამუშევრით თვითკმაყოფილი იყო, შესაბამისად ვერ ხედავდა სამსახურებრივ თუ ადამიანურ შეცდომებს და ხარვეზებს, რაზეც მიუთითებდა იგი, როგორც უშუალო ხელმძღვანელი პირი, რომელთა გამოსწორებაც საერთო სამსახურებრივ მაღალი ინტერესს წარმოადგენდა, დარწმუნებული იყო, რომ ეკუთვნოდა დაკავებული პოზიცია სამსახურში და რომ შეუცვლელი იყო, არ იყო საკმარისად მოტივირებული თანამშრომელი და მისი რწმენით არც სასურველი შესაფერისი რესურსი გააჩნდა პროფესიული მომატების, სწორედ ამიტომ დააყენა ხელმძღვანელებთან საკითხი მისი დაქვეითების შესახებ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის 2018 წლის 19 სექტემბრის №ES 7------------ წერილი (ს.ფ. 14).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ------ მ---------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილება, „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №8 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 ნოემბრის №ES 9------------ ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამდენად სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერებაზე, კერძოდ, მოსარჩელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ--------------------------–---–-------------–--------------ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. ასევე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურებაზე სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მითითებული კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

 

ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეებზე.

 

ამასთან სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის თანახმად - მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან: ა) პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე (სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანით ან უამისოდ); ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული/ტერიტორიული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო; ვ) სხვა დაწესებულებაში სამსახურის დაწყების გამო; ზ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის/ცნობის საფუძველზე; თ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ი) გარდაცვალების გამო; კ) გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო; ლ) სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასების მიღების გამო; მ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო; ნ) სამსახურის ვადის გასვლის გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

 

სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, გარდა ზემოთ მითითებული პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა, შეიძლება ასევე გათავისუფლდეს თანამდებობიდან ან/და დათხოვნილი იქნეს სამსახურიდან: ა) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ბ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი მოთხოვნის შემთხვევაში; გ) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო.

 

სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დაითხოვება: ა) სამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ბ) სამსახურის სისტემაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში; გ) სხვა დაწესებულებაში სამსახურის დაწყების გამო.

 

მოსამსახურის გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ან მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი.

 

ამავე კანონის 53-ე მუხლის თანახმად - მოსამსახურე, თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან მისი სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის დროს.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილ მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს სამსახურებრივი მოვალეობის დროებით შესრულება.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

 

ამავე კანონის 70-ე მუხლის თანახმად დადგინდა, რომ - 2018 წლის 1 აგვისტოდან ლიკვიდირებული უნდა ყოფილიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და ამის გათვალისწინებით, რეორგანიზებული უნდა ყოფილიყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ჩაითვალა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

 

ამავე კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას/საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციისას მათი მოსამსახურეების შრომითი ურთიერთობა, კერძოდ მითითებული იქნა, რომ ამ კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) აყვანილი იქნენ აღნიშნული სამსახურის კადრების განკარგულებაში.

 

ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე შესაძლებელია მისი თანხმობით დაინიშნოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე.

 

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის ფუნქციონირებას, პასუხისმგებელია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაზე და უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებასა და სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას.

 

მითითებული დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახური არის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ერთიანი სისტემა, სადაც დასაქმებულნი არიან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები და სხვა საჯარო მოსამსახურეები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტები. ხოლო ამავე წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურის ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს - სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტი.

 

განსახილველ შემთვევაში, ზ------ მ---------ეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გათავისუფლებამდე ეკავა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ--------------------------–---–-------------–--------------ის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №8 ბრძანებაზე, რომლის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან მისი სტრუქტურული ერთეულის ან მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის დროს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

 

ზემოაღნიშნული წესის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დაითხოვება სამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მოსამსახურის გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ან მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს №52933 ბრძანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე, 2018 წლის პირველი აგვისტოდან გათავისუფლდნენ თანამდებობიდან და აყვანილი იქნენ კადრების განკარგულებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეები ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად. მათ შორის, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი - ზ------ მ---------ე (პ/ნ: 0----------), საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ--------------------------–---–-------------–--------------ი.

 

ასევე დადგენილია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 ნოემბრის №ES 9------------ ბრძანებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში მყოფი, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი - ზ------ მ---------ე (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან 2018 წლის 2 დეკემბრიდან.

 

შესაბამისად, მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გადაყვანის საფუძველი გახდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია, ხოლო მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა.

 

6.4. განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება იყო თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.

 

ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აუცილებელია, რომ მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს. სამართლებრივი აქტი უნდა პასუხობდეს მიზანშეწონილობისა და კანონიერების მოთხოვნებს. მიზანშეწონილობა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება.

 

იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა, გაანალიზება და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შემდეგ, რადგან თავიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული შესაბამისი მტკიცებულების თანახმად, მოსარჩელე მართალია გაფრთხილებული იქნა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ, მაგრამ შესაბამის ბრძანებაში შესაძლო გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო სამსახურის ლიკვიდაცია და არა თანამდებობის შემცირება, რომლებიც სხვადასხვა სამართლებრივ შედეგს წარმოშობდა მოსარჩელის მიმართ. ამდენად, მოპასუხის მიერ არ იყო დაცული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს ბ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში არსებული მტკიცებულებების კომპლექსური ანალიზით ნათლად და გარკვევით დგინდება, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სრული ლიკვიდაცია არ განხორციელებულა. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს №ES 0------------ ბრძანებით, „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დამტკიცდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხა. აღნიშნული საშტატო ნუსხით კი ისევ იქნა გათვალისწინებული ა-----------------------–---–-------------–--------------ის 1 საშტატო ერთეული, იგივე ფუნქცია-მოვალეობებით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ლიკვიდაციისათვის დამახასიათებელი ტიპიური ნიშნები - სამსახურის ფუნქციონირების სრული შეწყვეტა, სალიკვიდაციო საქმიანობის განხორციელება და ქონების გადაცემა.

 

იმ შემთხვევაშიც, თუ ჩავთვლით, რომ მოსარჩელის განთავისუფლება და შემდეგ სისტემიდან დათხოვნა მოხდა რეორგანიზაციის გამო, რომელსაც თან სდევდა შტატების შემცირება, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლიკვიდაციის თუ რეორგანიზაციის დროს არ მომხდარა ა-----------------------–---–-------------–--------------ის შტატის შემცირება და ასევე ამ განყოფილების გაერთიანება სხვა რომელიმე სტრუქტურულ ერთეულთან, რითაც მოხდებოდა ორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელიდან ერთ-ერთის თანამდებობაზე დანიშვნა, ხოლო მეორის მიმართ სხვადასხვა შეთავაზებების განხორციელება, ხოლო მისი დასაქმების შეუძლებლობის შემთხვევაში კადრების განკარგულებიდან მისი სისტემიდან დათხოვნა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურისათვის შეერჩია და დაედგინა შესაბამისი თანამდებობის არსებობა-არარსებობა და ასეთის არსებობის შემთხვევაში შეეთავაზებინა შესაბამისი თანამდებობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის შერჩევის პროცედურა არ უწარმოებია.

 

მოცემულ შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის №ES 2------------ წერილით ზ------ მ---------ეს, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეეთავაზა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს გურჯაანის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს ა-----------------------–---–-------------–-----------------–---–ის პოზიციაზე დანიშნვა. შესაბამისად, სასამართლოსთვის გაუგებარია რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე, კერძოდ 2018 წლის 30 ივლისს, მისთვის სხვა თანამდებობის შეთავაზება, რომლითაც ხდებოდა მოსარჩელის თანამდებობრივი დაქვეითება.

 

ასევე გაუგებარია კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის 2018 წლის 19 სექტემბრის №ES 7------------ წერილში მითითებული გარემოებები, კერძოდ ის, რომ თითქოს ზ------ მ---------ე არ იყო საკმარისად მოტივირებული თანამშრომელი და არც შესაფერისი რესურსი გააჩნდა პროფესიული მომატების და რაც ყველაზე მთავარია, მისთვის არ იყო კომფორტული ზ------ მ---------ესთან ერთად მუშაობა, რაც გახდა მიზეზი ხელმძღვანელობასთან მისი დაქვეითების საკითხის დაყენების და იმის წინაპირობა, რომ ზ------ მ---------ეს, ახლად შექმნილ კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში უფროსის პოზიციაზე დასანიშნად შეთავაზება არ მიუვიდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებულ წერილში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს იმ საკითხებს, რაც მნიშვნელოვანია რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის დროს თანამშრომლის განთავისუფლების საკითხის განხილვისას. კერძოდ, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის დროს ადგილი ქონდეს ერთ შემთხვევაში იმ ფუნქციის განხორცილებაზე სრულიად უარის თქმას, რასაც ახორცილებდა ლიკვიდაციამდე დაწესებულება, ხოლო მეორე შემთხვევაში შტატების შემცირებას, ანუ იმ საშტატო ერთეულის გაუქმებას, რომელზეც იყო დასაქმებული მოსამსახურე.

 

ხოლო რაც შეეხება წერილში მითითებულ გარემოებებს, აღნიშნული საკითხები უნდა იქნას განხილული შესაბამისი პროცედურების დაცვით წარმოებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, რა დროსაც ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა პროცესში მონაწილე ყველა მხარეს და ამის შემდეგ მოხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება და არა ცალმხრივად, ერთი ადამიანის მოსაზრების გათვალისწინებით და არა ამ ეტაპზე.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სადავო აქტის უკანონობა, რადგან ადგილი არ ჰქონია ფაქტობრივად დაწესებულების ლიკვიდაციას, ხოლო რეორგანიზაციას არ მოყოლია იმ თანამდებობის არც გაუქმება და არც სხვა სტრუქტურულ ერთეულთან გაერთიანება, რაც შეუძლებელს ხდიდა მოსარჩელის მის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე დანიშვნას, რაც შესაბამისად იწვევს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 ნოემბრის №ES 9------------ ბრძანების ბათილად ცნობას.

 

6.6. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე აღდგენილი უნდა იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ--------------------------–---–-------------–--------------ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე.

 

6.7. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს უნდა დაევალოს ზ------ მ---------ეს აუნაზღაუროს მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელო, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელე მხარე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ითხოვს საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მის მიერ გაღებული ხარჯის, მათ შორის საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი ფასის ანაზღაურებას. მოცემულ შემთხვევაში, მხარის მიერ არ არის მითითებული რა ტიპის ხარჯის ანაზღაურებას ითხოვს და არაა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, ხოლო ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით წარმოდგენილია ხელშეკრულება და სალარო შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 165-168).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს. ამგვარი ხარჯის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა სადავო არ არის ის, რომ სასამართლოში სარჩელის შემოტანა და საქმისწარმოებაში მონაწილეობა დაკავშირებულია საპროცესო ხარჯებთან (სარჩელისა და მასზე დართული მტკიცებულებების ასლების გადაღების ფურცლის ღირებულება, საფოსტო მომსახურებით სარგებლობის, მგზავრობის ღირებულება და სხვ.). სასამართლოში წარმომადგენლის მომსახურების ღირებულება და აღნიშნული ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოუდგენლობის შემთხევაშიც მხარე აღნიშნულ ხარჯებს გაიღებდა.

 

ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილება უპირობოდ არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ მოპასუხე მხარეს, მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი დაეკისროს, რამეთუ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დავის საგანი (საქმის კატეგორია), საქმის სირთულე, განხილვის ხანგრძლივობა და ა.შ. ეს დებულება სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია, რომელიც ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. შესაბამისად, მხარეს უარი უნდა ეთქვას საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მის მიერ გაღებული ხარჯის, მათ შორის საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი ფასის ანაზღაურებაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ------ მ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 ნოემბრის ES 9------------ ბრძანება, ზ------ მ---------ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.

 

3. დაევალოს მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე - ზ------ მ---------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ--------------------------–---–-------------–--------------ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

4. დაევალოს მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ზ------ მ---------ეს აუნაზღაუროს მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელო, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

 

5. მოთხოვნა, საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის, მათ შორის საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი ფასის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

6. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი