გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/28633-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - ვლ-------------------ი
მოპასუხე - შპს „ყა---------------------–--ი“
წარმომადგენელი - ან----------–---–ი, თო--------------ე
დავის საგანი - დარიცხული დავალიანების შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შემცირდეს ვლ-------------------ის დავალიანება შპს „ყა---------------------–--ის“ მიმართ 1460,48 ლარიდან 0,58 ლარამდე.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2018 წლის 8 მარტს მრიცხველისკენ მიმავალ გაზსადენ მილსა და მის დამჭერ კაუჭზე გაკეთდა 2 მმ დიამეტრის ნახვრეტები, რომლებშიც ვლ-------------------მა ჩასვა საწერი კალმის მეტალის ბურთულაგამოცლილი პატარა „მილი“ 1-1,5 მ დიამეტრით, რათა მისი მეშვეობით გაზი გადასულიყო გაზსადენი მილიდან კაუჭში, ხოლო კაუჭიდან მასზედ წამოცმულ პლასტიკურ მილში, რომელიც იატაკქვეშ გავლით უერთდებოდა მრიცხველიდან სახლში შემომავალ ოფიციალურ გაზსადენ მილს, სადაც ხდებოდა საწერი კალმის „მილში“ გავლილი უმნიშვნელო მოცულობის აღურიცხავი გაზისა და მრიცხველიდან შემოსული აღრიცხული გაზის ერთმანეთთან შეერთება, ერთიან სისტემაში მოქცევა და შესაბამისად, ერთიანი ხარჯვა 1/169 პროპორციულობით.
2018 წლის 13 მარტს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შპს "ყა-------------------–--ის" წარმომადგენლებმა შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების აქტი, ხოლო 2018 წლის 21 მარტს ადმინისტრაციული სახდელის სახით მოსარჩელეს შეეფარდა გაფრთხილება. ამასთან, მოპასუხემ უსაფუძვლოდ გამდიდრების მიზნით, წინასწარ იცოდა რა, რომ კანონიერი წესით გაანგარიშების შემთხვევაში მოხმარებული გაზის რეალური მოცულობა და თანხა იქნებოდა მიზერული, შეგნებულად არ მოახდინა გაზსადენ მილში არსებული ნახვრეტისა და მრიცხველიდან სახლში შემომავალი მილების დიამეტრების, ასევე მრიცხველის ჩვენების მიხედვით მოხმარებული გაზის მოცულობის გაანგარიშება, არამედ ამ მოცულობის დადგენის, ვითომდა, შეუძლებლობის საბაბით, უსაფუძვლოდ გააკეთა გაანგარიშება გაზდანადგარების არსებული თუ არარსებული საპასპორტო მონაცემების მიხედვით და უკანონოდ დააკისრა მოსარჩელეს თითქოსდა 90 დღეში მოხმარებული კოლოსალური ოდენობის 3164,4 მ3 გაზის ღირებულების 1460,48 ლარის გადახდა. 90 დღეში მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა მთლიანობაში შეადგენს არა 3164,4 მ3-ს, არამედ 215,26 მ3-ს. აქედან 214 მ3 არის მრიცხველის გავლით კანონიერად მოხმარებული და თავის დროზე ანაზღაურებული მოცულობა, ხოლო 1,26 მ3 არის მრიცხველის გვერდის ავლით მოხმარებული და აუნაზღაურებელი მოცულობა.
ამდენად მოსარჩელის მიერ უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება შეადგენს არა 1460,48 ლარს, არამედ – 0,58 ლარს.
მოპასუხემ მოსარჩელეს ასევე უკანონოდ დააკისრა 90 დღეში კანონიერად მოხმარებული და ანაზღაურებული 214 მ გაზის საფასურიდან 98,8 ლარის მეორეჯერ გადახდა. ამასთან, მოპასუხემ გაზმომარაგების შეწყვეტის მიზნით, მოსარჩელეს მისი სახლში არყოფნის დროს, უკანონოდ ჩაუჭრა მრიცხველიდან სახლში შემომავალი გაზსადენი მილი, მაშინ, როცა გაზის მიწოდების შეწყვეტა შეიძლებოდა, როგორც მრიცხველში, ასე მრიცხველის გარეთ არსებულ ონკანების გადაკეტვითა და დალუქვით. მიზანი იყო მრიცხველის მეშვეობით რეალურად მოხმარებული გაზის ოდენობის დადგენის შესაძლებლობის მოსპობა.
ზარალის უმნიშვნელო მოცულობის გამო, დადგენილება გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, მით უმეტეს, რომ მასში საერთოდ არაფერია ნათქვამი ზარალის შესახებ. მოპასუხის განმარტებით, დარიცხული 3164,4 მ3 გაზის საფასურის 1460,48 ლარის გადახდის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
შესაგებელში განმარტებულია, რომ №5----- აბონენტთან კომპანია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ახორციელებდა ბუნებრივი გაზის მიწოდებას, ასევე, სათანადო დოკუმენტაციის (ქვითრების) წარდგენას.
2018 წლის 13 მარტს შპს „ყა-------------------–--ის“ უფლემოსილმა წარმომადგენელმა აღმოაჩინა უკანონო განშტოება, რომლის საფუძველზე შედგა სამართალდარღვევის აქტი და ოქმი. უკანონო განშტოების საშუალებით, მოსარჩელე მოიხმარდა ბუნებრივ აირს მრიცხველის გვერდის ავლით, აღურიცხავად. შესაბამისად, შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს მომხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობა. სწორედ ამისათვის არსებობს სემეკის წესები, რომლითაც კომპანია ხემძღვანელობს და ახორციელებს დარიცხვას ზიანის დაანგარიშების მიზნით.
მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, 2018 წლის 21 მარტს კომპანიის უფლემოსილმა წარმომადგენელმა მიიღო დაადგენილება გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ. დადასტურდა რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლის მიხედვით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობის ფაქტი, აბონენტს კომპანიისადმი ზიანის ანაზღაურების მიზნით დაერიცხა 1460.48 ლარი. კომპანიის მიერ დარიცხვა განხორციელდა წესების სრული დაცვით. მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა დაანგარიშდა მომხმარებლის გაზის დანადგარების სიმძლავრეების (დღე-ღამეში ექვსსაათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. შპს „ყა---------------------–--ის“ სააბონენტო ნომერზე 5----- აბონენტად რეგისტრირებულია სო----------------ი მისამართზე: გლ----ი, ავ---–ა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 109).
№5----- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 121-123).
3.1.2. 2018 წლის 13 მარტის შპს „ყა-------------------–--ის“ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ №0----- აქტის თანახმად, №5------8-- აბონენტის ნომერზე, მომხმარებელი სო----------------ი (მისამართი ავ---–ა) დაფიქსირებულია ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ფაქტი.
აქტის თანახმად, მომხმარებელი მოიხმარდა დანადგარებს: რეფლექტორი, 12 ლ წყლის გამაცხელებელი, ოთხსართულიანი ქურა ღუმელით, ხუთსექციანი ე.წ. „კარმის“ გამათბობელი, ზედადგარი.
2018 წლის შპს „ყა-------------------–--ის“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №0----- ოქმის თანახმად, დარღვევა გამოიხატა მრიცხველისკენ მიმავალი ცენტრალური მაგისტრალის საყრდენთან გახვრეტაში, ასევე საყრდენზე არსებული კაუჭის გახვრეტაში, რომელზედაც ჩამოდებული იყო ცენტრალური მილი, კაუჭი იყო გადაკეთებული და უერთდებოდა რეზინის მილი, რომელიც შედიოდა აბონენტის სახლში და ბუნებრივი აირი მოიხმარებოდა მრიცხველის გვერდის ავლით.
ოქმის თანახმად, დამრღვევ პირს წარმოადგენდა ვლ-------------------ი №5------8-- სააბონენტო ნომერზე (მისამართი - ავ---–ა, კერძო სახლი).
ოქმის თანახმად, დარღვევის კვალიფიკაცია გულისხმობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალრღვევათა კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობას.
გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ №0----- დადგენილების შესაბამისად, ვლ-------------------ი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალრღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და დაედო ადმინისტრაციული სახდელი გაფრთხილების სახით.
ვლ-------------------ს სამართალდარღვევის ოქმი არ გაუსაჩივრებია.
ვლ-------------------მა თავად მიუთითა და მას სადავოდ არ გაუხდია მრიცხველისკენ მიმავალ გაზსადენ მილსა და საყრდენზე არსებული კაუჭის გახვრეტა და ზემოქმედების შედეგად აღურიცხავი ბუნებრივი გაზის მიწოდება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-8).
2018 წლის 13 მარტის შპს „ყა-------------------–--ის“ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ №0----- აქტი (ს.ფ. 18).
2018 წლის 13 მარტის შპს „ყა-------------------–--ის“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №0----- ოქმი (ს.ფ. 19).
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ №0----- დადგენილება (ს.ფ. 32-33).
3.1.3. 2018 წლის 02 აპრილის შპს „ყა-------------------–--ის“ №0---------- წერილით ვლ-------------------ს 2018 წლის 13 მარტის შპს „ყა-------------------–--ის“ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ №0----- აქტის, 2018 წლის 13 მარტის შპს „ყა-------------------–--ის“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №0----- ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ №0----- დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური, დამრღვევის მფლობელობაში არსებული გაზდანადგარებისა და მოწყობილობების წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე და ზიანის ოდენობა განისაზღვრა 1460,48 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2018 წლის 02 აპრილის შპს „ყა-------------------–--ის“ №0---------- წერილი (ს.ფ. 22).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „ყა-------------------–--ისათვის“ მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს 1460,47 ლარით.
მოსარჩელემ სადავოდ გახადა დარიცხული ზიანის ოდენობა და მიუთითა, რომ მოპასუხისათვის მიყენებული ზიანი უნდა განისაზღვროს 0,58 ლარით.
მოსარჩელემ მითითებული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა 2018 წლის 20 ივლისის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №5--------- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ადგილზე საცხოვრებელი სახლის გაზით მომარაგების სისტემის დათვალიერების შედეგად, განისაზღვრა, რომ გაზის მრიცხველიდან სახლში შემომავალი გაზსადენი მილის დიამეტრისა და მასში გავლილი გაზის მოცულობის, ასევე მრიცხველისკენ მიმავალი გაზსადენი მილის კაუჭზე არსებული ხელოვნური ხვრელის დიამეტრისა და მასში გავლილი აირის მოცულობის გათვალისწინებით ერთი და იგივე შემავალი წნევის პირობებში მრიცხველის გვერდის ავლით და მრიცხველში გამავალი ბუნებრივი აირის მოცულობების პროპორციულობაა 1/169; მრიცხველის გვერდის ავლით 90 დღეში მოხმარებული აირის მოცულობა, თუ იგივე პერიოდში მოხმარებული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობა შეადგენს 214 მ3, იქნება 1,26 მ3.
2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „გ)“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დაანგარიშდების წესს, როცა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა დაანგარიშდება მომხმარებლის გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების დადგმული სიმძლავრეების (დღე-ღამეში 6-საათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით); ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
ამასთან, დანადგარების სიმძლავრისა და საათობრივი დატვირთვა განსაზღვრულია შპს „ყა-------------------–--ის“ 2001 წლის 16 აგვისტოს №32-დ ბრძანების შესაბამისად.
როგორც აღინიშნა, 2018 წლის 13 მარტის შპს „ყა-------------------–--ის“ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ №0----- აქტში აღიწერა დანადგარები, რომელთაც მოიხმარდა მომხმარებელი: რეფლექტორი, 12 ლ წყლის გამაცხელებელი, ოთხსართულიანი ქურა ღუმელით, ხუთსექციანი ე.წ. „კარმის“ გამათბობელი, ზედადგარი.
2018 წლის 18 მაისის შპს „ყა-------------------–--ის“ №6----------- წერილით (ს.ფ. 27) ვლ-------------------ს განემარტა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის (1460,47 ლარი) განსაზღვრის წესი; კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ვინაიდან შეუძლებელი იყო უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა, კომპანიამ დარიცხვა განახორციელა დამრღვევის მფლობელობაში არსებული დანადგარების, კერძოდ: 4-სანთურიანი გაზქურის (ღუმლით), 12 ლიტრიანი წყალგამაცხელებლის, რეფლექტორის, ზედადგარი და ე.წ. „კარმის“ მოდელის გამათბობლის წარმადოების მიხედვით - 90 დღეზე, 6-საათიან რეჟიმზე მუშაობით;
4-სანთურიანი გაზქურის (ღუმელის) წარმადობა არის 1,32 მ3/სთ, 12 ლიტრიანი წყალგამაცხელებლის წარმადობა – 2,63 მ3/სთ, რეფლექტორის წარმადობა – 0,25 მ3/სთ, ზედადგარის წარმადობა – 1,0 მ3/სთ, ხოლო ე.წ. „კარმის“ მოდელის გამათბობლის წარმადობა – 0,66 მ3/სთ, რომელთა მიხედვით, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობაა (1,32+2,63+0,25+1+0,66)*6*90=3164,4მ3, რომლის ღირებულებაა 3164,4 * 0,46153=1460,47 ლარი.
ამდენად, შპს „ყა-------------------–--მა“ ზიანი განსაზღვრა 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს მიერ დასკვნის გაუზიარებლობა დასაბუთებული უნდა იყოს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში.
შესაბამისად, სასამართლო სსსკ-ის 102-ე, 105-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ვერ გაითვალისწინებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომელიც არ ითვალისწინებს 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ზიანის გამოანგარიშების მეთოდს.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვლ-------------------ის მიერ ბუნებრივი აირის უკანონო მოხმარების შედეგად შპს „ყა-------------------–--ათვის“ მიყენებული ზიანი შეადგენს 1460,47 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით.
2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილების (ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიმწოდებელი (გამყიდველი) კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს საცალო მომხმარებელს (მყიდველს) ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ბუნებრივი გაზის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ყა---------------------–--ის“ სააბონენტო ნომერზე 5----- აბონენტად რეგისტრირებულია სო----------------ი. აბონენტს მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი შესაბამისი ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ.
2018 წლის 13 მარტის შპს „ყა-------------------–--ის“ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ №0----- აქტის თანახმად, №5------8-- აბონენტის ნომერზე, მომხმარებელი სო----------------ი (მისამართი ავ---–ა) დაფიქსირებულია ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ფაქტი. ოქმის თანახმად, დამრღვევ პირს წარმოადგენდა ვლ-------------------ი №5------8-- სააბონენტო ნომერზე (მისამართი - ავ---–ა, კერძო სახლი). ოქმის თანახმად, დარღვევის კვალიფიკაცია გულისხმობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალრღვევათა კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობას.
გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ №0----- დადგენილების შესაბამისად, ვლ-------------------ი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალრღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და დაედო ადმინისტრაციული სახდელი გაფრთხილების სახით.
აბონენტს №5----- მომხმარებელთა მხრიდან უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობის დადგენისა და მისი საფასურის მომხმარებლებზე დარიცხვის მოქმედი ინსტრუქციების (მომხმარებლის მიერ ძირითადად გამოყენებული დანადგარების ხარჯების ცხრილის გათვალისწინებით) შესაბამისად დაერიცხა ბუნებრივი აირის ღირებულება ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარების ფაქტის შესაბამისად, 1460,48 ლარის ოდენობით.
ვლ-------------------ს სამართალდარღვევის ოქმი არ გაუსაჩივრებია, იგი არ შედავებია იმ ფაქტს, რომ არ იყო დადგენილი სამართალდამრღვევი პირი. მან თავად მიუთითა და სადავოდ არ გაუხდია მრიცხველისკენ მიმავალ გაზსადენ მილსა და საყრდენზე არსებული კაუჭის გახვრეტა და ზემოქმედების შედეგად აღურიცხავი ბუნებრივი გაზის მიწოდება.
სასამართლოს შეფასებით სამართალდარღვევაში აღწერილი ქმედება, გაზის ფარული დატაცების მიზნით, ბუნებრივი აირის ქსელზე თვითნებურად მილის დაერთება და ბუნებრივი გაზის აღურიცხავად მოხმარება, წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივ დელიქტს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი).
განსახილველი დავის შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო იყო ზიანის ოდენობის განსაზღვრა, მოსარჩელემ მოითხოვნა მოპასუხისათვის ასანაზრაურებელი ზიანის ოდენობის (1460,48 ლარის) შემცირება 0,58 ლარამდე.
უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დაანგარიშდების წესს განსაზღვრავს 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“.
2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ბუნებრივი გაზის მიწოდების თვითნებური აღდგენა, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ბუნებრივი გაზის დატაცება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის მოხმარება (გარდა ამ წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა).
ამავე წესების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „გ)“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დაანგარიშდების წესს, როცა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა დაანგარიშდება მომხმარებლის გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების დადგმული სიმძლავრეების (დღე-ღამეში 6-საათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით); ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. დანადგარების სიმძლავრისა და საათობრივი დატვირთვა კი განსაზღვრულია შპს „ყა-------------------–--ის“ 2001 წლის 16 აგვისტოს №32-დ ბრძანების შესაბამისად.
ვლ-------------------ის მიერ ბუნებრივი აირის უკანონო მოხმარების შედეგად ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობა შპს „ყა-------------------–--მა“ განსაზღვრა 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „გ)“ ქვეპუნქტისა და შპს „ყა-------------------–--ის“ 2001 წლის 16 აგვისტოს №32-დ ბრძანების შესაბამისად, 2018 წლის 13 მარტის შპს „ყა-------------------–--ის“ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ №0----- აქტში აღწერილი დანადგარების (რეფლექტორი, 12 ლ წყლის გამაცხელებელი, ოთხსართულიანი ქურა ღუმელით, ხუთსექციანი ე.წ. „კარმის“ გამათბობელი, ზედადგარი) წარმადოების მიხედვით - 90 დღეზე, 6-საათიან რეჟიმზე მუშაობით, რის შესაბამისადაც ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობამ შეადგინა 1460,48 ლარი.
ვლ-------------------მა სადავოდ გახადა შპს „ყა-------------------–--ის“ მიერ გამოყენებული ზიანის დაანგარიშების მეთოდი და წარმოადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამრთლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა. როგორც აღინიშნა (3.2.1. ფაქტობრივი გარემოება), სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ დასკვნას, ვინაიდან იგი არ ითვალისწინებს განსახილველ შემთხვევაში ზიანის დაანგარიშების რომელიმე მეთოდს, რაც ამგვარ შემთხვევებში განისაზღვრება 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
ამდენად, სასამართლო, სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს მოსარჩელის პოზიცია და ამ პოზიციის გასამყარებლად წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ზიანის ოდენობის (1460,48 ლარის) 0,58 ლარამდე შემცირების ფაქტობრივი საფუძვლის არსებობის დამტკიცება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ დაკმაყოფილდება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოსარჩელემ მოითხოვა ასევე ექსპერტიზის ხარჯის 50 ლარის ანაზღაურება. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა ასევე არ დაკმაყოფილდება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ვლ-------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით არ საჩივრდება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე