განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/47-18
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
13 ივნისი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ--------------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ხ-----------------------------–---–-, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-------------, პირადი ნომერი - 3----------, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: არ აქვს, რეგისტრირებული: ს----------------------------------.
ადვოკატი - ზ-----------–---–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები (ორი ეპიზოდი).
დისპოზიცია: მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების ფორმულირება:
1. 2018 წლის ივლისიდან 2018 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-------–--–-, ლ-------–---–---- საცხოვრებელ სახლში მომვლელად მომუშავე ხ-------------–---–--, რომლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა ლ-------–---–---- კუთვნილი შინაური ცხოველები და სახოფაცხოვრებო ნივთები, გაყიდა ამ უკანასკნელის სამი ხბო, ერთი ბურვაკი, ელექტრო შემადუღებელი, ელექტრო წისქვილი, ოთხი ლითონის გალია და აღებული თანხა მიითვისა, რითაც 2500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს.
2. 2018 წლის მაისში, ხ-------------–---–-- რ------------–-–---–- მიჰყიდა საკუთარი ხბო, რომელიც მოვლის მიზნით მყიდველმა ისევ მას მიაბარა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-------–--–-. მითითებული საქონელი, რომელიც ხ-------------–---–-- მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა, მან 2018 წლის აგვისტოში გაყიდა და აღებული თანხა მიითვისა, რითაც 400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.). განსახილველ საქმეში ბრალდებულ ხ-------------–---–-- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ბრალდებულმა და ადვოკატმა წინასასამართლო სხდომაზე, საკუთარი ინიციატივით, სასამართლოსგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადეს უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა - ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებები (აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მიერ საქმის განხილვის ყველა ეტაპზე აფიქსირებდა ამ პოზიციას, ადვოკატის მიერ ასევე აღინიშნა, რომ სასამართლომ უნდა მიიღოს ეს პოზიცია განაჩენის გამოტანისას), დაზარალებულებისა და მოწმეების - ლ-------–---–----, რ------------–-–---–--, შ---------------------, ნ--------------–---–--, ნ-------------------, ნ-----–---------–---–---–--, თ----------–---–--, გ----------------–---–--, თ------------–---–--, ჩ---–----–------- და კ-------–--–-–---–-- გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის, ამოღების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ამოცნობის, ჩხრეკის, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, ლითონის მიღების აღრიცხვის ჟურნალის შესაბამისი გვერდების ასლები, ზედნადები და ნივთმტკიცებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ხ-------------–---–-- მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენას.
სამართლებრივი შეფასება:
5. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა. „გ“ ქვეპუნქტით მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს აღნიშნული ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო „დ“ ქვეპუნქტით - ქმედება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. მითვისებასა და გაფლანგვას შორის განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მითვისების დროს დამნაშავე ზემოაღნიშნულ ქონებას მოაქცევს თავის საკუთრებაში, ხოლო გაფლანგვის დროს მოახდენს მის გასხვისებას რაიმე ფორმით, გაყიდის, გააჩუქებს და ა.შ. მითვისება/გაფლანგვისას დამნაშავეს უნდა ჰქონდეს ქონების გამგებლობის მართლზომიერი უფლება, ანუ მესაკუთრეს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილება. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, მნიშნელოვანია 150 ლარზე მეტი ზიანი.
6. დასტურდება, რომ ხ-------------–---–-- მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული მოძრავი ქონება (რომელთა მოვლაშიც, ორივე შემთხვევაში, გარკვეულ გასამრჯელოს იღებდა) გაყიდა, შესაბამისად, მის მიერ ჩადენილია არა მითვისება არამედ გაფლანგვა. აღნიშნული ცვლილება გავლენას არ ახდენს ხ-------------–---–-- ქმედების კვალიფიკაციაზე და არ აუარესებს მის მდგომარეობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ხ-------------–---–-- მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ორი დანაშაული ლ-------–---–----ა და რ------------–-–---–-- ეპიზოდებში. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ხ-------------–---–-- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა მათი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ხ-------------–---–-- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით (ორ ეპიზოდში) უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
7. ხ-------------–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა ჩადენილი დანაშაული, ნაწილობრივ - 800 ლარის ოდენობით- აანაზღაურა ზიანი.
8. ხ-------------–---–- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
10. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
11. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების სანქციას, კერძოდ ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, ჯარიმა არის ფულადი გადასადელი. ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, ხოლო იმავე კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებულს ეკრძალება ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ანდა ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა დამატებით სასჯელად ინიშნება – ექვსი თვიდან სამ წლამდე ვადით.
12. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჩადენილი ქმედებების მასშტაბის (ლ-------–---–---- ეპიზოდში), ხ-------------–---–-- მიმალვის გათვალისწინებით სასამართლო გამორიცხავს მის მიმართ ისეთი სასჯელის გამოყენებას, რომელიც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
13. ხ-------------–---–-- მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას ლ-------–---–---- ეპიზოდში სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესის შემოკლებაში მის აქტიურ როლს, აღიარებას, მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, იგი არ არის ნასამართლევი, დანაშაულის ხასიათს და მასშტაბს, ასევე მიყენებული ზიანის ოდენობას, რის გამოც [ითვალისწინებს რა დამამძიმებელი გარემოებების არარსებობას] სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელის ზომა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სრულად მიაღწევს სასჯელის მიზნებს. რ------------–-–---–-- ეპიზოდში სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესის შემოკლებაში მის აქტიურ როლს, აღიარებას, მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, იგი არ არის ნასამართლევი, დანაშაულის ხასიათს, რის გამოც [ითვალისწინებს რა დამამძიმებელი გარემოებების არარსებობას] სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მინიმალური ზღვარი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საკმარისი ზომაა სასჯელის მიზნების მისაღწევად. გარდა ამისა, ორივე შემთხვევაში ხ-------------–---–- დამატებით სასჯელად უნდა დაენიშნოს საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, რაც დაკავშირებულია სხვისი უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობასთან, ვინაიდან, როგოც აღმოჩნდა ბრალდებული ასეთ ვითარებას საკმაოდ „ეფექტურად“ იყენებს. 1 წლიანი პერიოდი საკმარისი იქნება დამატებითი სასჯელის მიზნების მისაღწევად.
14. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს. საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ხ-------------–---–- ნასამართლევია, არც პროკურორს წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, აგრეთვე არ უშუამდგომლებია განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნა, რის გამოც სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად მიიჩნევს, რომ ლ-------–---–---- ეპიზოდში დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ლ-------–---–---- ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად 1 წლით ისეთი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, რაც დაკავშირებულია სხვისი უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობასთან.
2. ხ-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (რ------------–-–---–-- ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად 1 წლით ისეთი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, რაც დაკავშირებულია სხვისი უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობასთან.
3. ხ-------------–---–- თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 23 ოქტომბრიდან 2019 წლის 15 იანვრის ჩათვლით და პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს წინამდებარე განაჩენის საფუძველზე მისი დაკავების მომენტიდან (დღიდან).
4. საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ნაწილში განაჩენის არსრულებაზე კონტროლი განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ხ-------------–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს.
6. ნივთმტკიცებები: ერთი ბურვაკი, ორი ხბო და რკინის გალია დაუბრუნდეს დაზარალებულ ლ-------–---–----, ხოლო ერთი ხბო დაუბრუნდეს დაზარალებულ რ------------–-–---–-.
7. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით. მსჯავრდებულს, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი