გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/3922 - 19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე ი-–---ა კ--–----ა (შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
წარმომადგენელი ე---------------ე
მოპასუხე თ----------ი მ---------–---–ი (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
წარმომადგენელი ხ--------------–---–ი, ნ--------------–---–ი
მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)
მესამე პირის წარმომადგენელი მ--------–---------–---ი
დავის საგანი თავდაპირველი სარჩელით ალიმენტის და წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრება
დავის საგანი შეგებებული სარჩელით არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელით
1.1. მოპასუხე თ----------ი მ---------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ნ-----–----ი მ---------–---–ის (დაბადებული 2-----–-–---------------ს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 26 თებერვლიდან) ბავშვის სრულწლოვანებამდე.
1.2. მოპასუხე თ----------ი მ---------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ნ-----–----ი მ---------–---–ის (დაბადებული 2-----–-–---------------ს) სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის სახით ბოლო 12 თვის ფარგლებში 3600 ლარის (ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით) გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრამდე, 2019 წლის 26 თებერვლამდე პერიოდისათვის.
მოსარჩელე ი-–---ა კ--–----ა და მოპასუხე თ----------ი მ---------–---–ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2-----–-–---------------ს შეეძინათ შვილი ნ-----–----ი მ---------–---–ი. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე არ ზრუნავს შვილზე, მის ფინანსურ მდგომარეობაზე. იგი თავს არიდებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას არჩინოს თავისი არასრულწლოვანი შვილი. ამ ეტაპზე მოსარჩელეს მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ აქვს საშუალება ბავშვს შეუქმნას ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო პირობები. მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, მოპასუხე ბოლო პერიოდი საერთოდ არ ზრუნავს არასრულწლოვან შვილზე, რის გამოც მას ასევე უნდა დაეკისროს ბოლო ერთი წლის ფარგლებში წარსული დროის ალიმენტი. მოპასუხე ვალდებულია სტაბილურ მონაწილეობას იღებდეს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდის პროცესში.
(სარჩელი, 2019 წლის 30 მაისის სხდომის ოქმი);
1.1. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
თ----------ი მ---------–---–ისათვის არასრულწლოვან შვილთან, 2-----–-–---------------ს დაბადებულ ნ-----–----ი მ---------–---–თან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთის განსაზღვრა შემდეგი წესით: ყოველი კვირის პარასკევი დღის 16:00 საათიდან (სასწავლებლიდან ან არასასწავლო პერიოდში საცხოვრებელი ადგილიდან) წაყვანის და უკან, იმავე კვირის კვირა დღეს 16:00 საათზე, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით.
თ----------ი მ---------–---–ი და ი-–---ა კ--–----ა აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მათ შორის საქორწინო ურთიერთობის ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე არ აძლევს საშუალებას მამას, თ----------ი მ---------–---–ს ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილთან. მოპასუხე ბავშვზე ახდენს უარყოფით გავლენას და მამის მიმართ განაწყობს უარყოფითად. არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, სასამართლომ განსაზღვროს ბავშვის მამასთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი.
(შეგებებული სარჩელი, 2019 წლის 30 მაისის სხდომის ოქმი).
2.1. მოპასუხის პოზიცია (თავდაპირველი სარჩელის)
მოპასუხე თ----------ი მ---------–---–ი ნაწილობრივ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას ალიმენტის დაკისრების თაობაზე და თანახმაა არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდის მიზნით ყოველთვიურად გადაიხადოს 100 (ასი) ლარი. მოსარჩელის განმარტება არის სრული სიცრუე, ვინაიდან თ---------- მ---------–---–ი მუშაობდა შპს ,,კ-–--------------ში“, ჰქონდა ხელფასი, რომლის უმეტეს ნაწილს ახმარდა შვილს. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის წინაპირობა გახდა სწორედ თ----------ი მ---------–---–ის სამსახურისა და შემოსავლების გარეშე დარჩენა 2019 წლის იანვრის შემდეგ, რის გამოც იგი ვეღარ უწევს ფინანსურ დახმარებას მის შვილს.
2.2. მოპასუხის პოზიცია (შეგებებული სარჩელის)
მოპასუხე ი-–---ა კ--–----ა შეგებებულ სარჩელს ცნობს და თანახმაა შეგებებულ სარჩელში მითითებული დროით დადგინდეს არასრულწლოვან შვილისა და მამის თ----------ი მ---------–---–ის ურთიერთობის წესი.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის სრულყოფილი განვითარებისათვის და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. მოცემულ შემთხვევაში, სოციალური სამსახურის მიერ თ----------ი მ---------–---–ის საცხოვრებელი პირობების შეფასებისას, არ გამოიკვეთა მამის ბავშვთან ურთიერთობისათვის რაიმე ხელისშემშლელი, დამაბრკოლებელი გარემოება. მამის საცხოვრებელ ბინაში შექმნილია ბავშვისათვის კეთილსაიმედო და დაცული გარემო. მოცემულ ეტაპზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნულს ეთანხმება შეგებებული სარჩელის მოპასუხე მხარეც. ბავშვთან ურთიერთობის წესი უნდა დადგინდეს მისი დღის ჩვეული რეჟიმის გათვალისწინებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ი-–---ა კ--–----ას და მოპასუხე თ----------ი მ---------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------------ს შეეძინათ შვილი ნ-----–----ი მ---------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ს.ფ. 18).
3.1.2. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ნ-----–----ი მ---------–---–ი ცხოვრობს დედასთან, ი-–---ა კ--–----თან ერთად. არასრულწლოვანი ნ-----–----ი მ---------–---–ი 2015 წლიდან სწავლობს შპს ,,კ-------ი“-ს სკოლაში. სწავლის ღირებულება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შეადგენს 2100 ლარს. აქედან მშობელი იხდის 1800 ლარს, დანარჩენი იფარება სახელმწიფო დაფინანსების-ვაუჩერის ხარჯზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_შპს ,,კ-------ის“ საშუალო სკოლის მიერ 25.02.2019 წელს გაცემული ცნობა (ს. ფ. 21);
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.1.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2019 წლის 12 მარტის მდგომარეობით, ი-–---ა კ--–----ას მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული შემოსავლები 2018 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, ყოველთვიურად შეადგენს 600 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 12.03.2019 წლის მიმართვა N2----------, დანართი (ს.ფ. 33-35);
3.1.4. სოციალურმა მუშაკმა ვიზიტი განახორციელა მოპასუხე მხარის ი-–---ა კ--–----ას საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თ---–-------–----------------------------------------. საცხოვრებელი წარმოადგენს სამ ოთახიან ბინას, რომელიც მოპასუხის საკუთრებაშია. ი-–---ა კ--–----ა ცხოვრობს პირველი ქორწინებიდან შეძენილ სრულწლოვან შვილთან, შვილის მეუღლესთან და მეორე ქორწინებიდან შეძენილ არასრულწლოვან შვილთან, ნ-----–---- მ---------–---–თან. ბინაში დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. არასრულწლოვან ნ-----–----ს აქვს საკუთარი ოთახი. ოჯახი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. მოპასუხე ი-–---ა კ--–----ა ამჟამად არის დასაქმებული და მუშაობს თარჯიმნად ინტერნეტ მარკეტში. მისი გადმოცემით, მის უმცროს შვილზე ნ-----–----ი მ---------–---–ზე ზრუნავს თავად, რადგანაც ბავშვის მამა თ----------ი მ---------–---–ი არ ეხმარება ოჯახს ფინანურად. არასრულწლოვან ნ-----–----ი მ---------–---–ს ოჯახის წევრებთან აქვს კარგი ურთიერთობა. ასევე, ბავშვის გადმოცემით, მას ურთიერთობა აქვს მამასთანაც, უმეტესად სატელეფონო, მამა პერიოდულად აკითხავს სკოლაშიც. მოპასუხე აცხადებს, რომ მამას, თ----------ი მ---------–---–ს არ უშლის შვილთან ურთიერთობას, მეტიც დედის ინფორმაციით ბავშვი მამას დასვენების დღეებშიც ჰყავდა წაყვანილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში. ნ-----–----ი მ---------–---–ი დადის კერძო სკოლა ,,კ-------ში“. მას აქვს კარგი აკადემიური მოსწრება და სკოლაში ყოველთვის მოწესრიგებული და სუფთად ჩაცმულია. არასრულწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არ აღენიშნება ჩივილები. იგი ხალისიანი და მხიარული ბავშვია. ბავშვი განსაკუთრებულ მიჯაჭვულობას ავლენს დედის მიმართ. არასრულწლოვანი ასევე დადებით დამოკიდებულებას ავლენს მამის მიმართ და აფიქსირებს პოზიციას, რომ სურს მასთან ურთიერთობა. მოპასუხის საცხოვრებელში მზრუნველო გარემო და ბავშვის განვითარებისათვის შესაბამისი პირობებია. ბავშვის უსაფრთხოება დაცულია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2----–-–------------–----------------- (ს.ფ. 137-138);
3.1.5. სოციალური სამსახურის მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა თ----------ი მ---------–---–ის საცხოვრებელ მისამართზე ქ. თ---–----------–---–---------. აღნიშნულ მისამართზე მდებარეობს სასტუმრო, რომლის ერთ-ერთი ნომერი ეკუთვნის მოსარჩელეს. მისი თქმით, სასტუმრო მის მფლობელობაში იყო, თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, გაყიდა და ამჟამად ამავე სასტუმროს ერთ ოთახში ცხოვრობს. ასევე, მისი გადმოცემით მუშაობს სასტუმროში და ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 400 ლარს. ვიზიტისას საცხოვრებელში დაცული იყო სან-ჰიგიენური ნორმები. საცხოვრებელში დგას ერთი სტანდარტული და ერთი გასაშლელი საწოლი. გვერდით ოთახში აქვს სველი წერტილები და სამზარეულო. სასტუმროს აქვს ასევე ეზო, რომელიც უსაფრთხოა არასრულწლოვანისთვის. მოსარჩელის გადმოცემით, იგი შვილის ნახვას ახერხებს თვეში რამდენჯერმე. თ----------ი მ---------–---–ის სურვილია ჰქონდეს შვილთან ჰარმონიული ურთიერთობა. ჰქონდეს უფლება წაიყვანოს შვილი დღე-ღამის განმავლობაში უქმე დღეებში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2----–-–--------------------------- (ს.ფ. 153-154);
3.1.6. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ი/მ თ----------ი მ---------–---–ის მიერ 01.01.2017 წლიდან 31.01.2019 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 10 875 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახი 2175 ლარს. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მომაცემებით, თ----------ი მ---------–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 12.03.2019 წელს გაცემული ცნობა, დანართი (ს.ფ. 74-75);
_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 12.03.2019 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 76);
3.1.7. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, თ----------ი მ---------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ სამ სატრანსპორტო საშუალებაზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემებით, რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა. სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში; მოპასუხე თ----------ი მ---------–---–ის განმარტებით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები უკვე გასხვისებულია მიზერულ თანხად, ვინაიდან მოპასუხემ ვერ შესძლო დავალიანების დაფარვა სალომბარდე დაწესებულებებისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 13.03.2019 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 49);
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, თ----------ი მ---------–---–ს 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება.
მოპასუხის განმარტებით, მან ბოლო ორი თვეა მუშაობა დაიწყო იმავე სასტუმროში, სადაც ცხოვრობს. კერძოდ, იგი დაკავებულია სასტუმროს კლიენტების მოძიებით, სტუმრების სატრანსპორტო გადაადგილებით და სხვა. მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 400 ლარს. სხვა სახის შემოსავლის მიღების ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 12.03.2019 წლის მიმართვა N2---------- (ს.ფ. 33).
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.2.2. თ----------ი მ---------–---–ს არასრულწლოვან შვილთან, ნ-----–----ი მ---------–---–თან აქვს ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობა. მამა ბავშვს ნახულობს და მათ შორის ნორმალური, თბილი მამაშვილური დამოკიდებულებაა. არასრულწლოვან ნ-----–---- მ---------–---–მა მამის მიმართ გამოავლინა დადებითი განწყობა და ნათლად გამოხატა სურვილი მამასთან სტაბილური ურთიერთობის, მის საცხოვრებელ სახლში წასვლისა და მასთან ღამით დარჩენისა. სასამართლო მიუთითებს, რომ ორივე მშობელთან ურთიერთობა აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვის სტრეს-ფაქტორის თავიდან აცილების მიზნით. ორივე მშობელი არასრულწლოვანი ბავშვისათვის ერთნაირად აუცილებელი და საჭიროა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.2.3. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.2.4. მოსარჩელე ი-–---ა კ--–----ას არ მიუღია ყველა შესაძლო ღონისძიება მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით ალიმენტის მისაღებად. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ არასრულწლოვან შვილის - ნ-----–----ი მ---------–---–ის აღზრდისათვის დაკისრებული ვალდებულების უგულებელყოფას ბოლო ერთი წლის განმავლობაში სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის. მით უმეტეს მხარეთა განმარტებით, არასრულწლოვან ბავშვს აქვს მამასთან ურთიერთობა და რამდენჯერმე მამამ თავის საცხოვრებელ სახლშიც წაიყვანა ბავშვი, რა დროსაც არასრულწლოვანი ყველა საჭიროებებით უზრუნველყოფილი იყო მამის მხრიდან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4.2. არ არსებობს მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი.
4.3. სასამართლომ განიხილა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე და მივიდა დასკვნამდე, რომ თ----------ი მ---------–---–ის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-5, მე-8, მე-9, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ი-–---ა კ--–----ამ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი ნ-----–----ი მ---------–---–ი.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ი-–---ა კ--–----ას და მოპასუხე თ----------ი მ---------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------------ს შეეძინათ შვილი ნ-----–----ი მ---------–---–ი. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ნ-----–----ი მ---------–---–ი ცხოვრობს დედასთან, ი-–---ა კ--–----თან ერთად. არასრულწლოვანი ნ-----–----ი მ---------–---–ი 2015 წლიდან სწავლობს შპს ,,კ-------ი“-ს სკოლაში. სწავლის ღირებულება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შეადგენს 2100 ლარს. აქედან მშობელი იხდის 1800 ლარს, დანარჩენი იფარება სახელმწიფო დაფინანსების-ვაუჩერის ხარჯზე. მოსარჩელე მხარის მითითებით, მოპასუხე არ ზრუნავს არასრულწლოვან შვილზე და არ ეხმარება მათ მატერიალურად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. „ბავშვთა უფლებათა შესახებ“ კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს.
არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. დადგენილია, რომ მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია და ისინი ერთიან საოჯახო მეურნეობას არ ეწევიან. მოსარჩელე ცხოვრობს პირველი ქორწინებიდან შეძენილ სრულწლოვან შვილთან, შვილის მეუღლესთან და მეორე ქორწინებიდან შეძენილ არასრულწლოვან შვილთან, ნ-----–---- მ---------–---–თან ერთად საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თ---–-------–----------------------------------------. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2019 წლის 12 მარტის მდგომარეობით, ი-–---ა კ--–----ას მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული შემოსავლები 2018 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, ყოველთვიურად შეადგენს 600 ლარს. როგორც მოსარჩელემ სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნა, იგი ამჟამადაც დასაქმებულია, კერძოდ მუშაობს თარჯიმნად ინტერნეტ მარკეტში და აქვს შესაბამისი შემოსავალი. არასრულწლოვანი ნ-----–----ი მ---------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არ აღენიშნება ჩივილები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, მოპასუხე თ----------ი მ---------–---–ი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. იგი ცხოვრობს ქ. თ---–----------–---–----------ში მდებარე სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ი/მ თ----------ი მ---------–---–ის მიერ 01.01.2017 წლიდან 31.01.2019 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 10 875 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახი 2175 ლარს. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მომაცემებით, თ----------ი მ---------–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, თ----------ი მ---------–---–ს 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. მოპასუხის განმარტებით, მან ბოლო ორი თვეა მუშაობა დაიწყო იმავე სასტუმროში, სადაც ცხოვრობს. კერძოდ, იგი დაკავებულია სასტუმროს კლიენტების მოძიებით, სტუმრების სატრანსპორტო გადაადგილებით და სხვა. მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 400 ლარს. სხვა სახის შემოსავლის მიღების ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, თ----------ი მ---------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ სამ სატრანსპორტო საშუალებაზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემებით, რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა. სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში; მოპასუხე თ----------ი მ---------–---–ის განმარტებით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები უკვე გასხვისებულია მიზერულ თანხად, ვინაიდან მოპასუხემ ვერ შესძლო დავალიანების დაფარვა სალომბარდე დაწესებულებებისთვის. საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხე დღეის მდგომარეობითაც ფლობს და სარგებლობს სატრანსპროტო საშუალებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მოპასუხე თანახმაა, თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ნ-----–----ი მ---------–---–ის სასარგებლოდ ყოველთვიური ალიმენტის სახით გადაიხადოს 100 (ასი) ლარი. არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილი, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. თუმცა ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ანუ - საარსებო მინიმუმს. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ თ----------ი მ---------–---–ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნაა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა კვირაში ორი დღით, პარასკევს 16:00 საათიდან კვირა დღის 16:00 საათამდე, რასაც მოწინააღმდეგე მხარე ეთანხმება სრულად. შესაბამისად, ყოველი კვირის მითითებულ პერიოდს არასრულწლოვანი ნ-----–----ი მ---------–---–ი გაატარებს მამასთან, რა დროსაც ყველა საჭიროებებით უზრუნველყოფილი იქნება მამის მხრიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 190 (ას ოთხმოცდაათი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-–---ა კ--–----ას მოთხოვნა - თ----------ი მ---------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის ნ-----–----ი მ---------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვანი ნ-----–----ი მ---------–---–ის სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის ერთი წლის ფარგლებში სარჩელის აღძვრამდე გასული პერიოდისათვის 3600 (სამი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტი შესაძლოა გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში წარსული დროისათვის, თუ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული, რადგან ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ არასრულწლოვან შვილის - ნ-----–----ი მ---------–---–ის აღზრდისათვის დაკისრებული ვალდებულების უგულებელყოფას ბოლო ერთი წლის ფარგლებში სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის. მით უფრო ორივე მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მამასა და შვილს ყოველთვის ჰქონდათ თბილი და ნორმალური ურთიერთობა და არასრულწლოვანი გარკვეულ პერიოდს ატარებდა მამასთან მის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც არასრულწლოვანზე ზრუნავდა მოპასუხე მხარე.
ამდენად, საქმის მასალებით არ იკვეთება მხარის მიერ სარჩელის წარდგენამდე სამი წლის განმავლობაში არასრულწლოვანის სასარგებლოდ სარჩოს მისაღებად რაიმე ქმედების განხორციელება. საქმეში წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოება სარჩელის წარდგენამდე მოსარჩელის მიერ მიღებული ზომების შესახებ, რის გამოც ი-–---ა კ--–----ას მოთხოვნა მოპასუხე თ----------ი მ---------–---–ის მიმართ წარსული დროის ალიმენტის გადახდევინების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. თ----------ი მ---------–---–მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვან ნ-----–---- მაკოზიშვილთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა შემდეგი წესით: ყოველი კვირის პარასკევი დღის 16:00 საათიდან (სასწავლებლიდან ან არასასწავლო პერიოდში საცხოვრებელი ადგილიდან) წაყვანის და უკან, იმავე კვირის კვირა დღეს 16:00 საათზე, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
დადგენილია, რომ ნ-----–----ი მ---------–---–ი (დაბადებული 2----–-–---------------ს) წარმოადგენს ი-–---ა კ--–----ას და თ----------ი მ---------–---–ის საერთო შვილს. მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი ნ-----–----ი მ---------–---–ი ცხოვრობს დედასთან, ი-–---ა კ--–----ასთან ერთად. სოციალური სამსახურის შეფასებით, საცხოვრებელი წარმოადგენს სამ ოთახიან ბინას, რომელიც მოპასუხის საკუთრებაშია. არასრულწლოვან ნ-----–----ი მ---------–---–ს ოჯახის წევრებთან აქვს კარგი ურთიერთობა. ბავშვი დადის კერძო სკოლა ,,კ-------ში“. მას აქვს კარგი აკადემიური მოსწრება და სკოლაში ყოველთვის მოწესრიგებული და სუფთად ჩაცმულია. იგი განსაკუთრებულ მიჯაჭვულობას ავლენს დედის მიმართ. არასრულწლოვანი ასევე დადებით დამოკიდებულებას ავლენს მამის მიმართ და აფიქსირებს პოზიციას, რომ სურს მასთან ურთიერთობა. მოპასუხის საცხოვრებელში მზრუნველო გარემო და ბავშვის განვითარებისათვის შესაბამისი პირობებია. ბავშვის უსაფრთხოება დაცულია. სოციალურმა სამსახურმა ასევე შეამოწმა თ----------ი მ---------–---–ის საცხოვრებელი პირობები. იგი ცხოვრობს ქ. თ---–----------–---–----------ში მდებარე სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში. ვიზიტისას საცხოვრებელში დაცული იყო სან-ჰიგიენური ნორმები. საცხოვრებელში დგას ერთი სტანდარტული და ერთი გასაშლელი საწოლი. გვერდით ოთახში აქვს სველი წერტილები და სამზარეულო. სასტუმროს აქვს ასევე ეზო, რომელიც უსაფრთხოა არასრულწლოვანისთვის.
სასამართლო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით 2019 წლის 30 მაისს გამართულ სხდომაზე გაესაუბრა არასრულწლოვან ნ-----–----ი მ---------–---–ს, რომელმაც მამის მიმართ გამოხატა კეთილგაწყობა და ნათლად და გარკვევით დააფიქსირა თავისი სურვილი, რომ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული დროის მონაკვეთი გაატაროს მამასთან, მის საცხოვრებელ სახლში.
მოპასუხე ი-–---ა კ--–----ა ეთანხმება თ----------ი მ---------–---–ის სასარჩელო მოთხოვნას სრულად და თანახმაა, რომ მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილთან, ნ-----–----ი მ---------–---–თან განესაზღვროს დროის მონაკვეთი ყოველი კვირის პარასკევი დღის 16:00 საათიდან (სასწავლებლიდან ან არასასწავლო პერიოდში საცხოვრებელი ადგილიდან) წაყვანის და უკან, იმავე კვირის კვირა დღეს 16:00 საათზე, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. აღნიშნულ მოთხოვნას მხარს უჭერს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი და მიუთითებს, რომ ორივე მშობელი არასრულწლოვანი ბავშვისათვის ერთნაირად აუცილებელი და საჭიროა. ორივე მშობელთან ურთიერთობა აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვის სტრეს-ფაქტორის თავიდან აცილების მიზნით. ბავშვის მამასთან ურთიერთობის წესი უნდა დადგინდეს იმგვარად, რომ არ დაირღვეს ბავშვის სასწავლო რეჟიმი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. შესაბამისად, თ----------ი მ---------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის დადგენის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი დანაწესი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მათთვის ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, მისი სურვილისა და ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მამის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად მამასა და შვილს შორის უნდა განისაზღვროს ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი, რაც შეესაბამება როგორც ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებს, ასევე მშობლების დღის რეჟიმს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან ასევე მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხე თ----------ი მ---------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა წარსული ალიმენტის სახით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრების საფუძველი.
მოპასუხე ი-–---ა კ--–----ამ ცნო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა სრულად, რის გამოც იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი-–---ა კ--–----ას (პირადი N0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
1.1. დაეკისროს თ----------ი მ---------–---–ს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილის ნ-----–----ი მ---------–---–ის (დაბადებული 2----–-–---------------ს) სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 190 (ას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 26 თებერვლიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;
1.2. არ დაკმაყოფილდეს ი-–---ა კ--–----ას (პირადი N0----------) სასარჩელო მოთხოვნა წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრების შესახებ;
2. თ----------ი მ---------–---–ის (პირადი N0----------) შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;
თ----------ი მ---------–---–ს (პირადი N0----------) არასრულწლოვან შვილთან ნ-----–----ი მ---------–---–თან (დაბადებული 2----–-–---------------ს) ურთიერთობის წესი განესაზღვროს შემდეგი სახით: ყოველი კვირის პარასკევი დღის 16:00 საათიდან (სასწავლებლიდან ან არასასწავლო პერიოდში საცხოვრებელი ადგილიდან) წაყვანის და უკან, იმავე კვირის კვირა დღის 16:00 საათზე, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;
3. დაეკისროთ თ----------ი მ---------–---–ს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: გიორგი მაისურაძე