გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.06.2019
საქმის ნომერი
080210017002117690
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210017002117690

საქმე № 2/2833-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე

მოსარჩელე - ნ----- მ-------–---–ი

წარმომადგენელი - ნ--- ზ------ე

მოპასუხე - ა---------– ბ------–--ე, ზ------ ბ------–--ე

წარმომადგენელი - ს--–---- ბ--------–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს, ა---------– ბ------–--ესა და ზ------ ბ------–--ეს, მოსარჩელე ნ----- მ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ფულადი თანხის ანაზღაურება ჯ---- ბ------–--ის დანაშთი ქონების (უძრავ-მოძრავი ქონების) 63 773.00 ლარის 1/3 ნაწილის - 21 257 ლარის ოდენობით (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, ს/ფ148-160).

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მოსარჩელე ნ----- მ-------–---–ის ძმა, ჯ---- ბ------–--ე, გარდაიცვალა 2012 წლის მაისში. ჯ---- ბ------–--ის დანაშთ ქონებაზე, საცხოვრებელ ბინაზე (მდებარე: ქ-------ი, ხ--------- 9) და მიწის ნაკვეთზე 809 კვ.მ.-ზე, მდებარე: წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფ. გ-------. ამ ქონების 1/3 წილი 2012 წლის 15 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მიიღო მოსარჩელე ნ----- მ-------–---–მა.

 

აწ გარდაცვლილი ჯ---- ბ------–--ის მოძრავი ქონება მისი გარდაცვალების შემდეგ გაყიდულ იქნა. კერძოდ, ავტოფარეხი (გარაჟი), მისი გარდაცვალების შემდეგ, გაიყიდა 1 300.00 აშშ დოლარად. ასევე გაიყიდა გარდაცვლილის ოქროს ჯაჭვი, ოქროს ბეჭედი, ვერცხლის ბრასლეტი, ბეჭედი, ავტოფარეხში არსებული მილები, კუთხოვანები (უგოლნიკები), სხვადასხვა სახის დანადგარები- საბურღი ჩარხი (გერმანული), რკინის საჭრელი აპარატი (გერმანული), შედუღების აპარატი (სვარკის აპარატი) თავისი ჩემოდნით, დანადგარი (სტანოკი), გერმანული თოფი. ჯ---- ბ------–--ის სიკვდილის წინ, საავადმყოფოში ექიმის მიერ ოჯახის წევრებს გადაეცათ მის ჯიბეში არსებული თანხა 900 აშშ დოლარი და 1 200 ლარი. ჯ---- ბ------–--ის მოვალემ დააბრუნა 3 000 აშშ დოლარი. მისმა მეგობრებმა დაკრძალვის დღეს ოჯახის წევრებს გადასცეს 4 900 აშშ დოლარი, ხოლო მეზობლებმა, დ----- და ბ---- ხ-----–---–ებმა, ამოკრიბეს ჯ---- ბ------–--ის მიერ გასესხებული 18 000 ლარი. ამ ქონებიდან და თანხებიდან მოსარჩელე ნ----- მ-------–---–ს ერთი ლარიც არ მიუღია. ყველაფერი მიითვისეს ზ------ ბ------–--ის ოჯახის წევრებმა, გ-------– და მ---- ბ------–--ეებმა. აღნიშნული გარემოებების გამო, მოსარჩელე ნ----- მ-------–---–ი იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს თავიანთ დაზუსტებულ მოთხოვნას, განმარტეს, რომ გ-------– და მ---- ბ------–--ეებმა გაყიდეს ეს ქონება, მათვე მიიღეს ყველა თანხა. თუ რატომ თვლიდნენ თავისად და რატომ აიღეს თავიანთ თავზე ეს ყველაფერი, მათთვის უცნობია. მიაჩნიათ, რომ მათი მოთხოვნა საფუძვლიანი და დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

მათვე უარი განაცხადეს გ-------– და მ---- ბ------–--ეების თანამოპასუხეებად საქმეში ჩაბმის თაობაზე (იხ. სასამ.სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეებმა ა---------– ბ------–--ემ და ზ------ ბ------–--ემ არ სცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტები სიცრუეა და, შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მათივე განმარტებით, მოსარჩელე ნ----- მ-------–---–ი სარგებლობს უძრავი ქონებით, რომელიც მდებარეობს ქ. ქ-------ში, ხ--------- ქ.#9 და ის არის პასუხისმგებელი იმ ნივთებზე, რომლებიც სარჩელში აქვს მოყვანილი და რომლებიც თითქოს მოპასუხის შვილმა და მეუღლემ გაყიდეს. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელემ საჩივარი შეიტანა პოლიციაში და მან პასუხად მიიღო, რომ მის მიერ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები სიცრუეა და არ დასტურდება. მოპასუხეების ძმის, მამკვიდრებელ ჯ---- ბ------–--ის მოვლა-პატრონობაში, მის დაკრძალვასა და სასაფლაოს მოწყობაში მოსარჩელეს მონაწილეობა არ მიუღია. დაახლოებით, როგორც მოპასუხეებისათვის არის ცნობილი, ამ ხარჯებმა შეადგინა 15 000 ლარი.

 

მოპასუხეთა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა შესაგებელს და განმარტა, რომ მოსარჩელე ვერცერთი მტკიცებულებით ვერ ადასტურებს სარჩელში მითითებულ გარემოებებს. თავად მოსარჩელეს აქვს ბინის გასაღები და წვდომა იქ არსებულ ნივთებზე, ამიტომ მოპასუხეთა მხრიდან მათი გასხვისება ვერც მოხდებოდა, თავად მოსარჩელის შვილის მიერ მოხდა მათი გაყიდვა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ----- მ-------–---–ი, ჯ----, ა---------– და ზ------ ბ------–--ეები არიან და-ძმანი.

ჯ---- ბ------–--ე გარდაიცვალა 2012 წლის 14 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება,-გარდაცვალების მოწმობა (ს/ფ 38),3.1.2. ჯ---- ბ------–--ეს პირველი რიგის მემკვიდრეები არ ჰყოლია. მისი გარდაცვალების შემდეგ მისივე დანაშთი ქონება მდებარე ქ. ქ-------ში, ხ--------- (ყოფილი ს----------------–---) ქ. #9 და წ---–-------, სოფ. გ-------ში მდებარე უძრავ ქონება, მემკვიდრეობით მიიღეს ნ----- მ-------–---–მა, ზ------ და ა---------– ბ------–--ეებმა თანაბარწილად, შესაბამისად, 1/3 ნაწილი მიიღო ნ----- მ-------–---–მა 2012 წლის 15 ნოემბერს (მხარეთა ახსნა-განმარტება; სამკვიდრო მოწმობა #1--------- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს/ფ-36-37).

 

3.1.3. ქ. ქ-------ში, ხ--------- ქ. #9-ში მდებარე უძრავ ქონებაზე და წ---–-------, სოფ. გ-------ში მდებარე უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრეებად რეგისტრირებული არიან ა---------– ბ------–--ე, ჯ---- ბ------–--ე და ნ----- მ-------–---–ი (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს/ ფ 36-37).

 

3.1.4. ჯ---- ბ------–--ის საფლავის მოწყობის ხარჯი გაიღეს მისმა მეგობრებმა (იხ. ს/ფ 71-73)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 24/11/2016წ. #84 განკარგულების თანახმად ნ----- მ-------–---–ს უარი ეთქვა ქ. ქ-------ში, ხ--------- ქ. #9-ის ჩრდილოეთით მდებარე უძრავ ქონებაზე, ფართობით 33.40 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე მდებარე ავტოფარეხზე საკუთრების უფლების აღიარებაზე (იხ. ს/ფ 23).

 

3.2.2. ქ. ქ-------ში, ხ--------- ქ. #9-ის ჩრდილოეთით მდებარე უძრავი ქონება, ფართობით 33.40 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე ავტოფარეხი 12/06/2017წ. ქონების შეფასების აუდიტორული დასკვნის მიხედვით შეფასებულია 30000 ლარად (იხ. ს/ფ 29-30).

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- განკარგულება (ს/ფ 23-28),- აუდიტორული დასკვნა (ს/ფ 29-30)

 

3.2.3. გაყიდული ნივთების ღირებულებამ 07.07.2017წ. აუდიტორული დასკვნის თანახმად, შეადგინა 10 100.00 ლარი, მასში შედის ოქროს ჯაჭვი - 28 გრამიანი, ვერცხლის ბეჭედი და ,,ბრასლეტი’’, ასევე ავტოფარეხში არსებული მილები, კუთხოვანები, დანადგარები - საბურღი ჩარხი (გერმანული), რკინის საჭრელი აპარატი (გერმანული), შედუღების აპარატი თავისი ჩემოდნით, დანადგარი (,,სტანოკი’’) და თოფი გერმანული. დასკვნა ეყრდნობა მხოლოდ თავად მოსარჩელის და მისი წარმომადგენლის განმარტებებს (ს/ფ 31-32).

 

3.2.4. შპს ,,აკ. ზ.ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის პასუხის თანახმად, პაციენტ ჯ---- ბ------–--ისათვის 2012 წლის მაისში გაწეული სამედიცინო მომსახურების ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 4711.33 ლარი, საიდანაც სულ ასანაზღაურებელმა ღირებულებამ შეადგინა 2329.5 ლარი (პაციენტის გადახდის წილი 310.25 ლარი, ხოლო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა 2019.25 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

-ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის პასუხი (ს/ფ 68)

 

3.2.5. 2012 წლის 12 დეკემბერს მხარეთა და მათ წარმომადგენელთა თანდასწრებით შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით აღწერილია ნივთები, რომლებიც აქტზე ხელმომწერ პირებს დახვდათ აწ გარდაცვლილ ჯ---- ბ------–--ის სახლში. ამ აქტის საფუძველზე გაცემული 15.03.2019წ. აუდიტორული დასკვნის მიხედვით, ამ ნივთების ღირებულება შეფასებულია - 3 214 ლარად (ს/ფ 128, 162-165).

 

3.2.6. პოლიციაში მონაკვლევი მასალების თანახმად, გ-------– ბ------–--ე უარყოფს ბიძის, ჯ---- ბ------–--ის კუთვნილი რაიმე სახის ნივთის გასხვისებას და თანხის მიღებას. სასამართლო სხდომაზე კი ის მხარეთა მიერ მოწმის სახით მოწვეული არ ყოფილა.

ანალოგიური შინაარსისაა გ-------– ბ------–--ის დედის, მ---- ბ------–--ის გამოკითხვის ოქმი, რომელნიც მხარეთა მიერ ასევე არ ყოფილან მოწვეული სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით (იხ. გამოკითხვის ოქმები (ს/ფ 129-138).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნ----- მ-------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე, 1334-ე, 1421-ე, 1424-ე,1429-ე, 1433-ე, 1452-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ- ამ ქონების ღირებულება.

 

ამავე კოდექსის 1334-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, დადგენილია, რომ მამკვიდრებელ ჯ---- ბ------–--ის დანაშთი სამკვიდრო ქონება კანონით დადგენილი წესით და ვადაში (15.11.2012წ.) მიიღეს მისმა მეორე რიგის მემკვიდრეებმა - და-ძმებმა: მოსარჩელე ნ----- მ-------–---–მა და მოპასუხეებმა ზ------ და ა---------– ბ------–--ეებმა და ისინი საჯარო რეესტრში აღრიცხულია მათ თანასაკუთრებად.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 1429-ე, 1452 -ე მუხლების შესაბამისად, დადგენილია, რომ სამკვიდროს მიღების დღიდან, მიღებული სამკვიდრო ქონებით სარგებლობს მოსარჩელე ნ----- მ-------–---–ი.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხეთა მიერ ჯ---- ბ------–--ის დანაშთ ქონებაში არსებული სადავო მოძრავი ნივთების გასხვისების ფაქტები.

შსს ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების მიერ გამოკითხული პირებიც, გარდა მოსარჩელისა და მისი შვილის ელდარ მ-------–---–ისა, არ საუბრობენ მოპასუხეთა მიერ ჯ---- ბ------–--ის კუთვნილი ქონების გასხვისების თაობაზე. თუმცა მათში მითითებული ფაქტები მაინც ვერ ჩაითვლება დადასტურებულად, რადგან ისინი სასამართლო სხდომაზე მხარის მიერ მოწმეებად, ხოლო გ-------– და მ---- ბ------–--ეები თანამოპასუხეებად, მოწვეული და დაკითხული არ ყოფილან. რის გამოც არც მხარეებს და არც სასამართლოს არ მიეცათ მათთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა, გამოკითხვის ოქმებში მითითებულ გარემოებათა დასადასტურებლად. ამასთან არაა წარმოდგენილი დასახელებული ნივთების რეალურად მამკვიდრებლისათვის კუთვნილების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

6.3. მოსარჩელემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ის ფაქტი, თუ რომელი ნივთები (ან თანხები) არსებობდა სამკვიდროში 2012 წლისათვის და მოხდა თუ არა ან როდის მოხდა სხვა მემკვიდრეთა მიერ (მოპასუხეთა მიერ) მათი განკარგვა, ან/და კონკრეტულად ვისზე.

 

არ დასტურდება არც მოპასუხეთა მიერ ჯ---- ბ------–--ის კუთვნილი ფულადი სახსრების მითვისების ფაქტი, მხოლოდ მოსარჩელე მხარის მითითება, რომ ეს თანხები მითვისებულ იქნა, ვერ გახდება სამკვიდრო ქონებად მათი მიჩნევის და შესაბამისად მოსარჩელისათვის 1/3 წილის მიკუთვნების საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მემკვიდრეებმა მიიღეს სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით და, ვინაიდან სამკვიდროს მიღების დღიდან, 2012 წლის 15 ნოემბრიდან, მოსარჩელე სარგებლობს მამკვიდრებლის ჯ---- ბ------–--ის უძრავი ქონებით და შესაბამისად მოძრავი ქონებითაც, და მას ჰქონდა კიდეც იქ არსებული ნივთების მოვლის და შენახვის ვალდებულება.

 

6.4. სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები თავად არიან ვალდებული წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.

 

ამდენად, მხოლოდ მოსარჩელის განმარტება და მისივე მითითების საფუძველზე აუდიტორის მიერ შეფასებული ნივთების ჩამონათვალი, ასევე გამოკითხვის ოქმები, რომლებიც არაა გამყარებული სათანადო წერილობითი თუ ზეპირი მტკიცებულებებით, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შინაარსიდან გამომდინარე, მართალია სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა თანახმად, მოსარჩელე ნ----- მ-------–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (იხ. ს/ფ 167).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 243-244, 248-250, 257-ე, 2591, 364-ე 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ----- მ-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. #11) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე