განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2019
საქმის ნომერი
330100119002911414
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ივნისი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: ა-------------–-

ადვოკატი: ვ-----–- მ-----------

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: გ------- მ--------

მამის სახელი: მ------

დაბადებული: 1---------–-

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული: თ---–----------------------------------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------------------------------------

პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 2---------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

დაკავების დრო: 25.02.2019წ. 04:50 საათი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ------- მ-------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: გ------- მ--------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2013 წლის 27 სექტემბრიდან გ------- მ-------- და მ--- მ–-----–---–ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ჰყავთ ერთი საერთო შვილი 2016 წელს დაბადებული ლ---- მ--------. 2018 წლის 25 მაისიდან დაზარალებული მ--- მ–-----–---–ი მუშაობს, თბილისში, კ--------------------------- კლუბ ,,ე-–-–--------–-“ მ-------- თანამდებობაზე, რის გამოც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე გ------- მ-------- ეჭვიანობის ნიადაგზე უშლის სამსახურში სიარულს, მუშაობას და ასევე უკრძალავს სახლიდან გასვლას. 2019 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისში, კ--------------------------- კლუბ ,,ე-–-–--------–-“, გ------- მ--------, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაზარალებულ მ--- მ–-----–---–ს, სწვდა ყელის არეში ტანსაცმელზე, შეაჯანჯღარა და დაემუქრა. დაზარალებულ მ--- მ–-----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან თანაცხოვრების პერიოდში გ------- მ-------- სისტემატურად ძალადობდა მასზე.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე, როგორც უდავო მტკიცებულებაზე, გარდა დაზარალებულ მ--- მ–-----–---–ის ჩვენებისა, რამაც პრეიუდიციული შინაარსი შეიძინა და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

დაზარალებულმა მ--- მ–-----–---–მა კი სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები, შეთანხმდნენ ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებებზე, როგორც უდავო მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც გამოკვლევის გარეშე იქნა სასამართლო სხდომაზე მიღებული, თუმცა სასამართლოს მიერ აღნიშნული მტკიცებულებების და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, ბრალდებულის მიმართ ვერ გამოიკვეთა ბრალის დადგენილებაში მითითებული გარემოებები.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა ამავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარეები შეთანხმდნენ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, უპირობოდ ვერ გახდება პირის წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების საფუძველი, არამედ თითოეული მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მოხდეს ჯერ ფაქტის დადგენა და შემდგომ მისი სამართლებრივი შეფასება.

სასამართლო სხდომაზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- მ-------- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ბრალდებულ გ------- მ-------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სასამართლო განმარტავს, რომ გ------- მ-------ის მიერ მ--- მ–-----–---–ის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარასთან მიმართებაში, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც პირდაპირ დაადასტურებდა აღნიშნული ქმედების ბრალდებულის მიერ განხორციელებას. მით უფრო იმის გათვალისწინებითაც, რომ მ--- მ–-----–---–მა უარი განაცხადა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე და მისი პოზიციის დაფიქსირების გარეშე შეუძლებელია მტკიცება იმისა, თუ რამდენად რეალურად აღიქვა მუქარა დაზარალებულმა.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს სპეციფიურ მუხლს და ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს, ან ვერ გამოიკვეთა.

ამასთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს, რომ შესაძლო დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ საკმარისი, დამაჯერებელი, სარწმუნო, ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაა აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

ამდენად, სასამართლომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, დადგენილად სცნო, რომ ბრალდებულ გ------- მ-------ის მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება ოჯახის წევრის - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ--- მ–-----–---–ის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის განხორციელება, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და შესაბამისად, გ------- მ-------- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უნდა გამართლდეს.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ------- მ-------- (პ№0----------) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

გ------- მ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს და გ------- მ-------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

განემარტოს გამართლებულს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე