გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019002795347
საქმე №3/1-19
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნინო გერგაული
მოსარჩელე - დ---- ბ--–--–----–---–ი
წარმომადგენელი - ე-–---- პ---–--–---–ი
მოპასუხე - გორის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ნ--- ფ---–---–---–ი
მესამე პირი - ე-–--- მ---------ე,წარმომადგენელი - თ------ ტ-–-–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საკითხი №------ ადმინისტრაციულ საქმეზე.
აღწერილობითი ნაწილი
2019 წლის 10 ივნისს გორის რაიონული სასამართლოს მიერ გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი №------ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომლითაც მესამე პირის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დ---- ბ--–--–----–---–ის სარჩელზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, მესამე პირი - ე-–--- მ---------ე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება, სარჩელის დაუშვებლობის გამო,ამასთან, დ---- ბ--–--–----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სარჩელისათვის მის მიერ 2018 წლის 18 დეკემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ნახევარი - 50 ლარი;
სასამართლომ სრულად არ გადაწყვიტა სასამართლო ხარჯების საკითხი - მიუთითა, რომ დ---- ბ--–--–----–---–ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ნახევარი - 50 ლარი და არ გადაწყვიტა დანარჩენი ხარჯების, მათ შორის მესამე პირის მიერ წარმომადგენლისთვის გაწეული ხარჯების საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან არ არის გადაწყვეტილი სრულად სასამართლო ხარჯების საკითხი, აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ მესამე პირმა გასწია სასამართლო ხარჯი, კერძოდ საადვოკატო მომსახურებისათვის გადაიხადა თანხა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 500 (ხუთასი) ლარის გადახდის ქვითრით და წარმოდგენილი იურიდიული მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის IV თავით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პროცესის ხარჯების საკითხი, და შესაბამისად, მოცემულ საქმეზე პროცესის ხარჯების განაწილებისას ეს ნორმებიც უნდა იქნეს გამოყენებული.
გამომდინარე იქიდან, რომ შეწყდა საქმის წარმოება, სარჩელის დაუშვებლობის გამო, დ---- ბ--–--–----–---–ს მესამე პირის სასარგებლოდ გონივრულ ფარგლებში უნდა გადახდეს გაწეული ხარჯი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მესამე პირის მიერ წარმოდგენილია საადვოკატო მომსახურეობისთვის გაღებული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება - 500 (ხუთასი) ლარის გადახდის ქვითარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე დაყრდნობით (იხ. სუს № ბს-1330-1315 (კ-11) გადაწყვეტილება) სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან; ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ხოლო ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.
მოცემულ შემთხვევაში, დავის სირთულისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დ---- ბ--–--–----–---–ი არის საპენსიო პაკეტის 47-11-41566 მიმღები პირი, სასამართლოს აზრით, ამ ხარჯის 300 (სამასი) ლარით განსაზღვრა გონივრულია, რაც უნდა გადახდეს მოსარჩელეს, მესამე პირის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 364-ე 367-ე 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გამოტანილი იქნას დამატებითი გადაწყვეტილება №------ ადმინისტრაციულ საქმეზე და გადაწყდეს სასამართლო ხარჯების საკითხი.
2. დ---- ბ--–--–----–---–ს (პ.ნ 5----------) დაეკისროს მესამე პირისთვის - ე-–--- მ---------ის ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 300 (სამასი) ლარის გადახდა ე-–--- მ---------ის (პ.ნ 5----------) სასარგებლოდ.
3. დამატებითი გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული