გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2019
საქმის ნომერი
190210119002837015
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/189-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი 2019 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს "თ-----------ი"

წარმომადგენელი ლოლა კალაძე, სოფიკო გუგუნავა

მოპასუხე დ----- ლ-----ა

წარმომადგენელი კობა კობიაშვილი

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნები

დ----- ლ-----ას სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:

1.1 2015 წლის 16 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5203.51 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3499.60 ლარი, პროცენტი 453.47 ლარი და ჯარიმა 1250.44 ლარი.

1.2 2019 წლის 1 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3499.60 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 104.98 ლარს.

1.3 2019 წლის 1 თებერვლიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 3499.60 ლარზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 9.44 ლარს, (მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა)

1.4 2017 წლის 28 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 8210.55 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 4999.28 ლარი, პროცენტი 964.38 ლარი და ჯარიმა 2246.89 ლარი.

1.5 2019 წლის 1 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4999.28 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 33% სარგებლის გადახდა რაც ყოველთვიურად შეადგენს - 137.48 ლარს.

1.6 2019 წლის 1 თებერვლიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 4999.28 ლარზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 13.49 ლარს, (მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა).

1.7 2017 წლის 15 დეკემბრის სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1002.31 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 608.89 ლარი და ჯარიმა - 390.93 ლარი.

1.8 2019 წლის 1 თებერვლიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან ) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 608.89 ლარზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1.64 ლარს, (მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა).

1.9 2018 წლის 5 აპრილის სწრაფი გავადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1653.18 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1026.68 ლარი და ჯარიმა - 626.50 ლარი.

1.10. 2019 წლის 1 თებერვლიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან ) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1026.68 ლარზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.77 ლარს, (მაგრამ არაუმეტეს 190 ლარისა).

 

1.11 2018 წლის 18 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1975.66 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1000 ლარი, სესხით მომსახურების ყოველთვიური საკომისიო - 312.60 და ჯარიმა - 663.06 ლარი.

 

1.12. 2019 წლის 1 თებერვლიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1000 ლარზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.70 ლარს, (მაგრამ არაუმეტეს 190 ლარისა).

 

სარჩელის საფუძვლები

 

2015 წლის 16 ივლისს სს „თ----------სა“ და დ----- ლ-----ას შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ბანკისგან მიიღო საკრედიტო ბარათი PRIME Card, 3500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. სარგებელი შეადგენს წლიურ 36%-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ერთჯერად ჯარიმას 20 ლარს, რასაც ემატება ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 5203.51 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3499.60 ლარი, პროცენტი 453.47 ლარი, ჯარიმა 1250.44 ლარი.

 

2017 წლის 28 ივნისს სს „თ----------სა“ და დ----- ლ-----ას შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ბანკისგან მიიღო საკრედიტო ბარათი PRIME Card 5000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. სარგებელი შეადგენს წლიურ 33%-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ერთჯერად ჯარიმას 20 ლარი, რასაც ემატება ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, 2018 წლის ივლისის შემდეგ არ დაუბრუნებია კრედიტი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 8210.55 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4999.28 ლარი, პროცენტი 964.38 ლარი, ჯარიმა 2446.89 ლარი.

 

2017 წლის 15 დეკემბერს დადებულია საკრედიტო ხელშეკრულება სწრაფი განვადების შესახებ, რომლის საფუძველზე დ----- ლ-----ამ ბანკისგან მიიღო კრედიტი 1461.42 ლარი, კრედიტის ვადაა 377 დღე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თანხის გადახდა გრაფიკით დადგენილი წესით ყოველთვიურად 123.69 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარის ოდენობით, ამას დამატებული დავალიანების 1.5%. მოპასუხეს 2018 წლის ივლისის შემდეგ კრედიტი არ დაუბრუნებია. დავალიანებაა 1002.31 ლარი, საიდანაც 608.89 ლარი არის ძირითადი თანხა, პირგასამტეხლო 393.42 ლარი.

 

2018 წლის 5 აპრილს დადებულია საკრედიტო ხელშეკრულება სწრაფი განვადების შესახებ, რომლის საფუძველზე დ----- ლ-----ამ ბანკისგან მიიღო კრედიტი 1540 ლარი, კრედიტის ვადაა 361 დღე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თანხის გადახდა გრაფიკით დადგენილი წესით ყოველთვიურად 17 რიცხვში 128.37 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარის ოდენობით, ამას დამატებული დავალიანების 1.5%. 2018 წლის ივლისის შემდეგ კრედიტი არ დაუბრუნებია. მოპასუხის დავალიანებაა 1653.18 ლარი, საიდანაც 1026.69 ლარი არის ძირითადი თანხა, პირგასამტეხლო 626.50 ლარი.

 

2018 წლის 18 იანვარს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მიიღო კრედიტი 1000 ლარი, რომელიც უნდა დაბრუნებულიყო ჯამში 12 გადახდით. კრედიტი გაიცა 365 დღით. ყოველთვიური შენატანია სესხის მომსახურების საკომისიო 50 ლარი, ხოლო კრედიტის ბოლოს ყოველთვიურ საკომისიოს დამატებული ძირითადი თანხა 1050 ლარი. შენატანების ოდენობა ჯამში არის 1600 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველდღიურად გადასახდელი თანხის 0.41%. კრედიტის დაბრუნების ვალდებულება არ შესრულდა, ვადა გადაცილებულია 2018 წლის ივლისიდან. მოპასუხის დავალიანებაა 1975.66, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 1000 ლარი, სესხით მომსახურების საკომისიო 312.60 ლარი, პირგასამტეხლოა 663.06 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე დ----- ლ-----ამ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო. თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების გადახდაზე, ხოლო პირგასამტეხლოს შესახებ განმარტა, რომ მათი პროცენტი მაღალია. ასევე არ ცნო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა იმის გამო, რომ პირგასამტეხლოსთან ერთად არაგონივრულად მაღალი თანხის დაკისრებას გამოიწვევს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 16 ივლისს სს „თ----------სა“ და დ----- ლ-----ას შორის დაიდო საკრედიტი ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ბანკისგან მიიღო საკრედიტო ბარათი PRIME Card, 3500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. სარგებელი შეადგენს წლიურ 36%-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ერთჯერად ჯარიმას 20 ლარს, რასაც ემატება ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 5203.51 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3499.60 ლარი, პროცენტი 453.47 ლარი, დარიცხული ჯარიმა 1250.44 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 20-26. ტომი 1)

– ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 53-65. ტომი 1)

– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 73. ტომი 1)

– მოპასუხის განმარტება (30.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.2. 2017 წლის 28 ივნისს სს „თ----------სა“ და დ----- ლ-----ას შორის დაიდო საკრედიტი ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ბანკისგან მიიღო საკრედიტო ბარათი PRIME Card, 5000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. სარგებელი შეადგენს წლიურ 33%-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ერთჯერად ჯარიმას 20 ლარი, რასაც ემატება ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, 2018 წლის ივლისის შემდეგ არ დაუბრუნებია კრედიტი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 8210.55 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4999.28 ლარი, პროცენტი 964.38 ლარი, ჯარიმა 2446.89 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საკრედიტო ხელშეკრულების ასლი(ს.ფ. 27-28. ტომი 1)

– ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 66-69. ტომი 1)

– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 73. ტომი 1)

– მოპასუხის განმარტება (30.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.3. 2017 წლის 15 დეკემბერს დადებულია საკრედიტო ხელშეკრულება სწრაფი განვადების შესახებ, რომლის საფუძველზე დ----- ლ-----ამ ბანკისგან მიიღო კრედიტი 1461.42 ლარი, კრედიტის ვადაა 377 დღე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თანხის გადახდა გრაფიკით დადგენილი წესით ყოველთვიურად 123.69 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარის ოდენობით, ამას დამატებული დავალიანების 1.5%. 2018 წლის ივლისის შემდეგ კრედიტი არ დაუბრუნებია. მოპასუხის დავალიანებაა 1002.31 ლარი, საიდანაც 608.89 ლარი არის ძირითადი თანხა, პირგასამტეხლო 393.42 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 40-44. ტომი 1)

– ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 70. ტომი 1)

– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 73. ტომი 1)

– მოპასუხის განმარტება (30.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.4. 2018 წლის 5 აპრილს დადებულია საკრედიტო ხელშეკრულება სწრაფი განვადების შესახებ, რომლის საფუძველზე დ----- ლ-----ამ ბანკისგან მიიღო კრედიტი 1540 ლარი, კრედიტის ვადაა 361 დღე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თანხის გადახდა გრაფიკით დადგენილი წესით ყოველთვიურად 17 რიცხვში 128.37 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარის ოდენობით, ამას დამატებული დავალიანების 1.5%. 2018 წლის ივლისის შემდეგ კრედიტი არ დაუბრუნებია. მოპასუხის დავალიანებაა 1653.18 ლარი, საიდანაც 1026.69 ლარი არის ძირითადი თანხა, პირგასამტეხლო 626.50 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 44-48. ტომი 1)

– ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 71. ტომი 1)

– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 73. ტომი 1)

– მოპასუხის განმარტება (30.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.5. 2018 წლის 18 იანვარს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მიიღო კრედიტი 1000 ლარი, რომელიც უნდა დაბრუნებულიყო ჯამში 12 გადახდით. კრედიტი გაიცა 365 დღით. ყოველთვიური შენატანია სესხის მომსახურების საკომისიო 50 ლარი, ხოლო კრედიტის ბოლოს ყოველთვიურ საკომისიოს დამატებული ძირითადი თანხა 1050 ლარი. შენატანების ოდენობა ჯამში არის 1600 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველდღიურად გადასახდელი თანხის 0.41%. კრედიტის დაბრუნების ვალდებულება არ შესრულდა, ვადა გადაცილებულია 2018 წლის ივლისიდან. მოპასუხის დავალიანებაა 1975.66, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 1000 ლარი, სესხით მომსახურების საკომისიო 312.60 ლარი, პირგასამტეხლოა 663.06 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 49-52. ტომი 1)

– ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 20-26. ტომი 1)

– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 73. ტომი 1)

– მოპასუხის განმარტება (30.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს საკრედიტო ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება. მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 867-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 394-ე, 404-ე, 412-ე, 414-ე მუხლები, 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მხარეებს შორის სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება. მხარეებს შორის სხვადასხვა დროს დადებულია 5 საკრედიტო ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, ნაწილობრივ. კერძოდ,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოპასუხემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ კრედიტი არ დაუბრუნებია, რადგან ცნო სარჩელი სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, თუმცა არ მიუთითებია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ამ ნორმის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების, მათი შეთანხმების შემთხვევაში განისაზღვრება.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება არა მარტო გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის, არამედ სარგებლის დავალიანების გადახდაც. პროცენტი სესხს ერიცხება საკრედიტო ვალდებულების წარმოშობიდან, ხელშეკრულების დადებიდანვე იმ ვადაში, რა ვადითაც გაცემულია კრედიტი და მსესხებლის უპირობო ვალდებულებაა ძირითად თანხასთან ერთად გადაიხადოს კრედიტის სარგებელი.

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების გადახდა, რადგან მოპასუხეს ცნო ეს მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თანხმობა განაცხადა მოთხოვნილი თანხიდან გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდევინება კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებებს პირგასმატეხლოს გონივრულობის საკითხში და მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს შემდეგი საფუძვლების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობითი ფორმით დადებული.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას. ტერმინი „შეუსაბამოდ მაღალი“ მიუთითებს კანონმდებლის ნებაზე, რომ შემცირებას შეიძლება დაექვემდებაროს ისეთი პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა აშკარად და თვალსაჩინოდ მაღალია სადაო ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებთან და ვალდებულების შეუსრულებლობის ხასიათთან. ამდენად, შემცირებას ექვემდებარება არ მარტო ოდენობის თვალსაზრისით მაღალი თანხის პირგასამტეხლო, არამედ ისეთი თანხა რომელიც თვალსაჩინოდ შეუსაბამოა კონკრეტული ვალდებულების დარღვევის გარემოებებთან.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

პირგასამტეხლოს გააჩნია სანქციის ფუნქცია, რადგან მისი მიზანია ფულადი სანქციის დაკისრების შიშით თავიდან აიცილოს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს ასევე აქვს ზიანის მინიმალურად და სწრაფად ანაზღაურების ფუნქციაც.

 

პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასების პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, სავარაუდო ზიანს. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს მინიჭებული აქვს სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევის საგამონაკლისო უფლება, რომლის მიზანია სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა, მხარეთა უფლებრივი თანაზომიერების პრინციპი დაცვა. ნორმის მიზანია თუნდაც ვალდებულების დამრღვევი მხარის დაცვა გადაჭარბებული პასუხისმგებლობისაგან, რადგან ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ (მაგალითად ბანკმა) ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლო აღჭურვილია უფლებამოსილებით, შეამციროს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო და განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ სადაო ურთიერთობისათვის სამართლიანი და გონივრული პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს შემცირების მიზანი არ არის მოვალისათვის სიმბოლური პასუხისმგებლობის დაკისრება და კრედიტორის მართლზომიერი ინტერესების უგულებელყოფა. პირგასამტეხლოს შემცირების მიზანია მხარეთა მართლზომიერ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა და ვალდებულების დარღვევის გამო მოვალისათვის გონივრული პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას 2019 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. მართალია მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას არა ვალდებულების შესრულებამდე სრული პერიოდისათვის, არამედ ზღვრულ ოდენობამდე თანხის დაკისრებას, მაგრამ მოსარჩელის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება არაგონივრულად გაზრდის პირგასამტეხლოს, რადგან ამავე პერიოდისათვის მოსარჩელე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას ვალდებულების სრულად შესრულებამდე. როგორც აღინიშნა, პირგასამტეხლოს ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციაც გააჩნია, რის გამოც ერთდროულად ზიანის და მოთხოვნილი თანხის პირგასამტეხლოს დაკისრება მოპასუხის მეტისმეტად მკაცრ ფულად პასუხისმგელობას გამოიწვევს, ნიშნავს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მის დასჯას, რაც პირგასამტეხლოს ფუნქცია არ არის.

 

2015 წლის 16 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს 1250.44 ლარის დაკისრებას და 2019 წლის 1 თებერვლიდან ყოველდღიურად 9,44 ლარის დაკისრებას ზღვრული თანხის 500 ლარის ფარგლებში, რაც არის 52 დღის პირგასამტეხლო, ხოლო 2019 წლის 1 თებერვლიდან 2019 წლის 30 მაისამდე უკვე გასულია 119 დღე და ზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება უკვე წარმოშობილია. საერთო ჯამში მოთხოვნილი პირგასამტეხლოა 1750 ლარი. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხის დავალიანებაა 3499.60 ლარი, ხოლო სარგებლის 453.47 ლარი, რაც ჯამში არის 3953.47 ლარი. ამდენად, მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის დავალიანების თითქმის 45%. კრედიტის დაბრუნების ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულია 2018 წლის აგვისტოდან, ხოლო სარჩელი აღძრულია 2019 წლის 6 თებერვალს. სარჩელის აღძვრამდე გასულ რამდენიმე თვიან პერიოდში ამ ოდენობის თანხის დაკისრება არაგონივრულად მაღალ ფულად პასუხისმგებლობას გამოიწვევს, მითუფრო ისეთ პირობებში, როცა მოსარჩელე ამავე პერიოდში მიუღებელი შემოსავლის დაკისრებასაც მოითხოვს. გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე ამ ვალდებულებას 3 წლის განმავლობაში ასრულებდა, რის გამოც პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 400 ლარით.

 

ასევე უნდა შემცირდეს 2017 წლის 8 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო. სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 4909.28 ლარი, ხოლო სარგებელია 964.38 ლარი, ჯამში 5373.66 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს 2246.89 ლარს, რაც საერთო დავალიანების თითქმის ნახევარია. ასევე მოიტოსვ 2019 წლის 1 თებევრლისან ყოველდღიურად 13,49 ლარს დაკისრებამ არა უმეტეს 500 ლარის, შესაბამისად, საერთო ჯამში მოთხოვნილია პირგასამტეხლო 2746,89 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი ოდენობით ფინანსური სანქციის დაკისრება აშკარად გადაჭარბებული პასუხისმგებლობის ზომაა იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობა, მოპასუხე 2017 წლის 28 ივნისიდან 2018 წლია აგვისტომდე ვალდებულებას ასრულებდა. ამასთან, მოსარჩელე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასაც, რის გამოც პირგასამტეხლო ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქცია ამ შემთხვევაში აღარ აქვს. აღნიშნული გარემოებების გამო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და დავალიანების ოდენობის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს 500 ლარით.

 

ასევე უნდა შემცირდეს 2017 წლის 15 დეკემბრის სწრაფი განვადების ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო. მოსარჩელე მოითოვს 390.93 ლარის დაკისრებას, ხოლო სესხის ძირთადი თანხის დავალიანებაა 608.89 ლარი. ამ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება, თუმცა სესხად მიღებული 1461.42 ლარიდან დაბრუნებულია 852.53 ლარი, კრედიტის ნახევარზე მეტი. პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილია ძირითადი თანხის დავალიანების ნახევარზე მეტი, რაც ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით არაგონივრულად მკაცრი სანქციაა, პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 120 ლარით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა შემცირდეს 2018 წლის 5 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო – 626.50 ლარი. ამ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია კრედიტი 1540 ლარი, საიდანაც დავალიანებაა 1026.68 ლარი. შესაბამისად, 2018 წლის აგვისტომდე მოპასუხე კრედიტს იხდიდა, რის გამოც დავალიანების თითქმის 1/2 ნაწილის ოდენობით ფინანსური სანქციის დაკისრება მოპასუხის დასჯისკენ მიმართული ქმედებაა და მიზნად არ ისახავს განცდილი ფინანსური დანაკარგის კომპენსირებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ გონივრული ფინანსურ სანქციაა 200 ლარის დაკისრება, რადგან მოსარჩელე ამ ვალდებულების შესურულებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას არ მოითხოვს და ამ თანხის დაკისრება უზრუნველყოფს ასევე ზიანის მინიმალურად ანაზღაურებასაც.

 

ასევე უნდა შემცირდეს 2018 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო. მოპასუხემ მიიღო კრედიტი 1000 ლარი, რაც დაბრუნებული არ არის. პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილია 663.06 ლარი, დავალიანების ნახევარზე მეტი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის რამდენიმე ერთგვაროვანი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს, რომელთა საფუძველზე მოპასუხე 2018 წლის აგვისტომდე კრედიტის დაბრუნების ვალდებულებას ასრულებდა, ბანკისათვის დაბრუნებული აქვს მიღებული კრედიტების თანხის სერიოზული ნაწილი. ამ გარემოების გათვალისწინებით 2018 წლის 18 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 200 ლარით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

 

მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს 2015 წლის 16 ივლისის და 2017 წლის 28 ივნისის ხელშეკრულებების შეუსრულებლობის გამო 2019 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირითადი თანხის დავალიანების იმ პროცენტით, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხის მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო.

 

მოსარჩელის ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის გადასაწყვეტად მხედველობაშია მისაღები საკრედიტო ხელშეკრულების იურიდიული ბუნება. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტის თანახმად, კრედიტი არის დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში საქმეზე N ას-1385-1307 განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, .... ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ .

 

განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. თავის მხრივ ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი იყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება.

 

სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებითაც მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას. „საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - Nას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; Nას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.). ასევე 17 , 2017 წლის თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-681-652-2016. ,აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ საბანკო კრედიტის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს ადგება ზიანი, რაც გამოიხატება იმაში რომ თანხის დაუბრუნებლობის გამო იგი ვერ იღებს შემოსავალს ამ თანხის კვლავ საკრედიტო ბრუნვაში გამოყენების გზით, ვერ გასცემს ამ თანხას ისევ კრედიტის სახით და ვერ იღებს სარგებელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანი (დანაკარგია), რომელიც ბანკმა ვერ მიიღო მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების სრულ შესრულებამდე მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით. კერძოდ, სს „თ----------სა“ და დ----- ლ-----ას შორის 2015 წლის 16 ივლისს და 2017 წლის 28 ივნისს საკრედიტო ხელშეკრულება გრძელვადიანია, იგი შეეხება საკრედიტო ბარათის მიღებას, რომლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მსესხებელს ევალება ფაქტობრივად დახარჯული თანხის და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნება. მოპასუხე ამ ვალდებულებას ასრულდება 2018 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით, რის შემდეგ კრედიტის დაბრუნება შეწყვიტა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ეს ნორმა მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

ამ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

 

ბანკის მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დებულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება ზიანის ოდენობის შესახებ დებულებას არ შეიცავს, თუმცა კანონის ნორმა აწესებს ზიანის გონივრულობის სტანდარტს და ამით იცავს არამეწარმე ფიზიკურ პირებს მომეტებული პასუხისმგებლობის რისკისაგან. შესაბამისად, ბანკის მიუღებელი შემოსავლის ოდენობა ამ ნორმით დადგენილი პრინციპით უნდა განისაზღვროს.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში. ამ შემთხვევაში მსესხებელი კრედიტის დაბრუნების ვალდებულებას ასრულებდა თითქმის სამი წლის მანძილზე. მხარეებს შორის გაფორმებული სამომხარებლო ხასიათის საკრედიტო ხელშეკრულება, რის გამოც 348-ე მუხლით დადგენილი პრინციპის საფუძველზე მოვალეს ზიანის ანაზღაურება ეკისრება გონივრულობის სტანდარტის დაცვით. ამ შემთხვევაში ბანკისათვის ზიანის მიყენება გამოწვეულია ვალდებულების არაჯეროვანის შესრულებით, მოვალე რამდენიმე წლის განმავლობაში იხდიდა კრედიტის თანხას, რის გამოც ამ პერიოდში ბანკი იღებდა სარგებელს. ამ გარემოების გამო გოონივრული არ იქნება მსესხებელს დაეკისროს ისეთივე პასუხისმგებლობა, რაც ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის პირობებში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად ყოველთვიურად თანხის გადახდა არაუმეტეს 5 თვისა. 2015 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების შემთხვევაში მოთხოვნილია თვეში 104,98 ლარის გადახდა, ხოლო 5 თვეში გადასახდელია არაუმეტეს 524,9 ლარისა. 2017 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილია თვეში 137,48 ლარის გადახდა, რაც 5 თვეში გადასახდელია არაუმეტეს 687,4 ლარისა.

 

საერთო ჯამში მოპასუხის მიერ შესასრულებელი საკრედიტო ვალდებულების ოდენობა შემდეგია:

· 2015 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია ჯამში 1877,987 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 3499,60 ლარი, პროცენტი - 453,47 ლარი პირგასამტეხლო - 400 ლარი, მიუღებელი შემოსავალი თვეში 104,98 ლარი არაუმეტეს 5 თვისა (524,9 ლარი).

· 2017 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია ჯამურად 7451,06 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 4909,28 ლარი, პროცენტი - 964,38 ლარი, პირგასამტეხლო - 500 ლარი, მიუღებელი შემოსავალი თვეში 137,48 ლარი არაუმეტეს 5 თვისა (687,4 ლარი).

· 2017 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია 728,89 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 608,89 ლარი, პირგასამტეხლო - 120 ლარი.

· 2018 წლის 5 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია 1226,68 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხა 1026,68 ლარი, პირგასამტეხლო 200 ლარი.

· 2018 წლის 18 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია 1512,6 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1000 ლარი, საკომისიო - 312,60 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი.

ჯამურად გადასახდელი თანხაა 15 496,21 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნების სარჩელის ფასია 28 254,04 ლარი, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 15 496,21 ლარის გადახდა (საერთო მოთხოვნის 55%). სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე ერთობლივად გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 897,62 ლარი, რომლის 55% არის 493,69 ლარი, რაც ზემოთდასახელებული ნორმის საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს.

 

დაკისრებული თანხიდან მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზევე ცნო სარჩელი ძირითადი თანხის და პროცენტის, ჯამურად 12 864,32 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის გადასახდელი თანხის 83%. მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟიდან 493,69 ლარიდან 83% არის 409,76 ლარი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სახელწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, რადგან მოსამზადებელ ეტაპზე მოთხოვნის ცნობის გამო მხარეები თავისუფლდებიან ამ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის 83,93 ლარის გადახდა.

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის გადახდა. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის იურიდიული დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის დაკისრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოპასუხეს დაეკისრა 15 496,21 ლარის გადახდა, რომლის 4% არის 619,84 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს იურიდიული დახმარების მისაღებად გაწეული ხარჯის 500 ლარის დაკისრებას, რაც დავის საგნის ღირებულების 4%-ის ფარგლებშია და მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2019 წლის 6 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისმე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თ-----------ის“ სარჩელი;

 

დ----- ლ-----ას დაეკისროს სს „თ-----------ისათვის“

 

1.1. 2015 წლის 16 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 4 4353,08 ლარის გადახდა, ხოლო ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად 2019 წლის 1 თებერვლიდან თვეში 104,98 ლარის გადახდა 5 თვის განმავლობაში, ჯამურად 524,9 ლარის გადახდა;

1.2. 2017 წლის 28 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 6373,66 ლარის გადახდა, ხოლო ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად 2019 წლის 1 თებერვლიდან თვეში 137,48 ლარის გადახდა 5 თვის განმავლობაში, ჯამურად 687,4 ლარის ოდენობით.

1.3. 2017 წლის 15 დეკემბრის სწრაფი განვადების ხელშეკრულების საფუძველზე 728,89 ლარის გადახდა;

1.4. 2018 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 1512,6 ლარის გადახდა;

1.5. 2018 წლის 5 აპრილის სწრაფი განვადების ხელშეკრულების საფუძველზე 1226,68 ლარის გადახდა;

1.6. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ვალდებულების სრულ შესრულებამდე დაკისრების შესახებ და პირგასამტეხლოს მოთხოვნა 3757,82 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში;

 

2. სს „თ-----------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 409,76 ლარი. თანხა 2019 წლის 4 თებერვალს გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, (საგადასახადო დავალება N4 და საგადასახადო დავალება N3);

 

3. დ----- ლ-----ას დაეკისროს სს „თ-----------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 83,93 ლარის გადახდა, ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად 500 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი