გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/7340-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 მაისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - სს „ლ-------------ი“
წარმომადგენელი - გ--------------
მოპასუხეები - ნ----------ე
მ-----------ე
დავის საგანი - დავალიანების თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ნ----------ეს და მ-----------ეს, სს „ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 6 419.75 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის - 4 110.51 ლარი, პროცენტი - 1009.24 ლარი, ჯარიმა - 1300 ლარი; თავდების მ-----------ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 4 862 ლარით.
1.2. ნ----------ეს და მ-----------ეს, სს „ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის 192.60 ლარის გადახდა.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2017 წლის 14 ივლისს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ----------ემ მოსარჩელისაგან სესხად მიიღო 4 720 ლარი, წლიური 20 % სარგებლით. ხელშეკრულების მოქმედების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 10 ივლისი. სესხი დაბრუნებული უნდა ყოფილიყო ყოველთვიურად გრაფიკის შესაბამისად. ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებელს დეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.075 %.
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მ-----------ესთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განსაზღვრულ იქნა 4 862 ლარით.
მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია. 2019 წელს ბანკმა წერილებით მიმართა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებს და განუმარტა მათ, რომ ნებაყოფლობით უზრუნველეყოთ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა. აღნიშნულ წერილს არც მსესხებლის და არც თავდებების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
მოპასუხეთა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღისათვის (25 მარტი 2019წ) შეადგენს 6 419.75 ლარს, აქედან ძირითადი თანხა - 4 110.51 ლარი, პროცენტი-1009.24 ლარი, ჯარიმა-1 300 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ----------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის განმარტებით, ბანკიდან აღებული სესხის შემდგომ დაიწვა მისი სამუშაო ადგილი ე.წ. „ბ--–--------------ში“. აღნიშნულის შემდგომ წარმოეშვა თანხის გადახდის პრობლემები.
მოპასუხეს მიაჩნია, რომ სესხი იყო მიზნობრივი ბიზნესისათვის. ხანძრის შემდგომ ის აგრძელებდა თანხის გადახდას, თუმცა ვინაიდან შეექმნა პრობლემები მიაჩია, რომ სესხის გადახდის ვალდებულება არა აქვს. (სხდომის ოქმი)
2.2. მოპასუხე მ-----------ეს სარჩელისა და სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. მას სესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე არ გამოცხადდა. შესაბამისად, სასამართლოსთვის მისი პოზიცია უცნობია.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 14 ივლისს, სს „ლ-------------ს“ და ნ----------ეს შორის, დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 4 720 ლარი, წლიური 20 % სარგებლით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 10 ივლისი. ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებელს დეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.075 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 18);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-21);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.22-23)
3.2.2. 2017 წლის 14 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც - მ-----------ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა შეესრულებინა ბანკის მიმართ ნ----------ის ვალდებულება.
ხელშეკრულებით თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განსაზღვრულ იქნა 4 862 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 24);
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.3. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად.
მოპასუხე მხარის მიერ 2018 წლის 12 თებერვლის შემდგომ სესხის თანხა გადახდილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 22-23);
- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ.28);
- გაფრთხილების წერილები,შეტყობინებები (ს.ფ. 29-34);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2.4.მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინება სესხის დაფარვის მოთხოვნით. მოპასუხეს განესაზღვრა ვადა და გაფრთხილებული იქნა დავალიანების გადაუხდელობის შესაძლო შედეგებზე. დავალიანება მოპასუხეს არ დაუფარავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილების წერილები,შეტყობინებები (ს.ფ. 29-34);
3.2.5 2019 წლის 25 მარტის მდგომარეობით, ბანკის მიმართ მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 6 419.75 ლარი, აქედან ძირითადი თანხა - 4 110.51 ლარი, პროცენტი-1009.24 ლარი, ჯარიმა - 1 300 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის რომ სს „ლ-------------ი“-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად სესხის ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 463-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება - მოვალეობათა განსაზღვრა.
2017 წლის 14 ივლისს, სს ”ლ-------------სა” და ნ----------ეს შორის, გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ნ----------ემ მიიღო სესხი 4 720 ლარი, წლიური 20.00 % სარგებლის დარიცხვით და წარმოეშვა სესხის დაბრუნების ვალდებულება შეთანხმებული წესით. ამდენად, სს ,,ლ-------------ს” და მოპასუხეებს შორის, არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი, ხოლო მოპასუხეს წარმოეშვა შეთანხმებული წესით და ვადაში სესხის დაბრუნების ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
ნ----------ემ ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ბანკი უფლებამოსილია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს. ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება. სს ”ლ-------------ი” ითხოვს ზიანის ანაზღაურებას არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანისათვის, რაც გამოიხატა კრედიტის სახით გაცემული თანხის დაუბრუნებლობაში, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, ამასთან, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს.
დადგენილია, რომ მოპასუხის დავალიანება სს „ლ-------------ის“ მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 6530.38 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4381.22 ლარი, პროცენტი - 799.16 ლარი, ჯარიმა 1350.0 ლარი.
მოპასუხე შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით ფაქტობრივად ადასტურებს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, თუმცა არ ეთანხმება დავალიანების თანხას. მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-105-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 867-868-ე, 361-ე მუხლებისა, არსებობს სესხის ძირი თანხის და სარგებლის დაკისრების საფუძველი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, მსესხებელს ერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.075 %.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას და იწვევდეს უსაფუძვლო გამდიდრებას, მით უფრო, რომ მოსარჩელე მოითხოვს ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდასაც.
წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 14 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა არის მაღალი უნდა განისაზღვროს 300 ლარით.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილია მ-----------ის სოლიდარული თავდებობით. შესაბამისად მოპასუხეები წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს და უნდა დაეკისროთ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მოთხოვნა შეადგენს 6 419.75 ლარს, სარჩელი დაკმაყოფილდა 5 419.75 ლარის ნაწილში, რაც შეადგენს მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის 84.42 %-ს. შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 162.59 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს "ლ-------------ი“-ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნ----------ეს და მ-----------ეს, სს „ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 5 419.75 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის - 4 110.51 ლარი, პროცენტი - 1009.24 ლარი, ჯარიმა - 300 ლარი; თავდების მ-----------ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 4 862 ლარით;
3. ნ----------ეს და მ-----------ეს, სს „ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 192.60 ლარიდან 162.59 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში მითითებული წესების დაცვით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე