გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210018002333755
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.06.2019 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი
მოსარჩელე - გა----- ჯა------ძე
მოპასუხე - სს „სადაზღვევო კომპანია ჯი-----------–-----ი“
მოპასუხის წარმომადგენელი -ლ---------------–--, ჯ--------–-–---–-
დავის საგანი - სადაზღვევო თანხის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „სადაზღვევო კომპანია ,,ჯი-----------–-----ს“ გა----- ჯა------ძის სასარგებლოდ დაეკისროს 37 664 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს :
2016 წლის 25 მაისს გა----- ჯა------ძეს (მოსარჩელე, დამზღვევი) და სს „სადაზღვევო კომპანია ჯი-----------–-----ს“ (მოპასუხე, მზღვეველი, კომპანია) შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება (ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ დააზღვია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭა-------ში მდებარე ვენახები, საკადასტრო კოდი #54.19.54.0-- და #54.19.54.0-- (დაზღვევის ობიექტი) . დაზღვევის რისკი: სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.
2016 წლის 10 ივნისს ლა-------ის რაიონში მოვიდა ძლიერი სეტყვა, რა დროსაც განსაკუთრებით დაზიანდა სოფელი ჭა-------ი, სადაც მოსარჩელის ვენახები მდებარეობს. 2016 წლის 11 ივნისს, ე.ი. სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან მეორე დღეს, მოსარჩელემ მიმართა მოპასუხე კომპანიას და სტიქიის შესახებ აცნობა. 10 დღის შემდეგ, 2016 წლის 21 ივნისს, მზღვეველი კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ და შეადგინეს დაზღვეული ნაკვეთის დათვალიერების აქტი, სადაც აღნიშნეს, რომ ვენახები დასეტყვილია, თუმცა ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადეს იმ საფუძვლით, რომ სეტყვამდე ვენახები იყო მოუვლელი, სეტყვის შემდეგ ვენახს არ ეტყობოდა შეწამვლის ნიშნები, მოუვლელობის გამო გავრცელებული იყო ჭრაქი, რის გამოც ზარალის ოდენობის დადგენა შეუძლებელი იყო .
მოსარჩელის განმარტებით, ამის შემდეგ არაერთხელ მიმართა სადაზღვევო კომპანიას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, მასვე წარუდგინა დამატებით მოპოვებული დოკუმენტები- სპეციალისტების მიერ შედგენილი ვენახის დათვალიერების აქტი, შპს ,,მულტიტესტის“ სპეციალისტების დასკვნა, ასევე ზიანის შეფასების შესახებ დასკვნა, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები მოპასუხის მიერ არ იქნა გაზიარებული.
მოსარჩელის მითითებით, სეტყვამდე ვენახების მოუვლელობაზე მოპასუხის აპელირება უსაფუძვლოა, რადგან მხარეებს შორის დაზღვევის ხელშეკრულება სადაზღვევო შემთხვევამდე 15 დღით ადრე- 2016 წლის 25 მაისს დაიდო და სადაზღვევო კომპანიის ექსპერტებს ვენახი დათვალიერებული ჰქონდათ, ამიტომ ვენახი მოუვლელი და მეჩხერი რომ ყოფილიყო, მოპასუხე ხელშეკრულებას არ დადებდა.
მოსარჩელის მითითებით, ვენახები მოვლილი იყო, კარგ მოსავალსაც ელოდებოდა, თუმცა სეტყვამ მთლიანად გაანადგურა მოსავალი. სეტყვა რომ არ მოსულიყო, ორივე ვენახის ფულადი შემოსავლის ჯამური ოდენობა იქნებოდა 47 080 ლარი, ვენახის დაზიანებით ზარალის ოდენობამ შეადგინა 80%, შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვს სს „სადაზღვევო კომპანია ჯი-----------–-----ს“ დაეკისროს (47 080*80%) 37 664 ლარის გადახდა.
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და საქმის სასამართლო განხილვის დროს არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2016 წლის 11 ივნისს მოსარჩელემ ნამდვილად მიმართა მოპასუხე კომპანიას და სადაზღვევო შემთხვევის შესახებ აცნობა, თუმცა დაზღვეული ტერიტორიის დათვალიერებით დადგინდა, რომ სეტყვამდე ვენახები მოუვლელი იყო, მოუვლელობის გამო გავრცელებული იყო ჭრაქი, სეტყვის შემდეგ ვენახს არ ეტყობოდა შეწამვლის ნიშნები, რის გამოც ზარალის ოდენობის დადგენა შეუძლებელი იყო, ამიტომ მოსარჩელეს უარი უთხრა ზიანის ანაზღაურებაზე.
მოპასუხის მითითებით, დაზიანებული ნაკვეთის დათვალიერების აქტით არ დადგენილა, რომ მოსავლიანობის შემცირების მიზეზი სეტყვაა, რადგან აქტის შესაბამისი გრაფა ცარიელია. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ხელშეკრულების დადებამდე დასაზღვევი ვენახების დათვალიერება სავალდებულო არ არის და მოცემულ შემთხვევაში არც მომხდარა დათვალიერება, ასეთი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია .
მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის მიერ სადაზღვევო შემთხვევის შემდეგ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას. მოსარჩელეს კვლევა არ ჩაუტარებია შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ საკვლევი მასალა აღებულია მოსარჩელის ვენახიდან, ასევე არ დგინდება დასკვნის შემდგენი პირების კომპეტენტურობა როგორც ვენახის დაზიანების, ასევე ზიანის მოცულობასთან მიმართებაში, რაც შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად არ აღიარების და შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია .
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 25 მაისს გა----- ჯა------ძეს და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პ---------------------------------ს შორის დაიდო შეთანხმება სადაზღვევო პრემიის სუბსიდირების შესახებ, რომლის თანახმად, სს „სადაზღვევო კომპანია ჯი-----------–-----ი“-მა 2016 წლის 25 მაისს დამზღვევზე გასცა სადაზღვევო პოლისი № 216041--, რომლის მოსარგებლეს წარმოადგენს გა----- ჯა------ძე. აღნიშნული პოლისის საფუძველზე მოსარგებლემ დააზღვია ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭა-------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, ფართობით 2.50 ჰა, ს/კ 54.19.54.0-- (შემდეგ პირველი ნაკვეთი), დაზღვევის ობიექტი-ვაზი, სუბსიდირების თანხა- 480,00 სადაზღვევო ლიმიტი- 10 000 ლარი; დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 25 მაისიდან- 2016 წლის 30 ოქტომბრამდე. სადაზღვევო პოლისს ხელს აწერენ მხარეები.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- შეთანხმება დამზღვევის/მოსარგებლის სადაზღვევო პრემიის სუბსიდირების შესახებ, სადაზღვევო პოლისი (ს.ფ 20-21)
3.1.2. 2016 წლის 25 მაისს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გა----- ჯა------ძეს და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პ---------------------------------ს შორის დაიდო შეთანხმება სადაზღვევო პრემიის სუბსიდირების შესახებ, რომლის საფუძველზე, სს „სადაზღვევო კომპანია ჯი-----------–-----ი“-მა 2016 წლის 25 მაისს დამზღვევზე გასცა სადაზღვევო პოლისი № 216019--, რომლის მოსარგებლეს წარმოადგენს გა----- ჯა------ძე. აღნიშნული პოლისის საფუძველზე მოსარგებლემ დააზღვია ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭა-------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, ფართობი 2.30 ჰა, საკადასტრო კოდი #54.19.54.0-- (შემდეგ-მეორე ნაკვეთი) დაზღვევის ობიექტი-ვაზი, სუბსიდირების თანხა- 883,20; სადაზღვევო ლიმიტი- 18 400 ლარი; დაზღვევის პერიოდი- 2016 წლის 25 მაისიდან- 2016 წლის 30 ოქტომბრამდე. სადაზღვევო პოლისს ხელს აწერს ორივე მხარე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-შეთანხმება დამზღვევის/მოსარგებლის სადაზღვევო პრემიის სუბსიდირების შესახებ
-სადაზღვევო პოლისი (ს.ფ. 18-19)
3.1.3. დადგენილია, რომ სადაზღვევო ხელშეკრულებებით დაზღვეული იქნა შემდეგი რისკი: სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სადაზღვევო პოლისი (ს.ფ. 19, 21)
3.1.4. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მზღვეველს 2016 წლის 10 ივნისს მოსული სეტყვის შესახებ 2016 წლის 11 ივნისს აცნობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი , მხარეთა ახსნა-განმარტება ;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ივნისს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, 2016 წლის 21 ივნისს დაზღვეული ობიექტის ადგილზე ჩავიდნენ მზღვეველი კომპანიის წარმომადგენელი და მზღვეველის მიერ მოწვეული სპეციალისტები, რომლებმაც მოსარჩელის მონაწილეობით დაათვალიერეს დაზღვეული ნაკვეთი და შეადგინეს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის დათვალიერების აქტი .
დათვალიერების აქტის მიხედვით 1) შემოწმების თარიღია -21.06.2016; 2) დამზღვევი/მოსარგებლე - გა----- ჯა------ძე; 3) პოლისის ნომერი - № 216041-- და № 216019--; 4) მუნიციპალიტეტი -ლაგოდეხი, ჭა-------ი; 5) დაზღვეული ნაკვეთის ფართობი- 1) 2,50 ; 2) 2,30 ; 6) დაზღვეული კულტურა/ჯიში- რქაწითელი; 7) მცენარის განვითარების სტადია- ისვრიმობა; 8) ნორმატიულად მისაღები მოსავალი 1 ჰა- 10ტ/ჰა; 9) მოსავლიანობის შემცირების მიზეზი- ეს გრაფა ცარიელია ; 10) რისკი-სეტყვა; 11) დაზღვეული ნაკვეთის დაზიანების თარიღი- 10.06.2016 ; 12) რეალურად მისაღები მოსავალი 1 ჰა-ზე - მოსავალი არ ფიქსირდება ; 13) ნაკვეთის დაზიანებული ფართი -ეს გრაფა ცარიელია ; 14) მოსავლის დანაკარგი დაზიანებულ ნაკვეთზე- 1) 0 % ; 15) საბოლოო დასკვნა დაკარგული მოსავლის შესახებ - 1) მოსავლის არარსებობის გამო ზარალი ვერ შეფასდა; 2) იმდენად გავრცელებულია ჭრაქი, რომ ზარალის შეფასება ვერ მოხერხდა; 16) საკადასტრო კოდი- 1) ს/კ 54.19.54.0-- და 2) ს/კ 54.19.54.0--
შენიშვნის გრაფაში მითითებულია, რომ 1) ვენახი მოუვლელია, სეტყვის შემდეგ არ აღინიშნება შეწამვლის ნიშნები 2) მოსავლის მცირე ოდენობა კი ფიქსირდება ვენახში, მაგრამ ძლიერი ჭრაქის გამო ზარალის პროცენტის დათვლა შეუძლებელია .
მოპასუხის წარმომადგენელმა აქტთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სადაზღვევო კომპანიის მოწვეული სპეციალისტები ადგილზე ახდენდნენ რამდენიმე ნაკვეთის დათვალიერებას, ამიტომ დათვალიერების აქტებს ადგენდნენ კოპირებით, რის გამოც აქტის ზოგიერთ გრაფაში იკითხება მკრთალი ჩანაწერი, რომელიც კოპირების გამო გადმოსულია სხვა აქტიდან, მაგალითად, მე-9 გრაფაში (მოსავლიანობის შემცირების მიზეზი) სადაც მკრთალად იკითხება ,,სეტყვა“ , მე- 14 გრაფაში (მოსავლის დანაკარგი დაზიანებულ ნაკვეთზე) მკრთალად იკითხება 32%, ან მე-13 გრაფაში (ნაკვეთის დაზიანებული ფართობი) მკრთალად იკითხება ნაკვეთის დაზიანებული ფართობის მონაცემები, არის კოპირების შედეგი და არ ეკუთვნის გა----- ჯა------ძეს, ამიტომ დაზიანებული ნაკვეთის დათვალიერების აქტით არ დადგენილა, რომ მოსავლიანობის შემცირების მიზეზი არის სეტყვა, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს, რადგან აქტის შესაბამისი გრაფა არის ცარიელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- დათვალიერების აქტი (ს.ფ 26)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (13.06.2019 წლის ოქმი)
3.2.2 დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევის შემდეგ, 2016 წლის 24 ივნისს, მოსარჩელემ და მისმა მოწვეულმა სპეციალისტებმა - ექსპერტ-აგრონომმა ფა-------- სო------–-–---–მა და სპეციალისტმა ნი----–---- ჯო--ძემ შეადგინეს აქტი, სადაც მიუთითეს, რომ 2016 წლის 10 ივნისს მოსული სეტყვის და ქარიშხლის შედეგად დაზიანდა გა----- ჯა------ძის მფლობელობაში არსებული ვენახი, საკადასტრო კოდი- 1) ს/კ 54.19.54.0-- და 2) ს/კ 54.19.54.0-- , დაზიანების პროცენტი განისაზღვრა 80 % .
დადგენილია, რომ მოსარჩელემ ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით მიმართა შპს ე----- -აუდიტს, რომლის დასკვნის მიხედვით, ორივე ვენახის სავარაუდო შემოსავალი განისაზღვრა 47080 ლარით. რადგან 2016 წლის 24 ივნისის აქტით დაზიანების პროცენტი განისაზღვრა 80%, ამიტომ აუდიტმა ზიანის ოდენობა განსაზღვრა 37664 ლარი. მოსარჩელემ ასევე მიმართა შპს ,,მუ-–---------ი"ს საგამოცდო ლაბორატორიას, რომლის 2016 წლის 08 ივლისის გამოცდის ოქმში მითითებულია, რომ გა----- ჯა------ძის მიერ წარდგენილ საკვლევ ნიმუშში აღმოჩენილია სპილენძი .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საგამოცდო ოქმი , 24.076.2016 წლის აქტი, ე----- აუდიტის დასკვნა (ს.ფ. 33-35)
3.2.3. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სადაზღვევო შემთხვევის შემდეგ რამდენჯერმე მიმართა მოპასუხეს, წარუდგინა 3.2.2 ფ/გ მითითებული დოკუმენტები და სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დადგარი ზიანის -37664 ლარის ანაზღაურება მოითხოვა .
სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელეს უარი უთხრა ზიანის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ სადაზღვევო შემთხვევის შემდეგ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას, მოსარჩელეს კვლევა არ ჩაუტარებია შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ საკვლევი მასალა აღებულია მოსარჩელის ვენახებიდან, ასევე არ დგინდება დასკვნის შემდგენი პირების კომპეტენტურობა როგორც ვენახის დაზიანების მიზეზის, ასევე ზიანის მოცულობასთან მიმართებით , რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე და სარჩელით მომართა სასამართლოს, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დადგარი ზიანის -37664 ლარის ანაზღაურების თაობაზე
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის განცხადებები (ს.ფ 27-29) ;
- მზღვეველის უარი ზიანის ანაზღაურებაზე ( ს.ფ. 30-31) );
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს .
5.კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ;
,,აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 მარტის #524 განკარგულება
6.სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისთვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის 2016 წლის 25 მაისს დადებული აგროდაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, რომლის საფუძველზეც სადაზღვევო კომპანიამ იკისრა დამზღვევს აუნაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი- ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. დაზღვევის საგანს წარმოადგენდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭა-------ში მდებარე მოსარჩელის სარგებლობაში არსებული ვენახი, ხოლო სადაზღვევო რისკი არის სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის დაზღვევასთან დაკავშირებით (სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა) მზღვეველს, დამზღვევს/ მოსარგებლეს და სააგენტოს შორის ურთიერთობებს არეგულირებს ,,აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 მარტის #524 განკარგულება (შემდგომ #524 განკარგულება, განკარგულება, აგროდაზღვევის პროგრამა), რომლის 1 მუხლში აღნიშნულია, რომ მზღვეველს, დამზღვევს და სააგენტოს შორის ურთიერთობები, როგორიცაა მზღვეველის და დამზღვევის უფლება-მოვალეობები, ზიანის რეგულირების პროცესი და სხვა, განისაზღვრება ამ განკარგულებით და სააგენტოს და სადაზღვევო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით (1 მუხლის 5 ნაწილი) .
ამავე განკარგულების 2 მუხლის ,,რ" პუნქტით, სადაზღვევო შემთხვევა არის სადაზღვევო რისკების ხდომილების შედეგად დაზღვევის ობიექტისთვის ზიანის მიყენება, რომლის საფუძველზე წარმოიშობა მზღვეველის პასუხისმგებლობა, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება, ხოლო ამავე მუხლის ,,ს“ პუნქტით, მისაღები მოსავალი არის მოსავალი, რომელიც მითითებულია დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტში, როგორც მოსავალი, რომელსაც დამზღვევი/მოსარგებლე მიიღებდა, ადგილი რომ არ ჰქონოდა სადაზღვევო რისკის ხდომილებას. ამავე განკარგულების მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტით, მოვლენის დადგომისას, რომელიც ატარებს სადაზღვევო შემთხვევის ნიშნებს, დამზღვევი/მოსარგებლე ვალდებულია შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე მზღვეველს 24 საათის განმავლობაში. მზღვეველი დამზღვევი/მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 30 კალენდარულ დღეში ადგენს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის დათვალიერების აქტს.
განკარგულების მე-2 მუხლის ,,უ“ პუნქტის შესაბამისად, დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტი არის დოკუმენტი, რომელიც დგება მზღვეველს და (ან მზღვეველის მიერ მოწვეული ექსპერტის ) მიერ და რომელსაც ხელს აწერენ მზღვეველი და დამზღვევი მოსარგებლე და რომლითაც დასტურდება დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) მზღვეველის მიერ დათვალიერებისა და კონკრეტული შემთხვევის ხდომილებით გამოწვეული ზიანის ოდენობა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი პოლისი-ხელშეკრულებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 25 მაისს გა----- ჯა------ძეს და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პ---------------------------------ს შორის დაიდო შეთანხმება სადაზღვევო პრემიის სუბსიდირების შესახებ, რომლის თანახმად, სს „სადაზღვევო კომპანია ჯი-----------–-----ი“-მა 2016 წლის 25 მაისს დამზღვევზე გასცა სადაზღვევო პოლისი № 216041--, და № 216019--, რომლის მოსარგებლეს წარმოადგენს გა----- ჯა------ძე. აღნიშნული პოლისის საფუძველზე მოსარგებლემ დააზღვია ლა-------ის რაიონის სოფელ ჭა-------ში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი, ს/კ 54.19.54.0-- და კოდი #54.19.54.0--. დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 25 მაისიდან-2016 წლის 30 ოქტომბრამდე. სადაზღვევო ხელშეკრულებებით დაზღვეული იქნა რისკი: სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა .
დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ივნისს მოსარჩელემ მზღვეველს 2016 წლის 10 ივნისს მოსული სეტყვის შესახებ აცნობა. დადგენილია ისიც, რომ აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, 2016 წლის 21 ივნისს, ე.ი. აგროდაზღვევის პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, ადგილზე ჩავიდნენ მზღვეველი კომპანიის წარმომადგენლები და შეადგინეს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის დათვალიერების აქტი, რითაც მოსავლის დანაკარგი დაზიანებულ ნაკვეთებზე განსაზღვრეს 0 % ; დასკვნაში მითითებულია, რომ 1-ლი ნაკვეთი მოუვლელია, სეტყვის შემდეგ არ აღინიშნება შეწამვლის ნიშნები. მე-2 ნაკვეთში მოსავლის მცირე ოდენობა კი ფიქსირდება, მაგრამ ძლიერი ჭრაქის გამო ზარალის პროცენტის დათვლა შეუძლებელია. აღნიშნულის აქტის საფუძველზე, სადაზღვევო შემთხვევის არ არსებობის გამო მოპასუხემ მოსარჩელეს უარი უთხრა ზიანის ანაზღაურებაზე.
დადგენილია, რომ დაზღვეული ტერიტორიის დათვალიერების აქტის შედგენის შემდეგ, სადაც მზღვეველი კომპანიის მოწვეულმა სპეციალისტებმა მოსარჩელის დაზღვეულ ობიექტში, 2016 წლის 10 ივნისს სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ოდენობა განსაზღვრეს 0%, მოსარჩელემ 2016 წლის 24 ივნისს მისი მოწვეული სპეციალისტების - ექსპერტ-აგრონომის ფა-------- სო------–-–---–ის და სპეციალისტის ნი----–---- ჯო--ძის მონაწილეობით შეადგინეს აქტი, სადაც მიუთითეს, რომ 2016 წლის 10 ივნისს მოსული სეტყვის და ქარიშხლის შედეგად გა----- ჯა------ძის მფლობელობაში არსებული ვენახის, საკადასტრო კოდი-54.19.54.0-- და #54.19.54.0-- დაზიანებამ შეადგინა 80 % . ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიმართა შპს ,,მუ-–---------ი"ს საგამოცდო ლაბორატორიას, რომლის 2016 წლის 08 ივლისის გამოცდის ოქმში მითითებულია, რომ გა----- ჯა------ძის მიერ წარდგენილ ნიმუშში აღმოჩენილია სპილენძი, ხოლო ე----- -აუდიტის დასკვნის მიხედვით, ორივე ვენახის სავარაუდო შემოსავალი განისაზღვრა 47080 ლარით, რადგან 2016 წლის 24 ივნისის აქტით დაზიანების პროცენტი განისაზღვრა 80%, ამიტომ აუდიტმა ზიანის ოდენობა განსაზღვრა 37664 ლარი.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სწორედ ზემოაღნიშნული დოკუმენტები წარუდგინა მზღვეველს და სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დადგარი ზიანის -37664 ლარის ანაზღაურება მოითხოვა .
სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელეს უარი უთხრა ზიანის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ სადაზღვევო შემთხვევის შემდეგ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას, მოსარჩელეს კვლევა არ ჩაუტარებია შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ საკვლევი მასალა აღებულია მოსარჩელის ვენახიდან, ასევე არ დგინდება დასკვნის შემდგენი პირების კომპეტენტურობა როგორც ვენახის დაზიანების მიზეზის, ასევე ზიანის მოცულობასთან მიმართებით , ამიტომ დამზღვევმა უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე .
მოცემული დავის ფარგლებში სასამართლომ უნდა შეამოწმოს, მოპასუხის უარი სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე რამდენად შეესაბამება მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულების პირობებს და ,,აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 მარტის #524 განკარგულებას, რითაც მზღვეველს, დამზღვევს და სააგენტოს შორის ურთიერთობები რეგულირდება .
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა -განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება , სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, როგორც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტის, ასევე მიყენებული ზიანის მოცულობის მტკიცების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება .
მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისი დაზღვეული ვენახი სეტყვის მოსვლამდე იყო სათანადოდ მოვლილი, შეწამლული, ვენახი დაზიანდა სეტყვის შედეგად. სეტყვით გამოწვეული ზიანის ოდენობა შეადგენს 37 664 ლარს, რის ანაზღაურებასაც მოითხოვს სადაზღვევო კომპანიისგან.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარის ზეპირი ახსნა-განმარტება საქართველოს სსს კოდექსის 102 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი მტკიცებულებაა. თუმცა ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები ზეპირად გადმოცემულ ფაქტებს ადასტურებენ და სადავოდ არ ხდიან. თუ მხარეებისთვის ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი სადავოა, მაშინ ზეპირი განმარტება აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ახსნა-განმარტება გაქარწყლებულია მოპასუხის ახსნა-განმარტებით, ამიტომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ზეპირად გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდეს სხვა მყარი მტკიცებულებით.
მოსარჩელემ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტის, ასევე მიყენებული ზიანის მოცულობასთან დაკავშირებით სადავო გარემოების დასადასტურებლად მიუთითა: 2016 წლის 24 ივნისს ექსპერტ-აგრონომის ფა-------- სო------–-–---–ის და სპეციალისტის ნი----–---- ჯო--ძის მიერ შედგენილი აქტი, აუდიტის დასკვნა, შპს მუ-–---------ის დასკვნა, სასაქონლო ზედნადები ;
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2016 წლის 24 ივნისს ექსპერტ-აგრონომის ფა-------- სო------–-–---–ის და სპეციალისტის ნი----–---- ჯო--ძის მიერ შედგენილი აქტი არ შეიძლება ჩაითვალოს სარწმუნო და უტყუარ მტკიცებულებად, რაზე დაყრდნობითაც სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ 2016 წლის 10 ივნისს ადგილი ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევას, რადგან 2016 წლის 24 ივნისის აქტი არ შეიცავს ,,ზიანზე დაფუძნებული აგრარული დაზღვევის დანაკარგების შეფასების მეთოდოლოგიის“ (დანართი #6) შესახებ მე-5 მუხლით დადგენილ სავალდებულო ინფორმაციას, ასევე ტერიტორიის დათვალიერების შესახებ არ ეცნობა მზღვეველს და არ მიეცა დათვალიერებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. აქტით არ დგინდება დათვალიერებაში მონაწილე პირების კომპეტენცია . აქტში არ არის აღწერილი დათვალიერების დროს ვენახის მდგომარეობა, არ არის მითითებული იმ ფაქტორებზე, რაც 2016 წლის 21 ივნისს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის დათვალიერების აქტში მზღვეველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტებმა მიუთითეს, რის გამოც ვერ დაადგინეს სადაზღვევო შემთხვევის ხდომილებით გამოწვეული ზიანის ოდენობა, ამიტომ სასამართლოსთვის გაუკვეველია, 2016 წლის 24 ივნისის აქტის შემდგენი პირები რაზე დაყრდნობით, რის საფუძველზე მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვენახი დაზიანდა სეტყვით და არა მოუვლელობით და დაავადებით, როგორც ეს 2016 წლის 21 ივნისის აქტშია მითითებული. ასევე გაურკვეველია, ზიანის დარეგულირების რომელი მეთოდის გამოყენებით დაადგინეს აქტში მითითებული ზიანი, ამიტომ აღნიშნული აქტი სარწმუნოობის თვალსაზრისით არ წარმოადგენს ისეთ მყარ მტკიცებულებას, რითაც ცალსახად და სარწმუნოდ დადასტურდება დაზღვეული რისკის შედეგად დაზღვევის ობიექტისთვის ზიანის მიყენების ფაქტი და საფუძვლად დაედება სარჩელის დაკმაყოფილებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო გარემოების დადასტურება ასევე შეუძლებელია აუდიტის დასკვნით, რადგან აღნიშნული დოკუმენტი ეყრდნობა 2016 წლის 24 ივნისის აქტს და ახდენს მხოლოდ ზიანის მათემატიკურ გაანგარიშებას. დასკვნა არ შეიცავს მითითებას იმ აუცილებელ ფაქტორებზე, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ზიანის შეფასების დროს.
სასამართლო თვლის, რომ შპს ,,მუ-–---------ი"ს დასკვნა და სასაქონლო ზედნადები ასევე არ შეიძლება ისეთ სარწმუნო და უტყუარ მტკიცებულებად ჩაითვალოს, რომ მასზე მითითებით სარჩელი დაკმაყოფილდეს, რადგან შპს ,,მუ-–---------ი"ს გამოცდის ოქმით შეუძლებელია დადგინდეს, რომ საკვლევი მასალა, რომელზეც სპილენძი აღმოჩნდა, დაზღვეული ტერიტორიიდან არის აღებული. ასევე სასაქონლო ზედნადებით არ დასტურდება, რომ პრეპარატი სწორედ დაზღვეულ ტერიტორიაზე იქნა გამოყენებული, ამიტომ არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ ყველა გონივრული ზომა იქნა გამოყენებული მოსავლის მისაღებად, ასევე მისი შენარჩუნება-გადარჩენისთვის. აღნიშნულის საფუძველზე კი შეიძლება დავასკვნათ, რომ მოსარჩელის მიერ მზღვეველთან წარდგენილი დოკუმენტები ვერ აბათილებს დათვალიერების აქტში მითითებულ გარემოებებს ვენახის მოუვლელობის, შეუწამლაობის და ჭრაქის გავრცელების შესახებ, რაც ზიანის ანაზღაურებას გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მოსარჩელე დამზღვევს და მოპასუხე სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული პოლისი-ხელშეკრულების 10-ე მუხლით, დამზღვევმა დაადასტურა რომ იგი იცნობს ,,აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 მარტის #524 განკარგულებით დამტკიცებულ აგროდაზღვევის პროგრამას და სააგენტოს და მზღვეველს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების დანართს (ზიანის დარეგულირება) , ხოლო ხელშეკრულების 14 მუხლით, დამზღვევი ვალდებულია ჯეროვნად და კეთისინდისიერად შეასრულოს პროგრამით გათვალისწინებული მისი ვალდებულებები
,,აგროდაზღვევის პროგრამის" მე-3 მუხლის 1 ნაწილით, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში და ფრანშიზის გამოკლებით გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება დაზღვევის მოქმედების პერიოდში სადაზღვევო რისკის დადგომის შედეგად დაზღვევის ობიექტის დაზიანების შემთხვევაში, ამ პროგრამით დადგენილი წესით და შეზღუდვების გათვალისწინებით . ამავე მუხლის მე-5 ნაწილის გ) პუნქტით, ანაზღაურებას არ ექვემდებარე დაზღვევის ობიექტისათვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეული დამზღვევის განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით, მათ შორის დამზღვევის/მოსარგებლის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მოსავლის გადარჩენასა და შენარჩუნების მიზნით, ყველა გონივრული ზომის გამოუყენებლობა ზიანის დადგომისას ან მის შემდეგ; ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ა.ა.) პუნქტით, მზღვეველის მიერ ანაზღაურებას არ ექვემდებარება ზიანი, რომელიც დადგა დაავადებათა, მწერთა და მღრნელთა გავრცელების, დაგვიანებული მწიფობის გამო და სხვა .
როგორც აღინიშნა, 2016 წლის 21 ივნისს მზღვეველი კომპანიის წარმომადგენელმა და მზღვეველის მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა, მოსარჩელის მონაწილეობით შეადგინეს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის დათვალიერების აქტი, რითაც მოსავლის დანაკარგი დაზიანებულ ნაკვეთებზე განსაზღვრეს 0%; ხოლო მიზეზად- როგორც სეტყვამდე, ასევე მის შემდეგ ვაზის მოუვლელობა და დაავადების გავრცელება მიუთითეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაიკითხა ვა–- გო–----ძე, დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის დათვალიერების აქტის შედგენაში მონაწილე მზღვეველი კომპანიის მოწვეული სპეციალისტი, რომელმაც სხდომაზე განმარტა, რომ დათვალიერების პერიოდი წარმოადგენს ისვრიმობის პერიოდს, ამ დროს მტევანი უკვე ჩამოყალიბებულია, ამიტომ ზიანის რეგულირების მეთოდოლოგიის (#6 დანართი) მიხედვით, ამ პერიოდში დაზიანების პროცენტის ბაზისად გამოიყენება ყურძნის მტევნის განადგურება ან მტევნის მარცვლების განადგურება.
მოწმის ჩვენებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვენახები დაათვალიერეს არა შერჩევით, არამედ მთლიანად. დათვალიერების შედეგად ვერც ერთ ვენახში ვერ ნახეს გაყრევინებული, დაცვენილი მტევნები, ან მტევნის მარცვლები. პირველი ვენახში ვაზზე მტევანი საერთოდ არ იყო შერჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაზი ყვავილობის პერიოდშივე დაზიანდა და შესაბამისად, მტევანი არ ჩამოყალიბდა, ხოლო მეორე ვენახში ფიქსირდებოდა მოსავლის მცირე ოდენობა , მაგრამ იმდენად ძლიერად იყო გავრცელებული ჭრაქი, რომ ზარალის პროცენტის დათვლა შეუძლებელი იყო , ამიტომ დათვალიერების შედეგად დაადგინეს, რომ მოსავლის დანაკარგი გამოიწვია არა სეტყვამ, არამედ მოუვლელობამ .
მოწმემ არ დაადასტურა მოსარჩელის არგუმენტი იმის შესახებ, რომ გაყრევინებული-დაცვენილი ნიმუშები დაიკარგა სეტყვის შემდეგ ვენახის მოხვნის გამო და მიუთითა, რომ დათვალიერების დროს ვენახს მოხვნის კვალი არ ეტყობოდა , თუმცა, როგორც მოწმემ მიუთითა, მოსარჩელეს რომც მოეხნა ვენახი, ამით გაყრევინებული-დაცვენილი ნიმუშები არ დაიკარგებოდა, რადგან ტრაქტორი ხნავს რიგებს შორის ტერიტორიას, ხოლო მტევანი, ან მტევნის მარცვალი , როგორც წესი, ცვივა ვაზის ძირში, სადაც ტრაქტორი ვერ უდგება.
ამდენად, მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურებაზე უარი ეფუძვნება იმ გარემოებას, რომ ზიანი გამოწვეულია არა დაზღვეული რისკით-სეტყვით, არამედ ვაზის მოუვლელობით, ვაზი დაავადებულია ძლიერი ჭრაქით, რამაც გამოიწვია მოსავლის განადგურება, რაც #527 განკარგულების შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებას გამორიცხავს. მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და როგორც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტის, ასევე მიყენებული ზიანის მოცულობის მტკიცების თვალსაზრისით ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლის მტკიცების ვალდებულებაც სწორედ მოსარჩელეს ეკისრება, ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულებით წარმოშობილი მოპასუხის ვალდებულება, აანაზღაუროს დაზღვევის ობიექტის დაზიანებით წარმოშობილი ზიანი. მოპასუხის უარი სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე არ სცილდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7.საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ხაზინაში .
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გა----- ჯა------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი