გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.06.2019
საქმის ნომერი
330210018002785697
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/37338-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,კ---------------------–-----–------ი“

წარმომადგენლები - ვ----–---------–---–ი, დ---------–--ე

 

მოპასუხე - რ-----------------–---–ი

წარმომადგენელი - მ---------------–--ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე რ-----------------–---–ს შპს „კ---------------------–-----–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების მიზნით 5110 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მოპასუხე 2016-2017 წლებში მუშაობდა შპს „კ---------------------–-----–------ის“ ქ------–---ის ფილიალში, მძღოლის თანამდებობაზე. ამ პერიოდში მას სამეურნეო ხარჯის სახით მიღებული აქვს 4088 ლარი, რაც უნდა გამოეყენებინა შპს „კ---------------------–-----–------ის“ საქმიანობის სამეურნეო მიზნებისა და ამოცანებისთვის. მოპასუხეს თანხა მიზნობრივად არ გამოუყენებია და არც შპს „კ---------------------–-----–------ი“-სათვის დაუბრუნებია. აღნიშნულის გამო კლინიკამ 4088 ლარი რ-----------------–---–ს ჩაუთვალა შემოსავლად, რაც ექვემდებარებოდა დაბეგვრას. შესაბამისად, მოსარჩელემ სახელწმიფო ბიუჯეტში გადაიხადა 1022 ლარი, რაც ასევე კლინიკისთვის მიყენებული ზიანის სახით უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობითი წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხე მართავდა სასწრაფოს ავტომობილს, რომელიც გადიოდა გამოძახებებზე როგორც ქ------–---ში, ასევე მის მაღალმთიან სოფლებში, რაც საწვავის ხარჯთან იყო დაკავშირებული. საწვავის ხარჯის გარდა სხვა თანხა სამეურნეო მიზნებისთვის მას არ მიუღია, უფრო მეტიც, არაერთხელ საკუთარი სახსრებით მოუწია საწვავის ჩასხმა, ასევე ბუნებრივი ცვეთის პირობებში გარკვეული დეტალების შეკეთება.

 

სამეურნეო ხარჯად მითითებული თანხა არ შეიძლება ჩაითვალოს შემოსავლად, შესაბამისად არც ექვემდებარება დაბეგვრას და გაუგებარია, რის საფუძველზე ითხოვს მოსარჩელე სამეურნეო ხარჯებთან დამატებით 20%-ის დაკისრებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „კ---------------------–-----–------სა“ და რ-----------------–---–ს შორის 2016-2017 წლებში არსებობდა შრომითი ურთიერთობა, მოპასუხეს ეკავა მძღოლის თანამდებობა ქ------–---ის ფილიალში და გამოძახებების შესაბამისად უწევდა სასწრაფოს მანქანით ქ------–---სა და მის მაღალმთიან რაიონებში გადაადგილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობები.

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სადავო პერიოდში (2016-2017 წლებში) სამეურნეო ხარჯისთვის თანხის დარიცხვა რ-----------------–---–ის ანგარიშზე ხდებოდა დირექტორის განკარგულების საფუძველზე. გადარიცხვის დანიშნულებაში ხდებოდა საფუძვლის მითითება, თუ წინასწარ იყო ცნობილი გადარიცხვის დანიშნულება და მისი მიმღები, აღინიშნებოდა ზუსტი მონაცემები, წინააღდეგ შემთხვევაში გადარიცხვის საფუძველს წარმოადგენდა საქვეანგარიშო გადარიცხვა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან მოგვიანებით უნდა მომხდარიყო საქვეანგარიშოდ გადარიცხული თანხების დანიშნულებისამებრ გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, ზედდებულების, ჩეკებისა, თუ გადახდის ქვითრების სახით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმეთა ჩვენება.

 

3.1.3. მოწმის სახით დაკითხული რ---–-------------ე 2016-2017 წლებში შპს „კ---------------------–-----–------ში“ მუშაობდა მთავარი მექანიკოსის თანამდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 22.03.2010 წლის ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2016 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 8 მარტის ჩათვლით, სამეურნეო ხარჯებისთვის, რ-----------------–---–ის ანგარიშზე ჩაირიცხა ჯამში 5143 ლარი, საიდანაც მხოლოდ 6 შემთხვევაში დადგინდა გადარიცხვის საფუძველი, თუ რა დანიშნულებით მოხდა სამეურნეო ხარჯის გამოყენება. დანარჩენ შემთხვევაში გადარიცხვა განხორციელდა საქვეანგარიშოდ. საქვეანგარიშოდ გადარიცხული თანხების ჯამი არის 4088 ლარი.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქვეანგარიშოდ გადარიცხული 4088 ლარის მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მის მიერ სრულად ხდებოდა კლინიკისთვის ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებების/ქვითრების ბუღალტერიისთვის მიწოდება. მოწმის სახით მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული რ---–-------------ის განმარტებით, მის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა საწვავის ტალონების, საგზურის გაცემა, ასევე რეანომობილების რემონტი. ისეთ სამეურნეო ხარჯთან დაკავშირებით, რაც რემონტს ეხებოდა, მძღოლები თავდაპირველად მას ატყობინებდნენ, ხოლო შემდგომში იგი დირექტორს გადასცემდა ინფორმაციას. თანხის მძღოლების ანგარიშზე გადარიცხვის თანხმობა მხოლოდ დირექტორის მითითებით ხდებოდა. ხოლო მოგვიანებით ხდებოდა უკვე ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ბუღალტერიაში წარდგენა. ყველა ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება, ეხებოდა ეს საწვავს, თუ სხვა სამეურნეო ხარჯს, ბუღალტერიაში იყო წარდგენილი. აღნიშნულის საპირისპიროდ კლინიკის დირექტორის მოადგილემ, დ---------–--ემ და მოწმის სახით დაკითხულმა ბუღალტერმა თ---------------–---–მა არ დაადასტურეს ხარჯის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულებების ბუღალტერიაში წარდგენის ფაქტი. დ---------–--ის განმარტებით, პირადი ანგარიშიდან ამონაწერში მითითებულ იმ 6 შემთხვევაშიც გადარიცხვის საფუძვლის მითითება მოგვიანებით მოხდა, მოგვიანებით დაზუსტდა თანხის მიზნობრიობა, რაზეც მოპასუხემ არა მაშინვე, არამედ გარკვეული პერიოდის შემდგომ, კლინიკის მოთხოვნის საფუძველზე წარადგინა დოკუმენტები.

მათ ასევე არ დაადასტურებს ის ფაქტი, რომ დირექტორის მიერ თანხების მძღოლების ანგარიშებზე გადარიცხვა რ---–-------------ის მითითებით ხდებოდა, ასევე ის, რომ რ---–-------------ეს სამსახურებრივად ევალებოდა მძღოლებზე ზედამხედველობა.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის აღნიშნულ პოზიციას, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ---–-------------ე დანიშნული იყო მთავარი მექანიკოსის თანამდებობაზე და დანიშვნის ბრძანებაში არ არის აღნიშნული, რომ მის უფლებამოსილება მოიცავდა საწვავის, ან სამივლინებო ფურცლებისა თუ მძღოლების კონტროლს. მოწმე რ---–-------------ის ჩვენების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველს ის გარემოებაც იძლევა, რომ მისი განმარტებით, სამივლინებო ფურცლებს იგი აწერდა ხელს, თუმცა თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილ არცერთ სამივლინებო ბარათზე არ ფიქსირდება რ---–-------------ის ხელმოწერა.

 

მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც ამს გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით და არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის ჩვენება ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული მტკიცებულებაა სამოქალაქო პროცესში, რა დროსაც მოწმეს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები: მოწმედ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც შესწევს უნარი, სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება და რომელიც არ არის იურიდიულად დაინტერესებული საქმის შედეგით. აქ მხედველობაშია ისეთი ინტერესი, რომელიც გააჩნია მოსარჩელეს და მოპასუხეს, რომელთათვისაც საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეუძლია გარკვეული სარგებლის მოტანა.

 

მართალია მოწმე რ---–-------------ისთვის, როგორც სადავო პერიოდში შპს „კ---------------------–-----–------“-ში დასაქმებული პირისთვის (საქმის განხილის პერიოდში რ---–-------------ე გათავისუფლებულია და აღარ მუშაობს მოსარჩელე ორგანიზაციაში) ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, თუმცა მის ჩვენების საპირისპიროდ მოსარჩელემ მიუთითა სარწმუნო არგუმენტებზე, რის გამოც ამ მოწმის ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული. შესაბამისად არ უნდა მიენიჭოს მას მტკიცებულებითი მნიშვნელობა.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მის მიერ წარმოდგენილი სამივლინებო და სამედიცინო ბარათები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ სადავო პერიოდში საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები იყო საწვავის ხარჯი, რაც დასჭირდა სწორედ სასწრაფოს ავტომობილების გადაადგილებას. აღნიშნულის საპირისპიროდ მოსარჩელემ განმარტა, რომ საწვავის ხარჯვა ტალონების გამოყენებით ხდებოდა, რასაც არც მოწმე რ---–-------------ე უარყოფს. გარდა ამისა, აღნიშნული დოკუმენტებიდან არცერთი არ ეხება სადავო პერიოდს და მოიცავს 2017 წლის მარტის შემდგომ მონაცემებს.

 

სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც მოპასუხის მხრიდან სამეურნეო ხარჯის დანიშნულებისამებრ ხარჯვას დაადასტურებდა, მოპასუხეს არ წარმოუდგენია. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ეს მის მტკიცების ტვირთს არ წარმოადგენდა და ეს თავად მოსარჩელეს უნდა გაეკეთებინა. ამ პრინციპით, მას არ მიუმართავს არც შპს „კ---------------------–-----–------ი“-სათვის და არც სასამართლოს წინაშე დაუყენებია შუამდგომლობა, რომ თუკი ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას, აღნიშნულის შესახებ გამოეთხოვა ინფორმაცია, ან/და მტკიცებულებები შპს „კ---------------------–-----–------იდან“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხეს - სარჩელისგან თავდაცვის მიზნით უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებენ მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მისთვის არახელსაყრელ შედეგს გამოიწვევს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა განმარტება;

- მოწმეთა ჩვენება;

- სამივლინებო ბარათები, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები.

 

3.2.2. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ საქვეანგარიშოდ გადარიცხული თანხების დაბეგვრის ფაქტი, არ წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ თუკი საქვეანგარიშოდ გადაცემული თანხებთან მიმართებით მისი მიმღები პირი გონივრულ ვადაში არ შეასრულებს დავალებას და არც თანხებს დააბრუნებს, საწარმოს უფლებას წარმოადგენს, თანხა მის მიმღებს ჩაუთვალოს სახელფასო სარგებლად და მოახდინოს მისი დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით. თუმცა მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, აღნიშნული საბუღალტრო ოპერაციის გატარების მტკიცებულება, რომ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი იქნა საშემოსავლო გადასახადის სახით 1022 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „კ---------------------–-----–------ის“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. სამოქალაქო კოდექსის 361.2 შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხოლო 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოებს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეები 2016-2017 წლებში იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში, სადაც რ-----------------–---–ი დასაქმებული იყო მძღოლის პოზიციაზე, შპს „კ---------------------–-----–------ის“ ქ------–---ის ფილიალში.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას, აუცილებელია ამ მოთხოვნის მქონე მხარემ მიუთითოს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შედეგად მისთვის ზიანის მიყენება.

 

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის დროს ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე მსჯელობისას აუცილებელია დადგინდეს, თუ რამდენად არის სახეზე ვალდებულების დარღვევა და ამ დარღვევის შედეგად კრედიტორისათვის ზიანის მიყენება. მოდავე მხარემ უნდა დაადასტუროს მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად და არასათანადოდ შესრულება, რამაც ზიანი მიაყენა მას.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ რ-----------------–---–ის ანგარიშზე სამეურნეო ხარჯის სახით 2016 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 8 მარტის ჩათვლით, მოსარჩელემ ჯამში გადარიცხა 5143 ლარი, საიდანაც მოპასუხემ ვერ წარმოადგინა 4088 ლარის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს რომ სარჩელით მოთხოვნილი ზიანი 4088 ლარი, არის დასაქმებულის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის შედეგი და მას უნდა დაეკისროს ზიანის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

რაც შეეხება დამატებით 1022 ლარის დაკისრებას, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულების წარმოდგენით ვერ უზრუნველყო სამეურნეო ხარჯებიდან საშემოსავლოს სახით 1022 ლარის ბიუჯეტში გადახდის დადასტურება, რის გამოც ამ ნაწილში უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: 1) პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. 2) სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3) სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 153.3 ლარი, საიდანაც დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 122,64 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი 30,66 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

რაც შეეხება იურიდიული ხარჯს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4%-ის ოდენობით, 163,52 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,კ---------------------–-----–------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. რ-----------------–---–ს შპს ,,კ---------------------–-----–------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 4088 ლარის გადახდა.

 

3. რ-----------------–---–ს შპს ,,კ---------------------–-----–------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 122.64 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. რ-----------------–---–ს შპს ,,კ---------------------–-----–------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 163.52 ლარის გადახდა;

 

5. შპს ,,კ---------------------–-----–------ი“-ს მიერ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 30.66 ლარი ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე