გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.06.2019
საქმის ნომერი
330210019002827341
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1572-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი

 

მოსარჩელე - სს "თ--–--ი";

წარმომადგენელი - თ----------------ე;

მოპასუხე - გ--------------–-–---–-;

დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება;

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ--------------–-–--ლს მოსარჩელე სს ''თ--–--ის'' სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 2077.87 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხე გ--------------–-–---–- და სს "თ--–--ი" იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, სადაც მოპასუხე არის სს "თ--–--ი"-ს ელექტროენერგიის მომხმარებელი, სააბონენტო ნომერით N-------; სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხე - გ--------------–-–--ლს, სს "თ--–--ის" მიმართ აქვს ელექტროენერგიის მოხმარებისთვის გათვალისწინებული საფასურის დავალიანება, რომელიც შეადგენს - 2077.87 ლარს, აღნიშნული დავალიანება წარმოშობილია ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო 2014 წლის თებერვლის თვიდან დღემდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ--------------–-–--ლმა შესაგებელში განმარტა, რომ დაახლოებით ცხრა თვეა დენი აქვს ჩაჭრილი, ამასთან, არის უმუშევარი, არის უშუქოთ, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, ერთ-ერთი მძიმედ ავადაა, აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს რომ არ დაკმაყოფილდეს სარჩელი, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ სს ''თ--–--სა'' და გ--------------–-–--ლს შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

3.1.2. დადგენილია, რომ გ--------------–-–---–- სარგებლობს სს "თ--–--ის" ელექტროენერგიით და მის მფლობელობაში არსებული უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ელექტრომრიცხველი მიბმულია მის სააბონენტო ბარათზე N-------.

 

3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხე გ--------------–-–--ლს 2014 წლის თებერვლის თვიდან დღემდე, წარმოშობილი აქვს სს "თ--–--ის" მიმართ სააბონენტო დავალიანება 2077.87 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 16-18);

- ცნობა სამედიცინო დგომარეობის შესახებ (დანართი სხდომის ოქმზე);

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ. სდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 341-ე, 361-ემუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის თანახმადაც გ--------------–-–--ლს მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება, კერძოდ, მის მიერ არ მომხდარა მოხმარებული ელექტროენერგიის შედეგად დარიცხული თანხის გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია აბონენტის ბრუნვის ისტორია აღნიშნულით დგინდება, რომ გ--------------–-–---–-ს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დავალიანება შეადგენს - 2077.87 ლარს, დადგენილია, რომ მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში, ამავე კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონის დანაწესი არ უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარის ფინანსური სიძნელეების არსებობა თავისთავად განაპირობებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესსა და საშულებებში კანონით განსაზღვრული ცვლილების შეტანას. მითითებული ღონისძიებები ხელს უწყობს მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას და სასამართლო დააკმაყოფილებს მხარის თხოვნას, თუ ეს უკანასკნელი დაასაბუთებს, რომ აღსრულების გადადება, განაწილვადება, მისი საშუალებისა და წესის შეცვლა გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად დაეხმარება. ამგვარი საპროცესო ღონისძიებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა. ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლამ არსებითი გავლენა არ უნდა მოახდინოს გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ შედეგზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, კანონი მოვალის მძიმე ქონებრივი და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით უშვებს გადაწყვეტილების აღსრულების გადადებას, გაანაწილვადებას, მისი აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედებით უნდა გაუარესდეს კრედიტორის მდგომარეობა.

 

სასამართლო შეგვახსენებს, რომ მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებული სარჩელი (იხილეთ Golder v. the United Kingdom, judgment of 21 February 1975, Series A no. 18, pp. 13-18, §§ 28-36). სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტური დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული უწყებების მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას (იხილეთ Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).'' საქმეში შპს ''იზა'' და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ სასამართლო აღნიშნავს, რომ ''სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება ''სასამართლო პროცესის'' განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ, 59498/00, §34, ECHR 2002-III; ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ, 1997 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, სასამართლო განაჩენებისა და გადაწყვეტილებების კრებული 1997-II, გვ. 510, §40)''.

 

ამდენად, არ შეიძლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება კრედიტორისათვის იქცეს საზიანოდ. თუ გადაწყვეტილების აღსრულებით მძიმე ქონებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდება მოვალე, ხოლო მისი აღსრულების გადადების, განაწილვადების ან აღსრულების წესის შევლით ზიანი მიადგება კრედიტორს, მაშინ უპირატესობა უნდა მიენიჭოს კრედიტორის ინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება გადაიქცევა არაქმედით გადაწყვეტილებად.

 

სასამართლო ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე გ--------------–-–--ლმა წარმოადგინა 2019 წლის 18 ივნისს სასამართლო სხდომაზე ცნობა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, (იხ; სხდომის ოქმი); ამასთან მხარის მძიმე მატერიალური მდგომარეობაც დასტურდება მხარეთა ახსნა-განმარტებისთაც რომ მოპასუხე მხარეს ცხრა თვის განმავლობაში არ მიეწოდება ელექტროენერგია; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე და ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ორივე ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს .როგორც განმარტებული იქნა სასამართლოს მიერ, ზ/აღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების საფუძველი შეიძლება იყოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე გ--------------–-–---–-ს, მიმართ არსებობს გადაწყვეტილების განაწილვადების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო, შესაბამისად, გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ''თ--–--ის'' სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე გ--------------–-–--ლს მოსარჩელე სს ''თ--–--ის'' სასარგებლოდ დაეკისროს მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების - 2077.87 ლარის გადახდა, რომლის გადახდის წესი დადგინდეს შემდეგნაირად, ყოველთვიურად გადასახდელად განესაზღვროს არანაკლებ - 20 ლარის გადახდა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან.

 

2. მოსარჩელე სს ''თ--–--ს'' (ს/კ 2-------0) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100.00 ლარი, რომელიც გადახდილია 2019 წლის 28 იანვარს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №83309.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძლება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ქეთევან მამაცაშვილი