გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.06.2019
საქმის ნომერი
240210017002170179
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210017002170179 (2/889-2017 წ )

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

24.06.2019 წელი ქ. სენაკი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი ვასილ გოგინავა

 

მოსარჩელე - სს „ს------------------------------------–------“

წარმომადგენელი -ლ---------------–--

 

მოპასუხე - ა-----–---------–---

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელე სს „ს------------------------------------–------“-ს სასარგებლოდ, მოპასუხის -ლ---------------–--სათვის 7488 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ არგუმენტებზე:

2014 წლის 10 მაისს სკანიას მარკის ავტომობილი, სახ. №Z--------, მისაბმელით- R-----, რომელსაც მართავდა ა-----–---------–---, შეეჯახა “D--”-ის მარკის სატვირთო ავტომობილს, სახ. №O--------.

საპატრულო პოლიციის 2017 წლის 10 მაისის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მიხედვით, დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა ა-----–---------–---. “D--”-ის მარკის სატვირთო ავტომობილი, სახ. №O--------.დაზღვეული იყო სს „სა-----------------------------------–-----ში“, შესაბამისად, მოხდა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ერთიანობაში ზიანმა შეადგინა 3110.74 აშშ დოლარი, რომლის ექვივალენტი ლარებში შეადგენს 7488 ლარს. სადაზღვევო კომპანია ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს ა-----–---------–----აგან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.ა-----–---------–---მ სარჩელი არ ცნო. დაადასტურა მისი ბრალეული ქმედებით ავტომანქანის დაზიანების ფაქტი, თუმცა მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს გაცილებით ნაკლებს. ამასთან განმარტა, რომ იგი არ მუშაობს და ვერ შეძლებს თანხის გადახდას.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2014 წლის 10 მაისს სკანიას მარკის ვტომობილი, სახ. №Z--------, მისაბმელით- R-----, რომელსაც მართავდა ა-----–---------–---, შეეჯახა “D--”-ის მარკის სატვირთო ავტომობილს, სახ. №O--------. ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა ა-----–---------–---, რომელსაც დაეკისრა ჯარიმის -250 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი -E------;

 

3.1.2. “D--”-ის მარკის სატვირთო ავტომობილი, სახ. №O--------. დაზღვეული იყო სს „სა-----------------------------------–-----ში“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სადაზღვევო პოლისი M-----------,(28.11.2014წ);

 

3.1.3. დაზღვეული ავტომანქანა შეაკეთა და აღადგინა შპს“ა-------------–--------მა“, რომელსაც დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის თანხა გადაუხადა სს „სა-----------------------------------–-----“-მა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სადაზღვევო ანაზღაურებათა კომიტეტის ოქმი N0--------;

-საგადახდო დავალება N1----- (29.06.2017 წ);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეებს შორის სადავოა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის დაზიანებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა. მოსარჩელე განმარტავს, რომ ავტომანქანის დაზიანებით მას მიადგა 7488 ლარი, რასაც მოპასუხე სადავოდ ხდის და განმარტავს, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა გაცილებით ნაკლებია (იხ. მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში).

სადავო გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად, ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი, ორივე მხარეს ეკისრება თანაბრად. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მიადგა ზიანი - 7488 ლარი, ხოლო თავის მხრივ, მოპასუხემ უნდა გააბათილოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და დაამტკიცოს, რომ ავტომანქანის აღდგენის ღირებულება შეადგენს გაცილებით ნაკლებს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს. მოსარჩელემ თავისი პროცესუალური ვალდებულების შესრულების მიზნით სასამართლოს წარმოუდგინა შპს „ა------------–---------“-ს მიერ გაცემული დაზიანებული ავტომანქანის დეფექტური აქტი N1----, სადაზღვევო ანაზღაურებათა კომიტეტის ოქმი N0-------- და საგადახდო დავალება N1----- (29.06.2017 წ), საიდანაც დგინდება, რომ დაზღვეული ავტომანქანა შეაკეთა და აღადგინა შპს“ა-------------–--------მა“, რომელსაც დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის თანხა, რაც ერთიანობაში შეადგენს-3110 აშშ დოლარს, (ექვივალენტი ლარში-7488 ლარი), გადაუხადა - სს „სა-----------------------------------–-----“-მა.

 

საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი, მტკიცების სტანდარტიდან გამომდინარე, გადადის მოპასუხეზე და თვითონ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომლითაც დაამტკიცებს თავისი განმარტების მართებულობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს ამათუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ დამაჯერებელ შინაგან რწმენას. არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი, თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. სასამართლომ ერთმანეთს უნდა ,,შეაჯიბროს“ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომლებიც ასახავენ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ღირებულებას და გადაწყვიტოს რომელი მტკიცებულება უფრო მყარია.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საპირისპიროდ და თავისი პოზიციის დასადასტურებლად მოპასუხეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, გარდა მისივე განმარტებისა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები ზეპირად გადმოცემულ ფაქტებს ადასტურებენ და სადავოდ არ ხდიან. თუ მხარეებისათვის ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი სადავოა, მაშინ ზეპირი განმარტება აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ზეპირად გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდეს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, თუმცა მთავარია რამდენად სარწმუნოა იგი. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ უფრო უკეთ განახორციელა თავისი საპროცესო მოვალეობა და სასამართლოს წარმოუდგინა უფრო მყარი მტკიცებულება, ვიდრე მოპასუხემ. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სადავო გარემოების დადასტურება სათანადო მტკიცებულების წარდგენით ვერ უზრუნველყო, მის მიერ მითითებული გარემოებები ვერ აქარწყლებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებითაც დოკუმენტალურად, წერილობით დასტურდება მის მიერ მითითებული ყველა გარემოება.

 

ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უფრო მყარია, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები და დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელემ განიცადა 7 488 ლარის ზიანი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-----–---------–---- მართლსაწინააღმეგო ქმედებით დაზიანდა სს „სა-----------------------------------–-----ში“ დაზღვეული “D--”-ის მარკის სატვირთო ავტომობილი, სახ. №O--------. დაზიანებული ავტომანქანის აღდგენას დასჭირდა 7488 ლარი, რაც აანაზღაურა სადაზღვევო კომპანიამ. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია სადაზღვევო კომპანიას აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3016-317-ე, 992-ე, 799-ე, 832-ე, 408-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ა-----–---------–---მ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დააზიანა დაზღვეული ავტომანქანა. სადაზღვევო კომპანიამ ავარიით დამდგარი ზიანი აანაზღაურა. ა-----–---------–--- უარს აცხადებს მის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ თავისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დააზიანა დაზღვეული ავტომაქანა და უარს ამბობს ზიანის ანაზღაურებაზე, მაშინ ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სს კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე. ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სხვისი ქონების დაზიანება, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. ამიტომაც მხარეთა ურთიერთობა წარმოადგენს დელიქტის საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი”.

 

იმისათვის, რომ ა-----–---------–---- დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, საჭიროა ერთდროულად არსებობდეს რამოდენიმე პირობა. კერძოდ: ა-----–---------–---- ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით; მართლსაწინააღმდეგო ქმედებას უნდა მოყვეს ზიანი; ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედება (ან უმოქმედობა) მართლსაწინააღმდეგოა, თუ სუბიექტის მოქმედება არ შეესაბამება სამართლის ნორმებით დადგენილ წესს და ეწინააღმდეგება მას. კანონი იცავს სამართლით რეგულირებულ და დაცულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს. მართლსაწინააღმდეგო ქმედებით შესაძლებელია ზიანი მიადგეს საზოგადოებისა და ცალკეული პიროვნების კანონით დაცულ ფასეულობას, საკუთრებას, სახელმწიფოს ან საზოგადოებას მთლიანად. მართლსაწინააღმდეგო ქმედება იწვევს იურიდიულ პასუხისმგებლობას. მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებების ხელყოფა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია და ამისათვის გათვალისწინებულია სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირი, რომელიც სხვას მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ მოპასუხის მოქმედება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, უპირველესად უნდა დადგინდეს მისი მოქმედება კანონით დადგენილ რომელ წესს ეწინააღმდეგება.

 

,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლება-მოვალეობებს, საგზაო მოძრაობის წესებსა და პირობებს, საგზაო ნიშნებსა და საგზაო მონიშვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ზოგად მოთხოვნებს.

 

საქმეზე შეკრებილი მასალებით დადგენილია, რომ ა-----–---------–--- არ დაემორჩილა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოძრაობის წესებს, რასაც მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა. მისი ქმედება შეფასებული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. შესაბამისად მისი ქმედება წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. მან არ უზრუნველყო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, რასაც შედეგად მოჰყვა ავტო-საგზაო შემთხვევა. მოძრაობის უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა და იგი ეწინააღმდეგება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

დელიქტური ვალდებულების ერთერთი წინაპირობაა ის, რომ მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით.

ა-----–---------–---- მიერ ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დაუცველობა, საპატრულო პოლიციის მიერ შეფასებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებად. მოძრაობის წესების დარღვევა განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. შესაბამისად, ა-----–---------–---- მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაუცველობა წარმოადგენს განზრახ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.

 

დელიქტური ვალდებულება არ არსებობს ზიანის გარეშე. სასამართლო მიიჩნევს, რომDდელიქტური ვალდებულების არსებობისას, ზიანის არსებობა გამოიანგარიშება მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს დაზიანებული სიკეთის ხელყოფის ხარისხით და ხელყოფის აღმოფხვრისათვის გაწეული მატერიალური რესურსის დანაკარგებით. სასამართლომ დაადგინა, რომ ავტომაქანანა ა-----–---------–---- მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დაუცველობის შედეგად დაზიანდა. მის აღდგენას დაჭირდა 7488 ლარი, შესაბამისად, ზიანი უნდა განისაზღვროს 7488 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ერთერთი პირობაა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ განზრახი მათლწინააღმდეგო ქმედების და ზიანის არსებობა არაა საკმარისი დელიქტური ვალდებულებისათვის. სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დავალდებულებისათვის, სავალდებულოა მართლსაწინააღმდეგო ქმედება დროში წინ უსწრებდეს დამდგარ ზიანს და მხოლოდ ეს ქმედება განსაზღვრავდეს და იწვევდეს ზიანის შედეგის დადგომას (მიზეზობრივი კავშირი).

 

დადგენილია, რომ ავტომანქანა დაზიანდა ა-----–---------–---- მართვის ქვეშ მქონე ავტო სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადგენილია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის სამმართველოს ელექტრონული ქვითრითა და მხარეთა განმარტებებით. ავტომანქანის დაზიანებას წინ უსწრებდა ა-----–---------–---- მართლსაწინააღმდეგო ქმედება. კერძოდ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ავარია, რამაც დააზიანა დაზღვეული ავტომანქანა. აღნიშნული მიუთითებს, მასზედ, რომ ა-----–---------–---- მართლსაწინააღმდეგო ქმედება დროში წინ უსწრებდა შედეგს და წარმოადგენდა ამ ზიანის დადგომის ერთადერთ განმაპირობებელ გარემოებას. ანუ ა-----–---------–---- მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

დასკვნის სახით სასამართლო აღნიშნავს, რომ ა-----–---------–--- მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ. მისი მართლსაწინააღმდეგობა მდგომარეობს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფაში. მან არ დაიცვა კანონით დადგენილი მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. ავარიის შედეგად დაზიანდა ავტოსატრანსპორტო საშუალება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე ა-----–---------–--- ვალდებულია აანაზღაუროს მისი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილით დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დადგენილია და სადავოც არ არის ის გარემოება, რომ დაზიანებული ავტომაქანა დაზღვეული იყო მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიაში და მან აანაზღაურა ის ხარჯი, რაც ავარიის შედეგად დადგა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“.

 

დადგენილია, რომ ზიანი დადგა ა-----–---------–---- ქმედებით. შესაბამისად ა-----–---------–---- ვალდებულებაა გადაიხადოს 7488 ლარი და აღმოფხვრას ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილით : ,,თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით“.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ა-----–---------–---- მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი - ზიანი, მოსარჩელემ, როგორც მზღვეველმა, აანაზღაურა. შესაბამისად, ის იკავებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტის ადგილს. შესაბამისად, მისი მოთხოვნა - დაზღვეული ავტომანქანის აღდგენისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დამკაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან”.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მოსარჩელის მიერ გაღებულია ხარჯი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი-225 ლარი.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება სრულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 257-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1.დაკმაყოფილდეს სს „ს------------------------------------–------“-ს სარჩელი მოპასუხის ა-----–---------–---- მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

1.1.დაეკისროს ა-----–---------–---- (პ/ნ 3----------) სს „ს------------------------------------–------“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 7488 (შვიდიათასოთხასოთხმოცდარვა) ლარის გადახდა.

 

2. დაეკისროს ა-----–---------–---- (პ/ნ3----------) სს „ს------------------------------------–------“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ხარჯის - 225 ლარის ანაზღაურება.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია