გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.04.2019
საქმის ნომერი
140210118002309038
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210118002309038

საქმე №2/286-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 აპრილი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნინო შარაძე

სხდომის მდივანი - თამარ ხარიბეგაშვილი

 

მოსარჩელე: ა-–---------ე ბ----–---–ი

წარმომადგენელი : ნ-----–ა დ---–--ე

მოპასუხეები: თ----- მ-----–---–ი, მ-----ო ქ---–---–ი

მესამე პირები: ნ--ო ს----–---–ი, ლ---ა გ-----–---–ი

წარმომადგენელი: მ-----მ კ-----–--ე

 

დავის საგანი: ხელშეკრულებათა და სამკვდრო მოწმობის ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2002 წლის 13 სექტემბერს ნოტარიუს ლ---ა გ-----–---–ის მიერ შედგენილი N2/56 და N2--7 ჩუქების ხელშეკრულებები;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2013 წლის 17 მაისის ნოტარიუს ნ--ო ს----–---–ის მიერ გაცემული N13---587 სამკვიდრო მოწმობა;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 19 მარტს თ----- მ-----–---–სა და მ-----ო ქ---–---–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები და სადაო უძრავი ნივთი მდებარე გორის რაიონი, სოფელ მ-----------ში, დარეგისტრირდეს ა-–---------ე ბ----–---–ის სახელზე;

 

სარჩელის საფუძვლები :

 

მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის აპრილში გარდაიცვალა მისი ბებია - თ----- ბ----–---–ი. მის ქალიშვილს, ნ-----–ი ბ----–---–ს, აღმოაჩნდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც გაიფორმა თ----- ბ----–---–ის ქონება 2002 წლის 24 სექტემბერს. აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება არის უკანონოდ შედგენილი, რომლის გამოკვლევაც დაიწყო 2010 წლიდან. საჯარო რეესტრიდან მიწის უძრავი ქონების შესახებ 210 კვ. მიწის დაუზუსტებელ ფართობზე, რომელზეც დგას 92.1 კვ.მ. საერთო ფართობის მქონე საცხოვრებელი სახლი, მოითხოვა ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხი იყო, რომ ნ-----–ი ბ----–---–ის სახელზე ასეთი ქონება ან სხვა რაიმე ნივთი რეგისტრირებული არ იყო. ასევე მის მიერ მოთხოვნილ იყო აღნიშნული ქონების დამადასტურებელი აზომვითი ნახაზი, რის საფუძველზეც ჰქონდა დარეგისტრირებული სახლი ნ-----–ი ბ----–---–ს. მოთხოვნაზე უპასუხეს, რომ ნ-----–ი ბ----–---–ის სახელზე ირიცხებოდა სახლის 1/6 წილი კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიხედვით. აღნიშნული რეგისტრაციების განხორციელებისათვის საჭირო საბუთებზე საჯარო რეესტრის პასუხები იყო, რომ არც არქივში და არც საჯარო რეეტრში აღნიშნული არ მოიძიებოდა, რაც ადასტურებდა, რომ ნ-----–ი ბ----–---–ისათვის თ----- ბ----–---–ს თავისი ქონება ჩუქების სახით არ გადაუცია და ყველა ეს დოკუმენტი არის კანონგარეშე შედგენილი, რის გამოც დარღვეული უფლებების აღსადგენად მომართა სასამართლოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე თ----- მ-----–---–მა არ ცნო სარჩელი, არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2.1. მოპასუხე მ-----ო ქ---–---–ი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ კანონის საფუძველზე მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, შესაბამისად, მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არანაირი სამართლებრივი საფუძველი.

 

2.3. მესამე პირების ნ--ო ს----–---–ისა და ლ---ა გ-----–---–ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათ მიერ სამკვიდრო მოწმობა გაცემულია სამოქალაქო სამართლის კოდექსისა და სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესახებ ინსტრუქციის სრული დაცვით. ნოტარიუს ლ---ა გ-----–---–მა ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა იმ პერიოდიათვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით და შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული საბუთების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი მას არ წარმოშობია. ასევე, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმცია ე. ი. რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მისი უზუტობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2016 წლის 10 მარტის სარქივო ცნობით დგინდება, გორის აქრივში დაცული მ------------ს ს/საბჭოს, სოფელ მ------------ს 1986-1995 წლების საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში კომლის უფროსად ჩაწერილია თ----- ბ----–---–ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ რძალი, ნ-----–ა დ---–--ე და შვილი, ა-–---------ე ბ----–---–ი, რომლებიც არიან გადახაზულები. აღნიშნული წლების საკომლო ჩანაწერების მიხედვით 1983 წელს, სასამართლოს გადაწყვეტილებისთ ნ-----–ა დ---–--ე და ა-–---------ე ბ----–---–ი აყვანილ იქნენ ცალკე კომლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საარქივო ცნობა AA--------15-13;

 

3.2.2. დადგენილია, რომ თ----- ბ----–---–მა 2002 წლის 13 სექტემბრის N2/56 და N2--7 ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე, გორის რაიონ სოფელ მ-----------ში მდებარე უძრავი ქონება, საკუთრების უფლებით გადასცა შვილს - ნ-----–ი ბ----–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2002 წლის 13 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულება;

 

3.2.3. დადგენილია, რომ ნ-----–ი ბ----–---–ის გარდაცვალებით 2012 წლის 25 ოქტომბერს გაიხსნა სამკვიდრო და 2013 წლის 17 მაისს გორის რაიონ სოფელ მ-----------ში მდებარე უძრავ ქონებაზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა თ----- მ-----–---–ის, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2010 წლის 11 ნოემბერს ჩუქების ხელშეკრულება;

 

3.2.4. დადგენილია, რომ თ----- მ-----–---–მა 2014 წლის 13 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გორის რაიონ სოფელ მ-----------ში მდებარე სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ს.კ. 66.53.1-.277) და შენობა-ნაგებობის საერთო ფართიდან, 5/6 ნაწილი - 76.73.კვ.მ მიყიდა მ-----ო ქ---–---–ს (ს.კ. 66.53.1-.278).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2014 წლის 19 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

3.2.5. დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით 2014 წლის 19 მარტის ზემოხსენებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მ-----ო ქ---–---–ის საკუთრების (თანასკუთრების) უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთება და სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის - 1306-ე, 1319-1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1337-ე, 1421-ე, 1424-ე, 1426-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

 

კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით, უფლებას იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას, ხოლო აღნიშნული უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა სადავო ქონებაზე, თ----- ბ----–---–სა და ნ-----–ი ბ----–---–ს შორის 2002 წლის 13 სექტემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.

 

დადგენილია, რომ მემკვიდრეობის მოწმობის, საკუთრების მოწმობის, ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებითა და საკადასტრო რუკის საფუძველზე გასაჩუქებელი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა თ----- ბ----–---–ი, რომელმაც მის საკუთრებაში არსებული ქონება სადავო ჩუქების ხელშეკრულებებით გადასცა შვილს - ნ-----–ი ბ----–---–ს.

 

სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

ჩუქების ხელშეკრულება განეკუთვნება ცალმხრივად მავალდებულებელ გარიგებათა რიცხვს და თავისი შინაარსით საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ჩუქების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების პირველივე მუხლი მიუთითებს, რომ იგი მიმართულია ქონებაზე დასაჩუქრებულის საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. საქმის მასალებით, 2002 წლის 13 სექტემბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე, თ----- ბ----–---–მა კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე გორის რაიონი, სოფელი მ------------, საკუთრებაში გადასცა შვილს - ნ-----–ი ბ----–---–ს.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას. დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს, შესაბამისად, გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სოციალური სამართლიანობის პრინციპს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ----- ბ----–---–მა თავის სიცოცხლეში შვილს, ნ-----–ი ბ----–---–ს, აჩუქა სადავო ქონება. შესაბამისად, მესაკუთრეებმა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 183-ე და 3111-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, თავისი შეხედულებით განკარგეს საკუთრებაში არსებული ქონება. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, რაიმე მართლსაწინააღმდეგო განზრახვა, გარიგების მონაწილეთა მხრიდან არ დგინდება. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე მხარის უფლება სადავო ქონებაზე არ არის რა დადასტურებული, შესაბამისად არ არსებობს ამ უძრავი ნივთის გასხვისებით მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესისათვის ზიანის მიყენების საფუძველზე სადავო გარიგებათა ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. მოსარჩელემ წარმოდგენილი სარჩელით ასევე მოითხოვა 2013 წლის 17 მაისს ნოტარიუს ნ--ო ს----–---–ის მიერ სადავო ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის გარდაცვალება იწვევს ისეთ სამართლებრივ შედეგს, როგორიცაა სამკვიდროს გახსნა და მემკვიდრეობის მიღება, რასაც არეგულირებს მემკვიდრეობის სამართალი, რომელიც კერძო ხასიათის ქონებრივი და საოჯახო ურთიერთობების მოწესრიგების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საქართველოს კანონმდებლობაში, რისი დასტურიც არის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

მოსარჩელემ სამკვიდრო მოწმობისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სადავო ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება მოითხოვა სწორედ მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ან ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-1320-ე მუხლების თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ და სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. იმავე კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, კი სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი) ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

ნ-----–ი ბ----–---–ის სამკვიდრო გაიხსნა 2013 წლის 17 მაისს და ნოტარიუს ნ--ო ს----–---–ის მიერ თ----- მ-----–---–ზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა ნ-----–ი ბ----–---–ის დანაშთ ქონებაზე, მდებარე გორის რაიონი, სოფელ მ-----------ში.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა, მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების მოთხოვნის წარმოშობას უკავშირებს არამხოლოდ ნათესაურ კავშირს და სამკვიდრო მასის არსებობას, არამედ ასევე ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების წესს 1421-ე და 1424-ე მუხლებით.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებული 1421-ე მუხლი ითვალისწინებს სამკვიდროს მიღების ორ ალტერნატიულ გზას და მემკვიდრეს ანიჭებს უფლებას აირჩიოს ერთ-ერთი: მიმართოს სანოტარო ორგანოს განცხადებით, ან ფაქტობრივად დაეუფლოს სამკვიდროს. მემკვიდრეს უფლება აქვს ორივე მოქმედება განახორციელოს, მაგრამ ერთ-ერთის განხორციელებასაც კანონმდებელი საკმარისად მიიჩნევს შესაბამისი სამართლებრივი შედეგისათვის. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს 6 თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელე თ----- მ-----–---–მა დედის - ნ-----–ი ბ----–---–ის დანაშთი სამკვიდრო სამკვიდრო ქონების მისაღებად განცხადებით მიმართა სანოტარო ორგანოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით დადგენილ 6 თვიან ვადაში, რის შედეგადაც მასზედ გაიცა სამკვიდრო მოწმობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია მოპასუხის სახელზე გაცემული გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომელთა ერთობლივი შეფასების შედეგად დადგინდა, რომ გორის რაიონ სოფელ მ-----------ში მდებარე სადავო უძრავი ქონება მემკვიდრეობა მიიღო ნ-----–ი ბ----–---–ის შვილმა - თ----- მ-----–---–მა, რომელმაც საჯარო რეესტრში ამ ქონებაზე მესაკუთრედ აღრიცხვის გზით მოიპოვა სრული უფლება განეკარგა იგი შეხედულებისამებრ. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა 2014 წლის 19 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან, მოსარჩელეს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად უნდა გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ა-–---------ე ბ----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

1.1. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე მ-----ო ქ---–---–ს (პ/ნ 5---------3) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომლის რეკვიზიტებია: გორის რაიონი, სოფ. მ------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 66.53.1-.277 და ასევე, რომლითაც მოპასუხე მ-----ო ქ---–---–ს (პ/ნ 5---------3) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომლის რეკვიზიტებია: გორის რაიონი, სოფ. მ------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 66.53.1-.278.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე