განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030100119002997431
№1/134-2019
განაჩენი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24 ივნისი, 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ა-–---------- კ-------,დაცვის მხარე:
ადვოკატი: ნ--- ვ-----,ბრალდებული: ა---------– ყ-------,მამის სახელი: რ-----,დაბადებული: 0--------- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–-- განათლებით,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი: 5----------,ნასამართლობა: არმქონე,მცხოვრები: ხობი, ც------ დ-------ს ქუჩა N3-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 20:40 საათზე, ქ. ხობში, ც------ დ-------ს ქუჩა N3--ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ა---------– ყ------- ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრა თავის შვილს ვ------ ყ-------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბრალდებულმა ა---------– ყ-------მ საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
ის, რომ 2019 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 20:40 საათზე, ქ. ხობში, ც------ დ-------ს ქუჩა N3--ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ა---------– ყ------- ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრა თავის შვილს ვ------ ყ-------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული საქმის არსებით განხილვაზე, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ა---------– ყ-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: ვ------ ყ-------ს, მ------ ქ---------ს, მ--- ქ---------ს და გ--–- ჭ----------ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთმტკიცებით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა, მაშინ როცა პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობით - სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით, ან/და ქონების განადგურებით, ეს უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმით, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. სწორედ დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას და სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ან მოსალოდნელი საფრთხის რეალური აღქმა. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია მუქარის განმახორციელებელი პირის პიროვნება, მისი დამოკიდებულება მუქარის ადრესატთან, მუქარის ხერხი და სხვა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
ამრიგად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ ა---------– ყ-------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა---------– ყ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
ა---------– ყ-------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ა---------– ყ-------ს მსჯავრი უნდა დაედოს, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება.
ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს, მიზანს, ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად, ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას და აღნიშნავს, რომ ბრალდებულს აქვს შეულახავი წარსული, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს და აღნიშნა, რომ მისი იმჟამინდელი მდგომარეობა გამოწვეული იყო ოჯახის მძიმე ფსიქოლოგიური და სტრესული მდგომარეობიდან.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ ა---------– ყ-------ს მიმართ არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, შეულახავი წარსული) გათვალისწინებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა---------– ყ-------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შემცირდეს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---------– ყ------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.
2. მსჯავრდებულ ა---------– ყ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით გაუქმდეს. ასევე გაუქმდეს ა---------– ყ-------ს მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განჩინებით საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით დაწესებული ყველა ვალდებულება და ა---------– ყ-------ს დაუბრუნდეს საკუთარი პასპორტი და პირადობის მოწმობა.
3. ა---------– ყ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2019 წლის 19 აპრილის 23:10 საათიდან, 2019 წლის 7 მაისის 11:23 საათის ჩათვლით, 18 (თვრამეტი) დღე და საბოლოო სასჯელის სახით მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 1100 (ათას ასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.
4. ა---------– ყ-------ს მიერ ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
5. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული ცივი იარაღი - საკეცი დანა, რომელის ინახება შსს ხ----- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა სირაძე