გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.05.2019
საქმის ნომერი
030210018002479702
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N030210018002479702

N 2/672-2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 მაისი, 2019 წელი ქ. ფოთი

 

შესავალი ნაწილი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე,სხდომის მდივნები: ირაკლი შენგელია, მარიამ წულაძე,მოსარჩელე: ჯ----–- გ-----,წარმომადგენლები: ნ----- ს-----------მ------–---,მოპასუხე: ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენელები: გ------- ა-–--–---,დავის საგანი: ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული მატერილური ზარალის ანაზღაურება.

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაეკისროს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას თვითნებურად და უხარისხოდ ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის 10 507,48 ლარის ანაზღაურება;

 

1.2. დაეკისროს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურება: ექსპერტიზის ხარჯების 395,21 ლარის, საადვოკატო მომსახურების საფასურის 500 ლარის, ბაჟის 315,22 ლარის ანაზღაურება;

 

1.3. დაევალოს მოპასუხეს ბუხრის საკვამლე მილის კეთილმოწყობა;

 

1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

1.5. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მე-3 სასარჩელო მოთხოვნა და ბუხრის საკვამლე მილის კეთილმოწყობის საფასურად მოპასუხისგან მოითხოვა 1410,53 ლარის ანაზღაურება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

2. მოსარჩელის პოზიცია:

 

2013 წლის 20 სექტემბერს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი S----------- კლასიფიკატორით 45454000-შენობის რეკონსტრუქცია და ქ. ფოთის მერიამ 2013 წლის 4 ნოემბერს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება ქ. ფოთი, ა----–-----–-- გამზ. N-- სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებაზე. მიუხედავად მობინადრეების წინააღმდეგობისა გამარჯვებულ და უკვე ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედ სამშენებლო კომპანიას მობინადრეებმა კატეგორიული უარი განუცხადეს სამუშაოს განხორციელებაზე და დართეს ნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარებაზე, მოსალოდნელ ზიანზე პირადად მ----- და მერიის წარმომადგენლების მხრიდან საკუთარი თავის გარანტად გამოცხადების შემდგომ. ასეც მოხდა, სახლის მობინადრეებს შეექმნათ გაუსაძლისი ცხოვრების პირობები (წვიმა შემოვიდა ოთახებში) - უდროოდ, უხარისხოდ და უკანონოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად. იმის ნაცვლად, რომ ქალაქის მერიას ეზრუნა სახლის მობინადრეების საცხოვრებელი პირობების მოწესრიგებაზე, სამშენებლო კომპანიას შეუწყვიტა ხელშეკრულება სამუშაოს დასრულებამდე, ხოლო მეორე კომპანიაზე, ხელშეკრულების გაფორმების დროს არ გაითვალისწინა პირველი კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორება და მან აცალა კომპანიას უფრო მეტი ზიანი მიეყენებინა მობინადრეებისთვის. მერიის დაქირავებულმა კომპანიებმა მიაყენეს მობინადრეებს ზიანი და მერიამ უნდა აგოს პასუხი, ვინაიდან ხელშეკრულების დადების პროცესში ეს კომპანიები მის თანამშრომლებად ითვლებოდნენ. ამდენად, მთელი პასუხისმგებლობა უკვე მერიამ აიღო თავის თავზე მობინადრეების დაზიანებული უძრავი ქონების რეაბილიტაციაზე, საცხოვრებელი პირობების მოწესრიგებაზე და რაღა თქმა უნდა ამ ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც მობინადრეებს მიადგა 2013 წლის ნოემბრის თვიდან.

 

მოსარჩელემ მოიწვია სსიპ ლ---- ს----------–-- სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები და გამოითვალეს მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. საექსპერტო დაწესებულებამ მოსარჩელის ბინის შიდა ნაწილისთვის მიყენებული ზიანის ნაწილში დაადგინა თანხობრივად, ხოლო მისი ბინის ზემოთ სახლის სხვენში და ირგვლივ ფასადებზე მიყენებული ზიანის ნაწილში მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად დაადგინა - შედგეს საპროექტო დოკუმენტაცია ყველა დაუსრულებელი სამუშაოს დასასრულებლად, სხვენის მზიდი კონსტრუქციების შესაცვლელად, სახურავის რემონტისთვის ატმოსფერული ნალექგაუმტარობისათვის და ფასადის მოპირკეთების დასამაგრებლად. შესაძლებელია ნებისმიერ დროს ჩამოვარდეს ფილა ან რიკული და შეიწიროს მშვიდობიანად ა----–-----–-- ქუჩაზე ფეხით მიმავალი ადამიანის სიცოცხლე.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ქ. ფოთის მერია ვალდებული იყო მშენებლობის დაწყება შეეთანხმებინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. შეთანხმება რომ ყოფილიყო, მოცემული ფაქტის წინაშე არ დადგებოდა მოსახლეობა და მით უფრო არ დადგებოდა ზიანი. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, რასაც მოპასუხის წარმომადგენელი უთითებს, არ უნდა იქნეს გაზიარებული, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი, მობინადრეებს ეგონათ, რომ მშენებელი კომპანია გამოასწორებდა სამუშაოებს, თუმცა 2015 წლის ნოემბრის თვეში გაიგეს, რომ ქ. ფოთის მერიამ მშენებელ კომპანიას შეუწყვიტა ხელშეკრულება და იცოდნენ, რომ მიყენებული ზიანი უნდა აენაზღაურებინა ქ. ფოთის მერიას და აქედან დაიწყო ხანდაზმულობის ვადის დადგენა.

 

3. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის წარმომადგენელმა გ------- ა-–--–---- არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიასა და შპს ,----------– ქ----------–-- კ--------- შორის 2013 წლის 04 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით შპს ,----------– ქ----------–-- კ--------- აიღო ვალდებულება ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ დროს შესრულების თაობაზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შედეგად მიადგა მის საცხოვრებელ ბინას ზიანი, რომელიც საცხოვრებლად უვარგისი გახდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამ მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელია, ზუსტად დადგინდეს დელიქტური ქმედების შინაარსი, კერძოდ: უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანი, ზიანის დადგომაში ზიანის მიმყენებლის ბრალი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი. ამ პირობათა ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, ვინაიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები შეასრულა კომპანიამ, ხოლო სხვა რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხრიდან მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტს, წარმოდგენილი არ არის. უფრო მეტიც, არ არსებობს რაიმე ადმინისტრაციული აქტი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება, რომლითაც ზიანი მიადგა მოსარჩელეს. მოსარჩელე თავად უთითებს, რომ ზიანი მას მიადგა შპს ,----------– ქ----------–-- კ--------- მიერ განხორციელებული სამუშაოების შესრულების შედეგად. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, თუ დადასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი, შპს ,----------– ქ----------–-- კ-------- არის ვალდებული აანაზღაუროს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი. მოცემულ შემთხვევაში ეს არ არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ფიზიკურ და იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება, რადგან სახეზე გვაქვს საჯარო უფლებამოსილების განხორციელება. ქ. ფოთის მერიასა და შპს ,----------– ქ----------–-- კ--------- შორის არსებობდა ჩვეულებრივი ნარდობის ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნული ურთიერთობები რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. 2014 წლის 26 ნოემბრის განცხადებით დადგენილია, რომ ქ. ფოთი, ა----–-----–-- ქუჩა N-- მობინადრეებმა მიმართეს ქალაქ ფ------ მ----, საცხოვრებელი ბინის დაზიანებისა და სათანადო ორგანიზაციისათვის სარემონტო სამუშაოების ჩატარების დავალების თაობაზე. გამოდინარე აღნიშნულიდან, მოპასუხის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ზიანის მიყენებიდან სარჩელის შეტანამდე გასულია ხანდაზმულობის ვადა, ასევე მიაჩნია რომ მოცემულ საქმეზე ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია არის არასათანადო მოპასუხე.

 

2015 წლის 25 სექტემბერს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,----------– ქ----------–-- კ--------- შორის 2013 წლის 04 ნოემბერს გაფორმებული N--- ხელშეკრულება შეწყდა. მოსარჩელე თავად მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ზიანი მას მიადგა შპს ,----------– ქ----------–-- კ---------ის მიერ, განხორციელებული სამუშაოების შესრულების შედეგად. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ 2015 წლის 30 მარტის შეთანხმებას, აღნიშნულით იგულისხმება, რომ შპს ,----------– ქ----------–-- კ-------- იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს ამხანაგობის წევრებზე მიყენებული ზიანი, თუ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მიადგებათ მესაკუთრეებს. ქ. ფოთის მერიის მიერ ასეთი სახის ზიანის მიყენების დამადასტურებელი მტკიცებულება კი საქმეში არ არის წარმოდგენილი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიასადა და შპს ,----------– ქ----------–-- კ--------- შორის დადებული 2013 წლის 04 ნოემბერის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების შესაბამისად, შესყიდვით განსაზღვრულ ობიექტს წარმოადგენდა ქ. ფოთში, დ----- ა----–-----–-- ქუჩაზე N-- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის (ფასადების მოპირკეთება და მანსარდის მოწყობა) სამუშაოების შესყიდვა.

 

მტკიცებულება: 2013 წლის 04 ნოემბრის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N---.

 

4.1.2. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,----------– ქ----------–-- კ--------- მიერ, 2013 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო ქ. ფოთში, დ----- ა----–-----–-- ქუჩაზე N-- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა დროსაც მოსარჩელე ჯ----– გ------ ბინას მიადგა ზიანი, კერძოდ: სახურავის გადახსნისა და კედლის მოპირკეთების სამუშაოების პროცესში ბინაში წყალი შევიდა.

 

4.1.3. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯ----– გ------, მცხოვრები ქ. ფოთი, ა----–-----–-- N---ში, საცხოვრებელ ბინაზე მიყენებული ზიანის მოცულობა შეადგენს 10 507,48 ლარს, ხოლო ბუხრის საკვამლე მილის კეთილმოწყობის სამუშაოს მოცულობა - 1410,53 ლარს.

 

მტკიცებულება: 01.05.2018 წლის ლ---- ს----------–-- ექსპერტიზის დასკვნა N---------, მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

4.1.3. დადგენილია, რომ ქ. ფოთში, ა----–-----–-- ქუჩა N-- მდებარე შენობა ხვდება ამავე ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ინდივიდუალურ დამცავ ზონაში. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მტკიცებულება: 2019 წლის 25 იანვრის მომართვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან, მხარეთა განმარტებები.

 

5.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

5.2.1. ეკისრება თუ არა მოპასუხე ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება; სათანადო მოპასუხეა თუ არა მოპასუხე ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია;

 

5.2.2. ხანდაზმულია თუ არა მოთხოვნა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

6.1. მოსარჩელე ჯ----– გ-----ს უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

6.2. მოსარჩელე ჯ----– გ-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახ.ბაჟის 357,53 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი:TRESGE22, ანგარიშის N200 122 900, სახაზინო კოდი 300 42 31 50.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

8. სამართლებრივი შეფასება:

 

8.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით.

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამრიგად, ნორმა, რომელზედაც მოსარჩელე ამყარებს საკუთარ მოთხოვნას, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას წარმოშობს პირის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედების პირობებში.

 

თვითმმართველ ქალაქ ფოთსა და შპს ,----------– ქ----------–-- კ--------- შორის დადებული 2013 წლის 04 ნოემბერის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების შესაბამისად, შესყიდვით განსაზღვრულ ობიექტს წარმოადგენდა ქალაქ ფოთში, დ----- ა----–-----–-- ქუჩაზე N-- და ასევე სხვა განთავსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის (ფასადების მოპირკეთება და მანსარდის მოწყობა) სამუშაოების შესყიდვა.

 

კონკრეტული ხელშეკრულების შესყიდვების ობიექტია - ქ. ფოთში, დ----- ა----–-----–ის ქ.№-- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია (ფასადების მოპირკეთება და მანსარდის მოწყობა).

 

აღნიშნული ხელშეკრულება, თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში ნარდობის ხელშეკრულებით, თვითმმართველ ქალაქ ფოთსა და შპს ,----------– ქ----------–-- კ--------- შორის განისაზღვრა ხელშეკრულების მხარეთა უფლებები, მოვალეობები და ვალდებულებები.

 

8.3. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე და 1005-ე მუხლებზე, როგორც განსახილველი შემთხვევის მარეგულირებელ ნორმებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას;

 

ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

სასამართლო საქმის მასალების მიხედვით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება მოპასუხის - ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებლობა მოსარჩელის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიმართ, კერძოდ: ნარდობის ხელშეკრულების მხარე - მენარდე, არ შეიძლება ჩაითვალოს შემკვეთის მუშაკად, ასევე იგი არ არის მუნიციპალიტეტში დასაქმებული მოსამსახურე.

 

განსახილველი შემთხვევისთვის ასევე არ შეიძლება გამოყენებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი. თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი, ვინაიდან, როგორც აღინიშნა სახეზეა ნარდობის ხელშეკრულება, ხოლო აღნიშნული ნორმის რეგულირება ვრცელდება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე, ამავე დროს მოცემული საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება.

 

8.4. უდავო ფაქტობრივი გარემოებით დადგენილია, რომ ქ. ფოთში, ა----–-----–-- ქუჩა N-- მდებარე შენობა ექცევა ამავე ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ინდივიდუალურ დამცავ ზონაში. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მოსარჩელის პოზიციით, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე დაიწყო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, შეთანხმების შემთხვევაში, სამინისტრო ნებართვას არ გასცემდა და შესაბამისად არც ზიანი დადგებოდა.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის ამ პოზიციას, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით მოპასუხის მხრიდან ამ მოქმედების შეუსრულებლობასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი არ დგინდება.

 

8.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას.

 

გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა თვითონ წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები.

 

მოცემულ შეთხვევაში მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაასაბუთა მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ.

 

8.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

როგორც დადგინდა მოპასუხე ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია არ არის ის პირი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მოსარჩელემ უარი განაცხადა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

8.7. უდავო ფაქტობრივი გარემოებით დადგენილია, რომ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,----------– ქ----------–-- კ--------- მიერ, 2013 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო ქ. ფოთში, დ----- ა----–-----–-- ქუჩაზე N-- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა დროსაც მოსარჩელე ჯ----– გ------ ბინას მიადგა ზიანი, კერძოდ: სახურავის გადახსნისა და კედლის მოპირკეთების სამუშაოების პროცესში ბინაში წყალი შევიდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2015 წლის 25 სექტემბერს შეწყვიტა ხელშეკრულება შპს ,----------– ქ----------–-- კ-------------- და ახალი ხელშეკრულება დადო სხვა კომპანიასთან, რაც არ უნდა გაეკეთებინა, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო შპს ,----------– ქ----------–-- კ---------- მიერ მესამე პირზე - მოსარჩელეზე მიყენებული ზიანის შესახებ, ამავე დროს ეს კომპანია პასუხისმგებლობას იღებდა ზიანის ანაზღაურებაზე, ხოლო მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება, შპს ,----------– ქ----------–-- კ---------- არ მიეცა ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა.

 

მოსარჩელე თვლის, რომ სწორედ აღნიშნული თარიღიდან შეიტყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ და ხანდაზმულობის ვადის ათვლას ამ თარიღიდან ანგარიშობს, რასაც სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან როგორც აღინიშნა, მოპასუხე არც ზიანის მიყენების დროისთვის (2013 წლის დეკემბერში) და არც შემდგომ პერიოდში არ იყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი, შესაბამისად განსახილველ მოთხოვნაზე მოსარჩელეს მოთხოვნა წარმოეშვა 2013 წლის დეკემბრის თვეში და მოპასუხის მითითება, რომ 2018 წლის 5 ივნისს (სასამართლოსათვის სარჩელით მომართვის დროს) მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო, საფუძვლიანია.

 

აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს ამ საფუძვლითაც უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

9. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელე ჯ----– გ----- არ არის გათავისუფლებული ბაჟის გადახდისგან, მის მიერ სარჩელზე ბაჟი გადახდილი არ არის, შესაბამისად მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის 357,53 ლარის გადახდა, რაც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის N200 122 900, სახაზინო კოდი 300 183 150.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ჯ----– გ------ სარჩელი, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე ჯ----– გ-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ.ბაჟის 357,53 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი:TRESGE22, ანგარიშის N200 122 900, სახაზინო კოდი 300 42 31 50.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა სირაძე