გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2019
საქმის ნომერი
190210019002907382
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-446-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ივნისი 2019 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი - სალომე არევაძე

მოსარჩელე - სსიპ "სა---------–----–-------------------------------------------------------ო"

მოსარჩელის წარმომადგენელი - ჯა--------–----–--ე

მოპასუხე - შპს"გე---------ი"

მოპასუხის წარმომადგენელი- ელ--------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს"გე---------"-ს სსიპ "სა---------–----–-------------------------------------------------------ო"-ს სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა -19108,13 ლარის ოდენობით.

 

1.2. მოპასუხე შპს"გე---------"-ს სსიპ "სა---------–----–-------------------------------------------------------ო"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 573.24 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.

 

სასარჩელო მოთხოვნის სასამართლებრივი საფუძვლები:

 

სარჩელში მითითებულია, რომ სსიპ სა---------–----–--------------------------------------------------------ოს და შპს ,,გე---------ს'' შორის 2018 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება # 4-1 ნივთმტიკებათა დასალუქი პაკეტების სახელმწიფო შესყიდვაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 296 250.00 ლარით. აღნიშნული ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 კალენდარული დღის განმავლობაში ანუ 2018 წლის 06 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდება დასრულდა 2019 წლის 18 იანვარს. ამავე ხელშეკრულების 9.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მომწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15 %-ის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქონელის მოწოდების ბოლო ვადა იყო 2018 წლის 06 დეკემბერი, ხოლო მოწოდება დასრულდა 2019 წლის 18 იანვარს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 43 კალენდარული დღე, შესაბამისად, მომწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო 19108.13 ლარის ოდენობით.

 

2019 წლის 22 იანვრის # 1----6 წერილით შპს ,,გე---------ს'' ეცნობა, რომ მას ვალდებულების დარღვევის გამო ერიცხებოდა პირგასამტეხლო და მიეცა 10 დღიანი სამუშაო დღე რათა გადაეხადა დაკისრებული პირგასამტეხლო, თუმცა 2019 წლის 06 თებერვლის # 19----01 წერილით მან სადაოდ გახადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი დაკისრების მეთოდი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს:

1. მოპასუხე შპს"გე---------"-ს სსიპ "სა---------–----–-------------------------------------------------------ო"-ს სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა -19108,13 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხე შპს"გე---------"-ს სსიპ "სა---------–----–-------------------------------------------------------ო"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 573.24 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე შპს ,,გე---------ი''-ს წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას, მის მიერ ასეთი დიდი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა ,,სადამსჯელო'' ხასიათის მატარებელია. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოა იმ ოდენობასთან, რასაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია ითვალისწინებს, კერძოდ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02 %. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია 870.02 ლარში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ საქ--------–----–-------------------------------------------------------ოს და შპს ,,გე---------ს'' შორის 2018 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება # 4-1 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 296250.00 ლარით. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ № 4-1 ხელშეკრულება.

 

3.1.2. საქონელის მოწოდების ბოლო ვადა იყო 2018 წლის 06 დეკემბერი, თუმცა მოპასუხის მიერ მოწოდება დასრულდა 2019 წლის 18 იანვარს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 43 კალენდარული დღე.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ № 4-1 ხელშეკრულება.

 

3.1.3. შპს ,,გე---------ს'' ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, დაერიცხა პირგასამტეხლო 19108.13 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ცნობა დავალიანების შესახებ

 

3.1.4. 2019 წლის 22 იანვრის # 1----6 წერილით შპს ,,გე---------ს'' ეცნობა, რომ მას ვალდებულების დარრვევის გამო ერიცხებოდა პირგასამტეხლო და მიეცა 10 დღიანი სამუშაო ვადა რათა გადაეხადა დაკისრებული პირგასამტეხლო, თუმცა 2019 წლის 06 თებერვლის # 19----01 წერილით მან სადაოდ გახადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი დაკისრების მეთოდი.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

# 1----6 და # 19----01 წერილები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოები არ მოიპოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, rom სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2018 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული №4-1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია ნივთმტკიცებათა დასალუქი პაკეტების შესყიდვა, აღნიშნული ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 9.3 პუნნტით ხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15 %-ის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა

შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემული საქმის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა შორის არსებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შპს ,,გე---------ის'' მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადა, კერძოდ, 2018 წლის 06 დეკემბრის ნაცვლად პროდუქციის მიწოდება დასრულდა 43 კალენდარული დღის დაგვიანებით- 2019 წლის 18 იანვარს.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქონლის მიწოდების დაგვიანება გამოწვეული იქნა ორმხრივი ბრალეულობით, კერძოდ, მოსარჩელემ არ მიაწოდა მას ე.წ. ფაილების სამუშაო ვერსიები, რამაც გამოიწვია შეკვეთის დაგვიანებით მიწოდება. სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ ასეთი დარღვევის არსებობის შემთხვევაშიც მას არათუ არ მიუმართავს სსიპ სა---------–----–-------------------------------------------------------ოსათვის და არ მოუთხოვია ფაილების გადაცემა, არამედ საქმეში წარმოდგენილი # 19----01 მიმართვის მიხედვით, შპს ,,გე---------''-მა დაადასტურა ვალდებულების დარღვევის ფაქტი, თუმცა მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია არსებულ დარღვევასთან მიმართებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განიხლული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. ამასთან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი არ არის შეუზღუდავი უფლება და გარკვეული იმპერატიული დანაწესებით იგი შეიძლება იქნას შეზღუდული. ზემოხსენებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ ხელშეკრულების პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა.

 

უზენაესმა სასამართლომ საქმეზე # ას-1451-1371-2017 მიუთითა, რომ ''პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია, მეწარმეა და ა.შ, ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი, მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება.''

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,გე---------ი'' წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, რომელიც აღჭურვილია სათანადო ცოდნით და გამოცდილებით, შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებისას მოპასუხეს გათვალისწინებული აქვს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ, წარმოდგენილი ხელშეკრულების 9.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მომწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15 %-ის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდაოა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას გადააცილა 43 კალენდარული დღე, შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგენა 19108.13 ლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეესაბამება მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხარისხს, რის გამოც იგი გონივრულია და არ უნდა შემცირდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ "სა---------–----–-------------------------------------------------------ო"-ს სარჩელი მოპასუხე შპს"გე---------ი"-ს მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, სსიპ სა---------–----–-------------------------------------------------------ოს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ნაწილი 27.30 ლარის ოდენობით, ხოლო 545.94 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს შპს ,,გე---------ს'' მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ "სა---------–----–-------------------------------------------------------ო"-ს სარჩელი მოპასუხე შპს"გე---------ი"-ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე შპს"გე---------"-ს სსიპ "სა---------–----–-------------------------------------------------------ო"-ს სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა -19108,13 ლარის ოდენობით.

 

3. სსიპ "სა---------–----–-------------------------------------------------------ო"-ს უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 19 მარტს საგადახდო დავალება № 06503 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 573,24 ლარიდან ნაწილი 27,30 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22.

 

4. მოპასუხე შპს"გე---------"-ს სსიპ "სა---------–----–-------------------------------------------------------ო"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 545,94 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი