გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2019
საქმის ნომერი
330210118002713384
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/32600-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე ქ---------------–---

წარმომადგენელი ზა-------------–---

მოპასუხე გვ--–----------–---–-

წარმომადგენელი ნა-------------, ავ--------–-----------

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნაა:

 

1.1. მოპასუხე გვ--–----------–---–-სათვის მოსარჩელე ქ---------------–--ის სასარგებლოდ 17 985 ლარის გადახდის დაკისრება.

1.2. მოპასუხე გვ--–----------–---–-სათვის მოსარჩელე ქ---------------–--ის სასარგებლოდ 11 485 ლარის გადახდის დაკისრება.

ქ----------------–---სა და გ---–----------–---–ს შორის 2011 წლის 23 ივლისს გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 4000 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 23 ოქტომბერს.

 

სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ჭ-------------------- (ნაკვეთი 0-----) ფართი N14, სართული 2, 51 კვ.მ. ფართი, ს/ კ N0-----2--0---0---0--5---

 

გ---–----------–---–მა ნასესხები თანხა არ დააბრუნა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. მსესხებელმა სთხოვა დამატებით ესესხებინა თანხა და გაეუქმებინა იპოთეკის ხელშეკრულება. 2016 წლის 05 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის გაუქმების შესახებ ხელშეკრულება, ისე რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება მსესხებელს არ შეუსრულებია.

 

სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებელს დასაბრუნებელი აქვს 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, ბანკომატებით, ჩარიცხული თანხა 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, სარჩელის შეტანის დროისათვის არსებული კურსით, 2.64., რაც შეადგენს 11 880 ლარს, ამას დამატებული 6105 ლარი, ჯამში - 17 985 ლარი.

 

მოპასუხის მითითებით, მოსარჩელემ 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით, ს----------–--------ის ბანკომატებიდან სხვადასხვა დროს, ბ--–---------------სა და ქ---------------–-–---–ის ანგარიშებზე ჩარიცხა 500 აშშ დოლარი და 6105 ლარი, რას სრულად გადაეცა გ---–----------–---–ს.

 

მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის გამო, სს „თ---------------“ მოსარჩელემ ისესხა 6000 ლარი, რაც სრულად დაფარა.

 

მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, ს--------–---------–----------------------თან გაფორმებული სალომბარდე ხელშეკრულების საფუძველზე, ისესხა 1100 აშშ დოლარი, სესხით სარგებლობისათვის გათვალისწინებული იყო სარგებელი ძირი თანხის 1.30%. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფად გირავნობის უფლებით დატვირთა ოქროს სამკაულები.

 

ქ---------------–---სა და ს--------–---------–---------------------ს შორის გაფორმებული N1---- სალომბარდე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადასახდელი აქვს 1293.85 ლარი, N1---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1588.40 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, რაც სარჩელის შეტანის დროისათვის არსებული კურსით 2.64 შეადგენს 4192 ლარს, ჯამში, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, დამატებით მოსარჩელემ გაიღო ხარჯი 11 485 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მან სადავოდ გახადა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გარემოება. ის სადავოდ ხდის მოსარჩელისაგან 17 985 ლარის ოდენობით თანხის სესხების ფაქტს. მოპასუხე მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2011 წლის 23 ივლისს გამსესხებელს ქ---------------–---სა და მსესხებელს გ---–----------–---–ს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებელმა მოპასუხე გ---–----------–---–ს ამ ხელშეკრულებით დადებული პირობებით 2011 წლის 23 ოქტომბრამდე ასესხა 4000 აშშ დოლარი, ხოლო მსესხებელმა მიიღო ეს თანხა სესხად და იკისრა ვალდებულება დააბრუნოს სესხი, გადაიხადოს მასზე დარიცხული სარგებელი და შეასრულოს ამ ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებები სრული მოცულობით.

 

სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ჭ-------------------- (ნაკვეთი 0-----) ფართი N14, სართული 2, 51 კვ.მ. ფართი, ს/ კ N0-----2--0---0---0--5---

 

იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

2016 წლის 05 აპრილს მხარეებმა გააფორმდეს შეთანხმება უძრავი ნივთის იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-23).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.48-49).

- 2016 წლის 5 აპრილის შეთანხმება უძრავი ნივთის

იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

 

3.1.2. სს „თ----------–-“ მსესხებლის ქ---------------–--ის 2-------------- ხელშეკრულების, საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, გადახდილი თანხაა ძირი 6000 ლარი, პროცენტი 1663.02 ლარი და ჯარიმა 558.53 ლარი.

 

სს „თ------------- 2018 წლის 25 აგვისტოს ცნობის თანახმად, სს „თ------------- დ-------- ფილიალმა დაადასტურა, რომ ქ---------------–--- არის ბანკის კლიენტი. 2018 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით, დავალიანება სს „თ------------- მიმართ არ ერიცხება და მის ანგარიშებზე არ არის დაშვებული საკრედიტო ლიმიტი.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

2018 წლის 25 აგვისტოს ცნობა. (ს.ფ.28).

ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 29-30).

 

3.1.3. ქ---------------–---ს 2016 წლის 27 აპრილს, 04 მაისსა და 23 დეკემბერს ს--------–---------–---------------------თან გაფორმებული აქვს N1----, N1---- და N1---- სალობარდე ხელშეკრულებები.

 

2016 წლის 27 აპრილის N1---- სალომბარდე ხელშეკრულებით, ქ---------------–---მ ისესხა 1100 აშშ დოლარი, ერთი თვის ვადით, სესხით სარგებლობის თანხამ შეადგინა სესხის თანხის 1.30% ანუ 14.30 აშშ დოლარი.

 

2016 წლის 04 მაისის N1---- სალომბარდე ხელშეკრულებით მოსარჩელემ ისესხა 330 ლარი, ერთი თვის ვადით, სესხით სარგებლობის თანხამ შეადგინა სესხის თანხის 1.50% ანუ 4.95 ლარი.

 

2016 წლის 23 დეკემბრის N1---- სალომბარდე ხელშეკრულებით, მოსარჩელემ ისესხა 920 ლარი, ერთი თვის ვადით. სესხით სარგებლობის თანხამ შეადგინა ძირი თანხის 1.50% ანუ 13.80 ლარი.

 

სალომბარდე ხელშეკრულებების თანახმად, სესხზე დარიცხული სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში ხელშეკრულების ვადა გრძელდება ავტომატურად, ერთი თვის ვადით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

სალომბარდე ხელშეკრულებები და სასესხო ამონაწერები (ს.ფ. 36-47).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2011 წლის 23 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, ქ---------------–---სა და გ---–----------–---–ს შორის წარმოიშვა სასესხო ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლიდან გამომდინარეც, მსესხებლის გვ--–----------–---–-ს მიერ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოება არ დგინდება.

 

სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიმართ მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ წარმოადგინა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელს წარმოადგენს გვ--–----------–---–-, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა მსესხებელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება.

მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელესთან სასესხო ვალდებულების არსებობას და ამ გარემოების დასადასტურებლად მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების 2017 წლის 15 ივლისის მიმართვასა და ქ----------------–---–-ს გასაუბრების ოქმზე. ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ქ---------------–---მ 2017 წელს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებას, მასსა და ქ----------------–---–ს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობასთან დაკავშირებით. ქ----------------–---–-ს გასაუბრების ოქმის მიხედვით, ქ----------------–---–- განმარტავს, რომ განსახილველ საქმეზე სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საგანი, რეალურად წარმოადგენს მის საკუთრებას და მან ისესხა ქე--------------–--ისაგან თანხა. მსესხებელად მიეთითა გვ--–----------–---–-.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება არის ორი პირის დადებული შეთანხმება (გარიგება), რომელსაც მოყვება სამართლებრივი შედეგი, ანუ ხელშემკვრელ მხარეებს წარმოეშობათ უფლებები და მოვალეობები. მხარეების მიერ ხელშეკრულების დადების მომენტიდან, ისინი იმყოფებიან სახელშეკრულებო შებოჭვის მდგომარეობაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც სანოტარო წესით დამოწმებული წერილობით გაფორმებული მხარეთა მიერ ხელმოწერილი სესხის ხელშეკრულებით, მსესხებელია გვ--–----------–---–-, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები გამსესხებლის მიმართ, წარმოეშვა გ---–----------–---–ს, როგორც მსესხებელს. აქედან გამომდინარე, ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნულ სასესხო ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხზე, მოსარჩელემ პრეტენზია განუცხადა მესამე პირს - ქ----------------–---–ს, ასევე ქ----------------–---–-ს გასაუბრების ოქმის შინაარსი, მოწმის ჩვენება, ვერ აქარწყლებს მხარეთა მიერ ხელმოწერილი სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი დოკუმენტის შინაარსს გარიგების სუბიექტების თაობაზე.

 

მოპასუხე სადავოდ ხდის სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ვალდებულების არსებობის თაობაზე და მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ სესხის თანხა სრულად არის გადახდილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

 

სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პირობებში, რაც უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს, დასახელებული მატერიალური ნორმა არ ითვალისწინებს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმს. თუმცა, რადგან საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა (სკ მ. 427), სადავოობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდა თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ამ მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება კი ცალსახად მოვალეს ეკისრება.

 

ვალდებულების შესრულების გარემოების დასადასტურებლად, მოპასუხე მიუთითებს, იპოთეკის გაუქმების შესახებ შეთანხმებაზე. საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული შეთანხმების შინაარსიდან არ გამომდინარეობს, რომ მხარეთა შეთანხმება ემყარება მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების გარემოებას. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხე ვერ ადასტურებს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის დაბრუნების ვალდებულების შესრულებას.

 

3.2.2. მოსარჩელის მოთხოვნა 2011 წლის 23 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხანდაზმულია.

 

საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თავად იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში.

 

მოპასუხის მიერ ხანდაზმულობის თაობაზე მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამასთან, სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007, გვ.63.).

 

ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

 

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამ შემთხვევაში, მოსარჩელის ფულადი მოთხოვნა გამომდინარეობს სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, შესაბამისად, მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად,ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დასრულების შემდეგ, ანუ 2011 წლის 23 ოქტომბრიდან, რადგან სწორედ ამ მომენტიდან შეიტყო გამსესხებელმა, მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის თაობაზე.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ იპოთეკის გაუქმების შესახებ შეთანხმების გაფორმებით, 2016 წლის 5 აპრილიდან უნდა მოხდეს ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის მიზნებისათვის აღიარება წარმოადგენს უფლებამოსილი პირის წინაშე განხორციელებულ მოვალის ფაქტობრივ ქმედებას, რომლითაც არაორაზროვნად დასტურდება შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შესახებ მოვალის აღქმა.

 

ამ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 5 აპრილის შეთანხმებით, გამსესხებელი და მსესხებელი შეთანხმდნენ, სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებაზე. ამ შეთანხმებით, მსესხებელს არ გამოუვლენია ნება ვალდებულების შესრულების თაობაზე, არც ფაქტობრივი ქმედებით, (სესხის ნაწილობრივ დაფარვით, პროცენტის გადახდით ან სხვა) არც ვალის აღიარებით. შესაბამისად, ამ შეთანხმებით, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არ შეწყვეტილა, რაც გამორიცხავს სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების თავიდან ათვლის შესაძლებლობას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს გარემოებები: მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სარჩელის წარდგენა ანდა სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ქმედების განხორციელება, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას გამოიწვევდა.

 

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამსესხებელს ქ---------------–---ს მსესხებლის მიმართ, ნასესხები თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2011 წლის 23 ოქტომბრიდან და ამ დროიდან სამი წლის ვადაში 2014 წლის 23 ოქტომბრამდე, სარჩელი არ აღუძრავს, მისი მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

3.2.3. ქ---------------–---სა და გ---–----------–---–ს შორის, 500 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარისა და 6105 ლარის ოდენობით (ჯამში, 7425 ლარი), თანხაზე სასესხო ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა არ დგინდება, რადგან არ დასტურდება მოსარჩელისაგან მოპასუხის მიერ ამ თანხის მიღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მოსარჩელე მითითებული ოდენობის თანხასთან დაკავშირებით, მოპასუხეთან სასესხო ვალდებულებითი ურთიერთობის დასადასტურებლად, მიუთითებს, გადახდის ქვითრებზე და მოწმეების ბ--–---------------სა და ქ---------------–-–---–ის ჩვენებებზე.

 

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ გარკვეული რაოდენობის თანხები ჩარიცხულია ბ--–---------------სა და ქ---------------–-–---–ის კუთვნილ ანგარიშებზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ მესამე პირებისათვის თანხის ჩარიცხვა მოხდა მოპასუხის მითითებით და ეს თანხები მიიღო მოპასუხემ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 623-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 138-ე, 144-ე, 394-ე, 408-ე, 412-ე,145-ე, 624-ე, 361-ე, 317-ე, 327-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2011 წლის 23 ივლისს გაფორმებული სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა ქ---------------–---მ მსესხებელს სესხის სახით გადასცა 4000 აშშ დოლარი, 2011 წლის 23 ოქტომბრამდე ვადით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც ფაქტობრივ გარემოებებში მიეთითა, მოთხოვნის უფლება 4000 აშშ დოლარის ოდენობით კრედიტორს მსესხებლის გვ--–----------–---–-ს მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ წარმოეშვა 2011 წლის 23 ოქტომბრიდან, რადგან ხელშეკრულებით ამ დრომდე განისაზღვრა სესხის დაბრუნების ვალდებულება. ასევე არ დგინდება ხანდაზმულობის ვადის დენის შესაწყვეტად, კრედიტორის ქმედება, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 137-138-ე მუხლებით.

 

აღნიშნული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი).

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა მოპასუხის მიმართ 2011 წლის 23 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი თანხის მოთხოვნის შესახებ ხანდაზმულია.

 

6.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ს 408-ე მუხლი). ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მთავარ მიზანს წარმოადგენს მიყენებული დანაკლისის გამოსწორება (გამოსწორების ფუნქცია). გარდა ამისა, მას ენიჭება პოტენციურ დამაზიანებელზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელების ფუნქცია, რათა საერთოდ ააღებინოს ხელი სხვისათვის ზიანის მიყენებაზე (პრევენციის ფუნქცია). გამოსწორების ამ ფუნქციიდან გამომდინარეობს ე. წ. სრულად გამოსწორების პრინციპი, რომლის მიხედვითაც დამზიანებელმა ზიანი, რომელიც მას შეერაცხება, სრულად უნდა აანაზღაუროს. ამგვარად, ანაზღაურებადი ზიანის ოდენობა განისაზღვრება დაზარალებულისათვის მიყენებული დანაკლისის და არა დამზიანებლის ბრალის ხარისხის მიხედვით. გარდა ამისა, კომპენსაციის ფუნქციიდან გამომდინარეობს წესი, რომ ზიანის ანაზღაურების მოცულობა დაზარალებულისათვის რეალურად მიყენებული ზიანით უნდა შემოიფარგლოს (ე.წ. გამდიდრების აკრძალვა). დაზარალებული ზიანის ანაზღაურების შემდეგ არ უნდა აღმოჩნდეს უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე იქნებოდა ზიანის მიყენების გარეშე.

 

სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლით დადგენილ ზიანის ანაზღაურების, როგორც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაში, სწორედ იმ ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენა იგულისხება, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Total reparation-ის პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპის შესაბამისად, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს მხარეს. ამასთან, ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, არ მიუთითებია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც უტყუარად დაადასტურებდა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე, ზიანის მიყენების ფაქტი. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, მხოლოდ ბუნდოვანად და აბსტრაქტულად არის წარმოდგენილი, რაც ვერ გახდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობა.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, არ დგინდება, უშუალო მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის მიერ წერილობით გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასესხები თანხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობასა და მოსარჩელის მიერ ბანკიდან და ლომბარდიდან სესხების აღებას შორის.

 

გარდა აღნიშნულისა, სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ხანდაზმულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ 2011 წლის 23 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს მოპასუხისაგან ვალდებულების დარღვევის გამო, ზიანის ანაზღაურების დაკისრება, ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს მოპასუხისაგან, სადავო 7425 ლარის გადახდევინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულების დადებასა და მისთვის ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას- სესხის სახით თანხის მოპასუხისათვის გაცემას. ვინაიდან დასახელებული გარემოების არსებობა განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპირისპირო ვალდებულების სესხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას მოსარჩელეს ეკისრება აღნიშნულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი. სამოქალაქო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თვით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს. დასახელებული ნორმისა და სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიიჩნია, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. წერილობითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მტკიცებულების სახით წარდგენილ უნდა იქნეს სესხის ხელშეკრულება. რაც შეეხება ზეპირი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულებას, აღნიშნული ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე, კონკლუდენტურ მოქმედებაში, სესხის სახით თანხის გადაცემაში გამოიხატება ხელშეკრულების დადება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულების დადების დადასტურების მიზნებისათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დგინდება, მოპასუხის მიერ სადავო თანხების მიღების ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.

 

ამავდროულად, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის),უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს შეადგენს მოპასუხისათვის თანხის გადაცემის დადასტურება, რაც თავისთავად ვალდებულების არსებობას გულისხმობს (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი). მოპასუხემ კი მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა უარყოს თანხის გადაცემის ფაქტი ან დაადასტუროს გადაცემის ფაქტი, მაგრამ გამორიცხოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით გათვალისწინებული მისი ვალდებულების არსებობა ამ შესრულების მიმართ.

 

იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდის თანხის მიღების ფაქტს და მოსარჩელე ვერ ადასტურებს მისთვის თანხის გადაცემას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ სადავო თანხაზე მხარეებს შორის ზეპირი სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას მოსარჩელე ვერ ადასტურებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ქ---------------–--ის სარჩელი მოპასუხე გვ--–----------–---–-ს მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია