გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.06.2019
საქმის ნომერი
330210019002834725
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/1891-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 ივნისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი“

წარმომადგენელი - ე-–---------------–-----------------------–---–ი

მოპასუხეები - ნ----------–--ე, ლ------------–---–ი, თ-------------ა

წარმომადგენლები - გ---------------------------------------------------------–--ე

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ----------–--ეს, ლ------------–---–ს და თ-------------ას სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 6 424.94 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 5 682.90 ლარი, პროცენტი - 158.26 ლარი, პირგასამტეხლო - 575.78 ლარი, საკომისიო - 8 ლარი;

1.2. მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღასრულებლად;

1.3. ნ----------–--ეს, ლ------------–---–ს და თ-------------ას სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 192.75 ლარის ანაზღაურება.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2018 წლის 21 თებერვალს, სს „ს----------–--------ს“ და ნ----------–--ეს შორის, დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ----------–--ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 6 210 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 16.9 % სარგებლის დარიცხვით. ვადის დარღვევისათვის მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5 %-ის ოდენობით. ასევე ხელშეკრულების 3.12 პუნქტით განისაზღვრა სიცოცხლის დაზღვევის საკომისიო.

 

2018 წლის 21 თებერვალს ,საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ს----------–--------ს“ და თ-------------ას, ასევე ლ------------–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდებები სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 12 420 ლარით.

 

სს „ს----------–--------ი“-ის განმარტებით, მსესხებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკი დაარღვია არაერთხელ, ბოლო გადახდა განხორციელდა 2018 წლის 02 აგვისტოს, რა მომენტიდანაც მოპასუხეებს დაერიცხათ პირგასამტეხლო.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ----------–--ემ როგორც წარმოდგენილი შესაგებლით ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოპასუხის მიერ კეთილსინდისიერად ხორციელდებოდა თანხის გადახდა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არსებულმა ვითარებამ მასზეც იქონია გავლენა და ვერ განხორციელდა ნაკისრი ვალდებულების შესრულება სრულად. ამასთან, ყავს არასრულწლოვანი შვილი, არის განქორწინებული და უწევს შვილის მარტო აღზრდა. მიმდინარე წლის მარტის თვიდან არის უმუშევარი, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მისი მატერიალური მდგომარეობა. მოპასუხის განმარტებით, მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და სასამართლოს წინაშე ითხოვა მისი შემცირება.

 

2.2. მოპასუხეებმა ლ------------–---–მა და თ-------------ამ როგორც წარმოდგენილი შესაგებლით ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს. შესაგებელში აღნიშნულია, რომ ნამდვილად მიღებული აქვთ გაფრთხილების წერილები. თუმცა, ძირითადი მოვალე პირდებოდა რომ პრობლემები არ შეექმნებოდათ, რადგან შეასრულებდა თავის მოვალეობას. ამასთან, მათი მოსაზრებით დაკისრებული პასუხისმგებლობა შეუსაბამოდ მაღალია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 21 თებერვალს, სს „ს----------–--------ს“ და ნ----------–--ეს შორის, დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ----------–--ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 6 210 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 16.9 % სარგებლის დარიცხვით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვადის დარღვევისათვის მსესხებელი გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5 %-ის ოდენობით.

 

სესხი დაზღვეული იქნა და ხელშეკრულების 3.12 პუნქტით, დაზღვევის მართვის საკომისიო განისაზღვრა 8 ლარით.

 

სესხი დაფარული უნდა ყოფილიყო ყოველთვიურად შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 21 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 16 - 19);

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.2. 2018 წლის 21 თებერვალს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ს----------–--------ს“ და თ-------------ას, ასევე ლ------------–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 12 420 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ 21);

-სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-28);

-განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ 29);

-სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 30-36);

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოპასუხე ნ----------–--ემ დაარღვია სს ,,ს----------–--------თან“ დადებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება გაცემული სესხის და საპროცენტო სარგებლის, ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად, ეტაპობრივად შესრულების თაობაზე. შესაბამისად, ნ----------–--ის მიერ ბანკის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება შეადგენს: 6 424.94 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 5 682.90 ლარი, პროცენტი - 158.26 ლარი, პირგასამტეხლო - 575.78 ლარი, საკომისიო - 8 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კრედიტის დაფარვის გრაფიკები (ს.ფ. 20);

- შეტყობინება, საფოსტო კორესპონდენცია (ს.ფ. 38-44);

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 46-49);

- ინფორმაცია დავალიანების შესახებ (ს.ფ. 50);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

3.2.2 მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინება სესხის დაფარვის მოთხოვნით. მოპასუხეს განესაზღვრა ვადა და გაფრთხილებული იქნა დავალიანების გადაუხდელობის შესაძლო შედეგებზე. დავალიანება მოპასუხეს არ დაუფარავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გაფრთხილების წერილები,შეტყობინებები (ს.ფ. 38-45);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–---------ი“-ს სარჩელი ნ----------–--ის, ლ-------------–---–ის და თ-------------ას მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლო უნად შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 417-ე, 420-ე, 463-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება - მოვალეობათა განსაზღვრა.

 

2018 წლის 21 თებერვალს, გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ნ----------–--ემ მიიღო სესხი 6 210 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 16.9 % სარგებლის დარიცხვით და წარმოეშვა სესხის დაბრუნების ვალდებულება შეთანხმებული წესით, გრაფიკის მიხედვით. ამდენად, მხარეთა შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი, ხოლო მოპასუხეს წარმოეშვა შეთანხმებული წესით და ვადაში სესხის დაბრუნების ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

სს „ს----------–--------ს“ და ნ----------–--ეს შორის, დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ----------–--ის სასარგებლოდ გაიცა სესხი . მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვადის დარღვევისათვის მსესხებელი გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5 %-ის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

ნ----------–--ემ ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ბანკი უფლებამოსილია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის დაბრუნება, რის შესახებაც მოპასუხეები ინფორმირებული იყვნენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს. ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება. სს ”ს----------–--------ი” ითხოვს ზიანის ანაზღაურებას არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანისათვის, რაც გამოიხატა კრედიტის სახით გაცემული თანხის დაუბრუნებლობაში, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, ამასთან, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის დავალიანება შეადგენს 6 424.94 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 5 682.90 ლარი, პროცენტი - 158.26 ლარი, პირგასამტეხლო - 575.78 ლარი, საკომისიო - 8 ლარი;

 

მოპასუხე შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით ფაქტობრივად ადასტურებს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს. მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-105-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 867-868-ე, 361-ე მუხლებისა, არსებობს სესხის ძირი თანხის და სარგებლის დაკისრების საფუძველი. მოპასუხეთა მითითება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, მსესხებელს ერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5 %.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას და იწვევდეს უსაფუძვლო გამდიდრებას, მით უფრო, რომ მოსარჩელე მოითხოვს ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდასაც.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა 0.5% წლიური 182.5 % არის მაღალი. ის უნდა შემცირდეს 0.05 %-მდე (10-ჯერ) და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 57.5 ლარით.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილია თ-------------ას და ლ------------–---–ის სოლიდარული თავდებობით. შესაბამისად მოპასუხეები წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს და უნდა დაეკისროთ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მოთხოვნა განსაზღვრულია 6 424.94 ლარით, სარჩელი დაკმაყოფილდა 5 906.66 ლარის ნაწილში, რაც შეადგენს მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის 91.9 %-ს. შესაბამისად, მოპასუხეებს სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 177.13 ლარის გადახდა. დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ნაწილი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები. ამავე კოდექსის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაჩიო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ რამ განაპირობა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღასრულებლად მიქცევა, რამაც შემდგომში შესაძლოა გააძნელოს მისი აღსრულება, ზოგადად ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კრედიტორისათვის ზინაის მოტანას, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემისათვის ეს მნიშვნელოვანი ზიანი უნდა იყოს, სადაც მხევლელობაში მიიღება გადაწყვეტილებით დადგენილი შესასრულებელი ვალდებულების შინაარსი და ხასიათი. მით უფრო როცა მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სხვა რაიმე უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ს----------–--------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნ----------–--ეს, ლ------------–---–ს და თ-------------ას, სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 5 906.66 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 5 682.90 ლარი, პროცენტი - 158.26 ლარი, პირგასამტეხლო - 57.5 ლარი, საკომისიო - 8 ლარი;

3. სს ,,ს----------–---------ი“-ს მოთხოვნა მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს სახით - 518.28 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. არ დაკმაყოფილდეს სს ,,ს----------–--------ი“-ს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე;

5. ნ----------–--ეს, ლ------------–---–ს და თ-------------ას, სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 192.75 ლარის ანაზღაურება;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტში მითითებული წესების დაცვით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე