განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/8-19
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
25 ივნისი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ო---------------–--------–-----–---–-, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-----------, პირადი ნომერი - 2----------, არასრული საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლევი, რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ე-------, ამჟამად პატიმარი.
ადვოკატი - ზ-----------–---–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 24 დეკემბერს ღამის დროს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენის საფუძველზე ქურდობისთვის ნასამართლევმა ო-------–-----–---–-- უკანონოდ შეაღწია თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ე------–- მდებარე ჟ-------–---–---–-- კუთვნილ სათავსოში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა წნევის აპარატს, ჩურჩხელებს, მურაბებს, ნიორს, კაკალს, სიმინდსა და ლობიოს, რითაც დაზარალებულს მიადგა 720 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ასევე, უკანონოდ შეაღწია ჟ-------–---–---–-- კუთვნილ ბინაში და სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიადგებოდა ქონებრივი ზიანი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება განაჩენი ნასამართლობაზე, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარემ ბრალდების მტკიცებულებები უდავოდ ცნო, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (ფოტოსურათებით), რომლითაც დგინდება სარდაფში არეულობის კვალი, მიმობნეულია სიმინდის მარცვლები, საცხოვრებელი სახლის ფანჯარა ღიაა, ასევე დაზარალებულის სახლის მიმდებარედ ნანგრევებიდან ამოღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთები; დაზარალებული ჟ-------–---–---–- პირდაპირ ასახელებს ო-------–-----–---–-, როგორც ქურდობის ჩამდენს, იგი ქურდობისას იმყოფებოდა სახლში; ბრალდებულმა ო-------–-----–---–-- აღიარა მის მიერ დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტისას (ფოტოსურათებით), რა დროსაც ასევე ამოღებულია დაუფლებული ნივთების ნაწილი; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების, ასევე ამოცნობის ოქმები, რომელთა მიხედვით დაზარალებულმა ამოიცნო საკუთარი ნივთები; ნივთმტკიცებები და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------- განჩენი, რომლის მიხედვით ო-------–-----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპით საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე დაუდგინდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ო-------–-----–---–-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
სამართლებრივი შეფასება:
4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით, აგრეთვე ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას და, მეორე მხრივ, იგი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და აუცილებელია, განხორციელებულმა ქმედებამ სხვა პირს მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ხოლო პირს ამოძრავებდეს აღნიშნული ნივთების მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ბინასა თუ საცავში/სადგომში შეღწევა უნდა ხდებოდეს აღნიშნული საკუთრების მფლობელ პირთა ნებისაგან დამოუკიდებლად, ხოლო დაუფლებული მოძრავი ნივთ(ებ)ი არ უნდა ეკუთვნოდეს დამნაშავეს. იმავე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. საცავად მიიჩნევა ის ადგილი, რაც განკუთვნილია ნივთების შესანახად, ხოლო სადგომი - მაგალითად პირუტყვის სადგომად, ხოლო ბინა განიმარტება იმდაგვარად, რომ კონკრეტული ადგილი უნდა გამოიყენებოდეს ადამიანთა საცხოვრისად. იმავე კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. დანაშაული სახეზეა მხოლოდ მაშინ, თუ პირი მოქმედებს პირდაპირი განზრახვით, ესე იგი, პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედების დაკვალიფიცირება ზემოაღნიშნული მუხლით ვერ მოხდება. სსკ-ის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ო-------–-----–---–-- მის მიერ განხორციელებული ქმედებებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ამასთან ბრალის დადგენილებაში მითითებულია, რომ ქურდობა ასევე ჩადენილია სადგომში უკანონო შეღწევით, რაც ქმედების კონკრეტული ელემენტის სამართლებრივი შეფასების უსწორობაზე მიუთითებს, ვინაიდან მტკიცებულებების მიხედვით შეღწევა მოხდა სარდაფში, სადაც დაზარალებული ინახავდა გარკვეულ ნივთებს, რის გამოც ამ ნაწილში სასამართლოს მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საცავში და არა სადგომში უკანონო შეღწევას. ქმედების მაკვალიფიცირებელი ორივე გარემოება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითაა გათვალისწინებული, რის გამოც აღნიშნული ცვლილება არ იწვევს ო-------–-----–---–-ს მიმართ არც ქმედების კვალიფიკაციისა და არც პასუხისმგებლობის დამძიმებას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ო-------–-----–---–-ს მიერ აღნიშნულ დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის განსაზღვრის თვალსაზრისით. სასამართლო აღნიშნავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ო-------–-----–---–-ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6. ო-------–-----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მიუთითა ყველა რელევანტური ფაქტი, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ორგანოებს დეტალურად აღუწერა განხორციელებული ქმედების დეტალები, ამოღებულ იქნა ნივთმტკიცებები. ო-------–-----–---–-- ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. აღსანიშნავია საქმის არსებითი განხილვისას ო-------–-----–---–-ს ქცევა და დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების შესახებ, რაც მის მიერ ჩადენილი ქმედების გაცნობიერებასა და გულწრფელ მონანიებაზე მიუთითებს. გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტი, რომ ო-------–-----–---–-- დანაშაული ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ჩაიდინა, მისი ოჯახი იღებს სოციალურ შემწეობას (თავად ბრალდებული არ ირიცხება ამ ბაზაში 2016 წლიდან, რაც განპირობებულია მის მიერ ამ პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნასთან).
7. ო-------–-----–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მტკიცებულებებით არ ვლინდება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
9. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, დანაშაულის პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. ამასთან, სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას.
10. სასამართლო საჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. შესაბამისად, ო-------–-----–---–-ს მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა.
11. ო-------–-----–---–-ს წარსული ცხოვრებისა და ზემოაღნიშნული მთელი რიგი შემამსუბუქებელი გარემოებების საფუძველზე (იხ. მე-6 პუნქტი), ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე არ არის დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოს მიაჩნია, რომ ო-------–-----–---–- უნდა განესაზღვროს სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი - 4 წელი მისი სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ვინაიდან გამოსაცდელი ვადა არაეფექტური აღმოჩნდა მასთან მიმართებით.
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ?? ???????? 59-? ?????? გათვალისწინებული წესით, ხოლო 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
13. ვინაიდან ო-------–-----–---–-- ახალი განზრახი დანაშაული სწორედ გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა, სასამართლოს მიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, ხოლო იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ წინა განაჩენიდან ო-------–-----–---–-- სასჯელის ნაწილი მოიხადა პენიტენციურ დაწესებულებაში, დაუფლებული იყო ერთი ხალიჩა და მაგნიტოფონი, ასევე მოცემულ საქმეზე არსებული მთელი რიგი შემამასუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას 2----–-–------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო-------–-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. გაუქმდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით ო-------–-----–---–-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი 4 წელი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად წინამდებარე განაჩენით ო-------–-----–---–-ს მიმართ დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას აღნიშნული სასჯელი და ო-------–-----–---–- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. ო-------–-----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. სასჯელის მოხდა მსჯავრდებულ ო-------–-----–---–- დაეწყოს მისი დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.
5. ნივთმტკიცებები:
§ წნევის აპარატი, ჩასადებით და ცული - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულს;
§ მუყაო ანაბეჭდით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი