გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/8480 - 19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ივნისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე ვ--–---ა მ-------ი
მოპასუხე ა-----ნ კ-------ე
დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ა-----ნ კ-------ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ლ------ე კ-------ის (დაბადებული 2-----–-–-----------ს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან 2019 წლის 18 აპრილიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.
მოსარჩელე ვ--–---ა მ-------ი და მოპასუხე ა-----ნ კ-------ე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-----------ს შეეძინათ შვილი ლ------ე კ-------ე. მხარეთა შორის თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მამას არ ჰქონია კონტაქტი შვილთან, არ ეხმარება მას მატერიალურად და არ ზრუნავს მასზე. არასრულწლოვანი იზრდება მოსარჩელესთან. ვ--–---ა მ-------ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მისი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა. მოსარჩელეს არ შეუძლია სრულყოფილად უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ყველა საჭირო პირობის შექმნა. ამასთან, ბავშვი ხშირად ავადმყოფობს და მუდმივად საჭიროებს ექიმთან ვიზიტს და მედიკამენტურ მკურნალობას. მოპასუხე მხარე ვალდებულია ზრუნავდეს არასრულწლოვან შვილზე და სტაბილურ მონაწილეობას იღებდეს მის რჩენა-აღზრდაში. ალიმენტის სახით მოთხოვნილი თანხა აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვის ცხოვრებისა და ნორმალური პირობების შესაქმნელად.
(სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
მოპასუხე არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი ლ------ე კ-------ის რჩენა-აღზრდაში. მოპასუხე ტერიტორიულად საკმაოდ დაშორებულია არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილას და იგი ვერ ახერხებს ბავშვთან ურთიერთობას, რაშიც თავად მოსარჩელე მხარეც ზღუდავს. თავისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოპასუხე ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.
(შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ვ--–---ა მ-------ი და მოპასუხე ა-----ნ კ-------ე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-----------ს შეეძინათ შვილი ლ------ე კ-------ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.2. მხარეები, ვ--–---ა მ-------ი და ა-----ნ კ-------ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მოსარჩელე ვ--–---ა მ-------ი ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან, ზ-------------–---–თან, ნ--------------–---–თან და ლ------ე კ-------ესთან ერთად. მოსარჩელე შვილებთან ერთად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ დახმარებას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მომზადების თარიღი 16.04.2019 წელი (ს.ფ. 19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილებს (პირველი ქორწინებიდან) დანიშნული აქვთ ალიმენტი ყოველთვიურად 80-80 ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის იანვრის თვიდან ვ--–---ა მ-------ს ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ უფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 03 მაისს გაცემული ცნობა (ს.ფ. 26);
3.1.5. მოპასუხე ა-----ნ კ-------ე ცხოვრობს ბებიასთან და არასრულწლოვან შვილთან (პირველი ქორწინებიდან) ერთად ხ----ს რაიონში. მოპასუხის დედა დასაქმებულია თბილისში და ცხოვრობს ქირით; მოპასუხის არასრულწლოვანი შვილის (რომელიც ჰყავს პირველი ქორწინებიდან) დედა სამუშაოდ იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ თ--------ში და პერიოდულად ეხმარება თავის შვილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის იანვრის თვიდან ა-----ნ კ-------ეს ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ უფიქსირდება. მოპასუხე მხარის განმარტებით იგი ბოლოს დასაქმებული იყო კერძოდ, მაღაზიაში მუშის პოზიციაზე და ჰქონდა შემოსავალი დღიურად 20 ლარის ოდენობით. საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოცემული დროისათვის, მოპასუხე ა-----ნ კ-------ის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას სოფლის მეურნეობის წარმოების თაობაზე, რასაც მოწინააღმდეგე მხარე უარყოფს და განმარტავს, რომ მეურნეობიდან არანაირი შემოსავალი არ გააჩნია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 03 მაისს გაცემული ცნობა (ს.ფ. 26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან სასამართლო ალიმენტის დადგენისას ხელმძღვანელობს მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობით და ბავშვის საჭიროებებით, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ალიმენტვალდებული პირის შემოსავლის ოდენობა, მის რჩენაზე მყოფი პირთა ინტერესები, ბავშვის ასაკი და ის აუცილებელი საარსებო მოთხოვნილებები, რაც საჭიროა მისი ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.3. მოპასუხე ა-----ნ კ-------ეს არ აქვს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან ლ------ე კ-------ესთან. ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე მხარე ერთხელ დაეხმარა მოსარჩელეს 100 ლარის ოდენობის თანხით. მამის მხრიდან სხვა რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.4. არასრულწლოვან ლ------ე კ-------ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მას აქვს სქოლიოზი, რის გამოც ესაჭიროება ცურვა და სამკურნალო მასაჟების ჩატარება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ვ--–---ა მ-------მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2-----–-–-----------ს დაბადებული ლ------ე კ-------ე.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ--–---ა მ-------ი და მოპასუხე ა-----ნ კ-------ე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-----------ს შეეძინათ შვილი ლ------ე კ-------ე. მხარეები ერთი წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ლ------ე კ-------ე იზრდება დედასთან, ვ--–---ა მ-------თან;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ--–---ა მ-------ი ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან, ზ-------------–---–თან, ნ--------------–---–თან და ლ------ე კ-------ესთან ერთად. მოსარჩელე შვილებთან ერთად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ სოციალურ დახმარებას თვეში 300 ლარს. მხარის მითითებით, მის არასრულწლოვანი შვილებს (პირველი ქორწინებიდან) დანიშნული აქვთ ალიმენტი ყოველთვიურად 80-80 ლარის ოდენობით. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის იანვრის თვიდან ვ--–---ა მ-------ს ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ უფიქსირდება. მოსარჩელე მხარე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. მოპასუხე ა-----ნ კ-------ე ცხოვრობს ბებიასთან და არასრულწლოვან შვილთან (პირველი ქორწინებიდან) ერთად ხ----ს რაიონში. მოპასუხის დედა დასაქმებულია თბილისში და ცხოვრობს ქირით; მოპასუხის არასრულწლოვანი შვილის (რომელიც ჰყავს პირველი ქორწინებიდან) დედა სამუშაოდ იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ (თ--------ში) და პერიოდულად ეხმარება თავის შვილს. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის იანვრის თვიდან ა-----ნ კ-------ეს ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ უფიქსირდება. მოპასუხე მხარის განმარტებით იგი ბოლოს დასაქმებული იყო კერძოდ მაღაზიაში მუშის პოზიციაზე და ჰქონდა შემოსავალი დღიურად 20 ლარის ოდენობით. საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოცემული დროისათვის, მოპასუხე ა-----ნ კ-------ის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. შესაბამისად, დადგენილია, რომ ამ ეტაპზე მოპასუხე არ არის დასაქმებული. მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას სოფლის მეურნეობის წარმოების თაობაზე, რასაც მოწინააღმდეგე მხარე უარყოფს და განმარტავს, რომ მეურნეობიდან არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. მოპასუხე მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. განსახილველ საქმეზე, მხარეთა განმარტებით, მოპასუხე ა-----ნ კ-------ეს არ აქვს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან ლ------ე კ-------ესთან. ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე მხარე ერთხელ დაეხმარა მოსარჩელეს 100 ლარის ოდენობის თანხით. მამის მხრიდან სხვა რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მხოლოდ არასრულწლოვანი ლ------ე კ-------ის, არამედ მოპასუხესთან მცხოვრები არასრულწლოვანი შვილის ინტერესიც. მოპასუხეს შვილების მიმართ თანაბრად გააჩნია რჩენის ვალდებულება. თუმცა არასრულწლოვანი შვილები პირველი ქორწინებიდან ჰყავს ასევე მოსარჩელე მხარესაც. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვანი ლ------ე კ-------ე ცხოვრობს დედასთან - ვ--–---ა მ-------ი და იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. მოპასუხე თანახმაა, არასრულწლოვანი ლ------ე კ-------ის სასარგებლოდ ყოველთვიური ალიმენტის სახით გადაიხადოს 50 (ორმოცდაათი) ლარი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილი, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს სტაბილური მატერიალური შემოსავალი არ უფიქსირდება, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. მოსარჩელის განმარტებით, არასრულწლოვან ლ------ე კ-------ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მას აქვს სქოლიოზი, რის გამოც ესაჭიროება ცურვა და სამკურნალო მასაჟების ჩატარება, რაც დაკავშირებულია შესაბამის ხარჯებთან. სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა კი უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით. ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ანუ - საარსებო მინიმუმს. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხე ა-----ნ კ-------ეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ვ--–---ა მ-------ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხე ა-----ნ კ-------ემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ვ--–---ა მ-------ის (პირადი N4----------) სარჩელი;
დაეკისროს ა-----ნ კ-------ეს (პირადი N5----------) არასრულწლოვანი შვილის - ლ------ე კ-------ის (დაბადებული 2----–-–------------ს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 18 აპრილიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.
2. დაეკისროს ა-----ნ კ-------ეს (პირადი N5----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: გიორგი მაისურაძე