განაჩენი

სისხლის სამართლის 27.03.2019
საქმის ნომერი
160100118002539402
დავის ტიპი
18 - 177 4 ბ
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100118002539402

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/196-18 27 მარტი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031070718003)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: ნათია მიქელაძე, დიანა ქოჩორაშვილი,თამთა როყვა, ცაცა ებრალიძე

სხდომის სახე : ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზაზა ცქვიტარია

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ნანი აბრამიშვილი

 

ბრალდებული: ლ------ მ----–---–ი

მამის სახელი: ე-------

დაბადებული: 1-----–-–-----------------

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–-------------

 

თარჯიმანი: ევგენია კარაპეტიანი, სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ ლ------ მ----–---–ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

 

2018 წლის 06-07 ივლისის შუალედში, ღამის საათებში, მარნეულის რაიონის სოფელ ოფრეთში, ი---- ლ-----------ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ლ------ მ----–---–ი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან, გამოძიებით დაუდგენელ სამ პირთან ერთად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ი------ ლ-----------ის კუთვნილ სულ 38 600 (ოცდათვრამეტი ათას ექვსასი) ლარად ღირებულ 18(თვრამეტი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1 ლ------ მ----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 06-07 ივლისის შუალედში, ღამის საათებში, მარნეულის რაიონის სოფელ ოფრეთში, ი---- ლ-----------ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ლ------ მ----–---–ი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან, გამოძიებით დაუდგენელ სამ პირთან ერთად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ი------ ლ-----------ის კუთვნილ 18(თვრამეტი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა.

 

3.1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ი------ ლ-----------მა განმარტა, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ ოფერთში. საკუთრებაში ჰყავს 18 სული მსხვილფეხა პირუტყვი, რომელსაც უვლის მისი მამა. უშუალოდ საქონელს კი პატრონობს მწყემსი ს------- მ-----------ი. ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, როდესაც მამამისმა დაურეკა მას და შეატყობინა, რომ საქონელი ადგილზე აღარ იყო. მან დაიწყო საქონელის ძებნა, რადგან თავდაპირველად იფიქრა, რომ საქონელი თავად წავიდა. გადაურეკა ახლობლებს, რომელთაც შეატყობინა მომხდარის შესახებ. ასევე დარეკა ფახრალოში(ტალავერი) რ-–--- ბ---–---თან. დარეკვიდან დაახლოებით 20-25 წუთში კი მას დაურეკეს და უთხრეს, რომ საქონელი იპოვეს. ამის შემდეგ მასთან მივიდა პოლიცია და წავიდნენ ტალავერში. მისვლისას მან ნახა, რომ ადგილზე იყო პოლიცია, მათ მანქანაში კი იჯდა ერთი პიროვნება. დაზარალებულის განმარტებით საქონლის ღირებულება არის დაახლოებით 40000 ლარი. დაზარალებულმა განმარტა, რომ ლ------ მ----–---–ს იცნობს, რადგან გაიზარდა სოფელ ოფრეთში, რას საქმიანობს მისთვის უცნობია და მის მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ გააჩნია. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მასთან საქონლის ამოცნობა ცალ-ცალკე არ ჩატარებულა, ძროხები ნახა ერთად.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ს------- მ-----------ი. მისი ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონში სოფელ ხოხმელში, არის მწყემსი და უვლის ი------ ლ-----------ის 18 სულ საქონელს. ს------- მ-----------მა, განმარტა, რომ ზაფხულში საქონელი ჰყავს ტყეში. საღამოს კი საქონელს აბინავებს, კერძოდ მავთულიანი ღობით შემოსაზღვრულ ეზოში უშვებს მათ. შემთხვევის დღესაც საღამოს რვა საათზე მიიყვანა საქონელი და დატოვა შემოსაზღვრულ ეზოში. მეორე დილით კი მოწმის განმარტებით კარი ღია დახვდა და საქონელიც აღარ იყო ადგილზე. დაიწყო ძებნა, კვალი მიდიოდა ტყეში. შემდეგ დარეკეს 112-ზე და შეატყობინეს მომხდარის შესახებ. მოწმის განმარტებით ი------ ლ-----------იც მასთან ერთად ეძებდა საქონელს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ი------ს დაურეკა რ-–---მა(რ-–--- ბ---–---ი) და ი------ის მანქანით წავიდნენ ფახრალოში(ტალავერი). ს------- მ-----------ის განმარტებით საქონელი დახვდათ რ-–--- ბ---–---ის ბოსტანში, რომელიც იყო შემოსაზღვული, ასევე დაადასტურა, რომ მან საქონელი ამოიცნო, რადგან მათ წლებია უვლის. აღნიშნულის შემდეგ საქონელი მათ კვლავ ოფრეთში წაიყვანეს და დააბინავეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა რ-–--- ბ---–---ი. მან განმარტა, რომ სოსო (ი------) ლ-----------ს იცნობს 20 წელია. რ-–--- ბ---–---მა განმარტა, რომ იყო 7 ივნისი ან ივლისი, დილის 8 საათი, სოსომ დაურეკა და უთხრა რომ 18 სული ძროხა მოპარეს. იგი თავად იმყოფებოდა ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში. სოსომ მას ასევე უთხრა, რომ კვალი მიდიოდა ბოლნისის მხარეს და სთხოვა დახმარება ძროხების მოძებნაში. მოწმის განმარტებით იგი ძროხებს ეძებდა თავისი ავტომობილით ტ--–--- ი-----–---თან ერთად. წავიდა ტყის მხარეს, სასაფლაოსკენ დაინახა, რომ ჰყავდათ ძროხები, ხოლო მისი ავტომანქანის დანახვისას იქ მყოფი პირები გაიქცნენ. მან მხოლოდ ლ------ის დაჭერა შეძლო. რ-–--- ბ---–---მა განმარტა, რომ აღნიშნულის შემდეგ დაურეკა ნათესავს ნ-----ს და უთხრა, რომ დაიჭირა ქურდი, სამი კი გაექცა. აღნიშნულის შემდეგ შეტყობინება გააკეთეს ასევე ცხელ ხაზზე. მათთან მივიდა ბოლნისის პოლიცია. მის დასახმარებლად სასაფლაოსთან ასევე მივიდნენ ე------- გ---------ი და ნ----- გ-------ი. მათ ძროხები გარეკეს რ-–--- ბ---–---ის სახლთან, სადაც პოლიციამ დათვალა პირუტყვი, იყო 18 სული. მარნეულიდან ასევე მივიდა ექსპერტიც და მან უჩვენა თუ სად შეამჩნია ძროხები და სად დაიჭირა ლ------ მ----–---–ი. მოწმის განმარტებით მ----–---–ს იცნობს დაახლოებით ხუთ წელზე მეტია. ასევე იცნობს მის დედას და ძმას. მ----–---–ს ეცვა ჯინსი, ჰქონდა წვერი, ეცვა შავი ზედა, რომელიც იყო დასვრილი. მოწმის განმარტებით მ----–---–მა მას უთხრა, რომ ბიჭებმა მისცეს 150 ლარი და ეხმარებოდა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ უშუალოდ მან დაიჭირა ხელით ლ------ მ----–---–ი და უთხრა რომ დამჯდარიყო, ასევე დაინახა რომ სხვები გაიქცნენ. რ-–--- ბ---–---მა ასევე განმარტა, რომ ლ------ მ----–---–ი დაიჭირა სასაფლაოებთან და იქ მაღაზია არსად არ არის.

 

მოწმის სახით დაიკითხა ტ--–--- ი-----–---ი, რომლის ჩვენებითაც დგინდება რომ ცხოვრობს ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში. 2018 წლის ივლისში დაურეკა რ-–--- ბ---–---მა და უთხრა რომ მის მეგობარს ოფრეთიდან საქონელი დაეკარგა და წავიდა მასთან ერთად საძებნელად. წავიდნენ რ-–--- ბ---–---ის მანქანით. საჭესთან იჯდა რ-–---ი. მოწმე და რ-–--- ბ---–---ი წავიდნენ ტალავერის სასაფლაოზე. სოფელს აქვს ორი სასაფლაო თავში და ბოლოში. ისინი წავიდნენ სოფლის თავში. სასაფლაოს ცოტა ზემოთ დაინახეს საქონელი. ასევე დაინახეს ოთხი ადამიანი. საქონელი იყო ძროხაც, ხბოც. შემდეგ თქვეს რომ იყო 18 სული. ოთხი ადამიანი, რომელიც დაინახეს გაიქცნენ. რ-–---მა დაიჭირა ერთი. ის ოთხი ადამიანი, რომელიც გაიქცა იყო საქონელთან. ისინი დაიშალნენ და ისე გაიქცნენ. ტ--–--- ი-----–---მა განმარტა, რომ თავად ფეხი სტკიოდა და ვერ წავიდა შორს. მოწმის განმარტებით მათ ნაპოვნი საქონელი მიიყვანეს რ-–---ის სახლში. ასევე მიიყვანეს ის პიროვნებაც, ვინც რ-–---მა დაიჭირა. რ-–---მა მანქანიდან დარეკა პოლიციაში 112-ში. იგი დარეკვისას საუბრობდა ქართულად და რუსულად.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ ნ-----ი გ-------ი და ე------- გ---------ი. ნ-----ი გ-------მა განმარტა, რომ მას დაურეკა რ-–--- ბ---–---მა, სთხოვა დახმარება 18 სული საქონლის სასაფლაოდან მის სახლამდე მიყვანაში. ნ-----ი გ-------მა განმარტა, რომ ე------- გ---------თან ერთად საქონელი სასაფლაოდან მიიყვანა ბ---–---თან სახლში. ნ-----ი გ-------მაც და ე------- გ---------მაც დაადასტურეს, რომ მათ ბ---–---თან ერთად ნახეს ახალგაზრდა კაცი. ასევე განმარტეს, რომ არ იცოდნენ საქონელი ვისი იყო, მხოლოდ იცოდნენ რომ საქონელი იყო მოპარული.

 

2018 წლის 7 ივლისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ლ------ მ----–---–ის დაკავებული იქნა ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერის მიმდებარე ტერიტორიაზე 2018 წლის 7 ივლისს 14:10 საათზე. დაკავებისას მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ აღმოაჩნდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი დ----- ბ-------ე. მან განმარტა, რომ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება, რომ სოფელ ოფრეთიდან მოპარული იქნა 18 სული საქონელი. ასევე შეატყობინეს, რომ დაკავებული ჰყავდათ ბრალდებული. შეტყობინების ავტორი იყო მოქალაქე. დ----- ბ-------ემ დაადასტურა, რომ მივიდა სოფელ ტალავერის მინდვრის მიმდებარე ტერიტრიაზე. ლ------ მ----–---–ი ჰყავდათ შეჩერებული იქ მყოფ პიროვნებებს. მას ადგილზე არ დაუნახავს ბოლნისის პოლიცია, მაგრამ ნახა, რომ იქ იდგა ,,პიკაპი“. იგი ადგილზე მივიდა ბ------– გ----–---თან ერთად. მოწმის განმარტებით საქონელიც და პიროვნებაც დაკავებული იყო მინდორში. მოწმემ განმარტა, რომ დაკავებულის მიმართ შეადგინა დაკავების ოქმი და გადაიყვანა შსს მარნეულის პოლიციის სამმართველოში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბ------– გ----–---მა დაადასტურა, რომ დ----- ბ-------ესთან და სამირ ი-----–---თან ერთად მონაწილეობდა ლ------ მ----–---–ის დაკავებაში. დაკავება განხორციელდა დღის საათებში, ასევე როგორც ახსოვს დაკავებულს გადასცეს დაკავბის ოქმის ასლი, რომელიც შეადგინა დ----- ბ-------ემ.

 

2018 წლის 7 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს მარნეულის რაიონის სოფელ ოფრეთის განაპირას ფერდობზე და წარმოადგენს ი------ ლ-----------ის სარგებლობაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, მესაკუთრე არის ი---- ლ-----------ი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დგას ძველი მიტოვებული დაზიანებული საცხოვრებელი სახლი და ხის პირუტყვის სადგომი. საკარმიდამო არის დაახლოებით ათი ჰექტარი და შემოღობილია ლითონის ბადით. მიწის ნაკვეთის ბოლოში მთის მხარეს არის ერთფრთიანი ხის კარები, რომელზეც შებმულია თეთრი ფერის პოლიეთილენის თოკები. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ს------- მ-----------ის განმარტებით ი------ ლ-----------ს სწორედ აქ ჰყავდა დაბმული თავისი 18 სული პირუტყვი, რომლებიც მიწის ნაკვეთზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. მიწის ნაკვეთის ბოლოში ხის კარების შიგნით და გარეთ მიწაზე ეტყობა საქონლის რამდენიმე ნაკვალევი და ფეხსაცმლის ძირის ფრაგმენტები. საქონლის ნაკვალევის მიხედვით მოპარული საქონელი უნდა ჰყავდეთ წაყვანილი მთის გავლით ბოლნისის რაიონის მიმართულებით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა თეთრი ფერის პოლიეთილენის თოკები, რომლებიც დაილუქა შესაბამისი წესით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩაატარა გამომძიებელმა ედურად ბ--------ემ, ექსპერტ-კრიმინალისტ დ-------- კ------–---–ის, მოწმე ს------- მ-----------ის და თარჯიმან ვ----- პ------–---ის მონაწილეობით.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ე--------- ბ--------ემ განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ი------ ლ-----------ის პირუტყვის ქურდობის ფაქტზე. ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, დაკითხა მოწმეები. დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ექსპერტ კრიმინალისტი დ-------- კ------–---–ი. მან დაადასტურა, რომ მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და საგამოძიებო ექსპერიმენტში. განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას არ მომხდარა კვლების ამოღება.

 

მოწმის სახით დაკითხვისას ვ----- პ------–---მა დაადასტურა, რომ მონაწილეობდა თარჯიმნად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში. თარგმნიდა აზერბაიჯანულიდან ქართულად და პირიქით. განმარტა, რომ რაიმე შენიშვნა და განცხადება არ შემოსულა.

 

2018 წლის 7 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მოწმე რ-–--- ბ---–---ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. მოწმის მითითებით მარნეულის სამმართველოდან გაემართნენ ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერის მიმართულებით. სოფელ ტალავერში შესვლის შემდეგ რ-–--- ბ---–---ის მითითებით წავიდნენ სოფლის ბოლოს სასაფლაოების მიმართულებით, სადაც გადაუხვიეს ხელმარჯვნივ მინდორში. გაიარეს 300 მეტრი, რის შემდეგაც გააჩერეს ავტომანქანა პატარა გორაკის სიახლოვეს. რ-–--- ბ---–---მა მიუთითა გორაკზე და განმარტა, რომ იგი მოძრაობდა ავტომანქანით მეგობართან - ტ--–--- ი-----–---თან ერთად, როდესაც შეამჩნიეს საქონელი, რომელებსაც ედგა ოთხი პიროვნება, მიახლოებისას აღნიშნულმა პირებმა მიატოვეს ძროხები და გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებით. იგი, ტ--–---თან ერთდა გამოეკიდა ერთერთ პიროვნებას, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა ლ------ მ----–---–ი. საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა რ-–--- ბ---–---ის სახლში, საიდანაც ამოღებულ იქნა 18(თვრამეტი) სული რქოსანი პირუტყვი.

 

2018 წლის 7 ივლისის ამოცნობის ოქმით დგინდება რომ ამომცნობ პირს ი------ ლ-----------ს ამოსაცნობად წარედგინა სამი ობიექტი:

 

N 1. მუქი ნაცრისფერი მეწველი ძროხა, რომელსაც აქვს სწორი საშუალო ზომის რქები და შუბლზე აქვს თეთრი ფერის ლაქა. N2. მუქი ნაცრისფერი, მეწველი ძროხა, რომელსაც აქვს ოდნავ მოხრილი რქები და შუბლზე აქვს თეთრი ფერის ლაქა.( ი. ლ-----------ის ძროხა) N3. მუქი ნაცრისფერი მეწველი ძროხა, რომელსაც აქვს საშუალო ზომის სწორი რქები და შუბლზე აქვს თეთრი ფერის ლაქა. ი------ ლ-----------მა წარდგენილი სამი მეწველი ძროხიდან, ამოიცნო რიგით N2 ძროხა, შემდეგი ნიშნებით: ფერით, რქის ფორმით, სიმაღლით და შუბლზე არსებული თეთრი ფერის ნიშნით.

 

2018 წლის 8 ივლისის ამოცნობის ოქმით დგინდება რომ ამომცნობ პირს ი------ ლ-----------ს ამოსაცნობად წარედგინა სამი ობიექტი:

 

N1. ღია ყავისფერი მეწველი ძროხა, რომელსაც აქვს საშუალო ზომის ოდნავ მოხრილი რქები. (ი. ლ-----------ის ძროხა) N2. ღია ყავისფერი მეწველი ძროხა, რომელსაც აქვს დიდი ზომის ოდნავ მოხრილი რქები N3. მუქი ყავისფერი მეწველი ძროხა, რომელსაც აქვს საშუალო ზომის ოდნავ მოხრილი რქები. ი------ ლ-----------მა წარდგენილი სამი მეწველი ძროხიდან, ამოიცნო რიგით N1 ძროხა, შემდეგი ნიშნებით: ფერით, რქის მოყავნილობით და ტანით.

 

2018 წლის 8 ივლისის ამოცნობის ოქმით დგინდება რომ ამომცნობ პირს ი------ ლ-----------ს ამოსაცნობად წარედგინა სამი ობიექტი:

 

N1.მოწითალო ფერის მეწველი ძროხა, რომელსაც აქვს საშუალოზე ოდნავ დიდი რქები. N2. მოწითალო ფერის მეწველი ძროხა, რომელსაც აქვს საშუალო ზომის ოდნავ მოხრილი რქები. N3. მოწითალო ფერის მეწველი ძროხა, რომელსაც აქვს საშუალო ზომის რქები. (ი. ლ-----------ის ძროხა). ი------ ლ-----------მა წარდგენილი სამი მეწველი ძროხიდან, ამოიცნო რიგით N3 ძროხა, შემდეგი ნიშნებით: ფერით, რქის მოყავნილობით და ზომით.

 

2018 წლის 8 ივლისის დათვალიერების ოქმით დგინდება რომ დათვალიერება ჩატარდა ბოლნისის რაინის სოფელ ტალავერში რ-–--- ბ---–---ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ი------ ლ-----------მა განმარტა, რომ მის წინაშე წარდგენილი 15 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, მათ შორის ორი სული მოზვერი არის მისი, რომელიც 2018 წლის 7 ივლისს სოფელ ოფრეთიდან იქნა მოპარული.

 

სასამართლო სხდომაზედაიკითხნენ გამომძიებლები დიტო გიგანი, რომან ბოლქვაძე, მახმუდ კურბანოვი, როლანდ ბოლქვაძე, გიორგი ბასილია. მათ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული ლ------ მ----–---–ი. მან განმარტა, რომ 2018 წლის 7 ივლისს იმყოფებოდა ტალავერში, დღიური სამუშაოს მოძიების მიზნით. მითითებულ დღეს შევიდა სოფელში გზის პირას მდებარე მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად, სადაც შეიძინა სიგარეტი და ,,ბუმი“. ამ დროს დაუძახა ორმა კაცმა, რომელთაგან ერთი იყო რ-–--- ბ---–---ი. მათ მანქანა მოშორებით გააჩერეს და ჰკითხეს, თუ სად გაიქცა მასთან ერთდ მყოფი სამი პიროვნება. ლ------მა უპასუხა რომ იყო მარტო და არ იცოდა, თუ ვისზე ეკითხებოდნენ. შემდეგ მათ მოჰკიდეს ხელი, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს ბ---–---ის სახლთან. იყვნენ სახლის კარის წინ, ამ დროს გამოვიდა ქალიც. მაღაზიიდან ბ---–---ის სახლამდე არის დაახლოებით 10 წუთი. ადგილზე ასევე გამოცხადდა ბოლნისის პოლიციაც, რომლებიც ეკითხებოდნენ დანარჩენი პირების შესახებ. მან უპასუხა რომ იყო სამუშაოდ, თუმცა პოლიცია ეუბნებოდა რომ ის იყო ქურდი. მოწმის ჩვენებით რ-–--- ბ---–---მა თქვა რომ გაიქცა სამი კაცი, თუმცა თავად რა შუაშია აღნიშნულთან არ იცის. პოლიცია რა დროში მივიდა არ ახსოვს. ლ------ მ----–---–მა მიუთითა რომ მას მიაყენეს მორალური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მანქანა, სადაც იჯდა იყო ტოიოტას მარკის. შემდეგ მივიდა მარნეულის პოლიცია. სამი საათი იგი არ შეუყვანიათ მარნეულის პოლიციაში. ამ დროს იმყოფებოდა ტოიოტას მარკის ე.წ. ,,პიკაპში“. ლუხულ მ----–---–მა განმარტა, რომ რ-–--- ბ---–---ს იცნობას, მას ოჯახის კუთვნილი საქონელიც კი მიჰყიდა და რატომ იცრუა ჩვენების მიცემისას მისთვის გაუგებარია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დამთავრებულ დანაშაულთან, რა დროსაც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლის შესაბამისი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია; კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნებოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება) და 3) აღნიშნული ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი და ზიანის ოდენობა (ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის საკუთრების უფლების ხელყოფა), 4) დანაშაულის ჩადენა ორი ან მეტი პირის მიერ (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფი). 5) საცავში უკანონო შეღწევით.

სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ი------ ლ-----------მა განმარტა, რომ საკუთრებაში ჰყავდა 18 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. აღნიშნული ასევე დაადასტურა მისმა მწყემსმა ს------- მ-----------მა. მათ ასევე განმარტეს, რომ პირუტყვი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა მარნეულის რაიონის სოფელ ოფრეთში მდებარე ი------ ლ-----------ის სარგებლობაში არსებულ სადგომში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტურებულია, რომ სადგომი შემოსაზღვრული იყო ლითონის ბადით და მას ჰქონდა ერთფრთიანი კარი. მოწმეების რ-–--- ბ---–---ის, ტ--–--- ი-----–---ის, ნ-----ი გ-------ის და ე------- გ---------ის ჩვენებებით კი ირკვევა, რომ მათ 18 სული რქოსანი პირუტყვი ნახეს ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში არსებულ სასაფლაოსთან მინდვრებში. აღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ ი------ ლ-----------ის კუთვნილი საქონელი მისი ნებართვის გარეშე აღმოჩნდა ბოლნისში, სოფელ ტალავერის ბოლოში არსებულ სასაფლაოს მინდვრებში.

სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობის ერთ-ერთი მთავარი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ფარულად. შესაბამისად აღნიშნული დანაშაულის გამოსავლენად და დამნაშავე პირთა დასაკავებლად საკმაოდ დიდი ძალისხმევაა საჭირო, მტკიცებულებების მოპოვებაც გართულებულია, რადგანაც ქმედება ხორციელდება ფარულად და გამოძიება ვალდებულია მხოლოდ ჩადენილი ქმედების შემდეგ დარჩენილი კვლების იმედად იყოს. კონკრეტულ შემთხვევაში ლ------ მ----–---–ის მიმართ ბრალის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავს მოწმეები რ-–--- ბ---–---ი და ტ--–--- ი-----–---ი. ორივე მოწმის ჩვენება ურთიერთშესაბამისია და მათ სასამართლო სრულად იზიარებს. აღნიშნული მოწმეები ფაქტიურად ცხელ კვალზე წაადგენენ ბრალდებულს. ასევე დაკითხვისას მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მათ ლ------ მ----–---–ის მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ ამოძრავებდათ.

სსსკ-ის 9-ე მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს განმარტებული იმდაგვარად, რომ ბრალდებულს დაეკისროს მის მიერ მოყვანილი ყველა გარემოების მტკიცების ტვირთი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ასევე ბრალდების მხარეს ეკისრება ბრალის დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაამტკიცოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლომ შეაფასა ბრალდებულის ჩვენება სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშესაბამისობაში და მიიჩნევს, რომ არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებიდან. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას საგამოძიებო მოქმედების ოქმში ბრალდებულის მიერ მითითებული მაღაზია არაა მოხსენიებული, ასევე დაცვის მხარეს ასეთის არსებობის შემთხვევაში შეეძლო წარმოედგინა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, ასევე წარმოედგინა მოწმეები, რომლებიც დაადასტურებდნენ ლ------ მ----–---–ის მაღაზიაში ყოფნის ფაქტს. შესაბამისად დადგენილია, რომ ლ------ მ----–---–ი 3 ძიებით დაუდგენელ პირთან ერთად იმყოფებოდა ტალავერში, სოფლის ბოლოს არსებულ სასაფლაოს მიმდებარე მინდვრებში ი------ ლ-----------ის კუთვნილ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან ერთად. რ-–--- ბ---–---ის და ტ--–--- ი-----–---ის გამოჩენის შემდეგ კი ისინი შეეცადნენ მიმალვას და გაქცევას.

 

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის თანახმად დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელბაში მონააწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საქმის მასალების თანახმად მოწმეებმა რ-–--- ბ---–---ომა და ტ--–--- ი-----–---ნა დაადასტურეს, რომ ტალავერის სასაფლაოზე ძროხებთან დაინახეს 4 ადამიანი, რომელთაგან სამმა მოახერხა გაქცევა, ხოლო ლ------ მ----–---–ი დაკავებულ იქნა მათ მიერ. აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს ლ------ მ----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას ჯგუფურად.

 

ასევე დადასტურებულია, რომ დანაშაული ლ------ მ----–---–მა ჩაიდინა საცავში უკანონო შეღწევით. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია ბრალდების მხარის მიერ 2018 წლის 7 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს მარნეულის რაიონის სოფელ ოფრეთის განაპირას ფერდობზე, ი------ ლ-----------ის სარგებლობაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთში. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დგას ძველი მიტოვებული დაზიანებული საცხოვრებელი სახლი და ხის პირუტვის სადგომი. საკარმიდამო არის დაახლოებით ათი ჰექტარი და შემოღობილია ლითონის ბადით. მიწის ნაკვეთის ბოლოში მთის მხარეს არის ერთ ფრთიანი ხის კარები. ი------ ლ-----------მა და ს------- მ-----------მა დაადასტურეს, რომ პირუტყვს ინახავდნენ აღნიშნულ ადგილას და დანაშაულის ჩადენის წინა საღამოსაც პირუტყვი აქ იქნა დაბინავებული.

 

3.2. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად კოდექსის თავში - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ - დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარს ზევით. ლ------ მ----–---–ს ბრალდება ედავება, რომ იგი ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით დაეუფლა ი------ ლ-----------ის კუთვნილ 18 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ღირებულს 38 600 ლარად.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ი------ ლ-----------მა განმარტა, რომ საქონლის ღირებულება იქნებოდა დაახლოებით 40 000 ლარი. დაკითხვისას დაზარალებულს არ აღუწერია თითოეული საქონლის მონაცემები, არ უსაუბრია თითოეული მათგანის ფასზე. საქმის მასალებში სხვა რაიმე მტკიცებულება (მაგ: სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა), რითაც სასამართლოს ექნებოდა შესაძლებლობა შეეფასებინა საქონლის ღირებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

დიდი ოდენობის ზიანის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ერთი მტკიცებულება დაზარალებულ ი------ ლ-----------ის ჩვენება, რომელიც ზიანის ნაწილში არ არის სრულყოფილი და მას სასამართლო ვერ გაიზიარებს. შესაბამისად ლ------ მ----–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. სამართლებრივი შეფასება.

 

4.1. . საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება ბრალდებულის მიერ არ იყოს ჩადენილი და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში‘‘ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, #1/1/548; 22/01/2015; §41).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ევროპულმა კომისიამ საქმეში Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v Greece (The Greek case), ”გონივრულ ეჭვს მიღმა” სტანდარტი განმარტა, როგორც ”არა ისეთი ეჭვი, რომელიც მხოლოდ დაფუძნებულია თეორიულ შესაძლებლობაზე ან წარმოშობილია რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დასკვნები, არამედ ეჭვი, რომლის მიზეზები გამომდინარეობს წარდგენილი ფაქტებიდან”.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

შესაბამისად ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ------ მ----–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს (დაზარალებულს გამოძიების მიერ სრულად დაუბრუნდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი)და მიაჩნია, რომ ლ------ მ----–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. ბრალდებული ლ------ მ----–---–ის არ არის ნასამართლევი, შესაბამისად არ არსებობს საფუძველი მის მიმართ სასჯელის დამძიმებისა, არის 21 წლის ასაკს მიუღწეველი, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მას უნდა შეეფარდოს მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოააღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.

 

7.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. საქმეზე ნივთმტკიცების სახით დართული პოლიეთილენის თოკები და სისხლის ნიმუში უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ საქმეზე ამოღებული 18 სული პირუტყვი დაბრუნებული აქვს დაზარალებულს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ლ------ მ----–---–ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ------ მ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ლ------ მ----–---–ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 7 ივლისიდან.

 

ლ------ მ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ საქმეზე ამოღებული 18 სული პირუტყვი დაბრუნებული აქვს დაზარალებულს.

 

პოლიეთილენის თოკები და სისხლის ნიმუში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე