გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.06.2019
საქმის ნომერი
330310019002838751
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/886-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე და---- წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელე - მა----- ზა------ე

წარმომადგენელი - ჯუ----- ქა-------–-–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - და---- ტე-----ე

 

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - მზ-- ცე----ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №M---------------- ბრძანება;

 

1.2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მა----- ზა------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამსახურის ათეულის მეთაურის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;

 

1.3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე მა----- ზა------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

 

2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2.3. მესამე პირმა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა მოპასუხის პოზიციას და მისმა წარმომადგენელმა ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

მოსარჩელე მა----- ზა------ე 2011 წლის 29 ივლისიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2018 წლის 4 ივლისიდან იგი დანიშნული იყო და მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამსახურის (ქ. ბათუმი) ათეულის მეთაურის თანამდებობაზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში, მისი თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მოსარჩელე მა----- ზა------ის მიმართ, დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე, გამოყენებული იქნა რამდენიმე დისციპლინური ზომა, კერძოდ 2013 წლის 21 იანვრის ბრძანებით მას დისციპლინური გადაცდომისათვის შეეფარდა საყვედური, ხოლო 2017 წლის 31 მარტის ბრძანებით, ასევე დისციპლინური გადაცდომისათვის მიეცა შენიშვნა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ოპერატიული უზრუნველყოფის III სამმართველოს II სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის 2018 წლის 12 დეკემბრის პატაკის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება მოსარჩელე მა----- ზა------ის მიერ, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე და საქმის გარემოებების გამოკვლევის (შესაბამის პირთა გამოკითხვის, მათ შორის მოსარჩელე მა----- ზა------ის ახსნა-განმარტების და სათანადო დოკუმენტების შეფასების) შედეგად, გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამსახურის (ქ. ბათუმი) ათეულის მეთაურმა, მოსარჩელე მა----- ზა------ემ არასამსახურებრივი დანიშნულებით, მისი ნაცნობისათვის, პირადი მიზნებისათვის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საინფორმაციო ბაზიდან მოიპოვა და მის ნაცნობს გადასცა ერთ-ერთი პირის პერსონალური მონაცემები, რაც გენერალური ინსპექციის მიერ მიჩნეული იქნა დისციპლინურ გადაცდომად (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება და მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) და დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების საფუძვლად.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი დასკვნა, რომლის საფუძველზეც საქართველოს შინაგან მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის ბრძანებით, მოსარჩელე მა----- ზა------ე დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დისციპლინური გადაცდომისათვის, კერძოდ მოსამსახურის შეუფერებელი ქმედებისათვის, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სამსახურის გავლის ნუსხა(ს.ფ. 15-18);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 30 იანვრის ცნობა (ს.ფ.13);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე (ს.ფ. 144-147);

- „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №M---------------- ბრძანება (ს.ფ. 67);

- ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 126-134);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მა----- ზა------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია; "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” და ,,ნ” ქვეპუნქტების თანახმად, მინისტრი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №M---------------- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს მოსარჩელე მა----- ზა------ის სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან და განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნები.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

 

სასამართლო აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის (მათ შორის საჯარო სამსახურში), გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლოს, მსჯელობის საგანს, მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს მოსარჩელე მა----- ზა------ის თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

 

აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სასამართლო, სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი. საჯარო მოსამსახურე კი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მა----- ზა------ე 2011 წლის 29 ივლისიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2018 წლის 4 ივლისიდან იგი დანიშნული იყო და მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამსახურის (ქ. ბათუმი) ათეულის მეთაურის თანამდებობაზე. შესაბამისად, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ "საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისმე-8 მუხლის შესაბამისად, ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

"პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.

 

მითითებული კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, პოლიციელი და სამინისტროს სხვა მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები - შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა, სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება, თანამდებობიდან ჩამოქვეითება, სამსახურიდან დათხოვნა. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება” განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. აღნიშნული წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთი სახეა - მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ამავე წესდების მე-3 მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინური სახდელის სახეები, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა.

 

მითითებული წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის, წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნიან გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი, რაც მისი დისკრეციული უფლებამოსილებაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ოპერატიული უზრუნველყოფის III სამმართველოს II სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის 2018 წლის 12 დეკემბრის პატაკის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება მოსარჩელე მა----- ზა------ის მიერ, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე და საქმის გარემოებების გამოკვლევის (შესაბამის პირთა გამოკითხვის, მათ შორის მოსარჩელე მა----- ზა------ის ახსნა-განმარტების და სათანადო დოკუმენტების შეფასების) შედეგად, გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამსახურის (ქ. ბათუმი) ათეულის მეთაურმა, მოსარჩელე მა----- ზა------ემ არასამსახურებრივი დანიშნულებით, მისი ნაცნობისათვის, პირადი მიზნებისათვის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საინფორმაციო ბაზიდან მოიპოვა და მის ნაცნობს გადასცა ერთ-ერთი პირის პერსონალური მონაცემები, რაც გენერალური ინსპექციის მიერ მიჩნეული იქნა დისციპლინურ გადაცდომად (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება და მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) და დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების საფუძვლად.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი დასკვნა, რომლის საფუძველზეც საქართველოს შინაგან მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის ბრძანებით, მოსარჩელე მა----- ზა------ე დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დისციპლინური გადაცდომისათვის, კერძოდ მოსამსახურის შეუფერებელი ქმედებისათვის, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ხოლო მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ამასთან, დაუშვებელია სხვა ნებისმიერი ორგანოსა თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შეიძლება საბოლოო ჯამში შედეგად მოჰყვეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაში მისთვის დაბრკოლების შექმნა. ადმინისტრაციული ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ საჯარო-სამართლებრივ ვალდებულებას - საქმის გარემოებების გამოკვლევის, დასაბუთების და კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, მიღების, გამოცემის თაობაზე ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამგვარი აქტი ექვემდებარება გასაჩივრების პირობებში სასამართლოს მხრიდან სრული სასამართლო კონტროლის განხორციელებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს ამოცანას იმის შეფასება წარმოადგენდა, თუ როგორ განახორციელა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და მოსარჩელე მა----- ზა------ის მიმართ ყველაზე მკაცრი დისციპლინური ზემოქმედების ზომის გამოყენებისას, სწორად იქნა, თუ არა ბალანსი დაცული საჯარო და კერძო ინტერესებს შორის.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ზოგადად საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის მიმართ, საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება, დაცვა, ასევე პოლიციის კანონიერად და ეთიკურად ფუნქციონირება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რამდენადაც საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების ნდობასა და საჯარო სამსახურის ავტორიტეტზე, რაც შესაბამისი საჯარო მოსამსახურეების - პოლიციელების სათანადო ქცევითა და საქმიანობით მიიღწევა. პოლიციელთა ქცევისა და მათ მიმართ ნდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებაში პოლიციელი აღქმულია კანონისა და ზნეობრივი ნორმების განუხრელად შემსრულებლად და საზოგადოებაში მათი დაცვის გარანტად.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელთა მიხედვით, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებით დაცული სფერო, მათ შორის გულისხმობს ადამიანის უფლებას არ იყოს მისი პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი არავისათვის მისი თანხმობის გარეშე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან დაკავშირებით (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება, საქმეზე ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმის №1/4/693,857; გვ.22 ), კერძოდ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადად, პირადი ცხოვრების უფლების დაცვა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ღირებულებაა. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ მიუთითებია ამ უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო სფეროს. უფლება პირად ცხოვრებაზე კი, ერთი მხრივ, ნიშნავს ინდივიდის შესაძლებლობას, პირადად, საკუთარი შეხედულებისამებრ, დამოუკიდებლად შექმნას და განა----აროს თავისი კერძო ცხოვრება, ხოლო, მეორე მხრივ, იყოს დაცული და უზრუნველყოფილი მის კერძო სფეროში სახელმწიფოს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პირების ჩარევისგან. შესაბამისად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება უზრუნველყოფს პიროვნების თავისუფალ განვითარებას, რადგან საშუალებას აძლევს მას, კერძო სფეროში საზოგადოების ჩარევისა და ყურადღებისაგან თავისუფალ პირობებში მოახდინოს ინფორმაციის, მოსაზრებებისა და შთაბეჭდილებების გაცვლა-გაზ--რება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/3/407 საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4). პირადი ცხოვრების უფლების ერთ-ერთი კომპონენტია პერსონალური მონაცემების ე.ი. პირის შესახებ ინფორმაციის დაცვა გამჟღავნებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების კომპონენტების, მათ შორის, პირის შესახებ არსებული ინფორმაციის გამჟღავნებისაგან დაცვა ნამდვილად არის ის ღირებული ლეგიტიმური მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც შესაძლებელია, შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება.

 

სასამართლო, ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება, როგორც ადამიანის ძირითადი უფლება რომლის განუყოფელი ნაწილია, ასევე ადამიანის პერსონალური მონაცემების, მისი თანხმობის გარეშე არამართლზომიერი გამჟღავნების აკრძალვა, დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. შესაბამისად, პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლობის უფლებით დაცულის სფეროს დარღვევა, ამ უფლების დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩადენილი გადაცდომის ხარისხზე პროპოციულად ახდენს გავლენას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ "საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის პირველი მუხლის მიხედვით, პოლიციელი ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად ემორჩილება და პატივს სცემს მას. პოლიციელი საკუთარი მოქმედების დაგეგმვისა და დაწყების წინ ყოველთვის უნდა დარწმუნდეს მის კანონიერებაში. პოლიციელი უნდა იყოს ყურადღებიანი, თავდაჭერილი და კანონთან ერთად ხელმძღვანელობდეს ზნეობრივი ნორმებით. პოლიციელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს. პოლიციელი უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, როგორიცაა ღირსების პატივისცემა, სიცოცხლის უფლება, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საკუთრების უფლება, აზრის, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი შეკრების უფლება, გადაადგილების თავისუფლება, სხვა უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით.

 

მითითებული კოდექსის მე-2 მუხლის, 2.7, 2.8, 2.13 და 2.18 პუნქტების თანახმად, თითოეულმა პოლიციელმა უშუალოდ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები უნდა შეასრულოს პატიოსნად და კანონის მოთხოვნების შესაბამისად. თანამდებობის ან წოდების მიუხედავად, პოლიციელი პირადად აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებსა და იმ ბრძანებებზე, რომლებსაც ის აძლევს თავის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს. პოლიციელმა არ უნდა ისარგებლოს თავისი სტატუსით და არ გამოიყენოს იგი პირადი ინტერესებისათვის. მან უარი უნდა თქვას ნებისმიერი სახის უკანონო შემოთავაზებაზე და არ უნდა გამოიყენოს თანამდებობრივი მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკური ან სხვა სახის სარგებლის მისაღებად. ამასთანავე, პოლიციელმა არ უნდა შესთავაზოს საზოგადოების წევრებს გარკვეული სამსახურის გაწევა რაიმე სახის სარგებლის მიღების სანაცვლოდ. პოლიციამ პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა და გამოყენება უნდა მოახდინოს პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობის საერთაშორისო პრინციპების დაცვით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში, მისი თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მოსარჩელე მა----- ზა------ის მიმართ, დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე, გამოყენებული იქნა რამდენიმე დისციპლინური ზომა, კერძოდ 2013 წლის 21 იანვრის ბრძანებით მას დისციპლინური გადაცდომისათვის შეეფარდა საყვედური, ხოლო 2017 წლის 31 მარტის ბრძანებით, ასევე დისციპლინური გადაცდომისათვის მიეცა შენიშვნა, რაც მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პიროვნების შეფასების ფაქტობრივ საფუძვლებს წარმოადგენდა.

 

ამრიგად, სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არსებობდა დადასტურებული ობიექტური საფუძველი იმის მიჩნევისათვის, რომ მოსარჩელე მა----- ზა------ის მიერ ჩადენილი იქნა მნიშვნელოვანი შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავდა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის სამსახურიდან დათხოვნით ბუნებრივია ხორციელდება მის შრომისა და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა, თუმცა კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნისა და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, ასეთი ჩარევა მართლზომიერად ჩაითვლება, რის გამოც აღნიშნული ჩარევა კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი და გამოსადეგი საშუალებაა. შესაბამისად, დაცულ სფეროში ჩარევის ინტენსივობის ხარისხი, კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულია.

 

ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №M---------------- ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, არსებითად სწორად იქნა შეფასებული საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი მოსარჩელესთან მიმართებაში.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №M---------------- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

ამრიგად, ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, არ არსებობს მოსარჩელე მა----- ზა------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამსახურის ათეულის მეთაურის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ბრძანება და ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე მა----- ზა------ის სასარგებლოდ განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მა----- ზა------ის მიერ, სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და გამომდინარე იქედან, რომ მას კანონით არ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაუბრუნდეს უსაფუძვლოდ გადახდილი ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მა----- ზა------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. მოსარჩელე მა----- ზა------ეს დაუბრუნდეს, მისი წარმომადგენლის - რამაზ ჯორბენაძის მიერ, 2019 წლის 19 თებერვლის №1------- საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150);

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ. თბილისში, და---- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე და---- წერეთელი