გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2019
საქმის ნომერი
330210018002639687
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/27403-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.05.2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი: კახა კომლაძე

მოსარჩელე ალ-------–---

წარმომადგენელი ალ------------–---, გე-–-----–-----

მოპასუხე შპს „თ---–----------------“

წამომადგენელი ლე-–------–--–---

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „თ---–----------------სათვის“ მოსარჩელე ა-–-------–--ის სასარგებლოდ 4500 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდის დაკისრება.

 

შპს „თ---–----------------“ წარმოადგენს თბილისი მუნიციპალიტეტის 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 27 ივლისის N29.14640 განკარგულებით დამტკიცებული წესდებით. მოპასუხეს ევალება თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება, ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და სხვა.

 

მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე, თბილისში, ფ--–--–---–------------, ს/ კ N0-.----------0---0-.0---- აღნიშნული ფართი მდებარეობს მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, რომელსაც აქვს შესასვლელი ფ--–--–---–--------დან, სადაც მოსარჩელე ახორციელებდა კომერციულ საქმიანობას, კერძოდ, გახსნილი ჰქონდა სილამაზის სალონი.

 

ა-–-------–--ის საკუთრებაში არსებული ფართის წინ ერთ მეტრში შესასვლელ კართან განთავსებულია ნაგავშემკრები კონტეინერები, რომლებიც ქმნის ანტისანიტარიას, ხელს უშლის კომერციულ საქმიანობაში. ქმნის გაუსაძლის პირობებს, როგორც საცხოვრებლად, ისე კომერციული საქმიანობისათვის. ზაფხულის პერიოდში, საერთოდ შეუძლებელია კარის გაღება. ამ მიზეზის გამო, დამქირავებლები ხშირად წყვეტენ ქირავნობის ხელშეკრულებას და ტოვებენ ფართს.

 

ზემოაღნიშნული გარემოება, ამცირებს ქონების გაქირავების შედეგად მისაღებ შემოსავალს. იჯარის საბაზრო ფასია 975 აშშ დოლარი, ამ ბუნკერების გამო, მცირდება მისი ფასი 600 აშშ დოლარამდე, სხვაობა შეადგენს 375 აშშ დოლარს. ბუნკერების განთავსებიდან 2016 წლის იანვრიდან სარჩელის შეტანამდე პერიოდში გასულია 33 თვე, რაც შეადგენს 12 375 აშშ დოლარს, საიდანაც მოსარჩელე მხოლოდ 4500 აშშ დოლარს ითხოვს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის 17-46 დადგენილებით დამტკიცდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი. აღნიშნული დადგენილების დანართი N3 განსაზღვრავს დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დარჩენების განკარგვის წესს. თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება თბილისის მთავრობის მიერ ხორციელდება თბილისის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც ხელმძღვანელობს ამ წესით, თბილისის საკრებულოოსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

შპს „თ---–----------------“ წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 21 დეკემბრის N48.03.961 განკარგულებით 2018 წლისმ 31 დეკემბრის ჩათვლით ახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებასა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებას.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-46 დადგენილების მიხედვით, თბილისის დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვილი ნარჩენების განთავსება შესაძლებელია ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ მანქანებში ან ნარჩენების შესაგროვებელ სათავსოებში. ამავე დადგენილების თანახმად, ნარჩენებისათვის განკუთვნილი სათავსოებია კონტეინერები, ურიკები, ურნები და ა.შ. ამავე დადგენილების მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით სათავსოს სახეობა, რაოდენობა და დანიშნულება, მათი განთავსების ადგილი, ნარჩენის გატანის სიხშირე, დრო და პირობები განსაზღვრულია დადგენილი წესით.

 

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მათი სამსახურის მიერ არაერთხელ განხორციელდა ნაგავშემკრები კონტეინერების გადადგილება, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დაპირისპირება და კონფლიქტი მოჰყვა.

 

მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, კონკრეტულად რა გარემოება იწვევს მისთვის საქმიანობის ხელშეშლას, ქალაქში მოქმედი დასუფთავების წესის თანახმად, ნაგავშემკრები ურნები იცლება დღეში ორჯერ და საჭიროების მიხედვით პერიოდულად ხდება მათი ჩანაცვლება. განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში მოპასუხე მოქმედებს ქალაქის ინტერესებისა და მიზნების განხორციელებისათვის. მოპასუხის მოვალეობას წარმოადგენს უზრუნველყოს დედაქალაქის დასუფთავება და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ეფექტური მმართველობის განხორციელება ქალაქის დასუფთავებისათვის. ნაგავშემკრები კონტეინერების ადგილმდებარეობის განსაზღვრისას გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ მოსახერხებელი იყოს მათი დაცლა.

 

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, არ ადასტურებს საიჯარო ქირის გაუფასურების ფაქტს. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებიდან დაახლოებით ერთ მეტრში კონტეინერების განთავსების გამო, საიჯარო ქირის გაუფასურების ალბათობა წარმოადგენს შემფასებლის სუბიექტურ მოსაზრებას.

 

მოპასუხემ სადავოდ გახადა მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ა-–-------–--ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, ქ. თბილისში, ფ--–--–---–-------------ში, პირველ სართულზე, მდებარე N12ა ბინის წინ, სადარბაზოს შესასვლელი კარიდან დაახლოებით ერთ მეტრში, განთავსებულია ნაგავსაყრელი 2 კონტეინერი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

მოპასუხის ახსნა-განმარტება.

ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დგინდება შპს „თ---–----------------ს“ მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება, რამაც ხელყო ა-–-------–--ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების დასადასტურებლად მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

 

1. მისი კუთვნილი ბინის წინ, სადარბაზოს შესასვლელი კარიდან დაახლოებით ერთ მეტრში, განთავსებულია ნაგავსაყრელი კონტეინერები (ბუნკერები). აღნიშნული ბუნკერები ქმნის ანტისანიტარიას, დგას უსიამოვნო სუნი. აღნიშნულის გამო, შემცირდა უძრავი ქონების საიჯარო ფასი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის 17-46 დადგენილებით დამტკიცდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი. აღნიშნული დადგენილების დანართი N3 განსაზღვრავს დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დარჩენების განკარგვის წესს. თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება თბილისის მთავრობის მიერ ხორციელდება თბილისის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც ხელმძღვანელობს ამ წესით, თბილისის საკრებულოოსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

შპს „თ---–----------------“ წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 21 დეკემბრის N48.03.961 განკარგულებით 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებასა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებას.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-46 დადგენილების მიხედვით, თბილისის დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვილი ნარჩენების განთავსება შესაძლებელია ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ მანქანებში ან ნარჩენების შესაგროვებელ სათავსოებში. ამავე დადგენილების თანახმად, ნარჩენებისათვის განკუთვნილი სათავსოებია კონტეინერები, ურიკები, ურნები და ა.შ. ამავე დადგენილების მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით სათავსოს სახეობა, რაოდენობა და დანიშნულება, მათი განთავსების ადგილი, ნარჩენის გატანის სიხშირე, დრო და პირობები განსაზღვრულია დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს „თ---–----------------ს“ მოვალეობაა დედაქალაქის დასუფთავება და ნარჩენების მართვა, რომლის ფარგლებშიც უნდა უზრუნველყოს ნაგავშემკრები სათავსოების განთავსების ადგილის განსაზღვრა, ნარჩენების გატანის სიხშირის, დროისა და პირობების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. ცალსახაა, რომ მისი მოქმედებები, რომელიც ემსახურება ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე ეფექტური მმართველობის განხორციელებას დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სფეროში, ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ წესებს.

 

ამ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს მის კუთვნილ ფართთან, ახლოს განთავსებული ურნების მდებარეობის გამო, არსებულ ანტისანიტარიაზე. ამასთან, სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოპასუხე არ ასრულებს ქალაქში მოქმედი დასუფთავების წესის შესაბამისად, ნაგავშემკრები ურნების დაცლას გარკვეული სიხშირით. განსახილველ შემთხვევაში, ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობა არ დგინდება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის განმარტებებიდან გამომდინარე, ის სადავოდ ხდის თავად კონტეინერების ადგილმდებარეობას. მოქმედი კანონმდებლობით არ არის დეტალურად განსაზღვრული ნაგავშემკრები სათავსოების განთავსების მდებარეობასთან დაკავშირებული რეგულაციები. მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ მოსახერხებელი იყოს მათი დაცლა და გარკვეული მანძილით იყოს დაცილებული საცხოვრებელ კორპუსისაგან. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ცალსახად დგინდება, რომ ტერიტორიიდან კონტეინერების გადატანა არაერთხელ განხორციელდა, თუმცა აღნიშნულმა იმავე ტერიტორიაზე მდებარე სხვა საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მოსარჩელე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ფ--–--–---–--------ზე გარკვეული მანძილით ორი კონტეინერის გადატანა, შესაძლებელია ისე, რომ იგივე დისკომფორტი არ შეუქმნას იმ ტერიტორიაზე განთავსებული სხვა კორპუსის მაცხოვრებლებს.

ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად, წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2017 წლის მარტში გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის მარტში მოსარჩელეს გაქირავებული ჰქონდა ფართი. ამ შემთხვევაში, არ დგინდება, რა ვადით იყო ფართი გაქირავებული. 2018 წლის 09 იანვრის იჯარის ხელშეკრულებით, დასტურდება, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მისი კუთვნილი ბინა გაქირავებული ჰქონდა 12 თვის ვადით. ამავე ხელშეკრულებებიდან დგინდება, მხარეებს შორის შეთანხმებული ქირის ოდენობა 2017 წელს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში - ყოველთვიურად 500 ლარი, ხოლო 2018 წლის ხელშეკრულების შემთხვევაში - თვეში 1875 ლარი.

 

საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით, არ დგინდება, ის გარემოება, რომ იჯარის ხელშეკრულებები ვადაზე ადრე შეწყდა და ამის მიზეზი იყო ნაგავშემკრები ორი კონტეინერიდან გამომდინარე, დისკომფორტი და ანტისანიტარია. ასევე ის გარემოება, რომ 2 ბუნკერის ადგილმდებარეობა გახდა ქირის ფასის განსაზღვრისას ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი.

 

მოსარჩელის მიერ კუთვნილი ქონების ქირის ფასის შემცირების გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნის მიხედვით, შემფასებელს დაევალა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების საიჯარო ქირის ფასის განსაზღვრა. დასკვნის მიხედვით, ძირითად დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს ნაგვის ორი ბუნკერი, რომელიც განთავსებულია არსებული უძრავი ქონების შესასვლელი კარებიდან 2 მეტრში და შესასვლელთან დამაკავშირებელ კიბესთან 1.2მ. დაშორებით. შემფასებლის მოსაზრებით, ამ ორი ბუნკერის გამო დგას არასასიამოვნო სუნი და ის კარის გაღებისას აღწევს შენობაში. იჯარის ფასის განსაზღვრისას გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ამ ბუნკერების ადგილმდებარეობა გავლენას ახდენს ქონების გარე პერიმეტრის ვიზუალურ მხარეზე. საბოლოოდ, სხვადასხვა ფაქტორებისა და ამ გარემოების გათვალისწინებით, უძრავი ქონების ქირის ფასი განსაზღვრა საორიენტაციოდ 975 აშშ დოლარით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა, ადასტურებს საიჯარო ქირის საორიენტაციო ფასს. ამ დოკუმენტით არ დგინდება ბუნკერების ადგილმდებარეობის ზემოქმედება საიჯარო ქირის ღირებულების ცვლილებაზე და მისი ოდენობა. ამ გარემოების გათვალისწინება კვლევის პროცესში წარმოადგენს შემფასებლის სუბიექტურ შეხედულებას, რაც შემკვეთის განმარტებებიდან გამომდინარეობს. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ ქირის ფასზე შეთანხმება წარმოადგენს ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებით პირობას, რომლის ოდენობა განისაზღვრება მხარეების მიერ ბაზარზე არსებული ფასების, სხვა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, იმის თაობაზე, რომ მის ბინასთან ახლოს განთავსებული ბუნკრების გამო, შეუმცირდა გაქირავების შედეგად მისაღები შემოსავალი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 412-ე, 170-ე, მე-8, 115-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს არასახელშეკრულებო (კანონისმიერ) ვალდებულებათა სახეს. იგი წარმოიშობა კანონის ძალით, მხარეთა ნება-სურვილისგან დამოუკიდებლად, რა დროსაც, მხარეთა წინასწარი შეთანხმება ზიანის ანაზღაურების თაობაზე საჭირო არ არის. დელიქტური ვალდებულება მოწოდებულია უზრუნველყოს დარღვეული ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების აღდგენა სამართალდამრღვევის ხარჯზე. სწორედ ამ ვალდებულების ძალით, პირი, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის პირად ან ქონებრივ ინტერესებს, ვალდებულია სრული მოცულობით აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, ხოლო დაზარალებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს განცდილი ზიანის ანაზღაურება.

 

შესაბამისად დელიქტი, როგორც სამოქალაქო სამართალდარღვევა, წარმოშობს გარკვეული სახის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, დელიქტურ პასუხისმგებლობას. დელიქტური პასუხისმგებლობა წარმოადგენს კანონით განსაზღვრული ქონებრივი ხასიათის ზომების იძულებით გამოყენებას იმ პირის მიმართ, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის მატერიალურ ან არამატერიალურ სიკეთეს. აღნიშნული პასუხისმგებლობის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ არსობრივად იგი წარმოადგენს შეფარდებით სამართალურთიერთობას, ანუ ადგენს ერთი პირის ვალდებულებას მეორეს წინაშე და იმავდროულად მიმართულია აბსოლუტური სამართალურთიერთობის დაცვისაკენ, სადაც განსაზღვრულია მხოლოდ ერთი მხარე - სუბიექტური უფლების მატარებელი, მაგალითად, ნივთის მესაკუთრე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლად სამოქალაქო უფლების დარღვევა მიიჩნევა. ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინაღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართლდამრღვევის ბრალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს. იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა. სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიზარება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართალსაწინააღმმდეგო ქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.

 

ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ანაზღაურებაუნარიანი ზიანი. ასეთია სამართლებრივად მნიშვნელოვანი და დაცული ზიანი. ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელია, ვერ ჩაითვლება ასეთად. ქონებრივი ზიანის დადგენა ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, კერძოდ, რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, სანამ მის მიმართ განხორციელდებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მას მიადგებოდა ქონებრივი ზიანი და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, ქონებრივი ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდგომ. ზიანის მოცულობა განისაზღვრება ამ ორ მდგომარეობის შორის სხვაობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ ადასტურებს მისი კუთვნილი უძრავი ქონების გაქირავების შედეგად მისაღები შემოსავლების შემცირების გარემოებას, რაც გამოწვეულია უშუალოდ მის ბინასთან ახლოს განთავსებული 2 ბუნკერის ადგილმდებარეობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.

 

ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს. ამავე კოდექსის 326-ე და 412-ე მუხლებით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ემუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე. მითითებული ნორმების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მან ამ მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე. აღნიშნული პრინციპის დუალისტური ბუნებრიდან გამომდინარე კანონმდებელი ერთმანეთისაგან მიჯნავს კეთილსინდისიერების ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლებები უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება მარტო იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

მართალია, უფლების ბოროტად გამოყენების ზუსტი ფარგლები არ არის დადგენილი სამოქალაქო კოდექსით, მაგრამ უფლების ბოროტად გამოყენებაზე საუბარი შესაძლებელია სამოქალაქო კანონმდებლობის ზოგად ნორმებზე და პრინციპებზე დაყრდნობით. უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის ძირითად პრინციპს წარმოადგენს ის, რომ სამოქალაქო სამართლის ერთი სუბიექტის მიერ უფლების განხორციელებამ არ უნდა ხელყოს მეორე სუბიექტის უფლებები და კანონიერი ინტერესი. სამოქალაქო უფლებათა გამოყენება უნდა ხდებოდეს კეთილსინდისიერად, აღნიშნული უფლებების დანიშნულების შესაბამისად. უფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილე არა მხოლოდ ეყრდნობა თავის უფლებებს, არამედ სცილდება კიდეც მის ფარგლებს და ამ დროს იგი განიხილება როგორც განსაკუთრებულ სამოქალაქო სამართალდარღვევად, რომლის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ სამართალდამრღვევის ქმედება ფორმალურად ეყრდნობა მის უფლებებს, მხოლოდ აღნიშნული უფლებების რეალიზაციის შემდეგ სცილდება იგი დადგენილ ფარგლებს, რის შედეგადაც ირღვევა მესამე პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები და საბოლოოდ გამოდის რომ საკუთარი უფლებების გამოყენება იქცევა სამართალდარღვევად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ორი ბუნკერის იმ საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ განთავსებით, რომელშიც მოსარჩელის ბინა მდებარეობს, შპს „თ---–----------------ს“ მიზანს წარმოადგენდა თბილისის დასუფთავების ვალდებულების შესრულება, რაც ეფუძნება ამ სფეროში მოქმედ შესაბამის კანონმდებლობას. საქმეზე არ არის დადგენილი, რომ მოპასუხე მოქმედებდა დადგენილი წესების დარღვევით ან მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა არაჯეროვან შესრულებას და მისი მოქმედებები მიმართული იყო მოსარჩელისათვის დისკომფორტის შესაქმნელად და მისთვის ზიანის მიყენების მიზნებისაკენ.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახეზე არ არის მოპასუხის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება, რადგან გამოკვეთილია მისი ინტერესი, რაც ემსახურება კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას და მისი ქმედებები არ ემსახურება მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების მიზანს. ამასთან, მოპასუხის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფას ადგილი არ ჰქონია.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხისათვის ზიანის დაკისრების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამ შემთხვევაში, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ა-–-------–--ის სარჩელი მოპასუხე შპს „თ---–----------------ს“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია