გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080210017002033124
N2/2183
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ივნისი 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე - შპს „----------;
წარმომადგენელი - გ--ი ზ----–--ე, ე-–--- გ----–---–ი;
მოპასუხე - ნ---- ჭ---–--ე;
წარმომადგენელი - ა-–---------ე თ-----–-–---–ი;
დავის საგანი - დავალიანების დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ნ---- ჭ---–--ეს შპს „-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 3608.77 ლარის გადახდა.
1.2. ნ---- ჭ---–--ეს შპს „-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის სახით, 2016 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მიუღებელი სარგებელი წლიური 9% ოდენობით, რაც შეადგენს წელიწადში 324.79 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 25 ოქტომბრიდან მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, კერძოდ, მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა საქონელს კონსიგნაციის პირობით. 2017 წლის 14 აგვისტოს მდგომარეობით მისი დავალიანება შეადგენს 3608.77 ლარს, რასაც არ იხდის, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, აღნიშნულით კი აყენებს ზიანს მოსარჩელეს, რადგან დავალიანების თანხის ანაბარზე განთავსების შემთხვევაში, იგი მიიღებდა სარგებელს წლიური 9% ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, მისი განმარტებით, მას მოსარჩელის მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ ნ---- ჭ---–--ემ შპს „-----------ისაგან კონსიგნაციის პირობით შეიძინა სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომლის ღირებულებიდან არ გადაუხდია 3608.77 ლარი, კერძოდ, 2015 წელს წარმოშობილი დავალიანებაა - 3525.19 ლარი, 2016 წელს კი - 83.58 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-თანხის მოძრაობა საბანკო ანგარიშზე (იხ.ს.ფ.14);
- სასაქონლო ზედნადებები (იხ.ს.ფ. 15-49);
-სალაროს შემოსავლის ორდერები (იხ. ს.ფ.50-54);
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ შეძენილი საქონლის ღირებულება სრულად აქვს გადახდილი, რადგან აღნიშნულის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არაა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ნასყიდობის ხელშეკრულებაში მოპასუხის (მყიდველის) მტკიცების ტვირთს წარმოადგენს თანხის გადახდის დადასტურება, კერძოდ, მას შეუძლია სკ-ის 429-ე მუხლის შესაბამისად, წარადგინოს შესრულების გზით ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი სავალო საბუთი, 442-ე მუხლით განსაზღვრული ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა და სხვა, თუმცა ნ---- ჭ---–--ე შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების გასაბათილებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის რომ შპს „-----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 411-ე, 412-ე, 477-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477–ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა. ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე შპს „-----------მა, როგორც გამყიდველმა, მყიდველს ნ---- ჭ---–--ეს საკუთრებაში გადასცა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია. მყიდველმა კი, მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების დარღვევით, მიწოდებული საქონლის ღირებულება გამყიდველს სრულად არ აუნაზღაურა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეზე 3608.77 ლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოსარჩელე ასევე მოითხოვს, მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, გადაუხდელი თანხის წლიური 9% ოდენობით, რაც შეადგენს წელიწადში 324.79 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად, სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოითითებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილი იქნას მხოლოდ იმ ზიანის ანაზაღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიქცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედების და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ.საქმე №ას-459-438-2015).
როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, მყიდველს უნდა გადაეხადა გამყიდველისათვის საქონლის ღირებულება და მათ შორის ასეთი ურთიერთობა გრძელდებოდა წლების განმავლობაში, შესაბამისად, გამყიდველის მიზანს წარმოადგენდა ახალ-ახალი პროდუქციის გასხვისება და არა ნასყიდობის საფასურის ბანკში ანაბარზე განთავსება, ამ გზით სარგებლის მისაღებად. შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე არაა, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს 118 ლარი. იმის გამო, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი 108.26 ლარი, დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად, უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 9.73 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ნ---- ჭ---–--ეს შპს „-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 3608.77 ლარის გადახდა.
2. მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
3. ნ---- ჭ---–--ეს შპს „-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხის 108.26 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 9.73 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე