გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.07.2019
საქმის ნომერი
080210017002142574
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-3073-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი

 

მოსარჩელე: ი/მ ,,ნ------ ზ------ე“;

წარმომადგენელი: დ----- მ-------–---–ი

მოპასუხე: სს ,,ლ-------ი ბ---ი“

წარმომადგენელი: ნ---- კ-------ა

დავის საგანი - იპოთეკის გაუქმება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა 1.1. დაევალოს მოპასუხე სს „ლ-------ი ბ---ს“ იპოთეკის მოხსნა უძრავ ქონებებზე: 1) ს/კ 0----------------------; მისამართი: ქ. თბილისი, ზ---- ფ-----------ლ-ც-–-–---–ის ქუჩა, კორპუსი N6, ბინა 18. 2) ს/კ 8-----------; მისამართი: ქ. თბილისი, მ-----------------ის მეორე შესახვევი N6. მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ არგუმენტებზე: მოსარჩელე არის ინდივიდუალური მეწარმე, რომლის სამეწარმეო საქმიანობის საგანია სალომბარდე მომსახურება კლიენტებზე. კერძოდ, ძვირფასი ნივთების დაგირავება და სესხების გაცემა. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2013 წელს გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ახდენდა სს „ლ-------ი ბ---ში“ ძვირფასი ლითონების დაგირავებას. 2014 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის - სალომბარდე ხელშეკრულება (N225-2014) 900 000 ლარზე, ასევე გირავნობის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონებები. 2016 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით სს „ლ-------ი ბ---ში“ საკრედიტო ხაზი N255-დან გამომდინარე, დავალიანება შეადგენდა 455 077 ლარს, რომელიც შეამცირა თითქმის სამჯერ და 2017 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით დარჩა დავალიანება 163 042 ლარი. 2016 წლის 18 თებერვლის წერილით მოპასუხემ შეთავაზა, რომ მის სახელზე არსებული სესხის (N255-2014) 50 000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) შემცირების შემთხვევაში, თანხა უნდა შეეტანა ანგარიშზე (N----------------------), რომელზეც არ უნდა ფიქსირებულიყო სამართლებრივი შეზღუდვა ინკასო (ყადაღა), მოპასუხე თანახმა იყო მოეხსნა იპოთეკა ორ უძრავ ქონებაზე: 1) ს/კ 0----------------------; მისამართი: ქ. თბილისი, ზ---- ფ-----------ლ-ც-–-–---–ის ქუჩა, კორპუსი N6, ბინა 18 და 2) ს/კ 8-----------; მისამართი: ქ. თბილისი, მ-----------------ის მეორე შესახვევი N6. მოსარჩელე მოპასუხის შემოთავაზებას დათანხმდა. მოსარჩელის მიერ მოპასუხის შემოთავაზება შესრულებული იქნა სრულად და სესხი შეამცირა არა 50000 დოლარით (ექვივალენტი ლარში) არამედ უფრო მეტითაც. მისი არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხემ დღემდე არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, აღნიშნულ უძრავ ქონებებზე არ მოხსნა იპოთეკა, რითაც არ შეასრულა ვალდებულება. მოპასუხის მხრიდან აღებული ვალდებულების შეუსრულებლობით დაირღვა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოპასუხის მიერ უძრავ ქონებებზე იპოთეკის მოხსნის შემდეგ შესაძლებლობა ექნებოდა მოეხდინა ზემოაღნიშნული ქონებების რეალიზაცია და მიღებული თანხებით მთლიანად დაეფარა მოპასუხე სს „ლ-------ი ბ---ში“ არსებული სესხი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს იპოთეკის მოხსნას.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის გაუქმებასთან დაკავშირებით, რადგან არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. 2014 წელს სს „ლ-------ი ბ---სა“ და ი/მ ნ------ ზ------ეს შორის ნამდვილად გაფორმდა სესხის ხელშეკრულება (იგივე საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება), ასევე გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, გაფორმებული აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად.

 

ზემოაღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, სს „ლ-------ი ბ---მა“, ნ------ ზ------ეს შესთავაზა დამატებითი შეთანხმება (მორიგება). მორიგების შესახებ წინადადებით, რაც სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენს ოფერტს, ბ---მა გამოხატა მზადყოფნა, შეთავაზებული პირობის შესრულებისა, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი გამოთქვამდა თანხმობას (აქცეპტს) აღნიშნულზე. მათ შემთხვევაში, ნ------ ზ------ის მხრიდან არ იქნა მიღებული ბ---ის წინადადება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან არ გადაიხადა თანხა, დათქმულ დროსა და შეთანხმებული ოდენობით, რამაც ავტომატურად გამორიცხა ბ---ის მხრიდან იპოთეკის მოხსნის ვალდებულება.

 

სს „ლ-------ი ბ---ის“ შეთავაზება, რაც გულისხმობდა, წერილში მითითებული თანხის, 50 000 აშშ დოლარის ერთიანად შეტანას, ეცნობა მსესხებელს, იგი დაინტერესდა ამ წინადადებით, იყო კიდეც მოსული ბ---ის სათაო ოფისში დეტალების დასაზუსტებლად, თუმცა თანხის გადახდა, შეთანხმებული პირობებით (ერთიანად და ბ---ისთვის მისაღებ ვადაში), მან ვერ მოახერხა, აქედან გამომდინარე, ბ---ის მხრიდან იპოთეკის მოხსნა ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებებზე აღარ განხორციელდა. მართალია, მსესხებელმა ერთიანად 50 000 აშშ დოლარის შეტანა ვერ შეძლო, მაგრამ მან გააგრძელა გადახდა და პერიოდულად შეჰქონდა თანხა სესხის ანგარიშზე, რის სანაცვლოდაც, ბ---თან მიღწეული ახალი მოლაპარაკების საფუძველზე, გაჰქონდა ამავე სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ოქროს ნივთები.

 

მსესხებელმა ნ------ ზ------ემ არაერთხელ მომართა სს „ლ-------ი ბ---ს“ და მოითხოვა იპოთეკის გაუქმება უძრავ ქონებებზე, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ შესრულდა ბ---ის მხრიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ბ---ს არ ჰქონდა ამის ვალდებულება, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმებული და დარეგისტრირებული იპოთეკა უნდა გაუქმდეს.

 

მოპასუხემ აღნიშნა, რომ ბ---ი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ნ------ ზ------ე პერიოდულად იხდიდა თანხას და 2016 წლის 18 თებერვლის შემდეგაც აქვს განხორციელებული არაერთი გადახდა, თუმცა მათ ჰქონდათ სულ სხვა დანიშნულება, თითოეული გადახდის შემდეგ, ბ---ის მხრიდან ხდებოდა სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ოქროს ნივთების გამოსყიდვა და მსესხებლისათვის დაბრუნება, რაც დასტურდება ნივთების გადაცემის შემდეგ, მხარეებს შორის გაფორმებული არაერთი მიღება-ჩაბარების აქტით. დღეის მდგომარეობით, ნ------ ზ------ეს გატანილი აქვს ყველა დაგირავებული ნივთი.

 

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მსესხებელი იხდიდა კრედიტის ფარგლებში ათვისებულ თანხას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის გათვალისწინებით, თუმცა შემდგომ შეწყვიტა გადახდა და გავიდა ვადაგადაცილებაში. იქიდან გამომდინარე, რომ მსესხებლის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა ნებაყოფლობით, ამასთან, ვერ განხორციელდა კრედიტორისათვის მისაღები პირობებით მორიგების პროცესის წარმოება, სს „ლ-------ი ბ---მა“ მიზანშეწონილად მიიჩნია, დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, მსესხებლის მიმართ არსებული მოთხოვნა დაიკმაყოფილოს სასამართლოს მეშვეობით, ამიტომ 2017 წლის 20 ივნისს მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის შეტანის მომენტში არსებული დავალიანების - 224 527.01 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა - 163 042.68 ლარი, პროცენტი - 61 484.33 ლარი) დაკისრება, ასევე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 მოსარჩელე არის ინდივიდუალური მეწარმე 2007 წლის 08 ნოემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 14-15).

 

3.1.2. 2014 წლის 13 მაისს სს „ლ-------ი ბ---სა“ და ი/მ ნ------ ზ------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N255-2014, ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული კრედიტების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შორის გაფორმდა გირავნობის და რამდენიმე იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკით დაიტვირთა ნატალია ხუჭუას (პ/ნ 3----------) უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ზ. ფ-----------ლ-ც-–-–---–ის ქუჩა, კორპუსი N6, ბინა N18, საკადასტრო კოდი: 0---------------------- და შპს „დ--------ის“ (ს/კ 4--------) უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ-----------------ის მეორე შესახვევი N6, საკადასტრო კოდი: 8-----------, რომელიც 2015 წლის 22 სექტემბრიდან წარმოადგენს თ----- ნ------ის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 13 მაისს გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N255-2014 (ს.ფ. 175-178)

- 2014 წლის 13 მაისს გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულება N255 (ს.ფ. 179-181).

- 2015 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულება N255 (ს.ფ. 17-23)

- 2015 წლის 18 მარტს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება N255-2014/8 (ს.ფ. 36-40).

- 2015 წლის 19 მარტს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება N255-2014/9 (ს.ფ. 28-33).

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 24-26, 34-35).

 

3.1.3. მხარეებს შორის სადავო არ არის ის, რომ 2016 წლის 18 თებერვლის წერილით, მოსარჩელის სახელზე არსებული სესხის (N255-2014) 50 000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) შემცირების შემთხვევაში (თანხა უნდა შეეტანა ანგარიშზე N----------------------), რომელზეც არ უნდა ფიქსირებულიყო სამართლებრივი შეზღუდვა ინკასო (ყადაღა), მოპასუხე თანახმა იყო მოეხსნა იპოთეკა ორ უძრავ ქონებაზე: 1) ს/კ 0----------------------; მისამართი: ქ.თბილისი, ზ---- ფ-----------ლ-ც-–-–---–ის ქუჩა, კორპუსი N6. ბინა 18 და 2) ს/კ 8-----------; მისამართი; ქ. თბილისი, მ-----------------ის მეორე შესახვევი N6.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 18 თებერვლის წერილი (ს.ფ. 27).

 

3.1.4. ი/მ ,,ნ------ ზ------ის“ არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, არ მოხსნა იპოთეკა უძრავ ქონებებზე: 1) ს/კ 0----------------------; მისამართი: ქ.თბილისი, ზ---- ფ-----------ლ-ც-–-–---–ის ქუჩა, კორპუსი N6. ბინა 18 და 2) ს/კ 8-----------; მისამართი: ქ. თბილისი, მ-----------------ის მეორე შესახვევი N6.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

- ი/მ ,,ნ------ ზ------ის“ 2017 წლის 16 ივნისის, 2017 წლის 05 აპრილის, 2017 წლის 10 მაისის, 2017 წლის 23 ივნისის განცხადებები. (ს.ფ. 49-58).

 

3.1.5. 2017 წლის 21 თებერვალს სს ,,ლ-------ი ბ---ის“ იმერეთის რეგიონალური ფილიალის მმართველის მიერ გაცემული N9 ცნობით დგინდება, რომ საკრედიტო ხაზი N255-დან გამომდინარე, დავალიანება შეადგენს: 18.02.2016 წელს – 454 077.00 ლარი, დარიცხული % 12 104.26 ლარი, დარიცხული ჯარიმა - 0 ლარი; 21.02.2017 წელს – 163 042.68 ლარი, დარიცხული პროცენტი - 53 122.73 ლარი, დარიცხული ჯარიმა - 0.0 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 21 თებერვალს სს ,,ლ-------ი ბ---ის“ იმერეთის რეგიონალური ფილიალის მმართველის მიერ გაცემული N9 ცნობა (ს.ფ. 42).

- ი/მ ,,ნ------ ზ------ის“ ამონაწერები ანგარიშიდან (ს.ფ. 43-48).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეთა შორის სადავოა ი/მ ,,ნ------ ზ------ის“ მიერ ბ---ისათვის 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, სს ,,ლ-------ი ბ---მა“ გააუქმოს თუ არა უძრავ ქონებებზე იპოთეკა. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო გარემოება არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზეა დამოკიდებული სარჩელის დაკმაყოფილების პერსპექტივები, რაზეც სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი/მ ,,ნ------ ზ------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა და იპოთეკისგან გათავისუფლდეს შემდეგი უძრავი ქონებები: 1) ს/კ 0----------------------; მისამართი: ქ.თბილისი, ზ---- ფ-----------ლ-ც-–-–---–ის ქუჩა, კორპუსი N6. ბინა 18 და 2) ს/კ 8-----------; მისამართი: ქ. თბილისი, მ-----------------ის მეორე შესახვევი N6.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემოებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არა აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს ი/მ ,,ნ------ ზ------ის“ მიერ გადახდილი 50 000 აშშ დოლარი ვალდებულების შესრულებას და ორი უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. აღნიშნული პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ხელშეკრულების თავისუფალი დადების პრინციპი ვრცელდება მოსარჩელესა და მოპასუხეზეც.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

ამავე კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,ლ-------ი ბ---ი“ სამეწარმეო სუბიექტია და ახორციელებს ფულად ოპერაციებს. ი/მ ,,ნ------ ზ------ეს“ სურვილი ჰქონდა თანხის მიღებისა. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. ორივე მხარემ გამოავლინა სესხთან დაკავშირებული ნამდვილი ნება, რაც უნდა გამხდარიყო ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებმა სესხის გაცემაზე და გადახდაზე გამოავლინეს ნება და შეთანხმდნენ კიდეც. ასეთი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია. ნების გამოვლენის საფუძველზე 2014 წლის 13 მაისს სს „ლ-------ი ბ---სა“ და ი/მ ნ------ ზ------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N255-2014, ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული კრედიტების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შორის გაფორმდა გირავნობის და რამდენიმე იპოთეკის ხელშეკრულება, მათ შორის ის ორი იპოთეკა, რომელთა გაუქმებასაც ითხოვს მოსარჩელე (ს/კ 0----------------------; მისამართი: ქ.თბილისი, ზ---- ფ-----------ლ-ც-–-–---–ის ქუჩა, კორპუსი N6. ბინა 18 და ს/კ 8-----------; მისამართი: ქ. თბილისი, მ-----------------ის მეორე შესახვევი N6).

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოპასუხემ სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, მოსარჩელისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ი/მ ნ------ ზ------ე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა გადახდის გრაფიკში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ 2016 წლის 18 თებერვლის წერილით, სს „ლ-------ი ბ---მა“ ნ------ ზ------ეს შეთავაზა მის სახელზე არსებული სესხის (N255-2014) 50 000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) შემცირების შემთხვევაში (თანხა უნდა შეეტანა ანგარიშზე N----------------------), რომელზეც არ უნდა ფიქსირებულიყო სამართლებრივი შეზღუდვა ინკასო (ყადაღა), მოპასუხე თანახმა იყო მოეხსნა იპოთეკა ორ უძრავ ქონებაზე: 1) ს/კ 0----------------------; მისამართი: ქ. თბილისი, ზ---- ფ-----------ლ-ც-–-–---–ის ქუჩა, კორპუსი N6. ბინა 18 და 2) ს/კ 8-----------; მისამართი: ქ. თბილისი მ-----------------ის მეორე შესახვევი N6.

 

დადგენილია და სადავო არაა რომ ი/მ ,,ნ------ ზ------ემ“ მიიღო აღნიშნული წინადადება და მოპასუხეს სრულად გადაუხადა მოთხოვნილი თანხა, მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხემ მის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. ი/მ ,,ნ------ ზ------ის“ მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. სს ,,ლ-------ი ბ---მა“ დაარღვია ვალდებულება და არ გააუქმა იპოთეკა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მოსარჩელემ დაარღვია 2016 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულებით/შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და განმარტა, რომ მოსარჩელემ თანხის გადახდა შეთანხმებული პირობებით (ერთიანად და ბ---ისთვის მისაღებ ვადაში) ვერ მოახერხა, აქედან გამომდინარე ბ---ის მხრიდან იპოთეკის მოხსნა ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებებზე აღარ განხორციელდა, რომელიც არ შეესაბამება ხელშეკრულების/შეთანხმების მოთხოვნებს და ადეკვატურად და ობიექტურად არ ასახავს არსებულ რეალობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი და სარწმუნოდაც არ მიუთითებია, რომ ი/მ ,,ნ------ ზ------ეს“ გარკვეულ ვადაში ერთიანად უნდა გადაეხადა 50000 აშშ დოლარი. მხოლოდ მის განმარტებას კი აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან წერილში აღნიშნულის თაობაზე არაფერია მითითებული.

 

მოპასუხე მიუთითებს იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულების/შეთანხმების პირობა შეიცვალა, რაც გამოიხატა მოსარჩელის მიერ სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ოქროს ნივთების გატანაში. აღნიშნული გარემოების მტკიცებულებად მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს მიღება-ჩაბარების აქტები. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მიღება-ჩაბარების აქტები მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან აღნიშნულით არ დასტურდება, ფაქტი იმის შესახებ, რომ 2016 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულების/შეთანხმების პირობა შეიცვალა, კერძოდ, შეთანხმებისამებრ მოსარჩელის მიერ სესხის თანხის შემცირების შემდეგ (რაც მან განახორციელა) მოპასუხეს უნდა მოეხსნა ქონებებზე არსებული იპოთეკა (რაც არ განახორციელა).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მირ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. სასამართლომ ერთმანეთს უნდა ,,შეაჯიბროს“ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომლებიც ასახავენ სადავო ფაქტობრივ გარემოებას და გადაწყვიტოს, რომელი მტკიცებულება უფრო მყარი და დამაჯერებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები ზეპირად გადმოცემულ ფაქტებს ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ მხარეებისათვის ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი სადაოა, მაშინ ზეპირი განმარტება აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ზეპირად გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდეს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. როგორც განვმარტეთ, ბ---ს ზეპირი განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება არა აქვს. ამიტომაც სასამართლომ არ გაიზიარა კომპანიის მიერ ზემოთ დასახელებული არგუმენტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 18 თებერვლის წერილით (შეთანხმებით) ნაკისრი ვალდებულება ი/მ ,,ნ------ ზ------ის“ მიერ სრულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად არ იქნა შესრულებული. სს ,,ლ-------ი ბ---ი“ სადავო ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი/მ ,,ნ------ ზ------ის“ მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებელია სრულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი სს ,,ლ-------ი ბ---ს“ სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და მასზე სარწმუნოდაც არ მიუთითებია.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 286–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან იპოთეკა არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, აუცილებელია არსებობდეს მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც არსებობს იპოთეკა. თუ არ არსებობს მოთხოვნა, შესაბამისად, არ არსებობს არც მისი უზრუნველყოფის საშუალება.

 

განსახილველ შემთხვევაში ი/მ ,,ნ------ ზ------ის“ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებულია უძრავი ქონება ს/კ 0----------------------; მისამართი: ქ.თბილისი, ზ---- ფ-----------ლ-ც-–-–---–ის ქუჩა, კორპუსი N6. ბინა 18 და ს/კ 8-----------; მისამართი: ქ. თბილისი, მ-----------------ის მეორე შესახვევი N6.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427–ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 292–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება.

 

ამავე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 18 თებერვლის წერილიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე, ი/მ ,,ნ------ ზ------ემ“ ფულადი ვალდებულება სს ,,ლ-------ი ბ---ის“ მიმართ შეასრულა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის გაუქმების თაობაზე საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 100 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხე სს ,,ლ-------ი ბ---ს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი/მ ,,ნ------ ზ------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს იპოთეკა სს ,,ლ-------ი ბ---ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ შემდეგ უძრავ ქონებებზე: 1) ს/კ 0----------------------; მისამართი: ქ.თბილისი, ზ---- ფ-----------ლ-ც-–-–---–ის ქუჩა, კორპუსი N6, ბინა N18 და 2) ს/კ 8-----------; მისამართი: ქ.თბილისი, მ-----------------ის მე-2 შესახვევი N6.

3. მოპასუხე სს ,,ლ-------ი ბ---ს“ ი/მ ,,ნ------ ზ------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა