განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2019
საქმის ნომერი
330100119002964998
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი----------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ---- ო------ს ძე გ-------–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს--------------აიონის სოფელი პ-----------–ი, ქუჩა #--- სახლი #---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ)

 

ადვოკატი - ვ----– უ-------–---–ი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2019 წლის 19 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ---–--–-- კ----------–---–-- ქუჩა #---- მიმდებარედ გ---- გ-------–---–მა, მეუღლეს მ------ ხ-------იას არასრულწლოვანი შვილების ნ---- გ-------–---–ის და გ-------– გ-------–---–ის თანდასწრებით სახის არეში დაარტყა ხელი და კისერში მოუჭირა ხელი ძლიერად, რა დროსაც მ------ ხ-------იამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა გ---- გ-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - რ---- შ-----ს, ნ--- ჯ----ს, ქ------- ე------ის, ა---- ო--–---–ის გამოკითხვის ოქმებს, პირის ამოცნობის ოქმს, პატრულ-ინსპექტორების სამხრე ვიდეო კამერის დათვალიერების ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგ----ც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ---- გ-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

ოჯახში ძალადობა

უდავო მტკიცებულებები:

 

2.4. 2019 წლის 19 მარტს თბილისის ძ---–- თბილისის პოლიციის განყოფილებაში სსიპ ,,112-დან“ შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ძალადობის შესახებ ინფორმაცია ,,112-ს“ მიაწოდა მოქალაქე ქ------- ე------ემ. შეტყობინების ინიციატორი აცხადებდა, რომ თ---–--–-- კ----------–---–-- ქუჩა #---- მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახა, რომ მამაკაცს ცემით მოჰყავდა ქუჩაში ქალბატონი.

 

2.5. შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. დაზარალებულმა მ------ ხ-------იამ გამოძიებაში ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

2.6. ძალადობის თვითმხილველი მოწმის ქ------- ე------ის გამოკითხვის ოქმით სასამართლომ დაადგინა, რომ მოწმე მუშაობს თ---–--–-- კ----------–---–-- ქ.#2-–- მდებარე პიცერია ,,პ------ში’’ მენეჯერის თანამდებობაზე. 2019 წლის 19 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც პიცერიის ვიტრინიდან დაინახა ქუჩაში მიმავალი ახალგაზრდა ქალბატონი ჩვილი ბავშვით ხელში, რომელსაც მიჰყვებოდა დაახლოებით 4 წლამდე გოგონა და მამაკაცი. მამაკაცმა ბავშვიან გოგონას სახეში დაარტყა ხელი, შემდეგ კისერში მოჰკიდა ხელი და ცდილობდა გვერდით გაყვანას. ბავშვიანი გოგონა ტიროდა. მოწმე მივიდა მამაკაცთან და უთხრა თუ რატომ დაარტყა ქალბატონს, მოძალადისგან პასუხად მიიღო ,,ჩემი ცოლია, რასაც მინდა იმას ვუზამო’’. ძალადობის ფაქტის გამო ქუჩაში მოქალაქეები შეგროვდნენ, მათ უშუალოდ დაინახეს ცემის ფაქტი. ამის შემდეგ მოძალადემ მოჰკიდა ხელი 4 წლამდე ბავშვს, ჩასვა ავტომანქანაში და წავიდა. თუმცა წასვლამდე მეუღლეს დაემუქრა ,,სულ ერთია სახლში რომ მოხვალ თავს მოგაჭრიო’’. მსხვერპლი იყო ძალიან შეშინებული, ტიროდა, მოძალადის მიერ სახეში დარტყმული და კისრის არეში მოჭერილი ხელი სიწითლის სახით ეტყობოდა როგ----ც სახეზე, ასევე კისრის არეში. ძალადობის განხორციელებამდე მოწმემ გაიგონა მოძალადის ყვირილი, იგი დაზარალებულს ეუბნებოდა ,,დამიმტკიცე რომ ნამდვილად იქ მუშაობდიო“, ეტყობოდა, რომ მამაკაცი ეჭვიანობდა. ქ------- ე------ემ დარეკა საპატრულო პოლიციაში და განაცხადა მომხდარი ძალადობის შესახებ. პოლიციის მისვლამდე ქ------- ე------ემ დაზარალებული შეიყვანა პიცერიაში, ჰკითხა ვინაობა, დაზარალებულმა განუცხადა, რომ იყო მ------ ხ-------ია, ხოლო მოძალადე მამაკაცი იყო მეუღლე გ---- გ-------–---–ი. პირად საუბარში ასევე განუმარტა, რომ ეს არ იყო ფიზიკური ძალადობის პირველი შემთხვევა, მეუღლე მასზე სისტემატურად ძალადობა, უმიზეზოდ ეჩხუბებოდა და სისტემატურად სცემდა.

 

2.7. ძალადობის თვითმხილველ მოწმესთან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი ძალადობის ვითარების აღდგენის მიზნით. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ქ------- ე------ემ, შემთხვევის ადგილზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში მიუთითა ადგილზე, სადაც 2019 წლის 19 მარტს გ---- გ-------–---–მა მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - მ------ ხ-------იაზე. მოძალადის იდენტიფიცირების მიზნით, ძალადობის თვითმხილველ მოწმესთან ქ------- ე------ესთან ასევე ჩატარდა პირის ამოცნობა. ამოცნობის ოქმის თანახმად, ქ------- ე------ემ ამოსაცნობად წარდგენილ პირთაგან კონკრეტული ინდივიდუალური ნიშნების მითითებით ამოიცნო მოძალადე გ---- გ-------–---–ი და განაცხადა, რომ ამოცნობილმა პირმა 2019 წლის 19 მარტს, თ---–--–-- მ--------–---–-- ქ. #2-–- მდებარე პიცერია ,,პ------ს’’ მიმდებარედ, ქუჩაში ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით.

 

2.8. ძალადობის ჩადენიდან მყისიერად, შეტყობინების საფუძველზე პროცესში ჩაერთო საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის მე-3 სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ ნ--- ჯ----ს გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 19 მარტს, დაახლოებით 16:23 საათზე ,,112-ის’’ მეშვეობით მიღებული იქნა შეტყობინება თბილისში კ----------–---–-- ქ.#---- მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას შეტყობინების ინიციატორმა ქ------- ე------ემ, რომელიც უშუალოდ შეესწრო ძალადობას, მიუთითა პიცერია ,,პ------ზე’’, სადაც ძალადობის შემდეგ მოწმემ დახმარების აღმოჩენის მიზნით შეიყვანა დაზარალებული მ------ ხ-------ია. პატრულ ინსპექტორს პიცერიაში დახვდა დაზარალებული ჩვილი ბავშვით, მეორე არასრულწლოვანი 4 წლის ბავშვი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ძალადობას, მსხვერპლის და მოქალაქეთა განმარტებით წაიყვანა გ---- გ-------–---–მა გაურკვეველი მიმართულებით, ამ გარემოებასაც მსხვერპლი ძალიან განიცდიდა. მოწმის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, დაზარალებული იყო აღელვებული და აცხადებდა, რომ მეუღლემ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ქუჩაში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში და შემდეგ კისერში მოუჭირა ხელი. მსხვერპლმა პოლიციელს დაუდასტურა, რომ ძალადობის გამო განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მას სახეზე ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი სიწითლის სახით. დაზარალებული პოლიციელთან აღნიშნავდა, რომ ეს არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა, თანაცხოვრების პერიოდში გ.გ-------–---–ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არაერთხელ მიუყენებია.

 

2.9. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის მე-3 სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ რ---- შ-----ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 19 მარტს, დაახლოებით 16:23 საათზე ,,112-ის’’ მეშვეობით მიღებული იქნა შეტყობინება თბილისში კ----------–---–-- ქ.#---- მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას შეტყობინების ინიციატორმა ქ.ე------ემ რომელიც ამავდროულად იყო ფიზიკური ძალადობის თვითმხილველი, მიუთითა პიცერია ,,პ------ზე’’, სადაც ძალადობის შემდეგ მოწმემ დახმარების აღმოჩენის მიზნით შეიყვანა დაზარალებული მ------ ხ-------ია. პატრულ ინსპექტორს პიცერიაში დახვდა დაზარალებული ჩვილი ბავშვით, მსხვერპლი იყო აღელვებული და აცხადებდა, რომ მეუღლემ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ქუჩაში სცემა. შემდეგ მოძალადემ გააჩერა ტაქსი და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა მათი 4 წლის შვილი. დაზარალებულს კისრის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები.

 

2.10. მოწმეების ნ--- ჯ----ს და რ---- შ-----ს გამოკითხვის ოქმებით ასევე დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე ისინი სამხრე კამერებით გამოცხადდნენ და კამერებზე აღბეჭდეს ადგილზე არსებული ვითარება და მსხვერპლთან ინტერვიურება. გამოძიებაში დათვალიერდა მოწმეთა მიერ დასახელებული სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერები. დათვალიერების ოქმის თანახმად, ერთ-ერთ ჩანაწერში ჩანს მაღაზია ,,პ----–-------ს’’ (თბილისი, მ--------–---–-- ქუჩა) წინ შეკრებილი მოქალექეები, რომლებიც აცხადებენ, რომ დაინახეს ქალი და კაცი, ,,კაცი ურტყამდა ქალს და შემდეგ ბავშვი წაიყვანა და წავიდაო’’. პატრული შედის პიცერიის შიდა პერიმეტრზე სადაც ხვდება მსხვერპლი, რომელიც კვებავს ჩვილ ბავშვს და ტირის. ოფიცერს წარუდგინა თავი, რომ არის მ------ ხ-------ია, ცხოვრობს პ-----------–ში, თბილისში ჩამოვიდა მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, ძ---–- სამსახურიდან საბუთების წამოსაღებად. გ.გ-------–---–ი ეჭვიანობდა და სწორედ ეჭვიანობა გახდა ქუჩაში ფიზიკური ძალადობის მიზეზი. მსხვერპლი პატრულებს უყვება, რომ ეს არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა, დაახლოებით ორი წლის წინ ძალადობასთან დაკავშირებით გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი. დაზარალებულს შეეთავაზა თავშესაფარში გადაყვანა, ვინაიდან იგი აცხადებდა რომ წასასვლელი არსად ჰქონდა და არც ნათესავები არ ჰყავდა.

 

2.11. ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის მ----- ხ-------იას დაცვის მიზნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი #0-----. შემაკავებელი ორდერის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს მ------ ხ-------ია აღწერილია მსხვერპლის მიერ ორდერის გამომწერი პირისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით 2019 წლის 19 მარტს გ---- გ-------–---–მა ფიზიკურად იძალადა მასზე.

 

2.12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ძალადობის მსხვერპლი მ----- ხ-------ია მცირეწლოვან შვილებთან ერთად გადაყვანილი იქნა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ქალაქ გ----–-- კ-----–---–ის ქ.---–--

 

2.13. გამოძიების ეტაპზე გამოიკითხა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარის ფსიქოლოგი გ---–----- ს----–ია. მოწმის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მსხვერპლი მ------ ხ-------ია მცირეწლოვან შვილებთან ერთად მოთავსებული იყო ქალაქ გ----ის თავშესაფარში. მსხვერპლმა მ------ ხ-------იამ ფსიქოლოგს ინტერვიურების დროს დაუდასტურა, რომ დაოჯახებულია გ---- გ-------–---–ზე, ჰყავთ შვილები 2015 წელს დაბადებული მ------ გ-------–---–ი და 2019 წელს დაბადებული გ-------– გ-------–---–ი. 2019 წლის 19 მარტს სოფლიდან ჩამოვიდა თბილისში მეუღლესა და შვილებთან ერთად. მ--------–---–-- ქუჩაზე მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ბავშვების და მოქალაქეების თანდასწრებით. ფაქტის თვითმხილველმა მოქალაქემ დარეკა საპატრულო პოლიციაში, ხოლო გ.გ-------–---–მა დატოვა შემთხვევის ადგილი შვილთან ნ---- გ-------–---–თან ერთად. ფსიქოლოგის გამოკითხვის ოქმით ასევე დასტურდება, რომ იგი ინტენსიურად აწარმოებდა შეხვედრებს ძალადობის თვითმხილველ 4 წლის ნ---- გ-------–---–თან, რომელიც პირველივე დღიდან იყო დათრგუნული. მშობლებთან დაკავშირებით საუბარს თავს არიდებდა და იწყებდა ტირილს. ბავშვის ემოციური ფონი იყო უარყოფითად დატვირთული. მამის მხრიდან ქცევა რასაც იგი შეესწრო მისთვის არის მტკივნეული, არ უნდა მეხსიერებაში დაიტოვოს მამის ცუდი საქციელი, რაც იწვევს ბავშვში დიდ სტრესს, ძალადობის თემა მისთვის არის მატრავმირებელი საკითხი.

 

2.14. ბრალდებულმა გ---- გ-------–---–მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დასკვნით და საბოლოო სიტყვაში აღიარა დანაშაული და დაადასტურა, რომ 2019 წლის 19 მარტს, ქუჩაში ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე მ------ ხ-------იაზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.

 

2.15.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა გ---- გ-------–---–მა 2019 წლის 19 მარტს ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - მ------ ხ-------იაზე, ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა რომ მსხვერპლზე ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.

 

2.16. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგ----ც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგ----ც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა გ---- გ-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3.3. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ---- გ-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ---- გ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობის ჩადენა საჯარო სივრცეში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და დანაშაულის რეციდივი.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

5.4. ბრალდებულის პასუხისმგებლობას ამძიმებს რამდენიმე გარემოება: დანაშაული ჩადენილი იქნა დემონსტრაციულად საჯარო სივრცეში, მოქალაქეების თანდასწრებით, რაც ხაზს უსვამს მოძალადის ძალადობრივ ამბიციას და დაუსჯელობის განცდას, მას არ აბრკოლებს ის გარემოება, რომ ძალადობას ბავშვები და უცხო ადამიანები უყურებენ, უფრო მეტიც, იგი ახდენს ძალის დემონსტრირებას და ხაზგასმას, რომ მსხვერპლი არის მისი მეუღლე და როგ----ც საჭიროდ ჩათვლის ისე მოექცევა - ამონარიდი პატრულ ინსპექტორის სამხრე კამერის ჩანაწერის დათვალიერების ოქმიდან, მოქალაქეებმა პატრულ ინსპექტორებს განუცხადეს, რომ მათ აღშფოთებაზე მოძალადემ მიუთითათ ,,ჩემი ცოლია, რასაც მინდა იმას ვუზამო“. საჯარო სივრცეში მოძალადის ძალადობრივი ქცევა, ამ ქცევის ხარისხი, ხერხი და საქმეში წარმოდგენილი გარემოებები (მათ შორის მსხვერპლის ინტერვიურება პატრულებთან) მიუთითებს, რომ ძალადობა გასცდა დახურულ სივრცეს და გადაინაცვლა ქუჩაში. პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ფსიქოლოგიური ძალადობის სიხშირეზე და მსხვერპლის პირადი ინტერესების უგელებელყოფაზე - ამონარიდი სამხრე კამერის ჩანაწერის დათვალიერების ოქმიდან - პატრულის კითხვაზე მსხვერპლი აცხადებს, რომ მეუღლე არის ეჭვიანი და მუდმივად პოულობს ჩხუბის მიზეზს, გარდა აღნიშნულისა შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში, პატრულის მიერ მსხვერპლისთვის დასმულ კითხვაზე ,,მოძალადე გაკონტროლებთ (აკონტროლებს თქვენს გადაადგილებას, მიწერ-მოწერას, ჩაცმულობას, სხვა პირებთან ურთიერთობას და ა.შ)? - მ------ ხ-------იას პასუხი არის ,,კი“. ,,მოძალადემ თუ შეუზღუდა შრომის უფლება, ან წვდომა საკუთრებაზე, თანხაზე, საკვებზე ან/და ოჯახში არსებულ სხვა რესურსზე - მ------ ხ-------იას პასუხი არის ,,კი“. პასუხისმგებლობას ამძიმებს და განსაკუთრებულ აგრესიულ ქცევაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ძალადობა ჩადენილი იყო მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ არასრულწლოვანი 4 წლის ნ---- გ-------–---–ის ემოციური ფონი უარყოფითად დაიტვირთა, როგ----ც ეს ფსიქოლოგის გ---–----- ს----–იას გამოკითხვის ოქმით დგინდება. ბავშვის თანდასწრებით ძალადობის ჩადენამ შესაძლოა სავალალო ზემოქმედება იქონიოს მის ფსიქიკასა და შემდგომ განვითარებაზე, დაუნგრიოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდა. გარდა ამისა, ძალადობის განსაკუთრებულ სისასტიკეზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მსხვერპლი ძალადობის დროს იყო ახლად ნამშობიარები, მეძუძური დედა, დაახლოებით 1 თვის - ჩვილი ბავშვით ხელში, მსხვერპლის მდგომარეობა და ჩვილი ბავშვის ასაკი განსაკუთრებულ მზრუნველობას, მოვლას და თანადგომას საჭიროებდნენ, რაც ბრალდებულმა არ გაითვალისწინა. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ასევე დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ (დასტურდება შემაკავებელი ორდერის ოქმით).

 

5.5. გარდა 5.4. პუნქტში მითითებული გარემოებებისა, პასუხისმგებლობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის - რეციდივი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის განაჩენით გ---- გ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რასაც საქართველოს სსკ-ის 67-ე, 59-ე მუხლების თანახმად დაემატა წინა - ს--------------აიონული სასამართლოს 2007 წლის 2-------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით და ჯარიმა 4 900(ოთხი ათას ცხრაასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ გ---- გ-------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 4 900 (ოთხი ათას ცხრაასი) ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის `ამნისტიის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე, გ---- გ-------–---–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 2(ორი) წლით, 7(შვიდი) თვით და 15(თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი ჯარიმის ნაწილში დარჩა უცვლელი, ვინაიდან ამნისტიის აქტი სასჯელის ამ სახეზე არ ვრცელდებოდა. კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 2 აპრილის წერილით დგინდება, რომ მსჯავრდებულ პირს ჯარიმა გადახდილი არ აქვს და მიმდინარეობს იძულებითი საააღსრულებო მოქმედებები. ნასამართლობის მხედველობაში მიღებით სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.

 

5.6. დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას: ბრალის აღიარებას, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ ბრალდებულმა უდავოდ გახადა მტკიცებულებები და ამით დაიზოგა მართლმსაჯულების რესურსი, ეს ყოველივე აისახება სასჯელის ზომაზე (არ განისაზღვრება მაქსიმალური სასჯელი) და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის პრინციპზე შთანთქმის წესის გამოყენების თვალსაზრისით, თუმცა არა სასჯელის მოხდის წესზე - პირობითი მსჯავრის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნაზე როგ----ც ამას დაცვის მხარე ითხოვს. დაცვის მხარის პოზიცია, რომ არ უნდა მოხდეს ბრალდებულის იზოლაცია ოჯახისგან ვინაიდან ჰყავს 5 არასრულწლოვანი შვილი 2 ქორწინებიდან და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი (მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა) ვერ გადაწონის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს. არასრულწლოვანი შვილების ყოლა გარკვეულწილად მიიღება მხედველობაში, თუმცა ვერ გახდება გადამწყვეტი ფაქტორი სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრის დროს, ვინაიდან არასრულწლოვანი პირების საუკეთესო ინტერესი არ გამოიხატება მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერაში, არამედ აუცილებელია ბავშვებს ოჯახში ჰქონდეთ მშვიდ, თბილ, უკონფლიქტო ურთიერთობებზე დამყარებული სოციალური გარემო და ისინი არ უნდა ხდებოდნენ ძალადობის თვითმხილველები, რაც მათ ფსიქიკურ ტანჯვას განაპირობებს. ძალადობის სიხშირიდან (არ იყო ძალადობის პირველი ფაქტი, მსხვერპლმა ქ. ე------ეს დაუდასტურა, რომ მეუღლე სისტემატურად სცემს), დემონსტრირებიდან (ჩადენილია ქუჩაში) და მუქარის შემცველი ტექსტიდან (,,სულ ერთია სახლში რომ მოხვალ თავს მოგაჭრიო’’ - მოწმე ქ------- ე------ის გამოკითხვის ოქმი) გამომდინარე არსებობს რისკი იმისა, რომ ბრალდებულმა შესაძლოა გააგრძელოს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა და სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უნდა დაინიშნოს სასჯელის უფრო მკაცრი სახე, ვინაიდან ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების და რეციდივის მხედველობაში მიღებით გ---- გ-------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საბოლოო სასჯელი კი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით (განაჩენთა ერთობლიობით).

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---- გ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

2.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 2 (ორი) წლის ვადით სრულად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 4 900 (ოთხი ათას ცხრაასი) ლარი და გ---- გ-------–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

3. გ---- გ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 15 მაისიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 20 მარტიდან - 2019 წლის 1 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

4. გაუქმდეს გ---- გ-------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა