გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ 031210018002647564
საქმე№2/636-2018წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2019 წელი ქობულეთი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო
ქობულეთის მუნიციპალიტატში
მოსამართლე - კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი - ხათუნა ლორთქიფანიძე
მოსარჩელე - მ-----------------
წარმომადგენელი - ნ------------–---
მოპასუხე - გ-----------------
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. არასრულწლოვანი შვილის - 2012 წლის 17 აგვისტოს დაბადებული ალ---------------- სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 26 სექტემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
1.2. მოპასუხე არ დაეთანხმა ალიმენტის სახით არასრულწლოვანი შვილის - 2012 წლის 17 აგვისტოს დაბადებული ალ---------------- სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრებას ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მ----------------- და მოპასუხე გ----------------- ცხოვრობენ ცალ-ცალკე; არასრულწლოვანი შვილი - 2012 წლის 17 აგვისტოს დაბადებული ალეკო დიასამიძე ცხოვრობს დედასთან - მ-----------------სთან .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).
3.1.2. მოსარჩელე მ----------------- ამჟამად უმუშევარია, ზრდის არასრულწლოვან შვილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე მ-----------------ს და მოპასუხე გ-----------------ს 2012 წლის 17 აგვისტოს შეეძინათ შვილი ალეკო დიასამიძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა .
3.2.2. მოპასუხე გ----------------- ცხოვრობს მეუღლესთან, ყავს არასრულწლოვანი შვილი - 2018 წლის 30 სექტემბერს დაბადებული ა-------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).
3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტს, იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს გააჩნია შემოსავალი, რითაც შეუძლია უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის - 2012 წლის 17 აგვისტოს დაბადებული ალ---------------- ნორმალური რჩენა-აღზრდის ხარჯები. მართალია, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მოპასუხე მხარის ოფიციალური შემოსავლების შესახებ მონაცემები, მაგრამ თავად მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებების საფუძველზე დგინდება,რომ საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის საფუძველზე იგი არის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული და საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას ასევე, მოპასუხის განმარტებით ის ყოვეთვიურად ფარავს ვალებს, ასევე თავის შესაძლებლობაზე განმარტავს რომ ყავს მეორე ქორწინებიდან არასრულწლოვანი შვილი 2018 წლის 30 სექტემბერს დაბადებული ა------------------- საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გ------------------ პირად, ასევე ოჯახის ხარჯებს ფარავს სხვა პირი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1198-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს მხარეთა, მათ შორის ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. ამასთან აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნებს, ანუ - საარსებო მინიმუმს. ალიმენტვალდებულის უმუშევრობა, თუ ეს არაა გამოწვეული ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ უარი თქვას არასრულწლოვანის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაზე და არ დაავალდებულოს მშობელი, გადაიხადოს ალიმენტი.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს გააჩნია შემოსავალი, აქვს შესაძლებლობა ყოველთვიურად დაფაროს ვალი, უზრუნველყოს თავისი და ოჯახის წევრების რჩენა, რაც არ გამორიცხავს მისი თვითდასაქმების და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 26 სექტემბრიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა არასრულწლოვანი შვილის - 2012 წლის 17 აგვისტოს დაბადებული ალ---------------- სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მ----------------- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე გ-----------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მ------------------ სარჩელი გ------------------ მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2 გ-----------------ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2012 წლის 17 აგვისტოს დაბადებული ალ---------------- სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2018 წლის 26 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
3. გ-----------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მეშვეობით (ქ. ქობულეთი, თავისუფლების ქ. №21) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე კობა გოცირიძე