გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/33951-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - სს „ფი---------------------–--“
წარმომადგენელი - ლა–--------ე
მოპასუხეები - ზა-----------------ი, გუ------------------ი, ნა-----------ი
გუ------------------ის წარმომადგენელი - ლი---–------ე
დავის საგანი- ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზა-----------------ს, გუ------------------სა და ნა-----------ს სს „ფი---------------------–--ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 5331.02 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3951.53 ლარი, პროცენტი - 128.40 ლარი და პირგასამტეხლო - 1251.09 ლარი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 19 ოქტომბერს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელმა ზა-----------------მა სს „ფი---------------------–--საგან“ სესხის სახით მიიღო 27 000 ლარი, 18.10.2018წ.-მდე, ანუ 729 დღით. სესხით სარგებლობისათვის განისაზღვრა საპროცენტო განაკვეთი წლიური 18.95%-ის ოდენობით. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, ასევე განისაზღვრა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1%-ის ოდენობით, თუმცა მხოლოდ 60 კალენდარული დღის განმავლობაში.
სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გუ------------------თან და ნა-----------თან. თავდებთა პასუხისმგებლობა განისაზღვრა 32 660 ლარის ოდენობით.
მსესხებელს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე, გადახდილი აქვს ჯამში 28 704.39 ლარი, საიდანაც 23 048.47 ლარით დაიფარა სესხის ძირითადი თანხა, 5 511.94 ლარით საპროცენტო სარგებელი, ხოლო 143.98 ლარით პირგასამტეხლო.
2018 წლის 20 აგვისტოდან მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს - 5331.02 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 3951.53 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 128.40 ლარი და პირგასამტეხლო 1251.09 ლარი. მოსარჩელის განმარტებით პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა ვადაგადაცილებიდან მხოლოდ 60 კალენდარული დღის განმავლობაში. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოთხოვნილი საპროცენტო სარგებელი წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს, რასაც მოსარჩელე მიიღებდა მოპასუხის მიერ ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მსესხებელსა და თავდებ პირებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები და მიეცათ დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა მათვის წერილების ჩაბარება ვერ მოხერხდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებს ზა-----------------სა და ნა-----------ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, ხოლო მოპასუხე გუ------------------მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში. დარჩენილ ნაწილში არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას. ამასთან, მიუთითა, რომ პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%, არის შესაბამოდ მაღალი ოდენობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 19 ოქტომბერს სს „ფი---------------------–--სა“ და ზა-----------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ზა-----------------მა სესხის სახით მიიღო - 27 000 ლარი შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 19.10.2016წ.-დან 18.10.2018წ.-მდე, ანუ 729 დღე; საპროცენტო განაკვეთი - წლიური 18.95%; სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნა საურავი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1.0%-ის ოდენობით. ამასთან, განისაზღვრა, რომ საურავი დაერიცხებოდა მხოლოდ 60 კალენდარული დღის განმავლობაში. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 19.10.2016წ. სესხის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 17-20);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. 19.10.2016წ. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 19 ოქტომბერს სს „ფი---------------------–--სა“ და გუ------------------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გუ------------------მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ზა-----------------სა და სს „ფი---------------------–--ს“ შორის არსებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაეფარა როგორც სესხის მთლიანი თანხა, ასევე სესხზე დარიცხული სარგებელი, შესაძლო საურავი და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სხვა ხარჯი. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 32 660 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 19.10.2016წ. თავდებობის წერილი (იხ. ს.ფ. 22-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,სხდომის ოქმი);
3.1.3. 19.10.2016წ. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 19 ოქტომბერს სს „ფი---------------------–--სა“ და ნა-----------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნა-----------მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ზა-----------------სა და სს „ფი---------------------–--ს“ შორის არსებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში დაეფარა როგორც სესხის მთლიანი თანხა, ასევე სესხზე დარიცხული სარგებელი, შესაძლო საურავი და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სხვა ხარჯი. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 32 660 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 19.10.2016წ. თავდებობის წერილი (იხ. ს.ფ. 24-25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. ზა-----------------ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „ფი---------------------–--ს“ შორის 19.10.2016წ. დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ სესხის დაფარვის მიზნით, ჯამში გადახდილ იქნა - 28 704.39 ლარი, საიდანაც 23 048.47 ლარით დაიფარა სესხის ძირი თანხა, 5 511.94 ლარით საპროცენტო სარგებელი, ხოლო 143.98 ლარით დარიცხული პიგასამტეხლო. მსესხებელს 2018 წლის 20 აგვისტოდან აღარ განუხორციელებია გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდების ისტორია (იხ. ს.ფ. 36-37);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.5. მსესხებელს - ზა-----------------ს 2018 წლის 07 ნოემბერს, ხოლო თავდებ პირებს - გუ------------------სა და ნა-----------ს 2018 წლის 22 სექტემბერს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები 19.10.2016წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ, მათთვის შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილები და უკუგზავნილები (იხ. ს.ფ. 29-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ფი---------------------–--ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 411-ე, 417-418-ე, 420-ე, 867-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ, ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ 2016 წლის 19 ოქტომბერს სს „ფი---------------------–--სა“ და ზა-----------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ზა-----------------მა სესხის სახით მიიღო - 27 000 ლარი შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 19.10.2016წ.-დან 18.10.2018წ.-მდე, ანუ 729 დღე; საპროცენტო განაკვეთი - წლიური 18.95%; სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნა საურავი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1.0%-ის ოდენობით. ამასთან, განისაზღვრა, რომ საურავი დაერიცხებოდა მხოლოდ 60 კალენდარული დღის განმავლობაში. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. კერძოდ, მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია ასევე, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „ფი---------------------–--ს“ შორის 19.10.2016წ. დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ სესხის დაფარვის მიზნით, ჯამში გადახდილ იქნა - 28 704.39 ლარი, საიდანაც 23 048.47 ლარით დაიფარა სესხის ძირი თანხა, 5 511.94 ლარით საპროცენტო სარგებელი, ხოლო 143.98 ლარით დარიცხული პიგასამტეხლო. თუმცა, მსესხებელს 2018 წლის 20 აგვისტოდან აღარ განუხორციელებია გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდა. ამასთან, მსესხებელსა და თავდებ პირებს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ, მათთვის შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა.
ამდენად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 19.10.2016წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 3951.53 ლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სს „ფი---------------------–--სა“ და ზა-----------------ს შორის 19.10.2016წ. დადებული სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1.0%-ის ოდენობით, თუმცა მხოლოდ 60 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს სს „ფი---------------------–--ს“ გამოიყენოს მოპასუხის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 125 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 1251.91 ლარისა.
6.3. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის - 128.40 ლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნული საპროცენტო სარგებელი წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს, რასაც მოსარჩელე მიიღებდა მოპასუხის მიერ ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამასთან, როგორც სარჩელზე დართული სესხის დაფარვის გრაფიკიდან ირკვევა, ზემოთ დასახელებული საპროცენტო სარგებლის ოდენობა წარმოადგენს იმ სამი თვის საპროცენტო სარგებლის ოდენობას, რაც მსესხებელს უნდა გადაეხადა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (total reparation-ის პრინციპი). ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა, თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
ამრიგად, ზემოთ აღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია სს „ფი---------------------–--ს“ მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით, მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლებისადმი შესაბამისობას განსაზღვრას სარჩელის ფაქტობრივი ნაწილი. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია, სასამართლოს მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომელიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას, რადგან მოთხოვნა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. სს „ფი---------------------–--ს“ სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ნაწილში არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას სავალდებულო წინაპირობების სახით, რაც შესაძლებლობას მისცემს სასამართლოს შეაფასოს მოთხოვნა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში.
ამდენად, მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, თუმცა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მას არ მიუთითებია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რითიც უცილობლად დადასტურდებოდა მისი ინტერესი აღნიშნული მოთხოვნის მიმართ და რაც განაპირობებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტით მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას. შესაბამისად, სასაამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით - 128.40 ლარის დაკისრების თაობაზე.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, კი თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
თავდებობის ხელშეკრულება ცალმხრივია და კრედიტორს მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თავდების მიმართაც. ამიტომ თავდებობის ხელშეკრულებაში თავდები შეიძლება გამოდიოდეს მოვალის როლშიც. მას ძირითად მოვალესთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულებისათვის. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ იგი მიიღოს კრედიტორმა და დარწმუნდეს, რომ ამ დოკუმენტში გამოხატული ნება ნამდვილად გამომდინარეობს ხელშეკრულების მხარისაგან. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, ასევე საჭიროა თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 19.10.2016წ. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 19 ოქტომბერს სს „ფი---------------------–--სა“ და გუ------------------ს, ასევე სს „ფი---------------------–--სა“ და ნა-----------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც გუ------------------მა და ნა-----------მა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ზა-----------------სა და სს „ფი---------------------–--ს“ შორის არსებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაეფარათ როგორც სესხის მთლიანი თანხა, ასევე სესხზე დარიცხული სარგებელი, შესაძლო საურავი და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სხვა ხარჯი. თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად ორივე შემთხვევაში განისაზღვრა 32 660 ლარი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეები - გუ------------------ი და ნა-----------ი (თავდები პირები) ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს მოსარჩელის წინაშე და ვალდებულები არიან სოლიდარულად გადაიხადონ სს „ფი---------------------–--ს“ მიმართ არსებული დავალიანება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მოთხოვნილი და დაკისრებული დავალიანების ოდენობა არ აღემატება თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრულ თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 159.93 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე - 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს - ზა-----------------ს, გუ------------------სა და ნა-----------ს მოსარჩელე სს „ფი---------------------–--ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 122.3 ლარის გადახდა, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. თუმცა, ვინაიდან მოპასუხე გუ------------------მა მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ - სესხის ძირი თანხის (3951.53 ლარი) მოთხოვნის ნაწილში, მისი სოლიდარული ვალდებულება უნდა განისაზღვროს მხოლოდ 3.75 ლარით. დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
მოპასუხეებს, ასევე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის გაწეული ხარჯის - 11 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნომებრის განჩინებით, სს ,,ფი---------------------–--ს” შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და მოპასუხე გუ------------------ს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომლის რეკვიზიტებია: ქალ---------–---------------------------------, 33.5--------------------------------------------------------.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-269-ე,364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ფინკა ბანკის საქართველოს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს - ზა-----------------ს, გუ------------------სა და ნა-----------ს სს ,,ფი---------------------–--ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 4 076.53 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3951.53 ლარი და პირგასამტეხლო - 125 ლარი.
2. მოპასუხეებს - ზა-----------------ს, გუ------------------სა და ნა-----------ს სს ,,ფი---------------------–--ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 122.3 ლარის (გუ------------------ის სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვროს 3,75 ლარით), სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის გაწეული ხარჯის - 11 ლარის გადახდა.
3. სს „ფი---------------------–--ს“ სარჩელი ზა-----------------ის, გუ------------------ისა და ნა-----------ის მიმართ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე