გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.04.2019
საქმის ნომერი
020310018002617116
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310018002617116 (3/161-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10.04.2019 ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე გი-------------ა

წარმომადგენელი იზ--–----ა, იო---------–-ა,მოპასუხე სა---------–------------–---------------------რა, ზუ-------------------–-----------------რა

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სა---------–------------–---------------------რისთვის გი-------------ას უკანონოდ დაკავების, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ გამოყენების გამო დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 14571,90 ლარის ოდენობით (მ/შ სამსახურიდან დათხოვნის გამო მიუღებელი ხელფასი 7080 ლარი, ადვოკატის ჰონორარი 5100 ლარი, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისასანგარიშზე ჩარიცხული 1720 ლარი, ექსპერტიზის საფასური 671,90 ლარი).

 

1.2. სა---------–------------–---------------------რისთვის გი-------------ას უკანონოდ დაკავების, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ გამოყენების გამო დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 50000 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

საქ--------–------------–----------------------რამ არ ცნო სარჩელი და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივიგარემოებები

 

3.1. 17.03.2017 წ გი-------------ას წარედგინა ბრალდება დანაშაულის ნიშნებით, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

გი-------------ა დააკავეს 16.03.2017 წ.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 19.03.2017 წ განჩინებით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა და ის შეასახლეს ქუთაისის #2 პენიტენციურ დაწესებულებაში. დაცვის მხარე შუამდგომლობდა გირაოს შეფარდებას, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა უარყოფილ იქნა.

 

მოცემულ საქმეზე სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებდა ზუ-------------------–-----------------რა.

 

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობდა 8 თვის და 11 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში დაცვის მხარემ ოთხჯერ მიმართა სასამართლოს შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი (5000 ლარის ოდენობით) შერჩევის შესახებ, თუმცა ეს შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული შუამდგომლობების საპასუხოდ ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვდა გი-------------ას მიმართ გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი

- დადგენილება პირის ბრალდების შესახებ

-განჩინება ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ

-წინასასამართლო სხდომის ოქმი

-საოქმო განჩინება, ამონაწერი 04.05.2017 წ სასამართლო სხდომის ოქმიდან

 

3.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 27.11.2017 წ განჩინებით ბრალდებული გი-------------ას მიმართ შეწყდა სს დევნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და ის გაათავისუფლეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

27.11.2017 წ სხდომაზე ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ უარი თქვა გი-------------ას მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე და იშუამდგომლა საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

გი-------------ამ პატიმრობაში გაატარა 8 თვე და 11 დღე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან 27.11.2017 წ.

 

3.3. გი-------------ას ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ მან საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნისას მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა, რაც გამოიწვევდა მის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა #003302518

 

3.4. პენიტენციურ დაწესებულებაში მოსარჩელის ყოფნის პერიოდში გი-------------ას უკანონოდ დაკავებასთან, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უკანონოდ მიცემასთან, აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავსირებით გარებული აქვს შემდეგი ხარჯები: ადვოკატის ჰონორარი 5100 ლარი, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას ანგარიშზე ჩაურიცხეს 1720 ლარი, საიდანაც გაიხარჯა 1619,68 ლარი, ექსპერტიზის საფასური 671,90 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ადვოკატის ჰონორარის გადახდის ქვითრები

-სს სახალხო ბანკის მიერ გაცემული ამონაწერი გი-------------ას ანგარიშიდან

-ექსპერტიზის საფასურის გადახდის ქვითრები

 

3.5. გი-------------ა 08.02.2016 წ წ-დან 01.01.2017 წ-მდე მუშაობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივირესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის კოლხეთის სატყეო უბნის ტყის მცველის თანამდებობაზე.

 

ის 01.01.2017 წ-დან გადაყვანილია ამავე სამსახურის კოლხეთი-მარტვილის სატყეო უბნის ტყის მცველის თანამდებობაზე.

17.03.2017 წ-დან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

აღნიშნულ პერიოდში მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 590 ლარს.

 

გი-------------ასთან შრომითი ურთიერთობა განახლდა 15.03.2018 წ-დან.

 

მოსარჩელის უკანონოდ დაკავების, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ გამოყენების გამო მიუღებელი აქვს 7080 ლარი კუთვნილი გადასახადების ჩათვლით, ამ გადასახადების გარეშე მისაღები თანხა შეადგენს 5664 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობა #03/29734, 11.12.2017 წ

ეროვნული სატყეო სააგენტოს ბრძანება #1086/კ, 15.03.2018 წ.

 

სამოტივაციონაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე, 1005-ე მუხლები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სასამართლოს აზრით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის შინაარსი იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პროკურატურას) რომლის ქმედებითაც მოქალაქეს მიადგა ზიანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოყვანილი ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ე.ი. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

სასამართლოს აზრით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ის განსაზღვრავს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება ადამიანისა და მისი უფლებების, როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს პრეროგატივას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამრთლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

დადგენილია, რომ გი-------------ას მისი უკანონოდ დაკავების, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ გამოყენების გამო მიადგა 13054,90 ლარის მატერიალური ზიანი, რაც მას უნდა აუნაზღაურდეს.

 

ზემოაღნიშნული მსეჯლობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა სასამართლო ვერ გაიზარებს მოსარჩელის მოსაზრებას ზიანის ოდენობასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. პირადი არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებას კი ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლით დაცულ სიკეთეს მიეკუთვნება პირის სახელი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია და გამოსახულება.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის გასაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისმობს ფიზიკურ და ზეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

სასამართლო ითვალისწინებს მოსარჩელის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმების სიმძიმეს, კერძოდ, იმას რომ იგი 8 თვისა და 11 დღის მანძილზე იყო პატიმრობაში, რაც არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებულია გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან და სტრესთან, თავის მხრივ, ყოველივე ეს აუცილებლად აისახება დაპატიმრებული პირის ჯანმრთელობაზე. მართალია, ამათუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, რასაც ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც გამართლდა. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორლური ზიანის განსაზღვრისას, ასევე, ვერ იქნება გადამწყვეტი ქმედების კვალიფიკაცია, აქ მთავარი ის ტკივილია, რომელიც ქმედებამ (მოქმედებამ თუ უმოქმედობამ) გამოიწვია მოსარჩელეში. შედეგების გამოსწორება ძალიან ხშირად შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შეთხვევაში მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხაა 7000 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-5, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1.სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. საქართველოს გენერალურ პროკურატურას (ზუ-------------------–-----------------რა) გი-------------ას სასარგებლოდ დაეკისროს:

მატერიალური ზიანის ანაზღაურება 13054,90 ლარის

მორალური ზიანის ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით.

 

3. მხარეები განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე ზუგდიდი გრ. ქობალიას ქუჩა №12) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ირაკლი აბშილავა