განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3091-18
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
22 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივნები - შოთა ზალკალიანი და თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ - პროკურორი: თ------------–---–ი,პროკურორები - მ----------–----ე და ხ-------------–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ------------–------------–---------–--ე, დაბადებული - 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ჯ------------–--------------–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის.
ადვოკატები - ლ------------–----, ლ--------–---–---,სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით, თ-------------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით - ჩაეთვალა პირობითად, ამავე გამოსაცდელი ვადით.
2018 წლის 25 მარტს, ვითომდა ინტერნეტის მეშვეობით ნივთის გამოსაწერად, თ-------------–--- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ნ-------------ის 30 ლარს, ასევე 2018 წლის 13 აპრილს - 20 ლარს, რითაც ნ-------------ეს მიაყენა 50 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის.
დაზარალებულ ნ-------------ის ჩვენების თანახმად, სოციალურ ქსელ „---------–-- მოიძია ვებგვერდი (დასახელება არ ახსოვს), სადაც განთავსებული იყო ნივთების ჩამონათვალი, რომელთა გამოწერაც შეიძლებოდა. მან შეარჩია ორი წყვილი ფეხსაცმელი და დაუკავშირდა ვებვერდს (თ-------------–---ს). დაზარალებულის ჩვენების თანახმად, თ-------------–--ის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან 14 დღის ვადაში იგი მიიღებდა გამოწერილ ნივთებს. გამოწერილი ნივთების ღირებულების ნაწილი - 30 ლარი 2018 წლის მარტის თვეში დაზარალებულმა ჩარიცხა თ-------------–--ის პირად ანგარიშზე, „-------------- აპარატიდან და შეუთანხმდა ბრალდებულს, რომ ნივთის ჩამოსვლის შემდეგ სრულად დაფარავდა ფეხსაცმლის ღირებულებას. თოთხმეტი დღის გასვლის შემდეგ, დაზარალებული შეეხმიანა თ-------------–---ს, რომელმაც უთხრა, რომ გამოწერილი ნივთი მალე ჩამოვიდოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბრალდებული დაუკავშირდა ნ-------------ეს, დაუდასტურა, რომ მის მიერ გამოწერილი ნივთი ჩამოვიდა და სთხოვა თანხა სრულად დაეფარა, რათა მომხდარიყო შეძენილი ფეხსაცმლის დროულად მიწოდება. აპრილის თვეში, სახლიდან გაუსვლელად, დაზარალებულმა, საკუთარი ინტერნეტბანკიდან, თ-------------–---ს გადაურიცხა დარჩენილი თანხა და გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტო გაუგზავნა. მიუხედავად თანხის დროულად გადახდისა, ნ-------------ემ გამოწერილი ნივთი დათქმულ დროს ვერ მიიღო. ბრალდებული მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, საბოლოოდ კი უთხრა, რომ შეკვეთა გაუქმდა და გამოწერილი ნივთი არ ჩამოვიდა. დაზარალებული გააბრაზა თ-------------–--ის საქციელმა და კატეგორიულად მოითხოვა მისგან ნივთის მიწოდება ან თანხის დაბრუნება. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული მას ატყუებდა და პასუხობდა, რომ „დღეს, ხვალ, შაბათი-კვირაა... თანხა დაირიცხა და დრო სჭირდება თქვენს ანგარიშზე ასახვასო“. მსგავს მიმოწერაში გავიდა ორ თვეზე მეტი. საბოლოოდ, დაზარალებულმა თ-------------–---ს შეატყობინა, რომ აპირებდა პოლიციისთვის მიმართვას. ბრალდებულს პასუხი არ მოუწერია, მისი ზარები და შეტყობინებები უპასუხოდ დატოვა. აღნიშნულის შემდეგ, დაზარალებული გამოცხადდა პოლიციაში და დაწერა განცხადება. მხოლოდ გამოძიების დაწყების შემდეგ (ნივთის გამოწერიდან დაახლოებით ორ თვეზე მეტი იყო გასული), თ-------------–---მ დაზარალებულს უკან დაუბრუნა მის მიერ ჩარიცხული 51 ლარი. დაზარალებულის განმარტებით, საკონტაქტო ნომრები თავად ბრალდებულმა მისცა მას. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ თ-------------–--- ატყუებდა მას, აჯერებდა, თითქოს თანხა ჩაურიცხა და აჩვენებდა ვითომდა გადახდის დამადასტურებელ ქვითარს, რომელიც ტრანზაქციის დასრულების შემთხვევაში გამწვანებული უნდა ყოფილიყო, ხოლო თ-------------–--ის მიერ გამოგზავნილი ქვითარი კი წითელ ფონზე იყო „დასქრინული“. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ბრალდებულის დედამ დაურეკა მას და სთხოვა არ გაეწირა მისი შვილი, რადგან ავადმყოფი იყო და ოჯახში პრობლემები ჰქონდა.
მოწმე ლ-–-------------ის ჩვენების თანახმად, 2018 წელს მუშაობდა ონლაინ მაღაზია „----------––--, რომელიც აწარმოებდა ს-------- გადაზიდვებს ჩ-----იდან. მომხმარებელს შეეძლო რეგისტრაციის გავლა „----------–--- ვებგვერდზე და სასურველი ნივთის გამოწერა ჩ-----ის სხვადასხვა ონლაინმაღაზიებიდან. მომხმარებლის „----------–--- ვებგვერდზე რეგისტრაციის გასავლელად, აუცილებელი იყო ელექტრონული ფოსტისა და მობილური ტელეფონის ნომრის მითითება, მაგრამ შეკვეთის განხორციელებისას კლიენტს უნდა მიეთითებინა სრული ინფორმაცია: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი. ამანათი ჩამოდის საქართველოში, რის შემდეგაც საქართველოს ფოსტის ფილიალებში ნაწილდება. ყველა შეკვეთა აისახება ვებგვერდზე, ელექტრონულად. მომხმარებლის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეკვეთა ვებგვერდზე მაინც ფიქსირდება. ლ-–-------------ეს ზუსტად არ ახსოვს 2018 წელს, თ-------------–--ის მიერ განხორციელებული შეკვეთების რაოდენობა, თუმცა აღნიშნულის შესახებ გამომძიებელს მიაწოდა სრული ინფორმაცია. როგორც მას ახსოვს, თ-------------–---მ 2018 წელს შეკვეთა გააუქმა და თანხა უკან გადაურიცხა. მოწმემ დაადასტურა, რომ თ-------------–--- „----------–----- თანამშრომლობდა. ბრალდებული ვებგვერდზე თავისი სახელით და გვარით იყო დარეგისტრირებული. განხორციელებული შეკვეთების შესახებ ინფორმაცია ბაზაში ინახება. მოწმის განმარტებით, შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია კლიენტს დაუბრუნოს თანხა სამი დღის განმავლობაში, თუმცა ყოფილა შემთხვევა, რომ თანხა 10 დღეში დაბრუნებულა მომხმარებლისთვის. ონლაინ მაღაზიის ელექტრონული მისამართია - c------------
მოწმე ა-–-------–------ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ჩ-----იდან ამანათის ჩამომტან სატრანსპორტო კომპანიაში, ასევე C------------ს შესყიდვების მენეჯერად. აღნიშნული ვებგვერდი მომხმარებელთა მიერ მოთხოვნილ ნივთებს ყიდულობს ჩ-----ში და ახდენს მათ ტრანსპორტირებას საქართველოში. შეკვეთის განხორციელებამდე, მომხმარებელი რეგისტრირდება ვებგვერდზე, მოიძიებს სასურველ ნივთს და დაამატებს კალათში, რის შემდეგაც განახორციელებს შეკვეთას. რეგისტრაციისთვის აუცილებელია მომხმარებლის სახლისა და გვარის, პირადი ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება. მოწმის განმარტებით, თ-------------–--- ვებგვერდის მომხმარებელია. მას მხოლოდ პიჯაკის შეკვეთა აქვს განხორციელებული.
2018 წლის 13 აპრილის №---------- საგადასახადო დავალების თანახმად, დაზარალებულმა ნ-------------ემ, თ-------------–---ს, ანგარიშის ნომერზე -G--------------------- ჩაურიცხა 20 ლარი. ტრანზაქციის განხორციელების თარიღია 2018 წლის 13 აპრილი.
„--------------- სწრაფი გადახდის აპარატის ქვითრის თანახმად, ნ-------------ემ თ-------------–---ს ანგარიშზე ჩაურიცხა 31 ლარი.
დაზარალებულ ნ-------------ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი, ბრალდებულ თ-------------–---სთან, სოციალურ ქსელ „------------ საშუალებით განხორციელებული მიმოწერით (ე.წ. ,,სქრინშოტით) დასტურდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: დაზარალებული უკავშირდება თ-------------–---ს და წერს, რომ დაინტერესებულია ორი წყვილი ფეხსაცმლის შეძენით. თ-------------–--- უხსნის, თუ როგორ უნდა განახორციელოს ნ-------------ემ ვებგვერდზე რეგისტრაცია, ვის ანგარიშზე და რა რაოდენობის თანხა უნდა ჩარიცხოს. დაზარალებული და ბრალდებული თანხმდებიან პირობებზე. მიმოწერებიდან ასევე ირკვევა, რომ ნ-------------ე სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით პირად ანგარიშზე ურიცხავს თ-------------–---ს 31 ლარს და უგზავნის თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს. ბრალდებული უდასტურებს, რომ თანხა ნამდვილად ჩაირიცხა მის ანგარიშზე და მოთხოვნილი ნივთი საქართველოში ჩამოვა 10-12 სამუშაო დღეში. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებული თ-------------ეს წერს, რომ გამოწერილი ფეხსაცმელი ჩამოვიდა და დამატებით უნდა ჩარიცხოს 20 ლარი თ-------------–--ის პირად ანგარიშზე, რის შემდეგაც ბრალდებული ჰპირდება, რომ უმოკლეს დროში მიაწვდიან გამოწერილ ფეხსაცმელს; შემდგომ ასევე იძლევა დაპირებას, რომ თანხას დააბრუნებს.
ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 24 მაისს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გ-–-------------–--------------------–-------------------–--ის გამომძიებელ თ-------------–---–ის მიერ, ნ-------------ისგან გამოთხოვილ იქნა დაზარალებულის კუთვნილ, „-----------ის მოდელის მობილურ ტელეფონში დაცული, სოციალურ ქსელ „------------ მეშვეობით განხორციელებული მიმოწერა თ-------------–---სთან (მიმოწერის „სქრინშოტები“).
ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 28 მაისს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გ-–-------------–--------------------–-------------------–--ის გამომძიებელ თ-------------–---–ის მიერ, „------------------ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია დაზარალებულ ნ-------------ის მიერ თ-------------–--ის ანგარიშზე განხორციელებული გადახდების შესახებ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, გამომძიებელმა თ-------------–---–მა დაადასტურა ინფორმაციის გამოთხოვების ოქმების სისწორე.
თ----------ის 2018 წლის 28 მაისის №---------- წერილის თანახმად, თ-------------–--ის საბანკო ანგარიშზე - №G---------------------, 2018 წლის 25 მარტს, „-------------- ტერმინალის ნომრით - 8--- ოპერაციის I-------- განხორციელდა 30 ლარის შეტანა.
თ----------ის ამონაწერის თანახმად, 2018 წლის 13 აპრილს, ნ-------------ის მიერ, ანგარიშის ნომრიდან - G---------------------- განხორციელებულ იქნა 20 ლარის გადარიცხვა თ------ გ------–--ის ანგარიშის ნომერზე - G----------------------
თაღლითობის ჩადენა არაერთგზის:
რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- №-------- განაჩენით, თ-------------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
დაცვის მხარის პოზიცია:
ბრალდებულმა თ-------------–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ჰქონდა ონლაინმაღაზია სახელწოდებით „---------------–-----, რომელიც დარეგისტრირებული იყო სოციალურ ქსელ „---------–--. იგი პროდუქციას იწერდა ონლაინმაღაზიებიდან - „---------–-- და „-----–-----. ვინაიდან თავად ბრალდებულს ჰქონდა სამართლებრივი პრობლემები, ონლაინ მაღაზიების ვებგვერდებზე დარეგისტრირებული იყო ოჯახის წევრის სახელით. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ნ-------------ემ მას შეუკვეთა ბოტასების გამოწერა, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 50 ლარს. შეთანხმებისამებრ, შემკვეთმა თანხის ნახევარი გადაუხადა წინასწარ. ნ-------------ის მიერ მოთხოვნილი ფეხსაცმელი, თ-------------–---მ, ოჯახის წევრის სახელით გამოიწერა. ნივთის მოწოდება მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაგვიანდა, ჩამოსვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ იგი განსხვავდებოდა მოთხოვნილი საქონლისგან. აღნიშნულის შესახებ მან საქმის კურსში ჩააყენა დაზარალებული. ბრალდებულის განმარტებით, ნივთის ჩამოსვლისას, ნ-------------ეს სთხოვა თანხის მეორე ნაწილის ჩარიცხვა, რაც დაზარალებულმა შეასრულა. თ-------------–---მ გამოიტანა აღნიშნული ნივთი, რომელიც მაღაზიამ დაგვიანებით მიაწოდა და აღმოჩნდა, რომ იგი განსხვავდებოდა გამოწერილი ფეხსაცმლისაგან. ნ------------ე დაუკავშირდა ბრალდებულს და ვინაიდან გამოწერილი ნივთის მიწოდება ვერ ხერხდებოდა, თანხის დაბრუნება მოითხოვა. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ იგი რაიონში ცხოვრობს, სადაც ფუნქციონირებს „--------------- ერთი აპარატი. იგი შეეცადა დაზარალებულისთვის თანხის დაბრუნებას, თუმცა სწრაფი ჩარიცხვის აპარატმა პირადი ნომრის შეყვანისას ნ-------------ის პიროვნების იდენტიფიცირება ვერ მოახდინა, რის გამოც თანხა აღნიშნულ ანგარიშზე ვერ შეიტანა. თბილისში ოჯახური პრობლემების გამო, ბრალდებულმა ჩამოსვლა ვერ შეძლო; შესაბამისად, მისი განმარტებით, დაზარალებულისთვის თანხის დაბრუნების დაგვიანება ობიექტური მიზეზით მოხდა და მას დაზარალებულის მოტყუება განზრახული არ ჰქონია. თ-------------–---ს გამოძიებისთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი ოჯახის წევრის დარეგისტრირებას ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე, რადგან მსგავსი კითხვა მისთვის არ დაუსვამთ. ბრალდებულმა დამატებით განმარტა, რომ მან ზიანი აანაზღაურა მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა პირველად დაურეკა.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლო, ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული თ-------------–--ის მიერ თაღლითობის ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ჩადენა; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა თ-------------–---მ, განიზრახა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება; სოციალურ ქსელში შექმნა ვებგვერდი, საიდანაც შესაძლებელი იყო კონკრეტული ნივთების გამოწერა. 2018 წლის 25 მარტს, ვითომდა ინტერნეტის მეშვეობით ნივთის გამოსაწერად, თ-------------–---მ, დაზარალებულს, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინა 30 ლარი, ხოლო 2018 წლის 13 აპრილს - 20 ლარი. აღნიშნულ თანხებს თ-------------–--- დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ისე რომ დაზარალებულისათვის არც მოთხოვნილი ნივთი მიუწოდებია და არც გადახდილი თანხა დაუბრუნებია. აღნიშნული ქმედებით, ნ-------------ეს მიადგა 50 ლარის ქონებრივი ზიანი.
3.8. საბოლოო დასკვნის მიღებამდე სასამართლომ მოისმინა დაცვის მხარის პოზიცია და არ გაიზიარა მისი არგუმენტაცია თ-------------–--ის უდანაშაულობის თაობაზე, კერძოდ:
· დაცვის მხარის პოზიციის თანახმად, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოში წარმოედგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა თ-------------–--ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. დაცვის მხარის მტკიცებით, თ-------------–---ს მოტყუების განზრახვა არ ჰქონია. ნ-------------ისათვის გამოწერილი ნივთის დათქმულ ვადაში მიუწოდებლობა გამოიწვია მომწოდებელი კომპანიის შეცდომამ, რომელმაც გამოწერილი პროდუქტისგან განსხვავებული ნივთი გამოაგზავნა. რაც შეხება თანხის დაბრუნების საკითხს, თ-------------–---მ, ნ-------------ისთვის თანხის დაბრუნება ასევე ობიექტური მიზეზით, ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა.
· სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით ცალსახად დადასტურდა თ-------------–--ის მიერ ნ-------------ის კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი. დაზარალებულის ჩვენებითა და საბანკო ამონაწერებით უტყუარად დასტურდება, რომ ნ-------------ემ, თ-------------–---ს, სასურველი ნივთის შესაძენად ჩაურიცხა 50 ლარი. ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ბრალდებულმა დათქმულ ვადაში არ მიაწოდა დაზარალებულს გამოწერილი ნივთი და არც გადახდილი თანხა დაუბრუნებია მისთვის. ონლაინ მაღაზიების წარმომადგენლების ჩვენებებით დადგინდა, რომ თ-------------–---ს 2018 წლის მარტის თვიდან „----------––-- და „------–---–-- რაიმე შენაძენი არ განუხორციელებია, რაც სხვა გარემოებებთან ერთად, ასევე ხაზს უსვამს თ-------------–--ის განზრახვას სხვისი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების თაობაზე. სასამართლოს არასარწმუნოდ მიაჩნია დაცვის მხარის ვერსია, თითქოს ბრალდებული ონლაინმაღაზიებიდან შესყიდვებს ახორციელებდა ოჯახის წევრების სახელით, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. სასამართლოს ასევე არადამაჯერებლად მიაჩნია დაცვის მხარის მტკიცება, თითქოს თ-------------–---მ დაზარალებულს თანხა ვერ დაუბრუნა ობიექტური მიზეზით (სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე არ დაფიქსირდა დაზარალებულის სახელი და გვარი), ვინაიდან სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, მას შეეძლო მიემართა ნ-------------ისათვის, დაეზუსტებინა მისი პირადი მონაცემები და თანხის ჩარიცხვა ეცადა მომდევნო დღეებში, რაც მას არ განუხორციელებია. ამასთან, სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნ-------------ეს პირადი ანგარიშიდან თ-------------–--ის პირად ანგარიშზე 2018 წლის 13 აპრილს ჩარიცხული აქვს 20 ლარი. შესაბამისად, ბრალდებულისათვის ცნობილი იყო დაზარალებულის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისათვის აუცილებელი ყველა მონაცემი; შესაბამისად, ის გარემოება, რომ ნ-------------ის პირადი ნომრის შეყვანისას აპარატმა არ დააფიქსირა დაზარალებულის სახელი და გვარი, არ წარმოადგენს წონად არგუმენტს ზიანის ანაზღაურების საკითხის უტყუარად დადგენის თვალსაზრისით.
3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი. დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი: დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს იგი ან/და მიიღოს უფლება ამ ქონებაზე. თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად ნებაყოფლობით გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით, კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქოსამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვისგან მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.
3.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ თაღლითობის შემთხვევაში, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსხვავებით, დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხერხი გააჩნია. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულმა ნ-------------ემ, საკუთარი საბანკო ანგარიშიდან, თანხა გადაურიცხა თ-------------–---ს - ვებგვერდზე შერჩეული ნივთების შეძენის მიზნით. ბრალდებულმა შეცდომაში შეიყვანა ნ-------------ე და არ გამოიწერა დაზარალებულის მიერ შერჩეული ფეხსაცმელი, დათქმულ დროში არ მიაწოდა მას ნივთი და არც თანხა დაუბრუნა, ჩარიცხული 51 ლარი კი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
რაც შეეხება თ-------------–--ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას - თაღლითობის ჩადენას არაერთგზის, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით, თ-------------–--- მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; აღნიშნული დანაშაულისათვის იგი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებული არ ყოფილა და არც ნასამართლობა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული; შესაბამისად, სახეზეა თ-------------–--ის მიერ ქურდობის ჩადენა არაერთგზის.
3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.12. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულ თ-------------–--ის მიერ, მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, თ-------------–--- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ-------------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ექვსიდან ცხრა წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად თ-------------–--ის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან შეღავათის გამოყენებისა, მისი რესოციალიზაცია ამ დრომდე ვერ მოხდა და მან 2018 წლის 25 მარტს, ჯერ კიდევ გამოსაცდელი ვადის მიმდინარეობისას, ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი მძიმე დანაშაული. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2--------- წლის M------------- წერილის თანახმად, თ-------------–--- იმყოფებოდა აღრიცხვაზე თბილისის პრობაციის ბიუროში 2----–-–------------- თვიდან, რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენის საფუძველზე და განსაზღვრული ჰქონდა - პირობითი მსჯავრი 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, რომლის მოხდასაც ასრულებდა 2018 წლის 30 ივლისს; აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არ მსჯელობს სასჯელის ალტერნატიული ფორმის - ჯარიმის გამოყენებაზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსთვის წინასწარ განჭვრეტადია ჯარიმის არაეფექტურობა.
სასჯელის ზომის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულის სქესსა და ასაკს, ასევე დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურებას და მიიჩნევს, რომ თ-------------–--ის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ-------------–--ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
5.6. ამასთან, ვინაიდან თ-------------–---მ ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1 (ერთი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ-------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- ნ-------------ისგან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთი) დისკად, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ------ გ------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ------ გ------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით;
3. მსჯავრდებულ თ------ გ------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 22 მაისიდან.
4. მსჯავრდებულ თ------ გ------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ნ-------------ისგან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთი) დისკად, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე