გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/37009-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
5 აპრილი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე - სს ''თი---------ი''
წარმომადგენელი -თა---- ფხ----ე
მოპასუხე- ვა--- კო--–--ე
დავის საგანი -ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე ვა--- კო--–--ეს სს „თი---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–---------------ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6750.93 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა- 2970 ლარი და შემცირებული ჯარიმა 3780.93 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და მოითხოვა მისი შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს "თი---------სა" და ვა--- კო--–--ეს შორის 2----–-–-------------რს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N 6--------------, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებლებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლებზე გაიცა კრედიტი - 2970 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 360 დღე (12 გადახდა). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში 249.4 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 2 ლარი. ამას დამატებული 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2----–-–---------------ის ხელშეკრულება(ს.ფ.17-19)
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.20)
3.1.2. ვა--- კო--–--ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, დავალიანებამ სარჩელის აღძვრის დროისათვის შეადგინა 6763.1 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა- 2970 ლარი და შემცირებული ჯარიმა 3780.93 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ცნობა დავალიანების შესახებ(ს.ფ. 21)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. .მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის შესაგებელი, ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სს ''თი---------ის'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კა---ნები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, მუხლებით
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე, მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კა---ნით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ვა--- კო--–--ის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება.
შესაბამისად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროე სესხის ძირითადი თანხა 2970 ლარი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 2017 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, ფიქსირებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 2 ლარი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ამასთან ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ასვე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო დავალიანების (ვადაგადაცილებული თანხის) 1,50%-ის ოდენობით.
წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 2----–-–---------------ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკორექტირებული პირგასამტეხლოს - 3780,93 ლარის გადახდის დაკისრება. მოპასუხეს არაგონივრულად მიაჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კა---ნი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს 2----–-–---------------ის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ნაცვლად 1,5%-ისა 0,05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ჯამში შეადგენს 542,2 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 202,53 ლარი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე. ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელი ნაწილობრივ (ძირითადი თანხის 2970 ლარის ნაწილში), მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 89,10 ლარი. დაკმაყოფილებული და მოპასუხის მიერ არ ცნობილი მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 16,25 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი;
რაც შეეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯი - 20 ლარი და საადვოკატო მომსახურების ხარჯი დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4%-ის ოდენობით (140,48 ლარი), თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კა---ნით დადგენილი წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018წლის 27 დეკემბრის განჩინებით სარჩელზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „თი---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ;
2. ვა--- კო--–--ეს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–---------------ის საბანკო კრედიტის N 6-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, სესხის ძირითადი თანხის - 2970 ლარისა და პირგასამტეხლოს - 542,02 ლარის გადახდა;
3. სს „თი---------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე 2018 წლის 24 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - (202,53) ლარიდან 89,10 ლარი (საგადახდო დავალება #4);
4. ვა--- კო--–--ეს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 16,25 ლარი, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, საჯარო რეესტრში მოპასუხის მიერ სასამართლოს განჩინებით დადგენილი აკრძალვის რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი და საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 140,48 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა არ დაიშვება.
მოსამართლე: თინათინ ეცადაშვილი