გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.02.2019
საქმის ნომერი
010210018002598820
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

სამე N010210018002598820

№2-3494/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი სოფიო ქარცივაძე

მოსარჩელე - შპს “BR-----S”

წარმომადგენელი - ლე---------–---–ი, რუ--–------------ა

მოპასუხე - და--------–----ე, ნა------–----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. და--------–----ეზე და ნა------–----ეზე შპს “BR-----S”-ის სასარგებლოდ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სოლიდარულად დაკისრება 1575 ლარის ოდენობით.

1.2. და--------–----ეზე და ნა------–----ეზე შპს “BR-----S”-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სოლიდარულად დაკისრება 1893 ლარის ოდენობით.

1.3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. პაციენტ და--------–----ეს შპს “BR-----S”-ის „ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ მრავალპროფილიან სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში გაეწია სამედიცინო მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2016 წლის 24 ნოემბერს ერთი მხრივ შპს ,,BR-----S”-სა და მეორე მხრივ და--------–----ესა და ნა------–----ეს შორის გაფორმდა შეთანხმება კლინიკის წინაშე არსებული დავალიანების გადახდის გადავადების თაობაზე

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მხარეთა შეთანხმება 24/11/2016

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პაციენტ და--------–----ეს შპს “BR-----S”-ის „ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ მრავალპროფილიან სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში გაეწია სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული თანხის ნაწილი დაფინანსდა ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით, დარჩენილ ნაწილზე კი მოსარჩელესა და პაციენტ და--------–----ის თანმხლებ პირს, ნა------–----ეს შორის გაფორმებული იქნა 2016 წლის 24 ნოემბერს შეთანხმება, რომლის თანახმადაც და--------–----ემ და ნა------–----ემ აღიარეს საავადმყოფოს წინაშე დარჩენილი დავალიანება და აიღეს ვალდებულება, რომ 2016 წლის 24 დეკემბრამდე დაფარავდენ არსებულ დავალიანებას.

 

ამავე შეთანხმებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დარღვეული იქნებოდა სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდის ვადა, სამედიცინო დაწესებულებას ეძლეოდა უფლება მოეთხოვა დამრღვევი მხარისათვის როგორც ძირითადი თანხა, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- მხარეთა შეთანხმება 24.11.2016წ.

- ანგარიშ-ფაქტურები.

 

3.2.2. დადგენილია, რომ მოპასუხე და--------–----ეს და ნა------–----ეს დღემდე არ შეუსრულებიათ 2016 წლის 24 ნოემბრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და არ გადაუხდია მკურნალობის საფასური. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დღეისათვის მოპასუხის ძირი დავალიანება შეადგენს 1575 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- მხარეთა შეთანხმება 24.11.2016წ.

- ანგარიშ-ფაქტურები.

 

3.2.3. ვინაიდან, მოპასუხეს არ გადაუხდია მკურნალობის დარჩენილი საფასური, ამიტომ მას მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო 1893 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი დავალიანების 0,2%-ს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულად დიდია, რასაც სამარტლებრივად შეაფასებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა შეთანხმება 24.11.2016წ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულება დავალიანების გადახდის თაობაზე, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-317-ე, 327-ე, 629-ე, 341-ე, 361-ე, 417-420-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულია ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება) აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებული იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გაუწია სამედიცინო მომსახურება პაციენტს, ხოლო მოპასუხე ნათია ლაბაზემ და და--------–----ემ კი აიღეს ვალდებულება გადაეხადათ შესრულებული სამუშაოს საფასური. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა მის მიერ ნაკისრი მომსახურეობა, ხოლო მოპასუხის მიერ არ შესრულებულა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და არ გადახდილა მომსახურების საფასური სრულად, რის გამოც მისი დარჩენილი ძირი დავალიანება შეადგენს 1575 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ზ/აღბიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ნა------–----ეზე და და--------–----ეზე დარჩენილი დავალიანების სახით 1575 ლარის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა დადგენილ ვადაში. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, რაც შეადგენდა ყოველ ვადაგადაცლებულ დღეზე დარჩენილი დავალიანების 0,2 პროცენტს, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებელი პირგასამტეხლო, რაც შეადგენს 1893 ლარს, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონლად მიაჩნია მისი შემცირება 189 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარი, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 25 ლარის ანაზღაურება.

 

8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სამოქალაქო-სამართლებრივი, აღსასრულებელი მოთხოვნების იძულებითი აღსრულება იწყება კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ბიუროში წარდგენით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მხარეები 2016 წლის 24 ნიოემბრის შეთანხმებით, თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დავის კრედიტორის შპს “BR-----S”-ის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

8.2. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეამოწმა რა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს “BR-----S”-ის წარმომადგენლის განცხადება გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და ზ/აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 269-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს “BR-----S”-ის სასარჩელო მოთხოვნა;

 

1.1. და--------–----ეს და ნა------–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს “BR-----S”-ის სასარგებლოდ სულ 1764 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი დავალიანება შეადგენს 1575 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 189 ლარს.

 

1.2. და--------–----ეს და ნა------–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს “BR-----S”-ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 25 ლარის ანაზღაურება.

 

1.3. დაუბრუნდეს შპს “BR-----S”-ს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი ბაჟის ნაწილი 50 ლარი (გადამხდელის ბანკი: იშბანკი გადახდის თარიღი 16/08/2018წ. ტრანზაქციის N0647PO1808038367)

 

2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე