გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210118002466046
№2/1009-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 მაისი, 2019 წელი ქ. გორი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - სს ”------ი ბანკი”
წარმომადგენელი - შპს ”ტ----ა”
მოპასუხე - ნ-------ა მ-----–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 მოპასუხე ნ-------ა მ-----–---–ს მოსარჩელე სს ”------ი ბანკი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 13 ივნისის საბანკო კრედიტის N6----59-8994337 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული ფულადი დავალიანების გადახდა 5 148.87 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3000 ლარი, ჯარიმა-2148.87 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 13 ივნისს სს ”------ი ბანკსა” და მოპასუხე ნ-------ა მ-----–---–ს, როგორც მსესხებელს შორის დაიდო სწრაფი განვადების ფარგლებში საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 3000 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა - 372 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველ თვის 20 რიცხვში 251.50 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებეული 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოპასუხეს სასამართლოს მიერ უნდა დაევალოს ამ ვალდებულებების შესრულება.
2018 წლის 23 მაისის მდგომარეობით ნ-------ა მ-----–---–ს 2017 წლის 13 ივნისის საბანკო კრედიტის №6----59-8994337 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 5148.87 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3000 ლარი, ჯარიმა-2148.87 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ნ-------ა მ-----–---–მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ძირის - 3000 ლარის, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 13 ივნისს სს ”------ი ბანკსა” და მოპასუხე ნ-------ა მ-----–---–ს, როგორც მსესხებელს შორის დაიდო სწრაფი განვადების ფარგლებში საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №6----59-8994337, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 3000 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა - 372 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველ თვის 20 რიცხვში 251.50 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებეული 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.2 უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხემ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გრემოებები
3.2.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დასტურდება დავალიანების არსებობა, რასაც სესხის ძირის ნაწილში დაეთანხმა მოპასუხე მხარე, ხოლო მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის - ჯარიმის თანხის გადახდისაგან განთავისუფლების მტკიცებულება მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
საქმეში წარმოდგენილი სს „თიბისი ბანკის“ მიერ 23.05.2018 წ. გაცემული დავალიანების ცნობის საფუძველზე 2017 წლის 22 მაისის მდგომარეობით ნ-------ა მ-----–---–ს 2017 წლის 13 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 5148.87 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3000 ლარი, ჯარიმა-2148.87 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე, 317-ე, 400-ე, 402-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 417-418-ე 623-ე 625-ე, 867-ე უხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 102-ე, 208-ე მუხლები;
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი;
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის "ა" პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის "ბ"პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.
როგორც დადგენილია მოპასუხის მხრიდან დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867- 873 მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულება საქმის მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, სესხის ძირის - 3000 ლარის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულებითა და მოპასუხის პირადი ანგარიშიდან ამონაწერით.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია შესასრულებელი ვალდებულება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის 13 ივნისის №6----59-8994337 ხელშეკრულების საფუძველზე სესხის ძირის - 3000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 2017 წლის 13 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2148.87 ლარის გადახდის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისთვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს, როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას აქცევს დარღვევის შინაარს (მათ შორის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდს) და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საბანკო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2017 წლის 13 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2148.87 ლარი, სესხის ძირი თანხის (3000 ლარის) ოდენობასთან და საქმის გარემოებებთან მიმართებით არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც მისი ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 500 ლარით, რომლის გადახდაც, ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო ჯარიმის დანარჩენ ნაწილში მოთხოვნას უნდა ეთქვას უარი.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 3411.9 ლარის ნაწილში, ასევე სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან, ჯერ კიდევ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი ცნო 3000 ლარის ნაწილში, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 256.82 ლარიდან ამ უკანასკნელს უნდა დაუბრუნდეს 192.32 ლარი, 49.50 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი თანხის - 15 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ამასთან მოთხოვნას სხვა ნაწილში უნდა ეთქვას უარი სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის გათვალისწინებით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს ”------ი ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1 ნ-------ა მ-----–---–ს მოსარჩელე სს ”------ი ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს 3500 (სამიათას ხუთასი) ლარის გადახდა.
2. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.
3. მოპასუხე ნ-------ა მ-----–---–ს მოსარჩელე სს ”------ი ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით -15 (თხუთმეტი) ლარის გადახდა.
4. მოსარჩელე სს ”------ი ბანკს” (ს/ნ 2-----595) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 23 მაისს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 256.82 (ორას ორმოცდათექვსმეტი ლარი და ოთხმოცდაორი თეთრი) ლარიდან 192.32 (ასოთხმოცდათორმეტი ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე