გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2019
საქმის ნომერი
190210119002873250
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/310-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ივნისი 2019 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს "თ-----------ი"

წარმომადგენელი ლოლა კალაძე, სოფიკო გუგუნავა

მოპასუხე ი-–-- ჩ-----–-–---–ი

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნები

ი-–-- ჩ-----–-–---–ს სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს:

1.1. 2017 წლის 18 სექტემბრის #2183455-9200198 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 2559.25 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1962.4 ლარი, პროცენტი- 155.94 ჯარიმა -436.22 ლარი და დაზღვევა -4.69 ლარის ოდენობით.

 

1.2. 2019 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე -1962.4 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 25% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 40.88 ლარს.

 

1.3. 2018 წლის 28 მაისის N2183455-9893002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1100.51 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 748.61 ლარი და ჯარიმა -351.90 ლარი.

 

1.4. 2017 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2288,65 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1804.15 ლარი, პროცენტი- 274.50 ლარი, ჯარიმა -210 ლარი.

 

1.5. 2019 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე -1804,15 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 54.12 ლარს.

 

1.6. 2018 წლის 29 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1106,59 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 811,22 ლარი, პროცენტი- 129.40 ლარი, ჯარიმა -165,97 ლარი.

 

1.7. 2019 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 811,22 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 48% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 32.44 ლარს.

 

1.8. 2018 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2303,10 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1500 ლარი, პროცენტი- 278.72 ლარი, ჯარიმა -524,38 ლარი.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2017 წლის 18 სექტემბერს სს „თიბისი ბანკსა“ და ი-–-- ჩ-----–-–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N 2183455-9200198, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო კრედიტი 7300 ლარის ოდენობით. კრედიტის სარგებელია წლიური 25%, დაბრუნების ვადა 525 დღე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ერთჯერად ჯარიმას 20 ლარს, რასაც ემატება ყოველდღიური პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ჯიპიაი ჰოლდინგში სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ. მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, 2018 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ კრედიტის დასაბრუნებლად თანხა არ გადაუხდია. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2559.25 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1962.4 ლარი, პროცენტი 155.94 ლარი, ჯარიმა 436.22 ლარი, დაზღვევა- 4.69 ლარი.

 

2018 წლის 28 მაისს სს „თიბისი ბანკსა“ და ი-–-- ჩ-----–-–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო კრედიტი 1150.23 ლარის ოდენობით. კრედიტის სარგებელი გათვალისწინებული არ არის, დაბრუნების ვადაა 364 დღე (12 გადახდა). კრედიტორს თანხა უნდა დაებრუნებინა ყოველთვიურად თვის 27 რიცხვში 97.78 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ერთჯერად ჯარიმას 2 ლარს, რასაც ემატება ყოველდღიური პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, 2018 წლის 29 ოქტომბრის შემდეგ კრედიტის დასაბრუნებლად თანხა არ გააუხდია. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1108.11 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 748.61 ლარი, ჯარიმა 351.90 ლარი.

 

2017 წლის 21 სექტემბერს ი-–-- ჩ-----–-–---–თან დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ბანკისგან მიიღო საკრედიტო ბარათი Prime Card 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. სარგებელი შეადგენს წლიურ 36%-ს. თანხის დაანგარიშების დღეა თვის 21 რიცხვი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ერთჯერად ჯარიმას 20 ლარი, რასაც ემატება ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2504.15 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1804.51 ლარი, პროცენტი 274.50 ლარი, ჯარიმა 425.50 ლარი.

 

2018 წლის 29 მარტს ი-–-- ჩ-----–-–---–თან დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ბანკისგან მიიღო საკრედიტო ბარათი PRIME Card 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. სარგებელი შეადგენს წლიურ 48%-ს. თანხის დაანგარიშების დღეა თვის 27 რიცხვი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ერთჯერად ჯარიმას ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 1 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო დავალიანების 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (არაუმეტეს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობისა). მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1106.59 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 811.22 ლარი, პროცენტი 129.40 ლარი, ჯარიმა 165.97 ლარი.

 

2018 წლის 18 იანვარს დადებულია საკრედიტო ხელშეკრულება N2183455-9545523, რომლის საფუძველზე ი-–-- ჩ-----–-–---–მა ბანკისგან მიიღო კრედიტი 1500 ლარი, კრედიტის ვადაა 365 დღე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თანხის გადახდა გრაფიკით დადგენილი წესით ყოველთვიურად 75 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.41%. მოპასეხეს კრედიტი არ დაუბრუნებია. მისი დავალიანებაა 2303.10 ლარი, საიდანაც 1500 ლარი არის ძირითადი თანხა, პროცენტი – 278.72 ლარი, პირგასამტეხლო 524.38 ლარი.

 

კრედიტის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობით ბანკი განიცდის ზიანს, ვერ იღებს შემოსავალს, რასაც დაბრუნებული თანხის გასესხებით მიღებდა დარიცხული სარგებლით, რის გამოც მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს ზიანი ვალდებულების სრულ შესრულებამდე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ი-–-- ჩ-----–-–---–მა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო. თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების გადახდაზე, ხოლო პირგასამტეხლოს შესახებ განმარტა, რომ მათი პროცენტი მაღალია. ასევე არ ცნო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა იმის გამო, რომ პირგასამტეხლოსთან ერთად არაგონივრულად მაღალი თანხის დაკისრებას გამოიწვევს, კრედიტის ნაწილი დაბრუნებული აქვს და ბანკს გარკვეული სარგებელი მიღებული აქვს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 18 სექტემბერს სს „თიბისი ბანკსა“ და ი-–-- ჩ-----–-–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N 2183455-9200198, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო კრედიტი 7300 ლარის ოდენობით. კრედიტის სარგებელია წლიური 25%, დაბრუნების ვადა 525 დღე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ერთჯერად ჯარიმას 20 ლარს, რასაც ემატება ყოველდღიური პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ჯიპიაი ჰოლდინგში სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ. მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, 2018 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ კრედიტის დასაბრუნებლად თანხა არ გადაუხდია. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2559.25 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1962.4 ლარი, პროცენტი 155.94 ლარი, ჯარიმა 436.22 ლარი, დაზღვევა- 4.69 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 22-49. ტომი 1)

– ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 53. ტომი 1)

– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 55. ტომი 1)

– მოპასუხის განმარტება (14.06.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.2. 2017 წლის 21 სექტემბერს ი-–-- ჩ-----–-–---–თან დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ბანკისგან მიიღო საკრედიტო ბარათი Prime Card 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. სარგებელი შეადგენს წლიურ 36%-ს. თანხის დაანგარიშების დღეა თვის 21 რიცხვი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ერთჯერად ჯარიმას 20 ლარი, რასაც ემატება ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2504.15 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1804.51 ლარი, პროცენტი 274.50 ლარი, ჯარიმა 425.50 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 50-52. ტომი 1)

– ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 188. ტომი 1)

– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 55. ტომი 1)

– მოპასუხის განმარტება (14.06.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.3. 2018 წლის 28 მაისს სს „თიბისი ბანკსა“ და ი-–-- ჩ-----–-–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო კრედიტი 1150.23 ლარის ოდენობით. კრედიტის სარგებელი გათვალისწინებული არ არის, დაბრუნების ვადაა 364 დღე (12 გადახდა). კრედიტორს თანხა უნდა დაებრუნებინა ყოველთვიურად თვის 27 რიცხვში 97.78 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ჯარიმას 2 ლარს, რასაც ემატება ყოველდღიური პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, 2018 წლის 29 ოქტომბრის შემდეგ კრედიტის დასაბრუნებლად თანხა არ გააუხდია. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1108.11 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 748.61 ლარი, ჯარიმა 351.90 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 40-44. ტომი 1)

– ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 70. ტომი 1)

– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 73. ტომი 1)

– მოპასუხის განმარტება (14.06.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.4. 2018 წლის 29 მარტს ი-–-- ჩ-----–-–---–თან დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ბანკისგან მიიღო საკრედიტო ბარათი PRIME Card 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. სარგებელი შეადგენს წლიურ 48%-ს.თანხის დაანგარიშების დღეა თვის 27 რიცხვი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ჯარიმას ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 1 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო დავალიანების 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (არაუმეტეს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობისა). მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1106.59 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 811.22 ლარი, პროცენტი 129.40 ლარი, ჯარიმა 165.97 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 44-48. ტომი 1)

– ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 71. ტომი 1)

– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 73. ტომი 1)

– მოპასუხის განმარტება (14.06.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.5. 2018 წლის 18 იანვარს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მიიღო კრედიტი 1500 ლარი, რომელიც უნდა დაბრუნებულიყო ჯამში 12 გადახდით. კრედიტი გაიცა 365 დღით. შენატანების საერთო ჯამია 2400 ლარი, ხოლო ყოველთვიური შენატანი 75 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველდღიურად გადასახდელი თანხის 0.41%. კრედიტის დაბრუნების ვალდებულება არ შესრულდა, მოპასუხის დავალიანებაა 2303,10, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 1500 ლარი, საკომისიო 278,72 ლარი, პირგასამტეხლოა 524,38 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 49-52. ტომი 1)

– ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 20-26. ტომი 1)

– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 73. ტომი 1)

– მოპასუხის განმარტება (14.06.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს საკრედიტო ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება. მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 867-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 394-ე, 404-ე, 412-ე, 414-ე მუხლები, 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მხარეებს შორის სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება. მხარეებს შორის სხვადასხვა დროს დადებულია 5 საკრედიტო ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოპასუხემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ კრედიტი არ დაუბრუნებია, რადგან ცნო სარჩელი სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, თუმცა არ მიუთითებია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ამ ნორმის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების, მათი შეთანხმების შემთხვევაში განისაზღვრება.

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების გადახდა, რადგან მოპასუხეს ცნო ეს მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თანხმობა განაცხადა მოთხოვნილი თანხიდან გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდევინება კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებებს პირგასმატეხლოს გონივრულობის საკითხში და მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს შემდეგი საფუძვლების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობითი ფორმით დადებული.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას. ტერმინი „შეუსაბამოდ მაღალი“ მიუთითებს კანონმდებლის ნებაზე, რომ შემცირებას შეიძლება დაექვემდებაროს ისეთი პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა აშკარად და თვალსაჩინოდ მაღალია სადაო ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებთან და ვალდებულების შეუსრულებლობის ხასიათთან. ამდენად, შემცირებას ექვემდებარება არ მარტო ოდენობის თვალსაზრისით მაღალი თანხის პირგასამტეხლო, არამედ ისეთი თანხა რომელიც თვალსაჩინოდ შეუსაბამოა კონკრეტული ვალდებულების დარღვევის გარემოებებთან.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

პირგასამტეხლოს გააჩნია სანქციის და პრევენციის ფუნქცია. ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს განსაზღვრით, ერთგვარად მოვალეზე ზეწოლის მოხდენას მიზნად დასახული, რათა მიზანია ფულადი სანქციის დაკისრების შიშით თავიდან იქნას აცილებული მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა, მოვალემ ფინანსური სანქციის შიშით მიიღოს ზომები ვალდებულების შესასრულებლად. ვალდებულების დარღვევუს შემდეგ პირგასამტეხლოს პრევენციის მნიშვნელობა არა აქვს და მისი მიზანია მოვალისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება, რა დროსაც პირგასამტეხლოს ასევე აქვს ზიანის მინიმალურად და სწრაფად ანაზღაურების ფუნქცია.

 

პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასების პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, სავარაუდო ზიანს. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს მინიჭებული აქვს სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევის საგამონაკლისო უფლება, რომლის მიზანია სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა, მხარეთა უფლებრივი თანაზომიერების პრინციპი დაცვა. ნორმის მიზანია თუნდაც ვალდებულების დამრღვევი მხარის დაცვა გადაჭარბებული პასუხისმგებლობისაგან, რადგან ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ (მაგალითად ბანკმა) ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლო აღჭურვილია უფლებამოსილებით, შეამციროს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო და განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ სადაო ურთიერთობისათვის სამართლიანი და გონივრული პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს შემცირების მიზანი არ არის მოვალისათვის სიმბოლური პასუხისმგებლობის დაკისრება და კრედიტორის მართლზომიერი ინტერესების უგულებელყოფა. პირგასამტეხლოს შემცირების მიზანია მხარეთა მართლზომიერ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა და ვალდებულების დარღვევის გამო მოვალისათვის გონივრული პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა შემცირდეს 2018 წლის 28 მაისის და 2018 წლის 18 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო.

 

2018 წლის 28 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხის დავალიანებაა 748,61 ლარი, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოა 351,90 ლარი, რაც არის დავალიანების თითქმის ნახევარი. ამ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების შესრულება მოპასუხემ შეწყვიტა 2018 წლის 27 ნოემბერს. კრედიტის სახით მიიღო 1150,23 ლარი, რომლის აღებიდან 5 თვის ვადაში გადაიხადა 401,62 ლარი, ხოლო ჯარიმა 3,43 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ რადგან ვადის გადაცილებისათვის მოსარჩელე მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და პირგასამტეხლოს ერთდროულად, მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება მოპასუხეს დაეკისროს დავალიანების ნახევარი ოდენობის პირგასამტეხლო ისეთ პირობებში, როცა ბანკი მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ დავალიანების ოდენობის, ვადის გადაცილების პერიოდის გათვალისწინებით გონივრული პირგასამტეხლოს ოდენობაა 150 ლარი.

 

2018 წლის 18 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს შემდეგი გარემოებების გამო: ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგამატეხლო ყოვედღიურად დავალიანების 0,41%-ის ოდენობით, რაც წლიურად 147.6 %-ია. დღეში გადასახდელი პირაგსამტეხლოა 6,15 ლარი. ვადა გადაცილებულია 2018 წლის ოქტომბრიდან და მოთხოვნილია 2019 წლის 21 თებერვლამდე დარიცხული პირგასამტეხლო. მოთხოვნილი პირგასმატეხლო 524,38 ლარი არის სესხის თანხის მესამედი. პირგასმატეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია ბანკსა და მოპასუხეს შორის არსებული ურთიერთიერთოსბი ხასიათი და ხანგრძლივობა და არა მარტო ამ საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების გარემოებები. მხარეებს შორის 5 საკრედიტო ხელშეკრულებაა დადებული, რომლებსაც მოპასუხე გარკვეული პერიოდულობით ასრულდებდა. ამ კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე უმნიშვნელო ვადაგადაცილებით გადახდილია პროცენტი 675 ლარი 2018 წლის ოქტომბრამდე პერიოდში. ამ საკრედიტო ვალდებულებასთან ერთად მოპასუხე სხვა კრედიტებსაც აბრუნებდა ამავე პერიოდში. ამ გარემოებების გამო არაგონივრულია სესხის მესამედი თანხის პირგასამტეხლოს დაკისრება და იგი უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ით, რაც არსი დღეში 1,5 ლარი. ვადის გადაცილებაა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 2019 წლის 21 თებერვლამდე - 103 დღე, რა პერიოდში გადასახდელი პირგასამტეხლოა 154,5 ლარი.

 

სხვა ხელშეკრულებების საფუძველზე პირგასამტეხლო გონივრული ოდენობითაა მოთხოვნილი. კერძოდ, 2017 წლის 18 სექტემბერის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილია პირგასმატეხლო 436,22 ლარი, ხოლო სესხი ძირითადი თანხის დავალიანებაა 1962,4 ლარი, მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის დავალიანების თითქმის 20%. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არის დარღვევული გონივრული თანაფარდობა დავალიანების თანხასა და პირგასამტეხლოს ოდენობას შორის.

 

2017 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფძველზე მოთხოვნილი პირგასმატეხლო 210 ლარი, რაც დარიცხულია 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 21 თებერვლამდე. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხის დავალიანებაა 1804,51 ლარი, რის გამოც 210 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება სრულად უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციის შესრულებას და გონივრული თანხაა დავალიანების ოდენობასთან მიმართებაში, არის დავალიანების 15%-ზე ნაკლები თანხა.

 

ასევე გონივრულია 2018 წლის 29 მარტის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასმატეხლო 165,97 ლარი, რაც დარიცხულია 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 21 თებერვლამდე. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხის დავალიანებაა 811,22 ლარი, რის გამოც 165,97 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება სრულად უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის გონივრული ფულადი სანქციის დაკისრების მიზანს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

 

მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს 2017 წლის 18 სექტემბრის, 2017 წლის 21 სექტემბერის, 2018 წლის 29 მარტის ხელშეკრულებების შეუსრულებლობის გამო 2019 წლის 21 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირითადი თანხის დავალიანების იმ პროცენტით, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხის მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო.

 

მოსარჩელის ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის გადასაწყვეტად მხედველობაშია მისაღები საკრედიტო ხელშეკრულების იურიდიული ბუნება. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტის თანახმად, კრედიტი არის დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში საქმეზე N ას-1385-1307 განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, .... ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ .

 

განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. თავის მხრივ ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი იყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება.

 

სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებითაც მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას. „საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - Nას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; Nას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.). ასევე 17 , 2017 წლის თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-681-652-2016.

 

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ საბანკო კრედიტის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს ადგება ზიანი, რაც გამოიხატება იმაში, რომ თანხის დაუბრუნებლობის გამო იგი ვერ იღებს შემოსავალს ამ თანხის კვლავ საკრედიტო ბრუნვაში გამოყენების გზით, ვერ გასცემს ამ თანხას ისევ კრედიტის სახით და ვერ იღებს სარგებელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანი (დანაკარგია), რომელიც ბანკმა ვერ მიიღო მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ეს ნორმა მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

ამ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

 

ბანკის მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დებულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება ზიანის ოდენობის შესახებ დებულებას არ შეიცავს, თუმცა კანონის ნორმა აწესებს ზიანის გონივრულობის სტანდარტს და ამით იცავს არამეწარმე ფიზიკურ პირებს მომეტებული პასუხისმგებლობის რისკისაგან. შესაბამისად, ბანკის მიუღებელი შემოსავლის ოდენობა ამ ნორმით დადგენილი პრინციპით უნდა განისაზღვროს.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში. ამ შემთხვევაში მსესხებელი კრედიტის დაბრუნების ვალდებულებას ასრულებდა თითქმის სამი წლის მანძილზე. მხარეებს შორის გაფორმებული სამომხმარებლო ხასიათის საკრედიტო ხელშეკრულება, რის გამოც 348-ე მუხლით დადგენილი პრინციპის საფუძველზე მოვალეს ზიანის ანაზღაურება ეკისრება გონივრულობის სტანდარტის დაცვით. ამ შემთხვევაში ბანკისათვის ზიანის მიყენება გამოწვეულია ვალდებულების არაჯეროვანის შესრულებით, მოვალე რამდენიმე წლის განმავლობაში იხდიდა კრედიტის თანხას, რის გამოც ამ პერიოდში ბანკი იღებდა სარგებელს. ამ გარემოების გამო გონივრული არ იქნება მსესხებელს დაეკისროს ისეთივე პასუხისმგებლობა, რაც ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის პირობებში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად ყოველთვიურად თანხის გადახდა არაუმეტეს 6 თვისა.

 

2017 წლის 18 სექტემბერის ხელშეკრულების შემთხვევაში მოთხოვნილია თვეში 40,88 ლარის გადახდა, ხოლო 6 თვეში გადასახდელია არაუმეტეს 245,28 ლარისა.

 

2017 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილია თვეში 54,12 ლარის გადახდა, რაც 6 თვეში გადასახდელია არაუმეტეს 324,72 ლარისა.

 

2018 წლის 29 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილია თვეში 32,44 ლარი, რაც 6 თვეში გადასახდელია არაუმეტეს 194,64 ლარისა.

 

საერთო ჯამში მოპასუხის მიერ შესასრულებელი საკრედიტო ვალდებულების ოდენობა შემდეგია:

· 2017 წლის 18 სექტემბერის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია ჯამში 2559,25 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1962,4 ლარი, პროცენტი - 155,94 ლარი პირგასამტეხლო - 436,22 ლარი, მიუღებელი შემოსავალი თვეში 40,88 ლარი არაუმეტეს 6 თვისა (245,28 ლარი).

· 2018 წლის 28 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია ჯამურად 898,61 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 748,61 ლარი, პირგასამტეხლო - 150 ლარი.

· 2017 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია 2288,65 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1804,51 ლარი, პროცენტი - 274,50 ლარი, პირგასამტეხლო - 210 ლარი. მიუღებელი შემოსავალი თვეში 54,12 ლარი არაუმეტეს 6 თვისა (324,72 ლარი).

· 2018 წლის 29 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია 1106,59 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხა 811,22 ლარი, პროცენტი- 129,40 ლარი, პირგასამტეხლო 165,97 ლარი. მიუღებელი შემოსავალი თვეში 32,44 ლარი არაუმეტეს 6 თვისა (194,64 ლარი).

· 2018 წლის 18 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია 1933,22 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1500 ლარი, საკომისიო - 278,72 ლარი, პირგასამტეხლო - 154,5 ლარი.

ჯამურად გადასახდელი თანხაა 15 496,21 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნების სარჩელის ფასია 13 945,94 ლარი, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 9 550,96 ლარის გადახდა (საერთო მოთხოვნის 69%). სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე ერთობლიობაში გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 468,37 ლარი, რომლის 69% არის 318,49 ლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს სსსკ 49-ე და 53-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

დაკისრებული თანხიდან მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზევე ცნო სარჩელი ძირითადი თანხის და პროცენტის, ჯამურად 7665,3 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის გადასახდელი თანხის 80%. მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟიდან 319,49 ლარიდან 80% არის 254,79 ლარი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სახელწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, რადგან მოსამზადებელ ეტაპზე მოთხოვნის ცნობის გამო მხარეები თავისუფლდებიან ამ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის 63,7 ლარის გადახდა.

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის გადახდა. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის იურიდიული დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 205,25 ლარის დაკისრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოპასუხეს დაეკისრა 9550,96 ლარის გადახდა, რომლის 4% არის 382,03 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს იურიდიული დახმარების მისაღებად გაწეული ხარჯის 205,25 ლარის დაკისრებას, რაც დავის საგნის ღირებულების 4%-ის ფარგლებშია და მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

სსსკ 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციისათვის საჯარო რეესტრში გადახდილი საფასურის 20 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თ-----------ის“ სარჩელი;

 

ი-–-- ჩ-----–-–---–ს დაეკისროს სს „თ-----------ისათვის“

 

1.1. 2017 წლის 18 სექტემბერის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 2559,25 ლარის გადახდა, ხოლო ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად 2019 წლის 21 თებერვლიდან თვეში 40,88 ლარის გადახდა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში;

1.2. 2018 წლის 28 მარტის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 898,61 ლარის გადახდა;

1.3. 2017 წლის 21 სექტემბერის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 2288,65 ლარის გადახდა, ხოლო ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად 2019 წლის 21 თებერვლიდან თვეში 54,12 ლარის გადახდა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში;;

1.4. 2018 წლის 29 მარტის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 1106,59 ლარის გადახდა, ხოლო ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად 2019 წლის 21 თებერვლიდან თვეში 32,44 ლარის გადახდა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში;

1.5. 2018 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 1933,22 ლარის გადახდა;

1.6. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ვალდებულების სრულ შესრულებამდე დაკისრების შესახებ და პირგასამტეხლოს მოთხოვნა 571,78 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში;

 

2. სს „თ-----------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 254,79 ლარი. თანხა 2019 წლის 26 თებერვალს გადახდი-–-- შემდეგ ანგარიშზე - სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, (საგადასახადო დავალება N7 და საგადასახადო დავალება N8);

 

3. ი-–-- ჩ-----–-–---–ს დაეკისროს სს „თ-----------ისათვის“ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 63,7 ლარის გადახდა, იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად 205,25 ლარის გადახდა, საჯარო რეესტრში გადახდილი რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი