გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/25559-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი
მოსარჩელე: შპს „ჯ---- კ-------“, ს/ნ 2--------
წარმომადგენლები: გ------- დ--------–---, ნ-----–- ღ---------
მოპასუხე: შპს „ჯ--------- მ--–-“, ს/ნ 2--------
წარმომადგენელი: დ----- ა-–-----
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს „ჯ--------- მ--–-ს“ შპს „ჯ---- კ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 8500 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე საწარმოს წარმომაგენელმა განმარტა, რომ 2015 წლიდან, მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელე საწარმო, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართზე, სადეზინფექციო, დერატიზაცია-დეზინსექციის სამუშაოებს ატარებდა. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ, მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეს გადაუხადოს მხარეთა მიერ შეთანხმებული საზღაური თვეში 500 ლარის ოდენობით. მოსარჩელე საწარმო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას მოპასუხეს 2017 წლის მარტის ჩათვლით უწევდა. მოპასუხემ თავისი სახელშეკრულებო ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა და მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, დარჩენილ დავალიანებას 8500 ლარის ოდენობით არ იხდის.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე საწარმოს წარმომადგენელმა დაადასტურა მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები და მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო, მიიჩნია რა, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა მიერ ხელმოწერილი და საწარმოთა ბეჭდებით დამოწმებული პროფილაქტიკური სადეზინფექციო სამუშაოების გაწევის აქტებით, შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურებით, მომსახურების წერილობითი ხელშეკრულებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ შპს „ჯ---- კ-------“ „შპს „ჯ--------- მ--–-ს“ თვეში 500 ლარის საზღაურის სანაცვლოდ სადეზინფექციო მომსახურებას უწევდა 2015 წლიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში, თუმცა, მოპასუხე საწარმოს მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების 17 თვის სანაცვლო საზღაური არ გადაუხდია (საწარმოთა ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან, ს.ფ. 14, 16, 73, ს.ფ. 26, 29-62).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინანდადებით დადგენილია, რომ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მხარეებს შორის არსებული მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხე საწარმოს მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაური სრულად არ გადაუხდია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის მიერ გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 255 ლარი (ს. ფ. 63). საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელეს წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული აქვს ხარჯი 500 ლარის ოდენობით (ს.ფ. 65).
ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი მოსამზადებელ სხდომაზე ცნო, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან და, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 255 ლარი (ს.ფ. 63). ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 340 ლარის ოდენობით (8500 ლარის 4 პროცენტი).
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ჯ--------- მ--–-ს“ შპს „ჯ---- კ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 8500 ლარის ოდენობით.
3. შპს „ჯ--------- მ--–-ს“ შპს „ჯ---- კ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 340 (სამას ორმოცი) ლარის ოდენობით.
4. შპს „ჯ---- კ-------ს“ დირექტორს, გ------- დ--------–---ს (პ/ნ 0----------), დაუბრუნდეს მის მიერ სს „თიბისი ბანკის“ საშუალებით 2018 წლის 31 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 255 ლარი. გადახდის რეკვიზიტებია: საგადასახადო დავალება N0, მიმღების ანგარიში N300773150, ბანკის კოდი - TRESGE22.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე