გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.06.2019
საქმის ნომერი
080210017002209207
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3771 -17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.06.2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე - შპს „ევ--------------ი“

წარმომადგენელი- თ-----ი გ-----ე

მოპასუხე - დ-----ი კუ------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე დ-----ი კუ------ეზე, მოსარჩელე შპს „ევ--------------“-ის სასარგებლოდ, სესხის ხელშეკრულებით გადაცემული ძირი თანხის – 1010 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება.

 

1.2. მოპასუხე დ-----ი კუ------ეზე, მოსარჩელე შპს „ევ--------------“-ის სასარგებლოდ, სესხის ხელშეკრულებით გადაცემული ძირი თანხის – 1010 აშშ დოლარის, სარგებელის -321,51 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება.

 

1.3. მოპასუხე დ-----ი კუ------ეზე, მოსარჩელე შპს „ევ--------------“-ის სასარგებლოდ, ავტომობილის შეფასებისათვის გადახდილი 100 (ასი) ლარის და სასამართლოს ხარჯების მოპასუხეზე მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება.

 

1.4. მოპასუხეზე გადასახდელად დაკისრებული თანხის გადახდა მოხდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციით.

 

1.5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის 2016 წლის 18 ოქტომბერს დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N კუ-–---------- და სესხის უზრუნველყოფის სანაცვლოდ დაიტვირთა ავტომობილი - ისიზუ როდეო 3.2. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა გირავნობის საგანი.

 

მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გირავნობის საგანი 2017 წლის 30 მაისს გაიყიდა 795.00 აშშ დოლარად. მოპასუხეს დარჩენილი დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით გაეგზავნა წერილი და მიეცა დამატებითი ვადა. მხარეებს შორის 2016 წლის 18 ოქტომბერს დადებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N კუ-–---------- ითვალისწინებს სესხის 5% სარგებელს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 321,51 აშშ დოლარს.

სესხის უზრუნველყოფის სანაცვლოდ დატვირთული ავტომობილი - ISUZU RODEO გაიყიდა 795.00 აშშ დოლარად, რომლიდანაც 405 აშშ დოლარით გაიქვითა დარიცხული სარგებელი; 390 აშშ დოლარით გაიქვითა სესხის ძირი თანხა. ვინაიდან სესხის ძირი იყო 1400 აშშ დოლარი, ხოლო გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად, სესხის ძირს გამოაკლდა 390 აშშ დოლარი და სესხის ძირი დარჩა 1010 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

2.1. მოპასუხე დ-----ი კუ------ემ შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან დადებული ჰქონდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N კუ-–----------; სესხის უზრუნველყოფის სანაცვლოდ დაიტვირთა ავტომობილი - ისიზუ როდეო 3.2.

მოსარჩელემ განიხილა სესხის დამტკიცების საკითხი და ავტომანქანის შესაძლო დაზიანების და ცვეთის გათვალისწინებით, გასცა სესხი 1400 აშშ დოლარი, ისე, რომ უზრუნველყოფის საგანი რეალური ყოფილიყო.

 

მოპასუხის განმარტებით, ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, გირავნობის საგანი გადასცა მოსარჩელეს და მიაჩნია, რომ მათ შორის დადებული სესხის ხელშეკრულება N კუ-–---------- შეწყდა. ამიტომ არ ეთანხმება მოსარჩელე მხარის ავტომანქანის ღირებულების შეფასების აქტს და მიაჩნია, რომ მანქანა გაიყიდა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 18 ოქტომბერს დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N კუ-–---------- და სესხის უზრუნველყოფის სანაცვლოდ დაიტვირთა ავტომობილი - ისიზუ როდეო 3.2.

მტკიცებულება:

- ხელშეკრულება N კუ-–----------.

 

3.1.2. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა გირავნობის საგანი.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გირავნობის საგანი 2017 წლის 30 მაისს გაიყიდა 795.00 აშშ დოლარად. რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე და სადავოდ მიიჩნევს ავტომობილის ღირებულების შეფასების აქტს;

მტკიცებულება: შესაგებელი; მოპასუხის ახსნა-განმარტება; -მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში (შემფასებელი იოსებ პავლიაშვილი);

-მიღება ჩაბარების აქტი 09.02.17;

- ფოტოილუსტრაცია.

 

3.2.2. დადგენილია, რომ მოპასუხეს დარჩენილი დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით გაეგზავნა წერილი და მიეცა დამატებითი ვადა. მოპასუხის განმარტებით, მხარე უფლებამოსილი არ იყო ავტომანქანა გაეყიდა საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასად. მტკიცებულება: გაფრთხილება; საქართველოს ფოსტის გზავნილი (გაგზავნის თარიღი 25.02.17);

 

3.2.3. სასამართლო ამ შემთხვევაში სრულად იზიარებს მოსარჩელის მიერ საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

მოსარჩელე შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით აცხადებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია დავალიანება. ვალდებულება წარმოშობილია საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე. ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, კერძოდ ის რომ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების ძირითადი პუნქტები. მოპასუხე კი შესაგებელში უარყოფს ვალის არსებობას, რადგან მოპასუხემ საეჭვო გახადა გირავნობის საგნის შეფასება. ის მიიჩნევს, რომ ავტომობილის (გირავნობის საგანი) სწორი შეფასების შემთხვევაში მოსარჩელის წინაშე მას არანაირი ვალდებულება არ უნდა დარჩენოდა, თუმცა არ წარმოუდგენია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამაბათილებელი, საპირწონე მტკიცებულება და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით.

ამდენად, ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს. ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.

როგორც აღინიშნა, მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილებას შეეცადა მხოლოდ ახსნა-განმარტებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ახსნა-განმარტება მტკიცებულებაა, თუმცა იგი გამყარებული უნდა იყოს სხვა სახის წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებით, სხვა შემთხვევაში, მოდავე მხარე ასევე ახსნა-განმარტებას დაუპირისპირებს ზეპირ მითითებას, ხოლო აღნიშნული ეწინააღმდეგება სსს კოდექსის 105 მუხლით დადგენილ მიზნებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 919-ე, 327-ე, 115-ე, 361-ე, 623-625-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.2. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

-დადგენილია, რომ მხარეებმა თავისუფალი ნების გამოხატვით გააფორმეს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მსესხებელ შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.5. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს შორის დავას იწვევს გირავნობის საგნის რეალიზაციის საკითხი. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ ავტომანქანა საბაზრო ფასზე ნაკლებად, გაასხვისა და ამჟამად დამატებით ითხოვს თანხას. მისივე განმარტებით, მოსარჩელე არაკეთილსინდისიერად იყენებს ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებას.

მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით მას მინიჭებული ჰქონდა უფლება, მოვალის თანხმობის გარეშე გაესხვისებინა გირავნობის საგანი. ამდენად, ეს ვერ შეფასდება უფლების ბოროტად გამოყენებად.

 

6...სასამართლოს მოპასუხის პოზიციას არ იზიარებს და აღნიშნავს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე ას-1338-1376 განმარტა, რომ ,,ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.

 

კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “bona fides“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „ius civile“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ “bona fide“-ს (“fides“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (“ex fide bona“) და, მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.

 

კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.

 

კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა ავალდებულებს ხელშეკრულების მეორე მხარეს, დაიცვას პირველი მხარის ქონებრივი ინტერესი.

 

საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების N კუ-–---------- 2.1. მუხლით, მხარეთა შეთანხმებით, მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა, განისაზღვრება 2200 აშშ დოლარით.

 

საქმის განხილვისას, მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გირავნობის საგნის შეფასება პირველ ეტაპზე, სესხის გაცემისას ხდება კრედიტ - ოფიცრის მიერ გირავნობის საგნის ვიზუალური დათვალიერებით.

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გირავნობის საგანი გაიყიდა 795.00 აშშ დოლარად, რომლიდანაც 405 აშშ დოლარი გაიქვითა დარიცხული სარგებელი; 390 აშშ დოლარით გაიქვითა სესხის ძირი თანხა. რასაც არ ეთანხმება მოპასუხე და სადავოდ მიიჩნევს ავტომობილის ღირებულების შეფასების აქტს, თუმცა არ მოუთხოვია და წარმოუდგენია ავტომანქანის დამატებით შეფასება, მოწმის ან/და სპეციალისტის დაკითხვა, ხოლო მხოლოდ ახსნა-განმარტება ვერ გახდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამაბათილებელი საპირწონე მტკიცებულება.

 

6.8. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სესხის უზრუნველყოფის სანაცვლოდ დატვირთული ავტომობილის გასხვისებისას, არ დაურღვია მხარის ქონებრივი ინტერესი. გასხვისებისას გირავნობის საგანი შეაფასდა, ხოლო შემფასებლის კვალიფიკაცია ამ შემთხვევაში სადავო არ გაუხდია მოპასუხეს. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო საკუთარი ინიციატივით ვერ დაეხმარება მოპასუხეს მტკიცებულებათა მოპოვება დამაგრებაში.

 

6.9. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ: დადგენილია, რომ სესხის უზრუნველყოფის სანაცვლოდ დატვირთული ავტომობილი - ISUZU RODEO გაიყიდა 795.00 აშშ დოლარად, რომლიდანაც 405 აშშ დოლარით გაიქვითა დარიცხული სარგებელი; 390 აშშ დოლარით გაიქვითა სესხის ძირი თანხა. დადგენილია, რომ სესხის ძირი იყო 1400 აშშ დოლარი, დადგენილია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად, მოსარჩელემ სესხის ძირს გამოაკლო 390 აშშ დოლარი და სესხის ძირი დარჩა 1010 აშშ დოლარი, რაც მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს, რადგან სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით; ხოლო იმავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამრიგად, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მთავარი მიზანია სასყიდლიანი კრედიტის სახით მსესხებლისათვის ფულის საკუთრებაში გადაცემა, ხოლო შემდეგ მისგან სარგებელთან ერთად იმავე სახისა და რაოდენობის ფულის მიღება. გირავნობა არის ნივთებზე მხოლოდ ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება, ხოლო საგნის რეალიზაცია კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთი სამართლებრივი საშუალება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფულადი ვალდებულების შესრულება არ მოხდება, თუმცა, როგორც აღინიშნა, კრედიტორის მიერ უფლების განხორციელებისას არ უნდა დაირღვეს მეორე მხარის, მოვალის უფლება.

 

გარდა ამისა, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს სესხზე დარიცხული სარგებელი რაც შეადგენს 321,51 აშშ დოლარს. მოცემულ შემთხვევაში სადავო სესხზე დარიცხული პროცენტი (სარგებელი)

 

სარჩელი საფუძვლიანია, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 18 ოქტომბერს დადებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N კუ-–---------- ითვალისწინებს სესხის 5% სარგებელს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 321,51 აშშ დოლარს, რომელიც მოპასუხე - დ-----ი კუ------ეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 623-ე, 361.2, 895-ე მუხლის თანახმად, გადასახდელად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

6.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით შეძლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არსებობის ფაქტის დადასტურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 111.00 ლარი, სარჩელი დაკმაყოფილდა და აღნიშნული თანხა 111.00 ლარი, უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს ასევე ავტომობილის შეფასების აქტის მომზადებისათვის გადახდილი 100 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს „ევ--------------ი“-ს სარჩელი დ-----ი კუ------ის მიმართ - თანხის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხე დ-----ი კუ------ეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირი 1010 აშშ დოლარის გადახდა.

 

3.მოპასუხე დ-----ი კუ------ეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის სარგებელი - 321,51 აშშ დოლარის გადახდა.

 

4.მოპასუხე დ-----ი კუ------ის დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის-111.00 ლარის და ავტომობილის შეფასების აქტის მომზადებისათვის გადახდილი 100 ლარის გადახდა.

 

5. მითითებული თანხის გადახდა მოხდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციით.

 

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე