გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2/27625-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
19 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - შპს "ყ--------------------–--ი"
წარმომადგენელი - თ-----------------
მოპასუხე - ბ------ მ-------ე, შპს "ა-–----ი"
წარმომადგენელი - ლ---------------------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (სამოქალაქო საქმეზე #2/32347-18)
1.1. მოპასუხეებს ბ------ მ-------ეს და შპს ,,ა-–----ს“ მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–-სის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება 4503.95 ლარის ოდენობით.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2015 წლის 27 ივნისს, ქ. თბილისში, ვ---------–-------------ი, მ--------------–ი, ,,ე“ კორპუსის მიმდებარედ მიწის გათხრით სამუშაოებს აწარმოებდა მოპასუხე, რა დროსაც დაზიანდა წყალსადენი მილი, რამაც გამოიწვია შპს ,,ყ--------------------–-სის“ საშუალო წნევის დ-300 მმ-იან გაზსადენ მილზე მიწის გამოცლა და ამ უკანასკნელის დაზიანება.
ზიანის ოდენობამ შეადგინა 4 503.95 ლარი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომპანიაში შევიდა საავარიო სამსახურის განაცხადი, სადაც მოპასუხემ აღიარა შპს ,,ყ--------------------–-სისადმი“ მიყენებული ზიანის ფაქტი და გამოთქვა მზადყოფნა აენაზღაურებინა ზიანი.
მიუხედავად შპს ,,ყ--------------------–-სის“ არაერთი მიმართვისა, მოპასუხე მხარე არ ანაზღაურებს მის მიერ მიყენებულ ზიანს, რის საფუძველზეც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ბ------ მ-------ემ და შპს ,,ა-–----მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ შპს ,,ყ--------------------–-სის“ სარჩელი ბ------ მ-------ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სამუშაოებს ასრულებდა არა ბ------ მ-------ე, არამედ შპს ,,ა-–----ი“, ხოლო შპს ,,ა-–----ის“ მიმართ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობიდან გამომდინარე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 27 ივნისს, ქ. თბილისში, ვ---------–-------------ი, მ--------------–ი, ,,ე“ კორპუსის მიმდებარედ მიწის გათხრით სამუშაოებს აწარმოებდა მოპასუხე შპს ,,ა-–----ი“ (ხელმძღვანელი კ------, სამუშაოს მწარმოებელი ბ------ მ-------ე), რა დროსაც დაზიანდა წყალსადენი მილი, რამაც გამოიწვია შპს ,,ყ--------------------–-სის“ საშუალო წნევის დ-300 მმ-იან გაზსადენ მილზე მიწის გამოცლა და ამ უკანასკნელის დაზიანება, რის გამოც, გაზი არ მიეწოდებოდა აღნიშნული გაზსადენით მოსარგებლე აბონენტებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ტელეფონოგრამა #0------- (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. შპს ,,ყ--------------------–-სის“ კუთვნილი, დაზიანებული გაზსადენი მილისთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთვის წარმოებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ შეადგინა 4503.95 ლარი. მხარეთა შორის ზიანის ოდენობა სადავო არ გამხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზიანის ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ მოპასუხე ბ------ მ-------ე წარმოადგენს მოპასუხე შპს ,,ა-–----ი“-ს თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–-ს“-მა სასამართლოს საჩელით მომართა ბ------ მ-------ის წინააღმდეგ 2017 წლის 12 ოქტომბერს, ხოლო დაზუსტებული სარჩელით მოპასუხეების - ბ------ მ-------ის და შპს ,,ა-–----ი“-ის მიმართ 2018 წლის 26 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 1-13);
- დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ.50-62);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 1008-ე, 144-ე, 317-ე, 992-ე, 997-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ამავე 1008-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, რიცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
მითითებული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, კანონი უფლებას აძლევს მოვალეს ხანდაზმულობის შემდგომ უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის ინტერსს წარმოდგენს კომუნალური მომსახურების მიღება, რაც გაქირავებული ობიექტისათვის მნიშვნელოვანია. მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა აპელირება გააკეთა ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ შპს ,,ყ--------------------–-სის“ სარჩელი შპს ,,ა-–----ის“ მიმართ მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ სადავო შემთხვევა მოხდა 2015 წლის 27 ივნისს, ხოლო შპს ,,ყ--------------------–-სმა“ სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მომართა 2018 წლის 26 ივნისს, ანუ კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ყ--------------------–-სის“ სარჩელი ხანდაზმული არ არის და მასზე სასამართლომ არსებითად უნდა იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის თაობაზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს, სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლომ მხარეთა განმარტებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა სამართალდარღვევის სამივე ნიშანი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.
წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, 2015 წლის 27 ივნისს, ქ. თბილისში, ვ---------–-------------ი, მ--------------–ი, ,,ე“ კორპუსის მიმდებარედ მიწის გათხრით სამუშაოებს აწარმოებდა მოპასუხე შპს ,,ა-–----ი“ (ხელმძღვანელი კ------, სამუშაოს მწარმოებელი ბ------ მ-------ე), რა დროსაც დაზიანდა წყალსადენი მილი, რამაც გამოიწვია შპს ,,ყ--------------------–-სის“ საშუალო წნევის დ-300 მმ-იან გაზსადენ მილზე მიწის გამოცლა და ამ უკანასკნელის დაზიანება, რის გამოც, გაზი არ მიეწოდებოდა აღნიშნული გაზსადენით მოსარგებლე აბონენტებს. შპს ,,ყ--------------------–-სის“ კუთვნილი, დაზიანებული გაზსადენი მილისთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთვის წარმოებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ შეადგინა 4503.95 ლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება, მისი ბრალის გამომრიცხველ გარემოებებთან დაკავშირებით. მოპასუხე მხარის შესაგებელი ეფუძნება ორ გარემოებას, პირველი - მოპასუხე ბ------ მ-------ეს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ვინაიდან სამუშაოებს აწარმოებდა კომპანია შპს ,,ა-–----ი“, ხოლო ბ------ მ-------ე წარმოადგენდა მხოლოდ ამ სამუშაოების შემსრულებელ პირს, და მეორე გარემოება - შპს ,,ყ--------------------–-სის“ სარჩელი შპს ,,ა-–----ის“ მიმართ არის ხანდაზმული, რაც გამორიცხავს მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი, რომლის თანახმადაც პირი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას.
წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, შპს ,,ყ--------------------–-სის“ სასარჩელო მოთხოვნის ადრესატს წარმოადგენს არა ბ------ მ-------ე, რომელიც როგორც შპს ,,ა-–----ის“ თანამშრომელი მოქმედებდა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, არამედ შპს ,,ა-–----ი“, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს ვ---------–ის მ-----------ის, მ---------------–ში მდებარე ,,ა“ კორპუსის წინ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი – ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.
მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე შპს ,,ა-–----ის“ წარმომადგენელმა თავის შედავებაში მიუთითა შპს ,,ა-–----ის“ მიმართ სარჩელის უსაფუძვლობის დამადასტურებელ ერთადერთ გარემოებაზე - ხანდაზმულობაზე, რაზეც სასამართლომ სამართლებრივი განმარტება გააკეთა 6.1 პუნქტში და მიუთითა, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ყ--------------------–-სის“ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. შპს ,,ა-–----ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 4503.95 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან წარმოდგენილ შემთხვევაში, შპს ,,ყ--------------------–-სის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ,,ა-–----ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 135.12 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს "ყ----------------------–--ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე შპს "ა-–----ს" მოსარჩელე შპს "ყ----------------------–--ის" სასარგებლოდ დაეკისროს 4503.95 ლარის გადახდა;
3. მოსარჩელე შპს "ყ----------------------–--ის" სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ბ------ მ-------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
4. მოპასუხე შპს "ა-–----ს" მოსარჩელე შპს "ყ----------------------–--ის" სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 135.12 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე