გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/33556-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
28 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე -სს "თ--–--ი"
წარმომადგენელი - ზ------------
მოპასუხე - სს "ს----------–-----------ზა"
წარმომადგენელი - თ----------------–---–ი, ს------------–---–--–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს ,,ს----------–-----------ზას“ მოსარჩელე სს ,,თ--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავლის 4026.50 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2018 წლის 12 ივლისს შპს ავანგარდმა განცხადებით მომართა სს თ--–--ს და მოითხოვა ფ-------ის ქუჩა N1---ის მიმდებარედ ელ. მომარაგება. ქსელზე მიერთების მიზნით სს თ--–--ის მიერ მომზადებული იქნა საპროექტო დოკუმენტაცია Nც–---. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 25.09.2018 წლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს თ--–--ის განცხადება და სს თ--–--ს მიეცა უფლება დანართი N1, N2 და N3-ის შესაბამისად განეხორციელებინა ელ.მომარაგების მიზნით მიწის გათხრითი სამუშაოები. სამუშაოების დაწყებისას აღმოჩნდა, რომ ფ-------ის ქუჩის კონტურების გაფართოების გამო არსებული გრუნტიანი ზოლის ათვისება მოხდა საგზაო ასფალტირებული ზოლის მიერ და საჭირო გახდა პროექტის მცირედი კორექტირება, რომლითაც ხაზობრივი ნაგებობის ნაწილი კვეთდა სს ს----------–-----------ზის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ს/კ 0--------------- ნაწილს.
2018 წლის 11 ოქტომბერს სს თ--–--მა აბონენტის ელ. ქსელზე მიერთების მიზნით მიმართა სს ს----------–-----------ზას და მოითხოვა „ს----------–-----------ზის" საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრულ მონაკვეთში ხაზობრივი ნაგებობის - ელ. კაბელის განთავსებაზე თანხმობის გაცემა და წარადგინა საპროექტო დოკუმენტაცია.
სს ს----------–-----------ზის 23.10.2018 წლის N6--- წერილით განსაზღვრული იქნა გაცხადების განხილვის საფასური 500 ლარი და თანხმობის გაცემის საფასური 3526,50 ლარის ოდენობით. მითითებული საფასური მოთხოვილია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და ამავე დროს არაგონივრულია, რაც ქმნის უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობებს, რამდენადაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი საწარმოები (სს ე-----------------------ა", შპს ყ--------------------–--ი, შპს ს----------------ა, შპს ს-----------ი, შპს ჯ----------------------------ი, შპს ს----------–-------------------–--–---–----------------------ა, მათ შორის სს თ--–--ი) დაინტერესებული პირის მიერ თანხის გადაუხდელად სწავლობენ და იხილავენ მათ საკუთრების კვეთის დაცვის ზონებში მშენებლობის შეთანხმების საკითხს და უსასყიდლოდ გასცემენ თანხმობას. ს----------–-----------ზა წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საწარმოს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ფლობს ხაზობრივ ნაგებობებს და მიწის ნაკვეთებს. ხაზობრივი ნაგებობის განსათავსებლად სს ს----------–-----------ზის მიერ დაწესებული თანხა მნიშვნელოვნად ზრდის ხარჯებს, რაც იწვევს მიერთების საფასურის და მომხმარებლის ტარიფის ზრდას და უარყოფითად აისახება მომხმარებლებზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მომარაგების ეროვნული კომისიის 14.08.2017 წლის N1---------- და 29.12.2017 წლის N1----------- წერილით საქართველოს მთავრობას და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელზე მიერთებასთან არსებულ საკითხებთან ერთად ეცნობა, რომ კომისიის მიერ ახალი მომხმარებლის მიერთებისათვის დადგენილია მინიმალური საფასური და სს ს----------–-----------ზის მიერ დაწესებული საფასური მნიშვნელოვნად ზრდიდა მიერთების საფასურს, რაც უარყოფითად აისახებოდა როგორც მომხმარებლის კმაყოფილებაზე, ასევე „ბიზნესის კეთების სიმარტივის" რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელზე. მითითებული წერილის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ შეტანილი იქნა ცვლილებები „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წლის N57 დადგენილებაში და გამარტივებული იქნა ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიღებისათვის სანებართვო წესი. სს ს----------–-----------ზის მიერ კი არავითარი ცვლილება იქნა შეტანილი ხაზობრივი ნაგებობის განთავსებისათვის თანხმობის მიღების წესში. სს თ--–--ს მიაჩნია, რომ სს „ს----------–-----------ზის" მიერ დაწესებული საფასური იწვევს უსაფუძვლო გამდიდრებას და უნდა მოხდეს სს თ--–--ის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნება.
სს ს----------–-----------ზის 23.10.2018 წლის N6--- წერილის საფუძველზე სს თ--–--ის მიერ გადახდილი იქნა ხაზობრივი ნაგებობის განთავსებისათვის თანხმობის მიღებისა და განხილვის საფასური 4026,50 ლარის ოდენობით. სს თ--–--ი იძულებული იყო გადაეხადა მოთხოვილი საფასური, ვინაიდან დადგენილ ვადაში უნდა უზრუნველყო აბონენტის ქსელზე მიერთება. თუ ქსელის განთავსება ხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ქსელის განთავსების სანაცვლოდ სს „თ--–--ი“ არ იხდის საფასურს. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ქსელის მონტაჟთან დაკავშირებული საფასური განსაზღვრულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ N19-74 დადგენილებით. აღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟის თაობაზე განცხადების განხილვა 15 დღის ვადაში არის უფასო. განმცხადებელი მხოლოდ განცხადების დაჩქარებულ ვადებში განხილვის მოთხოვნის შემთხვევაში იხდის ამავე პუნქტით განსაზღვრულ საფასურს (10 დღე - 100ლ; 8 დღე - 200ლ.; 3 დღე - 400ლ. და ა.შ.). განაცხადის განხილვის შემდეგ, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ სამუშაოებისთვის გამოსაყენებელი ტერიტორია არ აღემატება 200 გრძივ მეტრს, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟი არის უფასო. იმ შემთხვევაში, თუ ქსელის განთავსების ტერიტორია აღემატება 200 გრძივ მეტრს, საფასური ყოველ 200 გრძივ მეტრზე შეადგენს 100 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სს ,,ს----------–-----------ზამ“ სს ,,თ--–--ის“ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ "თ--–--ის” მიერ სს "ს----------–-----------ზისათვის" 2018 წლის 11 ოქტომბრის N 1---------- წერილის საფუძველზე წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციით, ხაზობრივი ნაგებობის ნაწილი მართლაც კვეთდა/კვეთს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. ხოლო რაც შეეხება ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რაც ერთვის სარჩელს, წარმოდგენილი დოკუმენტით მართლაც დგინდება გაცემული თანხმობის არსებობა, თუმცა რის საფუძველზე ვერ განხორციელდა დაინტერესებული პირის მიერ სამუშაოთა წარმოება, მოპასუხისთვის უცნობია. ასევე გაურკვეველია, თუ ვინ წარმოადგენს მტკიცებულების სახით თანდართული 2018 წლის 25 ნოემბრის N1---------- წერილის ადრესატს. მოსარჩელეს მიერ 2018 წლის 11 ოქტომბრის N1---------- წერილით მოთხოვნილ იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ელ.კაბელის განთავსება. სს "ს----------–-----------ზის" 2018 წლის 23 ოქტომბრის N6--- წერილით, მართლაც იქნა განსაზღვრული მოსარჩელის მიერ გადასახდელი მომსახურებისა და მიწით სარგებლობის საფასური ჯამში 4026.50 ლარის ოდენობით. თუმცა, მე-3 ფაქტობრივ გარემოებაში მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული პოზიცია, რომ თანხების მოთხოვნა განხორციელდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მის პოზიციას დავაზე და არა ფაქტობრივ გარემოებას. მოსარჩელის მტკიცებით სს ”ს----------–-----------ზის" მიერ დადგენილი მომსახურების საფასური და მიწით სარგებლობს საფასური სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია და წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხემ მიუთითა, რომ ხსენებული საფასური დადგენილია სს "ს----------–-----------ზის" საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურისა და მიწის ნაკვეთების მესამე პირების საინჟინრო კომუნიკაციებით გადაკვეთის შესახებ" ინსტრუქციის შესაბამისად. სს „ს----------–-----------ზა“ წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას (ამ საქმიანობის მიზანია მოგების მიღება და მის საკუთრებაში არსებული ქონება წარმოადგენს სს „ს----------–-----------ზის“ კერძო საკუთრებას. "ს----------–-----------ზა" თავისუფალია საკუთარი ქონების განკარგვის/გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. მით უმეტეს არ არსებობს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში რაიმე ფორმა, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს დაუწესებს მოპასუხეს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მესამე პირის – სს "თ--–--ის" მიერ სარგებლობისას შესაბამისი საფასურის მოთხოვნასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მოსარჩელე უთითებს და მსგავს შემთხვევაში მაგალითის სახით მოჰყავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიები, რასთან დაკავშირებითაც უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ გარემოებას არანაირი კავშირი არ აქვს განსახილველ დავასთან, ამასთან, "ს----------–-----------ზა" არ მიეკუთვნება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედ საწარმოთა რიცხვს, მასზე არ ვრცელდება აღნიშნულ სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მის საქმიანობაზე არ ვრცელდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილება. გარდა ამისა, მხარის ზოგადი მითითება აღნიშნულ გარემოებაზე, სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ ჩაითვლება რაიმეს მტკიცებულებად.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 მაისის N286 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილებები „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის No57 დადგენილებაში. თუმცა გასათვალისწინებელია აღნიშნული ცვლილებების შინაარსი და მიზანი. შეტანილი ცვლილებებით განისაზღვრა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემის ვადები, ასევე გარკვეული სახის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის გაუქმდა ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობის წარდგენის საჭიროება და სხვა. აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ თანხმობის გაცემის პროცედურების გამარტივების და შემხებლობა არ აქვს კერძო სამართლის იურიდიულ პირებისთვის რაიმე შეზღუდვის ან ვალდებულების დაკისრებასთან. ნორმატიული აქტი რაიმე სახის ვალდებულებას არ უწესებს კერძო სამართლის იურიდიულ პირს (მათ შორის სს "ს----------–-----------ზას"), ამასთან, ნორმატიული აქტის შინაარსიდან გამომდინარე შეუძლებელიც არის აღნიშნული გავრცელდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მის საკუთრებაში არსებულ მიწით მესამე პირის სარგებლობის შემთხვევაზე. სს "ს----------–-----------ზა" არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, არამედ დაფუძნებულია და მოქმედებს "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, მის აქციების ერთადერთ მფლობელს წარმოადგენს სს "ს-----------------------ი" და შესაბამისად, არის კერძო სამართლის იურიდიულ პირი. ზემოაღნიშნულისგან გამომდინარე, მოსარჩელის მითითება, რომ მოპასუხე რაიმე ფორმით ვალდებული იყო ცვლილებები განეხორციელებინა მესამე პირების მიერ მისი მიწით სარგებლობის წესში, მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს, რადგან ამგვარი ცვლილებების განხორციელების ვალდებულება მოპასუხეზე არ ვრცელდება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ საჯარო სამართალი სწორედ იმით განსხვავდება კერძო სამართლისგან, რომ საჯარო სამართალში ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ ის უფლებამოსილება გააჩნია, რაც პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით, ხოლო კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში კი პირი უფლებამოსილია იმოქმედოს იმ წესებითა და პირობებით, რაც პირდაპირ აკრძალული/შეზღუდული არ არის კანონმდებლობით. ვინაიდან “ს----------–-----------ზა" კერძო სამართლის სუბიექტია, მის მიმართ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით კერძო სამართალის პირობები ვრცელდება და არა საჯარო, კერძო სამართლში კი არ არსებობს ნორმა, რომელიც კერძო სამართლის იურიდიულ პირს დააკისრებს ვალდებულებას უსასყიდლოთ გადასცეს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სარგებლობაში მესამე პირებს.
მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ სს "ს----------–-----------ზის" 2018 წლის 23 ოქტომბრის N6--- წერილის საფუძველზე მართლაც იქნა გადახდილი შესაბამისი საფასური მოსარჩელის მიერმ თუმცა, არ ეთანხმება მოსარჩელის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ის იძულებული იყო მოთხოვნილი საფასური გადაეხადა. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სრულად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოსარჩელის მიერ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ელ.ქსელის დამონტაჟებისათვის განსაზღვრული საფასურების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა, შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის 19-74 დადგენილებაზე მითითება. აღნიშნულ გარემოებას არავითარი სამართლებრივი შემხებლობა არ გააჩნია განსახილველ დავასთან. მოსარჩელე აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მსჯელობაში კონკრეტულ პარალელს არ ავლებს "ს----------–-----------ზის" მიერ დაწესებულ საფასურებთან. აღნიშნულის თაობაზე კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ სს "ს----------–-----------ზა" წარმოადგენს "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის საქმიანობის მიზანია მოგების მიღება. მოპასუხე არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მის მიერ გაწეული მომსახურებისა თუ მისი საკუთრებით სარგებლობის საფასურს არ არეგულირებს არც ერთი ნორმატიული აქტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 12 ივლისს შპს ავანგარდმა განცხადებით მომართა სს თ--–--ს და მოითხოვა ფ-------ის ქუჩა N1---ის მიმდებარედ ელ. მომარაგება. ქსელზე მიერთების მიზნით სს თ--–--ის მიერ მომზადებული იქნა საპროექტო დოკუმენტაცია.
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 25.09.2018 წლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს თ--–--ის განცხადება და სს თ--–--ს მიეცა უფლება დანართი N1, N2 და N3-ის შესაბამისად განეხორციელებინა ელ. მომარაგების მიზნით მიწის გათხრითი სამუშაოები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები;
- სს ,,თ--–--ის“ 11/10/2018 წლის წერილი (ს.ფ. 22).
3.1.2. 2018 წლის 11 ოქტომბერს სს თ--–--მა აბონენტის ელ. ქსელზე მიერთების მიზნით მიმართა სს ს----------–-----------ზას და მოითხოვა „ს----------–-----------ზის" საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრულ მონაკვეთში ხაზობრივი ნაგებობის - ელ. კაბელის განთავსებაზე თანხმობის გაცემა და წარადგინა საპროექტო დოკუმენტაცია.
სს ს----------–-----------ზის 23.10.2018 წლის N6--- წერილით განსაზღვრული იქნა გაცხადების განხილვის საფასური 500 ლარი და თანხმობის გაცემის საფასური 3526,50 ლარის ოდენობით, რაც ანაზღაურდა სს ,,თ--–--ის“ მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,თ--–--ის“ 23.10.2018 წლის წერილი (ს.ფ. 23-25);
- სს ,,თ--–--ის“ განაცხადი ელექტრომომსახურების გაფართოებაზე (ს.ფ. 26-27);
- პროექტი #CN------------ (ს.ფ. 29-35);
- ცალხაზოვანი სქემა (ს.ფ. 36-37);
- სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემა (ს.ფ. 38);
- საგადახდო დავალება #80866 (ს.ფ. 50);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეზე სადავო გარემოებები დასადგენი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე, 317-ე, 976-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
აღნიშნული ნორმა ამახვილებს ყურადღებას ვალდებულების შესრულებასთან დაკვშირებით სხვისთვის გადაცემული ქონების უკან დაბრუნების საფუძვლებზე. დანაწესის თანახმად, თუ პირმა ვალდებულების შესასრულებლად სხვას გადასცა რაიმე ქონება, შესაძლებელია მისი უკან გამოთხოვა, თუ ვალდებულება ფაქტობრივად არ არსებობს. ეს დასაშვებია მაშინ, როცა გარიგება გაბათილებულია და არარსებულად ითვლება ან არსებობდა, მაგრამ შემდგომში შეწყდა.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ერთი პირის გამდიდრება უნდა მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე მნიშვნელობას მოკლებულია ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე პირთა ბრალეულობა, კეთილსინდისიერება და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერება თუ მართლწინააღმდეგობა. ანაზღაურების მოთხოვნის არსებობისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა-დაზოგვა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება, სს ,,ს----------–-----------ზის“ მიერ, განცხადების განხილვის საფასურის 500 ლარის და თანხმობის გაცემის საფასურის 3526.50 ლარის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოთხოვნის საკითხს, რამაც მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება განაპირობა. როგორც მოსარჩელე მიუთითებს, მითითებული საფასური მოთხოვილია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და ამავე დროს არაგონივრულია, რაც ქმნის უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობებს, რამდენადაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი საწარმოები დაინტერესებული პირის მიერ თანხის გადაუხდელად სწავლობენ და იხილავენ მათ საკუთრების კვეთის დაცვის ზონებში მშენებლობის შეთანხმების საკითხს და უსასყიდლოდ გასცემენ თანხმობას. ს----------–-----------ზა წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საწარმოს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ფლობს ხაზობრივ ნაგებობებს და მიწის ნაკვეთებს. ხაზობრივი ნაგებობის განსათავსებლად სს ,,ს----------–-----------ზის“ მიერ დაწესებული თანხა მნიშვნელოვნად ზრდის ხარჯებს, რაც იწვევს მიერთების საფასურის და მომხმარებლის ტარიფის ზრდას და უარყოფითად აისახება მომხმარებლებზე.
წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და მიუთითებს, რომ მოსარჩელეს მოთხოვნა, რომელსაც ასაბუთებს უსაფუძვლო გამდიდრებით, ეწინააღმდეგება მის მიერვე მოყვანილ უსაფუძვლო გამდიდრების განმარტებას. უსაფუძვლო გამდიდრების პირობით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს: - ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე; - აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. საქმეში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ზემოაღნიშნული საფუძვლები არ იკვეთება. კერძოდ, სს "ს----------–-----------ზის" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სს "თ--–--ის" ელ.კაბელის განთავსებით რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) არ მომხდარა მოპასუხის მხრიდან, არამედ მან მიიღო მოსარჩელისაგან ის საფასური, რაც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე იქნა დადგენილი საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით მესამე პირის მიერ სარგებლობისათვის, უშუალოდ სამართლებრივ საფუძველს კი წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი. მოცემულ შემთხვევაში, მით უფრო არ მომხდარა მოპასუხის ქონების გაზრდა მოსარჩელის ქონების შემცირების ხარჯზე, არამედ სს "თ--–--მა" მითითებული მომსახურების საფასურისა და მიწით სარგებლობის საფასურის გადახდის სანაცვლოდ მიიღო მისი საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის მომსახურება, სს "ს----------–-----------ზის" საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის უფლება, ამასთან, შედეგად დაემატა აბონენტი, რაც თავის მხრივ ასევე მოსარჩელისათვის სარგებელს წარმოადგენს. აქვე, ნიშანდობლივია თავად მოსარჩელის განმარტება, რომ მსგავსი ხარჯები იწვევს მიერთების საფასურის და მომხმარებლის ტარიფის ზრდას და უარყოფითად აისახება მომხმარებლებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით გამოირიცხება თავად მოსარჩელე მხარის მოთხოვნის უფლების ფაქტობრივი საფუძვლიანობა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე გასათვალისწინებელია, სს „ს----------–-----------ზის“, ასევე მისი საქმიანობისა და საკუთრებაში არსებული ქონების სამართლებრივი სტატუსი. სს „ს----------–-----------ზა“ წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ კერძო სამართლის იურიდილ პირს, რომლის აქციათა 100 %-ის მფლობელიც არის ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი - სს ”ს-----------------------ი" და რომელიც ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას (ამ საქმიანობის მიზანია მოგების მიღება) და მის საკუთრებაში არსებული ქონება წარმოადგენს სს „ს----------–-----------ზის“ კერძო საკუთრებას. შესაბამისად, სს „ს----------–-----------ზის“ ქონება წარმოადგენს კერძო საკუთრებას, საკუთრების უფლება კი აღიარებულია და დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ,,ს----------–-----------ზა" თავისუფალია საკუთარი ქონების განკარგვის/გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ არ არსებობს მოპასუხის მხრიდან საფასურის დაწესების სამართლებრივი საფუძვლები, მაგრამ არ მიუთითებს, თუ რომელი სამართლებრივი საფუძვლით იყო ვალდებული მოპასუხე უსასყიდლოდ გაეცა თანხმობა და განეხორციელებინა საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა. კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლებელია კონკრეტული ურთიერთობა პირდაპირ არ რეგულირდებოდეს სამართლებრივი ნორმით, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთი ურთიერთობა აკრძალულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია როგორც უსასყიდლოდ, ისე სასყიდლით და მხოლოდ მესაკუთრის პრეროგატივაა განსაზღვროს საფასური. აქვე, საგულისხმოა რომ თავად მოსარჩელ მხარის მითითებით აღნიშნული არ წარმოადგენდა ერთადერთ მარშუტს და შესაძლებელი იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გზის ნაწილზე გატარება, თუმცა მოსარჩელე მხარის გამოთვლებით სამუშაოთა წარმოება გაცილებით მეტი ჯდებოდა და საბოლოოდ გადაწყვეტილი იქნა მოპასუხე მხარის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამუშაოების წარმოება.
სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. ამასთან, აუცილებლად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სს „ს----------–-----------ზის“, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაწესებული საფასურის ბუნება და
დანიშნულება. იმისათვის, რომ სს „ს----------–-----------ზის“ საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურისა და მიწის ნაკვეთების მესამე პირების საინჟინრო კომუნიკაციებით გადაკვეთის თაობაზე "ს----------–-----------ზამ" გასცეს თანხმობა, დაწესებულია საფასური, რომელიც პირობითად დაყოფილია ორ ნაწილად: 1. მომსახურების საფასური და 2, მიწით სარგებლობის საფასური. ეს დასახელებები პირობითია, ხოლო მათი შინაარსი არის შემდეგი: 1. მომსახურების საფასური - სს „ს----------–-----------ზის“ საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის და მიწის ნაკვეთების საინჟინრო კომუნიკაციით გადაკვეთის საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისა და შეთანხმების საფასური; 2. მიწით სარგებლობის საფასური - საინჟინრო კომუნიკაციის სს „ს----------–-----------ზის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსების, მიწის ნაკვეთებით (საინჟინრო კომუნიკაციის განთავსების მიზნით) სარგებლობის საფასური და საინჟინრო კომუნიკაციის ხაზოვან ნაგებობად რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის საფასური.
მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების შესაბამისად, რომელსაც მოსარჩლე მხარე არ შედავებია, როდესაც დაინტერესებული პირები მიმართავენ სს „ს----------–-----------ზას“ კომუნიკაციებით გადაკვეთის თანხმობის გასაცემად, რ-------ის მხრიდან ხდება საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა, ადგილზე გასვლა და ობიექტის ადგილზე დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში საპროექტო დოკუმენტაციაში შესატანი ცვლილებების განსაზღვრა, რაც შრომატევადი სამუშაოა და მოითხოვს როგორც ადამიანური რესურსების (სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან), ისე მატერიალური რესურსების ხარჯვას. მოცემული პროცედურების შესრულება მოხდა ასევე სს "თ--–--ის" მიერ 2018 წლის 11 ოქტომბრის N1---------- განცხადების საფუძველზეც. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, რომ სს „ს----------–-----------ზის“ მიერ დაწესებული „მომსახურების საფასური“ სწორედ აღნიშნული რესურსების ხარჯვის მინიმალურ კომპენსაციას წარმოადგენს.
გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ გადაკვეთის შესახებ თანხმობის გაცემა შედის განმცხადებლების, ანუ სს "თ--–--ის" ინტერესებში და იმისათვის, რომ რ-------ამ თავისი რესურსი მიმართოს მესამე პირების ინტერესების დასაკმაყოფილებლად, სრულიად სამართლიანი და ლოგიკურია შესაბამისი კომპენსაციის მოთხოვნა. რაც შეეხება დაწესებული საფასურის მეორე ნაწილს (მიწით სარგებლობის საფასური), აღნიშნული წარმოადგენს კომპენსაციას სს „ს----------–-----------ზის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (კერძო საკუთრების) გამოყენებისა და სარგებლობისათვის. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საფასურის ეს ნაწილი განისაზღვრა მიწის ნაკვეთის იმ ფართის პროპორციულად, რა ფართის დაკავებაც იქნა მოთხოვნილი "თ--–--ის" კომუნიკაციის განთავსებისათვის, მისივე განცხადებით/საპროექტო დოკუმენტაციით. შესაბამისად, სრულიად სამართლიანი და ლოგიკურია მოსარჩელისათვის საფასურის დაწესება: მიწის ნაკვეთის დაკავებისა და გამოყენებისათვის, ვინაიდან კომუნიკაციების განთავსების შემდეგ ის ფართი, რომელზეც განთავსებულია შესაბამისი კომუნიკაცია, მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში იმყოფება და რ-------ის მიერ შესაბამისი ფართით სარგებლობის უფლება შეზღუდულია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელეს შესაძლებლობა აქვს "ს----------–-----------ზის" საკუთრებაში არსებულ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) დაარეგისტრიროს მის საკუთრებაში არსებული ხაზობრივი ნაგებობა.
ყოვლივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს----------–-----------ზის“ მიერ დაწესებული საფასური არის სრულიად გონივრული, სამართლიანი და კანონიერი.
სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად კერძო მესაკუთრე თვითონ წყვეტს, მესამე პირებისაგან ჩარევის გარეშე, თუ როგორ განკარგავს მის საკუთრების უფლებას. საკუთრების უფლების შეზღუდვა მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებშია შესაძლებელი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ სათანადო კომპენსაციით და არავითარ შემთხვევაში უსასყიდლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა და მისი გამოყენება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა სამართლებრივი საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია. აღნიშნული გულისხმობს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ფორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის Noას-774-723-2017განჩინება) . მოცემულ საქმეში კი ნათელია, რომ მხარეთა ურთიერთობა გამომდინარეობს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რომლის საფუძველზეც ერთი მხრივ, "ს----------–-----------ზამ" იკისრა: - ს----------------------------------ისა და მიწის ნაკვეთების საინჟინრო კომუნიკაციით გადაკვეთის თაობაზე "თ--–--ის" მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვის/შესწავლის ვალდებულება; - წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, სს „ს----------–-----------ზის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საინჟინრო კომუნიკაციის განთავსებასა და ხაზობრივ ნაგებობად რეგისტრაციისათვის თაობაზე თანხმობის გაცემის ვალდებულება; ხოლო მეორე მხრივ "თ--–--მა" ზემოაღნიშნული მომსახურების მიღებისათვის იკისრა შესაბამისი საფასურის გადახდის ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში ჯამში შეადგენდა 4026.5 ლარს. შესაბამისად, "თ--–--ის" მიერ წარმოდგენილი სარჩელით გათვალისწინებული თანხა გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოღნიშნული პრაქტიკის საფუძველზე კი დაუშვებელია მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას შეუსაბამო უსაფუძვლოდ გამდიდრების პირობები, რადგან არსებობს სხვა უფრო სპეციფიური ნორმა, რომელიც ამგვარ ურთიერთობას არეგულირებს. აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე (მათ შორის საფასურის გადახდის ნაწილში) კი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის პრეტენზია მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობისა თუ არაჯეროვნად შესრულების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს "თ--–--ის" სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, არ გამომდინარეობს საკანონმდებლო ნორმებიდან, მოცემულ შემთხვევაში საქმე არ მოიცავს უსაფუძვლო გამდიდრების პირობებს, შესაბამისად, სს "თ--–--ის" სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60.40 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს "თ--–--ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე