განაჩენი

სისხლის სამართლის 08.07.2019
საქმის ნომერი
020100119003053417
დავის ტიპი
381 (1) , 178 2 ა
თარიღი
08.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119003053417

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/337-19 5 ივლისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი მ-----------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული თ----------------------–------------------–-------–-–---------------------------–----------–------------------------------–----–----------–---------------–-------–--------------–-----------------------------------–--------------------–----------–------------–----------------------------------------------------------------

 

2.1.1. კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.

ქმედების შემადგენლობა: ძარცვა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2.1.2. კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

2.2. ადვოკატი რ------------------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

I. ძარცვა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, რასაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2019 წლის 1------- ზუგდიდის რაიონის სოფელ კ-----–-, გ---------------------ში თ----------–---ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ყოფილი მეუღლის - გ--------------------ს კუთვნილ, 200 ლარის ღირებულების ტელეფონს.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).

დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ძარცვის ბრალდება და გამარტა, რომ ბრალდებული აშკარად დაეუფლა სხვის მოძრავ ნივთს, მაგრამ მისი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი არ გააჩნდა და მხოლოდ იმ მიზნით დაეუფლა ტელეფონს, რომ ყოფილ მეუღლეს არ დაერეკა პოლიციაში.

ამ კუთხით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში მოიპოვება მოწმე გ-----------–----ს და ბრალდებულის ჩვენებები, რომელიც დაცვის მხარის მიერ სადავო არ გამხდარა წინასასამართლო და არსებით სხდომაზე, პირიქით, ის დაეთანხმა მის უდავო მტკიცებულებად ცნობას. აღნიშნული მტკიცებულებების მიხედვით, ბრალდებული მივიდა დაზარალებულის სახლში და და მას ხელიდან გასტაცა ტელეფონი, რაც არ დაუბრუნებია - თან წაიღო. საქმეში მოიპოვება ასევე შეტყობინების ოქმი, სადაც მითითებულია, რომ მეუღლეს მიუვარდა ბრადლებული და წაართვა ტელეფონი. ამოღების ოქმით დგინდება, რომ ბრალდებულისგან ამოღებულ იქნა დაზარალებულის კუთვნილი ტელეფონი. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულს ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება არ სურდა, ვინაიდან ირკვევა, რომ ტელეფონის წართმევის მოტივი იყო ყოფილი მეუღლის მხრიდან პოლიციაში დარეკვის პრევენცია, რადგან ასეთი გამოცდილება ბრალდებულს უკვე ჰქონდა, რა დროსაც მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიწერა. ირკვევა ასევე, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის დაძაბული ურთიერთობა ჯერ კიდევ არსებობს, რადგან სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მოითხოვა ბრალდებულის მისგან მოცილება. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებული დაუბრუნებდა ტელეფონს დაზარალებულს მას შემდეგ, რაც ის დამშვიდდებოდა, თუმცა დაზარალებული დღემდე იმავე განწყობაზეა ბრალდებულთან მიმართებით, როგორზეც იყო შემთხვევის დღეს. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდებული არ აპირებდა დაზარალებულისთვის ტელეფონის დაბრუნებას, რადგან დაზარალებულს დღესაც არ სურს ბრალდებულის დანახვა და მასთან მიახლოების შემთხვევაში დღესაც მზად არის, შეატყობინოს სამართალდამცავ ორგანოს. ამდენად, დაცვის მხარის მითითება დამშვიდებისთანავე ტელეფონის დაბრუნების ჩანაფიქრზე თავიდანვე განწირული იყო შეუსრულებლობისთვის, რაც, რა თქმა უნდა, აძლევდა ბრალდებულს ტელეფონის მისი სურვილის შესაბამისად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენების საშუალებას, რაშიც გამოიხატებოდა კიდეც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

სასამართლომ მოისმინა რა მხარეთა პოზიციები, შეისწავლა საქმის მასალები, მიიჩნია, რომ მოწმე გ-----------–----ს, განსაკუთრებით კი თავად ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმით, დათვალიერების და ამოცნობის ოქმებით უტყუარად დადასტურებულია, რომ თ----------–---ა მოქმედებდა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

2.2 სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

ბრალად წარდგენილი ქმედების ობიექტურ შემადგენლობასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ საქმის მასალების თანახმად, წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდაოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.

ბრალდებულის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდაო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში საქმის არსებით განხილვაზე უდაოდ ცნობილი მტკიცებულებების გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ მოწმე გ-----------–----ს, განსაკუთრებით კი ბრალდებულის დაკითხვის, ამოღების, ნივთის ამოცნობის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ თ----------–---ამ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია თ----------–---ას მიერ სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება ისევე, როგორც ბრალად წარდგენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი - მნიშვნელოვანი ზიანი. დაცვის მხარის მიერ სადაო არ გამხდარა წინასასამართლო სხდომაზე სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული მტკიცებულების მიხედვით, დაზარალებულს მიადგა 200 ლარის ზიანი.

სასამართლომ მოისმინა რა მხარეთა პოზიციები, შეისწავლა საქმის მასალები, მიიჩნია, რომ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულის ქმედებამ გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი დასჯად ქმედებად აცხადებს ძარცვას, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლებას აშკარად. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვისი ნივთის დაუფლება ხდება არა ფარულად, არამედ თვალნათლივ, სხვისი, მათ შორის ნივთის მესაკუთრის მხედველობის არეში. თვითონ ქმედების სუბიექტიც აცნობიერებს, რომ მისი ქმედება არ არის ფარული და ის სხვების თვალწინ ჩადის მას. ეს გარემოება ძარცვას სხვა დანაშაულებთან შედარებით მეტი საშიშროებით ახასიათებს, ვინაიდან ქმედების სუბიექტს გაცნობიერებული აქვს, რომ მიზნის მისაღწევად და წინააღმდეგობის გადასალახავად შეუძლია მიმართოს ძალადობას. ობიექტური მხრივ ძარცვა მხოლოდ აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ის აშკარად, სხვათა თანდასწრებით ეუფლება ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ამ შედეგის დადგომა. სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული მატერიალური დანაშაულია და აუცილებელია, განხორციელებულმა ქმედებამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი.

საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ სხვისი მოძრავი ნივთის - ყოფილი მეუღლის ტელეფონის - დაუფლება მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა და რომ ის ეუფლებოდა სხვის კუთვნილ ნივთს, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის - სხვისი ნივთის დაუფლების შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი. აღსანიშნავია, რომ არსებობს განზრახვის რამდენიმე სახე. მათ შორის მოიაზრება ისეთი განზრახვა, როცა პირს არ გააჩნია კონკრეტიზებული, ორიენტირებული განზრახვა, არამედ მისი განზრახვა არაკონკრეტიზებული, ზოგადია, მოიცავს ყველა შესაძლო შედეგს. ის უშვებს, რომ შეიძლება მისი ქმედების შედეგი სხვადასხვაგვარი იყოს და ეს დამოკიდებულია დაზარალებულის კუთვნილი ტელეფონის ღირებულებაზე, მაგრამ მას არ აქვს კონკრეტული ღირებულების ტელეფონის დაუფლების სურვილი, არამედ სურს დაეუფლოს იმ ტელეფონს, რაც დაზარალებულს გააჩნია. ამასთან, ის უშვებს, რომ ეს ტელეფონი შეიძლება იყოს მცირე ან მეტი ღირებულების, დაშვებულია მნიშვნელოვანი ზიანის შესაძლებლობაც და ამ ოდენობით ზიანის მიყენებისთვისაც მზად არის, აღნიშნული მის სურვილში შედის. განსახილველი შემთხვევა წარმოადგენს მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი ძარცვის მაგალითს, რის გამოც ბრალდებულის ქმედება, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხველი გარემოებების არარსებობის პირობებში, მიჩნეულ უნდა იქნეს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულად.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ თ----------–---ას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან, მათ შორის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანთან დაკავშირებით, რის გამოც თ----------–---ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

თ----------–---ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

თ----------–---ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას), ქმედების განხორციელების ხერხს და სახეს (ხელიდან ტელეფონის წართმევა), მოტივს და მიზანს (მიზანი - სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება; მოტივი - მისი სხვა დარღვევის პოლიციისთვის შეტყობინების შიში), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის განქორწინებული, ჰყავს შვილი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულის პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს აქვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი არაერთი გარემოება - ბრალდებულს აქვს მძიმე მატერიალური და ოჯახური პირობები, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამ გარემოებებთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი. განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრა.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია დაზარალებულის კუთვნილი ტელეფონი, რომელიც, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

II. დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2019 წლის 1------------–- დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით თ----------–---ას 6 თვით აეკრძალა მსხვერპლთან - გ--------------------სთან, მის საცხოვრებელ სახლთან და ნებისმიერ იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე ყოველგვარი კომუნიკაცია (მათ შორის სატელეფონო საუბარი) მსხვერპლთან. თ----------–---ამ დაარღვია 2019 წლის 1------------–- დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 1------- მივიდა გ--------------------სთან სახლში ზუგდიდის რაიონის სოფელ კ-----–-, გ---------------------ში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

დამცავი ორდერის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: გ-----------–----ს, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებით და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1-----------–-ს გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მას აეკრძალა დაზარალებულთან, მის საცხოვრებელ ადგილთან და ნებისმიერ იმ ადგილთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასვე აეკრძალა ყოველგვარი კომუნიკაცია, მათ შორის სატელეფონო საუბარი.

ის, რომ ბრალდებულმა დარღვია დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. მოწმეების: გ-----------–----ს, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებით და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1-----------–-ს გადაწყვეტილებით, შეტყობინების რეგისტრაციის ოქმით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა დაარღვია დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

2.2. განზრახვა

 

საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამდენად, თუ გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის შესახებ არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაშია დანაშაული. ამდენად, დადგენილია, რომ სსკ-ის 3811-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

ის, რომ ბრალდებული დაზარალებულს განზრახ მიუახლოვდა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები განზრახ დაარღვია, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში საქმის არსებით განხილვაზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ მოწმეების: გ-----------–----ს, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებით და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1-----------–-ს გადაწყვეტილებით, შეტყობინების რეგისტრაციის ოქმით და ამასთან, უდავოდ ცნობილი ჩვენებების საფუძველზე სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ბრალდებულმა ქმედება ჩაიდინა განზრახ, როცა ის ითვალისწინებდა დაცვის ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შესაძლებლობას, სურდა ამ შედეგის დადგომა. ასეთი დასკვნის საშუალებას იძლევა ის გარემოებები, რომ ბრალდებული მიუვარდა სახლში დაზარალებულს და ტელეფონი წაართვა, რომ არ შეეტყობინებინა პოლიციისთვის დაცვის ორდერით გათვალიწინებული ვალდებულებების დარღვევის შესახებ.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების დარღვევისთვის.

საქმეში არსებულ უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა დაარღვია დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები.

ამდენად, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილი, პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადასტურებულია სსკ-ის 3811- ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს თ----------–---ას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც თ----------–---ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

თ----------–---ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

თ----------–---ას პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (ყოფილ მეუღლესთან შერიგების სურვილი), მიზანს (დაზარალებულებისა და შვილის ნახვა), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (დამცავი ორდერით დადგენილი, დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (დაზარალებულის საცხოვრებელ ადგილას მისვლა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას მოჰყვა სხვა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულების პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, რაც არის ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

მართალია, სანქციაში არ არის მითითებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით.

საქმის გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის მინიმალური ზომის სასჯელის განსაზღვრა.

ვინაიდან არსებობს დანაშაულთა ერთობლიობა, საბოლოო სასჯელი უნდა დაინიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ----------–---ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თ----------–---ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

თ----------–---ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1-----------.

ნივთმტკიცება: ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია