გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 351210018002439454
საქმე № 2-177-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2019 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე
მოსარჩელე - თ------ კ----–------–---–ი
წარმომადგენელი - მ------------ე
მოპასუხე - თ--- ზ----ე
წარმომადგენელი - მ--- თ-----–---–ი
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს მოპასუხე თ--- ზ----ეს ხელი არ შეუშალოს თ------ კ----–------–---–ს მისი უძრავი ქონების (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 600 მ2 ფართობი, მდებარე გარდაბნის რაიონი, მარტყოფი, ლოჭინის ხევი ს/კ 8-----------) კანონიერ ფლობაში.
მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელე მხარემ რამდენიმეჯერ დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა: მოპასუხე თ--- ზ----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს 55 მ2 ფართობი მიწის ნაკვეთი, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი მარტყოფი, ლოჭინი და დაევალოს მოპასუხეს მოშალოს თ------ კ----–------–---–ის მიწის ნაკვეთზე არსებული ჭიშკარი, რომლითაც არ ასარგებლებს მოსარჩელეს.
სარჩელის მიხედვით, თ------ კ----–------–---–მა 08.07.2016 წელს ოფიციალურად გაიფორმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 600 მ2 ფართობი, მდებარე გარდაბნის რაიონი, სოფელი მარტყოფი, ლოჭინის ხევი, ს/კ 8-----------. აზომვით ნახაზზე შტრიხით მოცემულია 600 მ2-დან თუ რამდენ მიწის ფართობს ფლობს მოსარჩელე დღეის მდგომარეობით, ხოლო მარკერით გაფერადებულია 30 მ2 მიწის ნაკვეთი, რომელიც მიითვისა მოპასუხის ოჯახმა. მოსარჩელის ნაკვეთს ესაზღვრება მდინარე ლოჭინი, რომელიც ერთადერთი საშუალებაა, ხოლო სასმელი წყალი, რომელიც იქვე მდინარესთან ახლოს იყო, მეწყერის მოვარდნის დროს გაქრა და მოსარჩელე დარჩა სასმელი წყლის გარეშე, რომელსაც ეზიდება მოსახლეობა შორი მანძილიდან. მოპასუხემ ჩაიღობა უკანონოდ მოსარჩელის კუთვნილი მიწის გარკვეული ფართი წყაროსთან ერთად და მოჭრა მოსარჩელის დიდი კაკლის ხე ნებართვის გარეშე, რაც შემდეგ მიწის მითვისებაში გადაიზარდა.
2. მოპასუხის პოზიცია
წერილობითი შესაგებლით მოპასუხე თ--- ზ----ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი: მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები არ შეესაბამება რეალობას, მის მიერ სარჩელში მითითებულია თითქოს ჩვენი ნაკვეთს ესაზღვრება მდინარე ლოჭინი, რეალურად მდინარე ლოჭინი ჩვენი ნაკვეთიდან მდებარეობს ნახევარი კილომეტრის დაშორებით, ხოლო წყალი, რომელიც ჩვენი ნაკვეთის ბოლოს მიედინება, არის ტბებიდან გამოდინებული პატარა მდინარე, რომელსაც კოვზა ქვია. რეალურად მოპასუხე თ--- ზ----ე ხელს არ უშლის მოსარჩელეს მისი ქონების სარგებლობაში.
საქმის ზეპირ განხილვაზე, მოპასუხე მხარემ დაადასტურა, რომ შეისყიდა მიწის ნაკვეთი წინა მესაკუთრისგან - ქეთევან ცინცაძისგან და წარდგენილი აქვს განაცხადი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციისთვის, შესაბამისად თ--- ზ----ე ფლობს და სარგებლობს თ------ კ----–------–---–ის მეზობლად არსებული ნაკვეთით, თუმცა მას არ მიუტაცებია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2016 წლის 13 ივლისიდან მოსარჩელე თ------ კ----–------–---–ის საკუთრებაშია სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართი - 600 მ2 მდებარე მისამართზე: გარდაბანი, მარტყოფი, ლოჭინის ხევი, ს/კ: 8-----------.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა (ტომი I, ს.ფ. 14-16).
3.2.2. რამდენიმე წლის წინ მოხდა მდინარის ადიდება და წყაროსთან მიმავალი გზა ნაწილობრივ მოინგრა, დარჩენილია საცალფეხო ბილიკი. მოპასუხე თ--- ზ----ემ გზა დაკეტა მავთულის ბადით იმ მიზნით, რომ ამ გზიდან შედიოდა პირუტყვი, რომელიც აზიანებდა მის სარგებლობაში არსებულ ნათესს და ხეხილს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული ინსპექტირების განყოფილების უფროსის მოხსენებითი ბარათი და მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი (ს.ფ. 136-138);
- მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმები);
- ადგილზე დათვალიერება.
3.2.3. გარდაბნის რაიონი, მარტყოფი, ლოჭინის ხევში მდებარე თ------ კ----–------–---–ის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი, როგორც მყარი სავარგულის საზღვრები, მდინარის მიერ თავისი კალაპოტის შეცვლის შედეგად, ფაქტიურად აღარ არსებობს. აღნიშნულ მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ 8-----------) და ამავე ნაკვეთის ადრე არსებული მყარი ნაწილი, რომელიც დღეის მდგომარეობით წალეკილია მდინარე ლოჭინის მიერ, წარმოადგენს თ------ კ----–------–---–ის საკუთრებას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ექსპერტიზის დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 189-196).
3.2.4. მოპასუხე თ--- ზ----ე ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით, რომელიც შეისყიდა ქეთევან ცინცაძისგან. ნაკვეთი მდებარეობს თ------ კ----–------–---–ის მიწის ნაკვეთის მეზობლად, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმები);
- ადგილზე დათვალიერება.
3.3.5. მოსარჩელე თ------ კ----–------–---–ს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრული აქვს მავთულის ბადით. ნაკვეთს ერთი მხრიდან აქვს ჩასასვლელი საცალფეხო ბილიკი, რომელიც ჩადის მდინარეზე. მდინარის პირას, გარდა თ------ კ----–------–---–ის მიწის ნაკვეთისა, არის ასევე მიწის ნაკვეთი, რომლითაც სარგებლობს მოპასუხე თ--- ზ----ე.
მოცემულ საქმეში სადავო არ არის ის გარემოება, რომ თ------ კ----–------–---–ის მიწის ნაკვეთსა და ერთ-ერთი მეზობლის ნაკვეთს შორის (და არა თ--- ზ----ის სარგებლობაში არსებულ ნაკვეთს შორის) არის გაკეთებული მავთულის ღობე ხის კარით, რომელიც ჩაკეტილია მავთულის ზონარებით, აღნიშნული კარით სარგებლობს თ--- ზ----ე, რომელიც იყენებს კარს მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელად, რათა პირუტყივის მიერ არ დაზიანდეს ნაკვეთზე არსებული ნარგავები. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ადგილზე დათვალიერებით, რა დროსაც, მდინარესთან ჩასასვლელი გზა დაკეტილი იყო ხის კარით, რომელიც გახსნა მოპასუხე თ--- ზ----ემ.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული აქვს 600 მ2 სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მისამართზე: გარდაბანი, მარტყოფი, ლოჭინის ხევი, ს/კ: 8-----------. თუმცა მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სასამართლოში მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ის ვერ სარგებლობს 600 მ2 სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით სრულად, და რეგისტრირებული 600 მ2 სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 55 მ2 არის მოპასუხის უკანონო მფლობელობაში.
სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ წლების წინ ადიდდა მდინარე, რომელმაც ნაწილობრივ წაიღო მიწის ნაკვეთები, თუმცა მოსარჩელის მიერ არ იქნა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 600 მ2-დან ფაქტობრივად რა ფართობით სარგებლობს მოსარჩელე თ------ კ----–------–---–ი და რამდენია დარჩენილი შემოღობვის გარეთ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ ნორმით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო მიუთითებს, რომ თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთია იმის დადასტურება, რომ მოპასუხე ნამდვილად ფლობს არამართლზომიერად მოსარჩელის უძრავი ქონების ნაწილს. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო აღნიშნული გარემოების დადასტურება, მას არ წარმოუდგენია სარწმუნო მტკიცებულება, რაც ნათელს გახდიდა მოპასუხის მხრიდან # 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილის ფლობას, რაც გამორიცხავს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
რაც შეეხება მოთხოვნას უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურდა, რომ მოპასუხე თ--- ზ----ე უშლის ხელს მოსარჩელეს, ისარგებლოს მდინარეზე ჩასასვლელი გზით, რომელიც დადგინდა, რომ მოპასუხის საკუთრებაში არ არის, რის გამოც მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფიდლეს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 174-ე, 176-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის, უნდა არსებობდეს შემდეგი სამი წინაპირობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილს - 55 მ2 ფართს მოპასუხე თ--- ზ----ე ფლობს, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულები, რომლითაც გაირკვეოდა 600 მ2-დან რამდენი ფართით სარგებლობს მოსარჩელე და რამდენია დარჩენილი ფაქტობრივი საზღვრის გარეთ. სასამართლო მიუთითებს მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მან ვერ შეძლო მისი მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოების დადასტურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. კერძოდ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხე არის სადავო 55 მ2 უძრავი ნივთის მფლობელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მას ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა წარმოადგენს საკუთრების საწინააღმდეგოდ მესაკუთრის საკუთრების უფლებაში ჩარევას. იმავდროულად ხელშეშლა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ხელშემშლელს არ უნდა გააჩნდეს ამის უფლებამოსილება რაიმე საფუძვლით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი ყოველთვის უნდა დადასტურდეს სათანადო და კონკრეტული მტკიცებულებებით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრული სარჩელზე, მოსარჩელის მტკიცების ვალდებულებას წარმოადგენს ხელშეშლის არსებობის ფაქტის დადასტურება. მომთხოვნი მხარის მიერ უნდა დადასტურდეს მისი ინტერესი და მოწინააღმდეგე მხარის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც ხელყოფს და აზიანებს მესაკუთრის საკუთრების უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.
სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ მოპასუხის სარგებლობაშია ხის კარი მავთულის ღობით, რომელიც გავლებულია მოსარჩელე თ------ კ----–------–---–ის საკუთრებაში არსებული ღობიდან ერთ-ერთი მეზობლის ღობემდე, აღნიშნული გზიდან ჩასასვლელია მდინარეზე. აღნიშნული კარით სარგებლობს მოპასუხე თ--- კ----–------–---–ი. ხოლო მოსარჩელე თ------ კ----–------–---–ს არ აქვს საშუალება, რომ თავისუფლად ისარგებლოს კარის მიღმა არსებული მდინარით.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა მოსარჩელე მხარის ინტერესი ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, რომლის შესაბამისადაც, მოპასუხეს უნდა დაევალოს ხის კარის მოშლა (დემონტაჟი), რომელიც კეტავს მდინარეზე ჩასასვლელ გზას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში, შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. თუმცა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
შესაბამისად იგულისხმება, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ფასია 4000 ლარი, რომლის 3 პროცენტი შეადგენს 120 ლარს. ვინაიდან დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, სარჩელზე ბაჟის ოდენობა შეადგენს აღნიშნული თანხის ნახევარს, ანუ 60 ლარს. დადგენილია, რომ მოსარჩელეს 10.05.2018 წელს წინასწარ გადახდილი აქვს სარჩელზე ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რის გამოც მას უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 40 ლარი.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს აუნაზღაუროს მოსარჩელეს, ბაჟის თანხის ნახევარი - 30 ლარის ოდენობით.
7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ექსპერტიზის ჩატარებისთვის მოსარჩელეს გადახდილი აქვს 137 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაევალოს აღნიშნული თანხის ნახევრის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 3591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ------ კ----–------–---–ის სარჩელი მოპასუხე თ--- ზ----ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს მოპასუხე - თ--- ზ----ეს მოსარჩელე - თ------ კ----–------–---–ის მიწის ნაკვეთზე არსებული ხის კარის მოშლა (დემონტაჟი) მავთულის ბადესთან ერთად, რომლითაც გადაკეტილია მდინარეზე ჩასასვლელი გზა;
3. არ დაკმაყოფილდეს თ------ კ----–------–---–ის სარჩელი მოპასუხე - თ--- ზ----ეს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ;
4. მოპასუხე თ--- ზ----ეს დაევალოს მოსარჩელე - თ------ კ----–------–---–ის სასარგებლოდ 30 (ოცდაათი) ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
5. მოპასუხე თ--- ზ----ეს დაევალოს მოსარჩელე - თ------ კ----–------–---–ის სასარგებლოდ 68 (სამოცდარვა) ლარის 50 (ორმოცდაათი) თეთრის გადახდა, საექსპერტო მომსახურების ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად;
6. მოსარჩელე თ------ კ----–------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე ზედმეტად გადახდილი 40 (ორმოცი) ლარი, რომელიც გადახდილია თ------ კ----–------–---–ის მიერ 10.05.2018 წელს საგადასახადო დავალებით #1, მიმღები: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი: 300113150, ბანკის კოდი: TRESGE22;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა #6) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი