გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.06.2019
საქმის ნომერი
351210018002709515
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, სხვა სახის დავები
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-536-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი:

19 ივნისი, 2019 წელი ქ. გარდაბანი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე

მოსარჩელე - ნ-----–----ი ხ--–-–---–ი

წარმომადგენელი - შ--–--------------–---–ი

მოპასუხე - მ--- კ-----ე

წარმომადგენელი - მ----------–----ე

არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - ლ-–-----------–---–ი

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა, არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

შეგებებული სარჩელი ავტორი (მოპასუხე) - მ--- კ-----ე

წარმომადგენელი - მ----------–----ე

მოპასუხე (მოსარჩელე) შეგებებულ სარჩელში - ნ-----–----ი ხ--–-–---–ი

წარმომადგენელი - შ--–--------------–---–ი

დავის საგანი შეგებებულ სარჩელში - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1.1 ნ-----–----ი ხ--–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა:

1.1.1. შეწყდეს ნ-----–----ი ხ--–-–---–სა და მ--- კ-----ეს შორის 2015 წლის 25 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №80153000466.

 

1.1.2. მოსარჩელე ნ-----–----ი ხ--–-–---–ს მიეცეს უფლება არასრულწლოვანი შვილი - 07.11.2015 წელს დაბადებული ნ-----–----ი ხ--–-–---–ი (პ/ნ 0---------7) ნახოს ყოველი კვირის ორშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო ყოველი კვირის პარასკევ დღეს - 15:00 საათიდან შაბათი დღის 18:00 საათამდე წაიყვანოს თავისთან სახლში, მისამართზე - საგარეჯო, სოფელი ხაშმი, დედასთან - მ--- კ-----ესთან დაბრუნების უფლებით.

 

1.1.3. ბავშვის სკოლაში შესვლის შემდეგ, მიეცეს უფლება მოსარჩელეს წაიყვანოს არასრულწლოვანი ნ-----–----ი ხ--–-–---–ი თავისთან ზაფხულის არდადეგების დროს 1 თვის ვადით, ხოლო ზამთრის არდადეგების დროს, 7 დღით მის საცხოვრებელ მისამართზე, დედასთან - მ--- კ-----ესთან დაბრუნების ვალდებულებით.

 

2018 წლის 09 ნოემბრის განცხადებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მესამე სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა - მოსარჩელე ნ-----–----ი ხ--–-–---–ს მიეცეს უფლება 07.11.2015 წელს დაბადებული ნ-----–----ი ხ--–-–---–ი, სკოლაში შესვლის შემდეგ წაიყვანოს თავისთან ზაფხულის არდადეგების დროს 1 თვის ვადით, კერძოდ 1 აგვისტოდან 31 აგვისტომდე, ხოლო ზამთრის არდადეგების დროს, 7 დღით - ზამთრის არდადეგების დაწყებიდან პირველი 7 დღის განმავლობაში მის საცხოვრებელ მისამართზე: საგარეჯო, სოფელი ხაშმი, დედასთან - მ--- კ-----ესთან დაბრუნების ვალდებულებით.

 

სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ნ-----–---- ხ--–-–---–ი მოპასუხე მ--- კ-----ესთან 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის 25 აპრილამდე იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2015 წლის 25 აპრილს მხარეები დაქორწინდნენ და დღემდე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში, მხარეები ცხოვრობდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, მ--- კ-----ის მშობლების სახლში. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში, 07.11.2015 წელს შეეძინათ შვილი ნ-----–---- ხ--–-–---–ი. მხარეები 2015 წლის დეკემბერში დაშორდნენ ერთმანეთს და მოსარჩელე გადმოვიდა საცხოვრებლად თავის სახლში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, ხოლო მოპასუხე შვილთან ერთად დარჩა საცხოვრებლად მშობლების სახლში, სოფელ თელეთში. 2015 წლის დეკემბრიდან დღემდე მხარეებს შორის პრაქტიკულად შეწყვეტილია ქორწინება და ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ, მათ შორის არსებობს რთული ურთიერთდამოკიდებულება, მხარეებს აღარ აქვთ სატელეფონო კომუნიკაცია, რადგან მოპასუხე მ--- კ-----ემ გამოიცვალა ტელეფონის ნომერი. მოსარჩელეს აღარ სურს იმყოფებოდეს მოპასუხესთან ქორწინებაში და არც დამატებითი ვადა ესაჭიროება მოსაფიქრებლად. მოპასუხე უარს აცხადებს განქორწინებაზე. ნ-----–---- ხ--–-–---–ი ვერ ახერხებს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რადგან მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები უკრძალავენ მას ბავშვის ნახვას. მოსარჩელემ სცადა საკუთრი ძალებით ცივილიზებურად მოეგვარებინა პრობლემა, თუმცა ვერ შეძლო მოპასუხის და მისი წევრების კატეგორიული წინააღმდეგობის გამო.

 

1.2. მოპასუხე - მ--- კ-----ის პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით:

 

1.2.1. მოპასუხე მ--- კ-----ემ წერილობითი შესაგებლით განმარტა, რომ სარჩელს ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტის ნაწილში ცნობს და თანახმაა შეწყდეს მხარეთა შორის არსებული ქორწინება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე, არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მხრიდან არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის დღეებისა და საათების ამ სახით მოთხოვნა უსაფუძვლოა, ფაქტობრივი გარემოებების და ბავშვის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე. მოსარჩელეს შვილთან აკავშირებს მხოლოდ ბიოლოგიური ხაზი, შესაბამისად ბავშვი მამას ვერ ცნობს და სწორედ მისი ინტერესების გათვალისწინებით, შეუძლებელია სარჩელის დაკმაყოფილება მის მიერ მითითებული დღეებისა და საათების გათვალისწინებით, ვინაიდან ამ მოცემულობაში ბავშვის ურთიერთობა უცხო მამასთან და უცხო გარემოში, მის ინტერესებს აზიანებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ასევე მოსარჩელის და მოპასუხის ლოკაციები, ანუ მანძილის სიშორე და ეს სეზონური პერიოდიც, როცა 18 საათზე უკვე ღამდება. ამასთან, ბავშვი არის ძალიან ჭირვეული და ნერვიული და ესაჭიროება განსაკუთრებული ხელშეწყობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მყისიერად და ამ გარემოების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ იქნება კილომეტრების მოშორებით ბავშვის მამისთვის გატანება. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად შეუძლებელს ხდის სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

1.3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით:

 

1.3.1. საქმეში წარმოდგენილი გარდაბნის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის 06.12.2018 წლის №1480 დასკვნის მიხედვით, განხორციელდა სოციალური მუშაკის ვიზიტი მ--- კ-----ის საცხოვრებელ სახლში: ის ცხოვრობს გარდაბნის რაიონ სოფელ წალასყურში, კერძო 10 ოთახიან სახლში, მშობლებთან, ძმასთან და ბებიასთან ერთად. მათ საცხოვრებელ სახლში შექმნილია მშვიდი, უსაფრთხო გარემო ბავშვის აღზრდისა და მოვლისათვის, დამაკმაყოფილებელია საცხოვრებლის ზოგადი მდგომარეობა, დაცულია სანიტარული ნორმები და ჰიგიენა. ბავშვს აქვს ინდივიდუალური საწოლი, პირადი მოხმარების ნივთები, სათამაშოები და ასაკის შესაბამისი განმავითარებელი წიგნები. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას ჩატარებული აქვს ყველა გეგმიური აცრა და ექიმ-პედიატრის კონსულტაციები. არ შეინიშნება ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება. სოციალური მუშაკის დაკვირვებით, ოჯახის მხრიდან ხელი ეწყობა ბავშვზე მზრუნველობას, მეთვალყურეობასა და სრულფასოვან ზრუნვას და მის ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ განვითარებას. მ--- კ-----ის ოჯახი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ოჯახს აქვს სტაბილური ფინანსური შემოსავალი. ოჯახს ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი მეგობრებისა და ნათესავების სახით. სოციალური მუშაკის დაკვირვებით, მ--- კ-----ესა და მის ოჯახს სათანადოდ აქვს განვითარებული აღმზრდელობითი უნარ-ჩვევები, აქვთ რესურსი და შესაძლებლობა ბავშვზე სრულფასოვანი მზრუნველობისთვის. ისინი არიან პასუხისმგებელი ბავშვის მეთვალყურეობაზე დღე-ღამის განმავლობაში. არ არსებობს მათ ოჯახში ბავშვის ცხოვრებისათვის რაიმე ხელშემშლელი ფაქტორები.

 

სოციალურ მუშაკმა დასკვნაში მიუთითა, რომ მას მიაჩნია, რომ 3 წლის ნ-----–---- ხ--–-–---–ის ტრანსპორტირება გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთიდან საგარეჯოს რაიონ სოფელ ხაშმში, არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან ბავშვის ასაკი არის ძალიან მცირე, იმისთვის რომ ამ სიხშირით გადაადგილდეს ერთი რაიონიდან მეორე რაიონში. ამასთან, მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად ბავშვის ღამით დარჩენა მამასთან, სანამ არ აღდგება ემოციური კავშირი მამასა და შვილს შორის. ვინაიდან, ბავშვის ასაკი არის ძალიან მცირე მისი პოზიციის დასაფიქსირებლად, სოციალურ მუშაკს მიაჩნია, რომ საწყის ეტაპზე მამისა და შვილის შეხვედრებს უნდა დაესწროს დედა ან/და ოჯახის სხვა „სანდო“ წევრი, რომელზეც აქვს მიჯაჭვულობა ბავშვს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბავშვის ემოციური დაძაბულობა, გუნება-განწყობილების ცვალებადობა და სტრესი (იხილეთ ს.ფ. 62-63).

 

1.3.2. საქმეში წარმოდგენილი საგარეჯოს რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის 29.01.2019 წლის №381 დასკვნის მიხედვით, მოსარჩელე ნ-----–---- ხ--–-–---–ი ცხოვრობს სოფელ ხაშმში 2 სართულიან სახლში ოჯახის წევრებთან: მამასთან, დედასთან და ძმასთან ერთად. ოჯახის საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია. მოწესრიგებულია როგორც საცხოვრებელი ოთახები და სველი წერტილები, ასევე ეზო. გარემო ბავშვისთვის უსაფრთხოა. ოჯახის ყოველთვიური საშუალო შემოსავალი 300-400 ლარია. ოჯახს ყავს საქონელი, აქვს ნაკვეთები და მათი შემოსავალი დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციაზე. ნ-----–---- ხ--–-–---–ის ინფორმაციით, მას აქვს შეზღუდული შვილთან ურთიერთობა, ვერ ნახულობს ფაქტიურად ბავშვს და აქვს სურვილი, რომ ურთიერთობა იქონიოს და მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდა-განვითარებაში. ამავე პოზიციაზე არიან ნ-----–---- ხ--–-–---–ის ოჯახის წევრებიც, რომლებიც გამოხატავენ სურვილს და მზაობას, სტუმრად ყოფნის პერიოდში თითოეული მათგანი იზრუნებს ბავშვზე და შეუქმნის თბილ მზრუნველ გარემოს. სოციალური მუშაკის განმარტებით, მიზანშეწონილია ორივე მშობელმა შეთანხმებულად და გააზრებულად იმოქმედონ და მიიღონ ბავშვის აღზრდა-განვითარებაში მონაწილეობა (იხილეთ ს.ფ. 96).

 

1.3.3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი - ლ-–-----------–---–ი დაეთანხმა საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკების 06.12.2018 წლის #1480 და 29.01.2019 წლის #381 დასკვნებს და სასამართლო სხდომაზე ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, განმარტა მისი რეკომენდაცია აღნიშნულ საკითხზე: სრულად არ უნდა დაკმაყოფილდეს ნ-----–----ი ხ--–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა და მიზანშეწონილი იქნება, რომ მას ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან შემდეგი გრაფიკით: 1. პირველი ექვსი თვის განმავლობაში, მიეცეს უფლება მამას ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან კვირაში ორჯერ თითო საათით, ბავშვისთვის სანდო პირთან ერთად, ბავშვის სახლიდან წაყვანის გარეშე; 2. შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში მიეცეს უფლება მამას ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან კვირაში ორჯერ სამი საათით, ბავშვისთვის სანდო პირთან ერთად, ბავშვის სახლიდან წაყვანის გარეშე, მათ შორის - თვეში ერთხელ წაიყვანოს სახლიდან ნებისმიერ ადგილას, ღამით დარჩენის გარეშე; 3. ერთი წლის გასვლის შემდეგ, მიეცეს უფლება მამას თვეში ერთხელ წაიყვანოს ბავშვი ღამით დარჩენის უფლებით, ხოლო კვირაში ორჯერ მიეცეს უფლება ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან, ბავშვის სახლიდან წაყვანის გარეშე.

 

2.1. მ--- კ-----ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

2.1.1. მოპასუხე ნ-----–---- ხ--–-–---–ს თავისი მცირეწლოვანი შვილის 2015 წლის 07 ნოემბერს დაბადებული ნ-----–----ი ხ--–-–---–ის (პ/ნ 0---------7) სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისროს ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა.

 

შეგებებული სარჩელის მიხედვით, მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში, 07.11.2015 წელს შეეძინათ შვილი - ნ-----–----ი ხ--–-–---–ი. მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ 3 წელია, მცირეწლოვანი ნ-----–---- ხ--–-–---–ი ცხოვრობს დედასთან - მ--- კ-----ესთან გარდაბნის რაიონის სოფელ წალასყურში. მოპასუხე არის დასაქმებული ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებში და აქვს მაღალანაზღაურებადი ხელფასი. შვილის დაბადებიდან ორ კვირაში, მოპასუხემ მიატოვა იგი და მას შემდეგ თვალით არ უნახავს ბავშვი. ბავშვის აღზრდა მოითხოვს ფინანსურ შესაძლებლობებს.

 

2.1.2. ნ-----–----ი ხ--–-–---–ის პოზიცია შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:

 

მოპასუხე ნ-----–----ი ხ--–-–---–მა წერილობითი შესაგებლით შეგებებული სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ თანახმაა გადაიხადოს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტი თვეში 100 ლარის ოდენობით. შესაგებლით მოპასუხემ განმარტა, რომ წლებია რაც უმუშევარია, არ არის დასაქმებული მაღალანაზღაურებად ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მას მისი შვილი არ მიუტოვებია. ის რეალურად ვერ ახერხებს ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან, რადგან მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები უკრძალავენ ბავშვის ნახვას. ის ეთანხმება იმ ფაქტს, რომ ბავშვს ესაჭიროება მატერიალური დახმარება და მზად არის შესაძლებლობის ფარგლებში აღმოუჩინოს შვილს მატერიალური დახმარება, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ნ-----–----ი ხ--–-–---–ი და მოპასუხე მ--- კ-----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2015 წლის 25 აპრილიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 17).

 

3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში, 2015 წლის 07 ნოემბერს ნ-----–----ი ხ--–-–---–სა და მ--- კ-----ეს შეეძინათ შვილი ნ-----–----ი ხ--–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 18).

 

3.1.3. მხარეები 2015 წლის დეკემბერში დაშორდნენ ერთმანეთს, ნ-----–---- ხ--–-–---–ი გადმოვიდა საცხოვრებლად თავის სახლში, მდებარე: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ხაშმში, ხოლო მ--- კ-----ე შვილთან ერთად საცხოვრებლად დარჩა მშობლების სახლში, მდებარე: გარდაბანი, სოფელი თელეთი. 2015 წლის დეკემბრიდან დღემდე მხარეებს შორის პრაქტიკულად შეწყვეტილია ქორწინება, მ--- კ-----ე და ნ-----–----ი ხ--–-–---–ი ერთად არ ცხოვრობენ და მათ შორის არსებობს რთული ურთიერთდამოკიდებულება, მხარეებს შორის აღარ არსებობს არანაირი ურთიერთობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. 2019 წლის 02 მაისის მდგომარეობით, ბავშვის დედას - მ--- კ-----ეს 2013 წლის თებერვლიდან 2018 წლის მარტამდე, ხელფასის სახით 41-ჯერ დაერიცხა 100 ლარი, 10-ჯერ დაერიცხა 200 ლარი და ერთხელ 250 ლარი, ხელზე ასაღები თანხა - მინუს 20 %. ამასთან, მ--- კ-----ეს 2018 წლის მარტის შემდეგ შემოსავალი არ უფიქსირდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის #21-11/46276 ცნობა (ს.ფ. 151-154).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელის განმარტებით, იგი ვერ ახერხებს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რადგან მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები უკრძალავენ ბავშვის ნახვას. თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები უკრძალავენ მამას ბავშვის ნახვას. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს ბავშვის დაბადების დღიდანვე არ ჰქონია მასთან ურთიერთობის სურვილი და მის მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოება ბავშვის ნახვის აკრძალვასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს.

 

3.2.2. მოსარჩელე ნ-----–---- ხ--–-–---–ს 2014 წლის მაისიდან 2019 წლის თებერვლის თვის ჩათვლით უფიქსირდება შემოსავალი ხელფასის სახით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოდენობით, ჯამში 25367 ლარი და 90 თეთრი, მინუს 20 % დაკავებულია გადასახადი (იხილეთ ს.ფ. 141-144).

 

ინფორმაციაში მითითებული ხელფასის ოდენობა სადავოდ გახადა ნ-----–---- ხ--–-–---–მა და განმარტა, რომ მას ინფორმაციაში მითითებული ხელფასი არ დარიცხვია და არც აუღია, შესაძლებელია მის ანგარიშზე ირიცხებოდა ხელფასი მისი თანამშრომლების სასარგებლოდ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

შესაბამისად, საქმის განხილვის დროს მოსარჩელე ნ-----–---- ხ--–-–---–ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ინფორმაციაში მითითებული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ცალკე მცხოვრებ მშობელს უფლება აქვს რეგულარული ურთიერთობა ჰქონდეს შვილებთან, მამას თავის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს რამდენიმე დღე კვირაში და ასევე ზამთრისა და ზაფხულის არდადაგების დროს. ასევე უნდა შეწყდეს ქორწინება მხარეთა შორის და ასევე უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1234-ემუხლები;

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ნ-----–---- ხ--–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამასთან მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, შესაბამისად სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ როგორც წერილობითი შესაგებლით, ასევე სასამართლოში გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

 

6.2. რაც შეეხება ნ-----–---- ხ--–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნას, რომელიც ეხება არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ცალკე მცხოვრებ მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, ასევე სოციალური მუშაკის დასკვნებიდან გამომდინარე, ნ-----–---- ხ--–-–---–ს თავის არასრულწლოვან შვილთან - ნ-----–---- ხ--–-–---–თან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს დრო, მათ შორის სკოლაში წასვლის შემდეგ, ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებზე, სოციალური მუშაკებისა და არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენლის - ლ-–-----------–---–ის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის, თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ, ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, თანაც ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა შვილთან ურთიერთობის განსაზღვრის დროს, თანაბრად იცავს მშობელთა ინტერესს და საჯარო წესრიგის შესაბამისად უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს და მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ და ოჯახურ გარემოებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება - მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანხმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს, ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

მოცემული ნორმების განმარტება ცხადყოფს, რომ მშობლისათვის შვილთან ურთიერთობა წარმოადგენს არა მხოლოდ უფლებას, არამედ ვალდებულებას, რომლის განხორციელების მიზნით, სასამართლო უფლებამოსილია დაავალდებულოს მშობელი, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი, საშუალება მისცეს ცალკე მცხოვრებ მშობელს ურთიერთობა იქონიოს მასთან, რისთვისაც განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შვილების მიმართ მშობლების უფლებებისა და მოვალეობების თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, ცალკე მცხოვრები მშობლის შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას, მნიშვნელოვანია ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინება.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.

 

ამდენად, აღნიშნული კონვენციის რატიფიცირებით, სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს, რაც ცალსახად გულისხმობს შვილების ურთიერთობის შენარჩუნებას ცალკე მცხოვრებ მშობელთან და მათ ოჯახის წევრებთან.

 

საქმის განხილვის ეტაპზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა ლ-–-----------–---–მა, როგორც არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების დამცველმა, მხარი დაუჭირა ბავშვების ურთიერთობის დღეების განსაზღვრას მამასთან, თუმცა სარჩელით მოთხოვნილი გრაფიკისგან განსხვავებით (იხილეთ გადაწყვეტილების 1.3.3. პუნქტი).

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს 2015 წლის 07 ნოემბერს შეეძინათ შვილი ნ-----–---- ხ--–-–---–ი, რომელიც დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს დედასთან გარდაბნის რაიონის სოფელ წალასყურში. ასევე არ არის სადავო ის გარემოება, რომ ბავშვის დაბადებიდან მალევე მამა - ნ-----–---- ხ--–-–---–ი წამოვიდა იმ ოჯახიდან, სადაც ცხოვრობდა მის ცოლ-შვილთან ერთად და გადავიდა საცხოვრებლად საკუთარ მშობლებთან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში. ბავშვი სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის დროისთვის იყო 3 წლის ასაკის, ხოლო გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის არის 3 წლის და 7 თვის ასაკის. როგორც მოსარჩელე აღნიშნავს, მამამ მისი მცირეწლოვანი შვილი ნახა მხოლოდ რამდენიმეჯერ თვეობის ასაკში, ხოლო მას შემდეგ, მამას შვილი არ უნახავს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქმის განხილვის დროს მიღებული იქნა დროებითი განკარგულება, რომლითაც მამას მიეცა უფლება საქმის დასრულებამდე ჰქონოდა ურთიერთობა შვილთან კვირაში სამი დღე, დღეში 2 საათის განმავლობაში. როგორც საქმის განხილვისას გაირკვა, მამას შვილი არ უნახავს დროებითი განკარგულების პირობებში.

 

დადგენილია, რომ სოციალურმა მუშაკმა მოინახულა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილი, სადაც მას დახვდა 2 სართულიანი სახლი, რომელშიც ნ-----–---- ხ--–-–---–თან ერთად ცხოვრობენ მამა, დედა და ძმა. ოჯახის საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია; მოწესრიგებულია როგორც საცხოვრებელი ოთხები და სველი წერტილები, ასევე ეზო; ამასთან, გარემო ბავშვისთვის უსაფრთხოა. ოჯახს ყავს საქონელი, აქვს ნაკვეთები და ხდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზაცია. მამას, ისევე როგორც მის მშობლებს და ძმას, აქვთ სურვილი ჰქონდეთ ურთიერთობა მცირეწლოვან ნ-----–---- ხ--–-–---–თან და მიიღონ მონაწილეობა მის აღზრდა-განვითარებაში.

 

სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს როგორც ბავშვის ასაკს, ასევე მისი დღის რეჟიმს, მოსარჩელის გარემო-სოციალურ პირობებს, ორივე მშობლის სურვილს, ჰქონდეთ შვილთან ურთიერთობა და მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიეცეს მამას შვილის ნახვის შესაძლებლობა.

 

გარდა ამისა, სასამართლოს მიერ ბავშვთან ურთიერთობისათვის დღეების განსაზღვრისას და მამის მიერ ბავშვის ნახვისას, რათქმაუნდა გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის სურვილი, რათა არ მოხდეს ბავშვის ძალით წაყვანა დედის საცხოვრებელი სახლიდან, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს მის ფსიქიკაზე.

 

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მამის ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრა თავისთავად გულისხმობს შვილის მამასთან ყოფნის პერიოდში, მამის მხრიდან ყველა იმ მოქმედების შესრულების ვალდებულებას, რასაც ბავშვის უპირატესი ინტერესები მოითხოვს, ესენია: ბავშვის კვება, ძილის რეჟიმი, ჰიგიენის დაცვა, თამაში, სუფთა გარემო და სხვა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია ბავშვის მამას - ნ-----–----ი ხ--–-–---–ს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისთვის განესაზღვროს დროის შემდეგი მონაკვეთი: გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან პირველი 6 თვის განმავლობაში: ყოველი კვირის ორშაბათ და ხუთშაბათ დღეს 17:00 საათიდან 18:00 საათამდე ბავშვის წაყვანის გარეშე; გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, შემდეგი 6 თვის განმავლობაში: ყოველი კვირის ორშაბათ და ხუთშაბათ დღეს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე ბავშვის წაყვანის გარეშე და თვეში ერთხელ, ხუთშაბათ დღეს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე ბავშვის წაყვანის უფლებით; გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის გასვლის შემდეგ: ყოველი კვირის ორშაბათ და ხუთშაბათ დღეს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე ბავშვის წაყვანის გარეშე და თვეში ერთხელ, პარასკევ დღეს 15:00 საათიდან მეორე დღის 18:00 საათამდე მის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანის უფლებით და დედასთან უკან დაბრუნების ვალდებულებით; არასრულწლოვანი ნ-----–----ი ხ--–-–---–ის სკოლაში შესვლის შემდეგ, ზაფხულის არდადეგების დროს, არდადეგების დაწყებიდან პირველი ერთი კვირის განმავლობაში და ზამთრის არდადეგების დროს, არდადეგების დაწყებიდან პირველი ერთი კვირის განმავლობაში, მის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანის უფლებით და დედასთან უკან დაბრუნების ვალდებულებით.

 

6.3. რაც შეეხება ალიმენტის მოთხოვნას, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო - სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ალიმენტის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ისეთი გარემოებების ობიექტური და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობანი, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. ალიმენტის ოდენობის დადგენისას, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები, ნ-----–----ი ხ--–-–---–ი და მ--- კ-----ე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და ერთიან საოჯახო მეურნეობას აღარ ეწევიან. არასრულწლოვანი ნ-----–----ი ხ--–-–---–ი ცხოვრობს და იზრდება დედასთან - მ--- კეჭაძესთან და იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. დადგენილია, რომ მამას არ მიუღია ფინანსური მონაწილეობა შვილის აღზრდა-განვითარებაში. თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას.

 

შეგებებული სარჩელით მ--- კ-----ემ მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით. ხოლო წარმოდგენილი შესაგებლითა და ზეპირი ახსნა-განმარტებით, მოპასუხემ განაცხადა თანხმობა, რომ გადაიხდის ყოველთვიური ალიმენტის სახით არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–----ი ხ--–-–---–ის სასარგებლოდ 100 ლარს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, 2014 წლის მაისიდან 2019 წლის თებერვლის თვის ჩათვლით, მოპასუხე ნ-----–---- ხ--–-–---–ს ხელფასის სახით დარიცხული აქვს ჯამში 25367 ლარი და 90 თეთრი, საიდანაც 2017 წლიდან 2019 წლის თებერვლამდე ჯამში აღებული აქვს 19157 ლარი და 51 თეთრი. ხოლო მ--- კ-----ის ხელფასი შეადგენდა თვეში 100 ლარს, 10-ჯერ დაერიცხა 200 ლარი და ერთხელ 250 ლარი (მინუს 20 % ხელზე ასაღები).

 

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეების არასრულწლოვანი შვილი - ნ-----–---- ხ--–-–---–ი ცხოვრობს დედასთან - მ--- კ-----ესთან, რომელსაც 2018 წლის მარტის შემდეგ შემოსავალი არ აქვს, გამართლებულია არასრულწლოვნის მამას - ნ-----–---- ხ--–-–---–ს დაეკისროს შვილის სასარგებლოს ალიმენტის გადახდა თვეში 300 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ 06.11.2018 წელს მოსარჩელე მხარეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ვინაიდან მ--- კ-----ემ მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მ--- კ-----ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელე ნ-----–----ი ხ--–-–---–ის სასარგებლოდ 25 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სარჩელის ნაწილის ასანაზღაურებლად, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი დანარჩენი 25 ლარი, უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ-----–----ი ხ--–-–---–ის სარჩელი მ--- კ-----ის მიმართ, ქორწინების შეწყვეტის შესახებ, დაკმაყოფილდეს;

 

1.1. შეწყდეს ნ-----–----ი ხ--–-–---–სა (პ/ნ 3----------) და მ--- კ-----ეს (პ/ნ 1----------) შორის 25.04.2015 წელს რეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი #80153000466;

 

2. ნ-----–----ი ხ--–-–---–ის სარჩელი მ--- კ-----ის მიმართ, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2.1. მოსარჩელე - ნ-----–----ი ხ--–-–---–ს არასრულწლოვან შვილთან - 07.11.2015 წელს დაბადებულ ნ-----–----ი ხ--–-–---–თან (პ/ნ 0---------7) ურთიერთობისთვის განესაზღვროს დროის შემდეგი მონაკვეთი:

 

2.2. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან პირველი 6 თვის განმავლობაში: ყოველი კვირის ორშაბათ და ხუთშაბათ დღეს 17:00 საათიდან 18:00 საათამდე ბავშვის წაყვანის გარეშე;

 

2.3. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, შემდეგი 6 თვის განმავლობაში: ყოველი კვირის ორშაბათ და ხუთშაბათ დღეს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე ბავშვის წაყვანის გარეშე და თვეში ერთხელ, ხუთშაბათ დღეს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე ბავშვის წაყვანის უფლებით;

 

2.4. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის გასვლის შემდეგ: ყოველი კვირის ორშაბათ და ხუთშაბათ დღეს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე ბავშვის წაყვანის გარეშე და თვეში ერთხელ, პარასკევ დღეს 15:00 საათიდან მეორე დღის 18:00 საათამდე მის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანის უფლებით და დედასთან უკან დაბრუნების ვალდებულებით;

 

2.5. არასრულწლოვანი ნ-----–----ი ხ--–-–---–ის სკოლაში შესვლის შემდეგ, ზაფხულის არდადეგების დროს, არდადეგების დაწყებიდან პირველი ერთი კვირის განმავლობაში და ზამთრის არდადეგების დროს, არდადეგების დაწყებიდან პირველი ერთი კვირის განმავლობაში, მის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანის უფლებით და დედასთან უკან დაბრუნების ვალდებულებით;

 

3. მოპასუხე - მ--- კ-----ის შეგებებული სარჩელი მოსარჩელე ნ-----–----ი ხ--–-–---–ის მიმართ, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით, დაკმაყოფილდეს;

 

3.1. ნ-----–----ი ხ--–-–---–ს (პ/ნ 3----------) მ--- კ-----ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 07.11.2015 წელს დაბადებული ნ-----–----ი ხ--–-–---–ის (პ/ნ 0---------7) რჩენა-აღზრდისთვის ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდა, შეგებებული სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 10 დეკემბრიდან, ნ-----–----ი ხ--–-–---–ის (პ/ნ 0---------7) სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე;

 

4. მოპასუხე - მ--- კ-----ეს დაეკისროს მოსარჩელე - ნ-----–----ი ხ--–-–---–ის სასარგებლოდ 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

5. მოსარჩელე - ნ-----–----ი ხ--–-–---–ის (პ/ნ 3----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 50 (ორმოცდაათი) ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: საგადახდო დავალება #2, გადამხდელი: კახაბერ ხვთისავრიშვილი, გადამხდელის ბანკი: სს ,,საქართველოს ბანკი“, მიმღები: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, ანგარიში სახაზინო კოდი: 300113150, მიმღების ბანკი: სახელწმიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა #6) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი