გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017002203733 საქმე
საქმე №2/1927-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 აპრილი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი - თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე სს “პ-----------ტ ბანკი”
წარმომადგენელი თ-- ღ-----–---–ი
მოპასუხე ი.მ ნ-----ი კ-------ი, გ----ზ კ-------ი, ვ------ა კ-------ი, ნ--ო ფ------–---–ი
წარმომადგენელი ნ-----რ ც--–--ე
დავის საგანი - დავალიანების გადახდის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეებს ი.მ ნ-----ი კ-------ს, გ----ზ კ-------ს, ვ------ა კ-------ს და ნ--ო ფ------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ”პ-----------ტ ბანკის” სასარგებლოდ 15 319.98 აშშ დოლარის გადახდა.
2011 წლის 24 მარტს სს “პ-----------ტ ბანკსა” და ი.მ ნ-----ი კ-------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №FW14.12, რომლის საფუძველზეც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 45 000 აშშ დოლარი, 360 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს 35%.
2011 წლის 18 მარტს სს “პ-----------ტ ბანკსა” და ი.მ ნ-----ი კ-------ს, ასევე ნ--ო ფ------–---–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N6------20-021, რომლის საფუძველზეც სს “პ-----------ტ ბანკის” მიერ იპოთეკის უფლებით დაიტვირთა ნ--ო ფ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. კასპი, გ---------------ს (ყოფილი ს----–---ს) ქ. 45ბ,ს/კ 6-.01.4-.096 (წინა ნომერი 6-.01.9-.009).
2011 წლის 24 მარტს სს “პ-----------ტ ბანკსა” და ნ--ო ფ------–---–ს, ვ------ა კაჭურსა და გ----ზ კ-------ს შორის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით დაიდო სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები №6------20-041, №60-----80-041 და №6------24-041; ხსენებული ხელშეკრულებებით მოპასუხეებმა აიღეს სოლიდარულ პასუხისმგებლობა მსესხებელთან ერთად, სოლიდარული ვალდებულების ოდენობა განისაზღვრა 45 000 აშშ დოლარით;
2013 წლის 10 მაისს სს “პ-----------ტ ბანკსა” და ნ-----ი კ-------ს შორის დაიდო შემადგენელი საკრედტო ხელშეკრულება N14.104-4, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა 29 000 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა -36 თვე, პროცენტის მოცულობა -15%.
მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეები არ ასრულებენ ვალდებულებას, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და ითხოვს მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების შესრულებას, მოპასუხეთათვის თანხის 15 319.98 აშშ დოლარის დაკისრებას, საიდანაც ძირითადი თანხაა 13 917.23 აშშ დოლარი და პროცენტი - 1402.75 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზევე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძდ სესხის ძირი თანხიდან 12 255 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელს არ დაეთანხმნენ და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 უდაო ფაქტობრივი გარემოებები:
2011 წლის 24 მარტს სს “პ-----------ტ ბანკსა” და ი.მ ნ-----ი კ-------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება № FW14.12, რომლის საფუძველზეც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 45 000 აშშ დოლარი, 360 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს 35%.
3.1.2. 2011 წლის 18 მარტს სს “პ-----------ტ ბანკსა” და ი.მ ნ-----ი კ-------ს, ასევე ნ--ო ფ------–---–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N6------20-021, რომლის საფუძველზეც სს “პ-----------ტ ბანკის” მიერ იპოთეკის უფლებით დაიტვირთა ნ--ო ფ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. კასპი, გ---------------ს (ყოფილი ს----–---ს) ქ. 45ბ, ს/კ 6-.01.4-.096 (წინა ნომერი 6-.01.9-.009)
3.1.3 2011 წლის 24 მარტს სს “პ-----------ტ ბანკსა” და ნ--ო ფ------–---–ს, ვეფხია კ-------ს და გ----ზ კ-------ს შორის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით დაიდო სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები №6------20-041, №60-----80-041 და №6------24-041.
3.1.4 2013 წლის 10 მაისს სს “პ-----------ტ ბანკსა” და ნ-----ი კ-------ს შორის დაიდო შემადგენელი საკრედტო ხელშეკრულება N14.104-4, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა 29 000 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა -36 თვე, პროცენტის მოცულობა -15%.
4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. დადგენილია, რომ სესხი ვადაგადაცილებაშია 2015 წლის 10 თებერვლიდან, რაც ნიშნავს, რომ ამ დროიდან ვალდებულების შესრულება არ ხდებოდა მხარეთა შორის შეთანხმებით დადგენილი გრაფიკის მიხედვით, თუმცა მოპასუხის მიერ სესხის დაფარვა ნებაყოფლობით ხორცილედებოდა 2017 წლის 15 მაისის ჩათვლით.
4.1.2 დადგენილია ისიც, რომ მოპასუხის მიერ საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხებიდან 1662.87 აშშ დოლარი მიექცა საურავის თანხის ანგარიშში სესხის ვადაგადაცილებისთვის.
4.1.3. N14.104-4 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე მოითხოვს ი.მ ნ-----ი კ-------ის, გ----ზ კ-------ის, ვ------ა კ-------ის და ნ--ო ფ------–---–ისათვის დავალიანება დაკისრებას 15319.98 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 13917.23 აშშ დოლარი და პროცენტი - 1402.75 აშშ დოლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო საქმის მასალების ანალიზით დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებებს მასზედ, რომ ბანკის წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხე მხარეს შესრულებული არა აქვს, ამასთან მოპასუხეები სოლიდარული ვალდებულების შესახებ მათთან დადებული ხელშეკრულებებზე ხელმოწერით დაეთანხმნენ ამ ხელშეკრულებების შინაარს და ამდენად, მათ იცოდნენ სადავო გარიგების საფუძველზე მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესახებ.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედაც, რომ მოპასუხე მხარისათვის ზემოხსენებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე ცნობილი იყო სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში საურავის თანხების დარიცხვისა და მისი გადახდის ვალდებულების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6 კანონები რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 361-ე, მე-400, 873-ე, 405-ე,403-ე, 417-418-ე, 420-ე, 891-ე, 895-896-ე, 898-ე, 286-ე, 301-ე, მე-300, 463-ე მუხლები.
7.სამართლებრივი შეფასება
7.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა, ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სს “პ-----------ტ ბანკსა” და ი.მ ნ-----ი კ-------ს შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებისა და მისი შემადგენელი კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ-----ი კ-------მა მიიღო კრედიტი - 29 000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, წლიური საპრიცენტო სარგებელი 15%.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებიდან და ამავე ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ნ-----ი კ-------ის მიერ არ შესრულებულა ჯეროვნად და წარმოიქმნა დავალიანება, მას დავალიანება სრულად არ დაუფარავს.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
ამდენად, მოპასუხის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე მოსარჩელე საბანკო დაწესებულებას წარმოეშვა უფლება მოითხოვოს მოპასუხე მხრისაგან სესხის ძირითადი თანხის და დარიცხული სარგებლის გადახდა და ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირ თანხაზე დარიცხული პროცენტის თანხის გადახდის თაობაზე საფუძვლიანია. ამასთან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხიდან 12255 აშშ დოლარის ნაწილში, რაც ამ ნაწილში დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.
7.2 სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოპასუხის მიერ გადახდილი 1662.87 აშშ დოლარის საურავის თანხებში მიქცევის საკითხი .
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისთვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს, როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას აქცევს დარღვევის შინაარს (მათ შორის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდს) და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავის ფარგლებში საქმის გარემოებების, მათ შორის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდის გრაფიკის დარღვევის შინაარსისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, არაგონივრულია საურავის სახით 1662.87 აშშ დოლარის საურავის ანგარიშში ჩათვლა, მით უფრო მოპასუხისათვის შეუტყობინებლად.
საქმის გარემოებებთან მიმართებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საურავის (პირგასამტეხლოს) ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 1107.87 აშშ დოლარით, რომელიც უნდა გამოაკლდეს საურავის სახით გადახდილ 1662.87 აშშ დოლარს და გადახდილად უნდა ჩაითვალოს (1662.87-1107.87), ხოლო დარჩენილი 555 აშშ დოლარი, როგორც უკვე გადახდილი უნდა გამოაკლდეს სარჩელით მოთხოვნილ დავალიანების ჯამურ თანხას - 15 319.98 აშშ დოლარს და შესაბამისად მიღებული თანხა - 14764.98 აშშ დოლარი უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
7.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა.
2011წლის 24 მარტს სს “პ-----------ტ ბანკსა” და ნ--ო ფ------–---–ს, ვეფხვვა კ-------ს და გ----ზ კ-------ს შორის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით დაიდო სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები №6------20-041, №60-----80-041 და №6------24-041, რომლითაც თავდებებმა სრული პასუხისმგებლობა აიღეს ნ-----ი კ-------ის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
უდავო გარემოებაა, რომ ძირითადმა მოვალემ ნ-----ი კ-------მა გადააცილა გადახდის ვადას რამდენჯერმე.
სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია როგორც იპოთეკით, ასევე სოლიდარული თავდებობით. თითოეული წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის დამოუკიდებელ სახეს.
ამდენად, სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია სოლიდარული თავდებისათვის თანხის გადახდევინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, რაც გულისხმობს კრედიტორის მიმართ მის პასუხისმგებლობას პირადად მთელი თავისი ქონებით.
7.4. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
2011 წლის 18 მარტს სს “პ-----------ტ ბანკს”, ნ-----ი კ-------სა და ნ--ო ფ------–---–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N6------20-021, რომლის საფუძველზეც სს “პ-----------ტ ბანკის” მიერ იპოთეკის უფლებით დაიტვირთა ნ--ო ფ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება , მდებარე: ქ. კასპი, გ---------------ს (ყოფილი ს----–---ს) ქ. 45ბ, ს/კ 6-.01.4-.096 (წინა ნომერი 6-.01.9-.009)
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, 1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 11.მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული ნ--ო ფ------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამდენად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა - იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა თუ არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, აღსრულება განხორცილდეს სოლიდარულ მოვალეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებით, ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომამდე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 12 255 აშშ დოლარის ნაწილში, რაზედაც მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი- 1243 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 988.97 ლარი, დარჩენილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მოპასუხეებს ასევე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 202.55 ლარის გადახდა. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში კი უნდა ეთქვას უარი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გათვალისწინებით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 42-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს “პ-----------ტ ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1 მოპასუხეებს ი.მ ნ-----ი კ-------ს, გ----ზ კ-------ს, ვ------ა კ-------ს და ნ--ო ფ------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს “პ-----------ტ ბანკის” სასარგებლოდ 14 764.98 (თოთხმეტიათას შვიდას სამოცდაოთხი აშშ დოლარი და ოთხმოცდათვრამეტი ცენტი) აშშ დოლარის გადახდა.
2. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.
3.დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ნ--ო ფ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. კასპი, გ---------------ს (ყოფილი ს----–---ს) ქ. 45ბ, ს/კ 6-.01.4-.096 (წინა ნომერი 6-.01.9-.009).
4.იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება მოხდეს მოპასუხეების ნ-----ი კ-------ის, გ----ზ კ-------ის, ვ------ა კ-------ის და ნ--ო ფ------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან;
5.მოსარჩელე სს “პ-----------ტ ბანკს” (ს/ნ 2------97) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 06 დეკემბერს, შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1243 (ათასორას ორმოცდასამი) ლარიდან 988.97 (ცხრაას ოთხმოცდარვა ლარი და ოთხმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარი, დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად .
6. მოპასუხეებს ი.მ ნ-----ი კ-------ს, გ----ზ კ-------ს, ვ------ა კ-------ს და ნ--ო ფ------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს “პ-----------ტ ბანკის” სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 202.55 (ორას ორი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა;
7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე