განაჩენი

სისხლის სამართლის 10.06.2019
საქმის ნომერი
330100119003003733
თარიღი
10.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

გამოძიების #0-----------

A

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------- შ--------ა

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ------- ი----- ძე ტ-–-–--ე,- საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1----------ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ს--------- დასახლება, კორპუსი #-, ბინა #2-–-

 

ადვოკატები- ა-–--–-----------, ს----- ფ-–-–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 26 იანვარს, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ღამის კლუბ ,,მტკვარის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე ნ------- ტ-–-–--ემ ურთიერთშელაპარაკებისას ლ-–- ტ-----–--ეს დანით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ დანა დაარტყა უკანა მარცხენა მხარეს წელის არეში. დანით მიყენებული ჭრილობის გამო ლ-–- ტ-----–--ემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა ნ------- ტ-–-–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ლ-–- ტ-----–--ის და მოწმეების - ა-–------------------–---–ის, გ------- ბ--------–---–ის, გ------- მ-------–--ის, გ------- ნ-------ს, დ----- შ-------ის, დ----- ზ-------–---–ის, მ-----------–---–ის, გ------- ჭ---–---–-----------------–---–--- გ------- ხ------ის გამოკითხვის ოქმებს, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნას, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ნ------- ტ-–-–--ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ობიექტური მხრივ გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში, დამდგარ შედეგსა და მიზეზობრივ კავშირში. იგი სუბიექტურად შესაძლებელია ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ. მოცემულ შემთხვევაში ნ------- ტ-–-–--ის დანაშაული გამოიხატა აქტიურ ქმედებაში, კერძოდ მან დანით განზრახ მიაყენა დაზიანება მსხვერპლს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ნ------- ტ-–-–--ის განზრახვას ლ-–- ტ-----–--ის ჯანმრთელობის დაზიანებასთან მიმართებაში ადასტურებს დაზარალებულის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები. გამოკითხვის ოქმების თანახმად, ბრალდებულსა და მსხვერპლს შორის არსებობდა კონფლიქტი, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, ლ-–- ტ-----–--ეს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა წელის არეში მარცხნივ, იღლიის უკანა (აქსილარული) ხაზზე, განივი კუნთის, ფასციის და კუნთთაშორისი სისხლძარღვების დაზიანებით. დაზიანება ნაკვეთი ჭრილობის სახით, განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 26.01.19წ.-ის თარიღს. მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ ბრალდებულმა კონფლიქტის დროს ცივი იარაღი დანა გამოიყენა და დაჭრა მსხვერპლი, შესაბამისად აშკარაა მისი განზრახვა ამ ქმედების ჩადენისას მიმართული შედეგისაკენ (დააზიანოს მოწინააღმდეგე).

 

3.2.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.4. სასამართლომ საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ნ------- ტ-–-–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ნ------- ტ-–-–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.

 

4.2. ნ------- ტ-–-–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი პიროვნული მახასიათებელი - ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის, გარდა ამისა ქმედება ჩადენილია გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საჯარო ადგილზე, ცივი იარაღით.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, რომელიც მრავლადაა წარმოდგენილი საქმეში. პასუხიმგებლობის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა საჯარო სივრცეში დანის გამოყენებით, პირის პასუხიმგებლობას ამძიმებს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ დამნაშავე წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის (მუქარა და ძალადობა), გარდა ამისა, ქმედება ჩადენილია პირობითი მსჯავრის პერიოდში, პრობაციონერი პირის მიერ.

 

5.4. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სხვა დამამძიმებელ გარემოებასაც, როგორიცაა დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენით ნ------- ტ-–-–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირობით მსჯავრდებულის მიმართ ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ. ნ------- ტ-–-–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის - 2019 წლის 26 იანვარს, წინა განაჩენით დანიშნული გამოსაცდელი ვადა გასული არ იყო, შესაბამისად იგი ითვლება ნასამართლევ პირად, რის გამოც სახეზა დანაშაულის რეციდივი.

 

5.5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ნ------- ტ-–-–--ე იყო პრობაციონერი, აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით.

 

5.6. პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებსაც: დამნაშავის მხრიდან ბრალის აღიარებას, ბრალდებულის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ ბრალდებულმა უდავოდ გახადა მტკიცებულებები და ამით დაზოგა მართლმსაჯულების რესურსი და დრო. მართალია, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები ვერ გადაწონის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს მათი ხასიათიდან, სიმძიმიდან და რაოდენობიდან გამომდინარე, თუმცა გარკვეულწილად აისახება დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, ნ------- ტ-–-–--ის ნიმუშები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნ------- ტ-–-–--ის პირადი ნივთები - დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს. ლ-–- ტ-----–--ის ტანსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ------- ტ-–-–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული 1 (ერთი) წლით პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს 1(ერთი) წლითა და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით და ნ------- ტ-–-–--ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით ნ------- ტ-–-–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 26 იანვრიდან.

 

4.ნივთიერი მტკიცებულება:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, ნ------- ტ-–-–--ის ნიმუშები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ნ------- ტ-–-–--ის პირადი ნივთები - დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ლ-–- ტ-----–--ის ტანსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა