გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.05.2019
საქმის ნომერი
330310018002566312
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4781-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

8 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელე - ა-–----------------ა

წარმომადგენელი - დ-----------–--–-–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ნ----------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - გ-----------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 21 მარტის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 აპრილის №1---- ბრძანება;

 

1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება №5-------- და №6-------- საჩივრებზე (იხ. 2018 წლის 24 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2018 წლის 21 მარტს 13:14 საათზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მებაჟე-ოფიცრის მიერ ა-–----------------ას მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, 2018 წლის 21 მარტს სგპ „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან შევიდა საქართველოს მოქალაქე კ--------------–---ა. ინტერვიუირებისას აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ მას დეკლარირებას დაქვემდებარებული არაფერი მოჰქონდა, მათ შორის, არც ძვირფასეულობა, თუმცა მისი კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერებისას აღმოჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ, 8 ცალი ბეჭედი, 6 წყვილი საყურე, 6 ცალი სამაჯური და 1 ცალი ყელსაბამი. ექსპერტის №0---------- დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5998.81 ლარი. შესაბამისად, ა-–----------------ას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5998.81 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი ჩაიბარა ა-–----------------ამ, რაც მოცემულ ოქმზე ხელის მოწერით დაადასტურა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 21 მარტის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.13-14).

 

3.2. „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესახებ“ 2018 წლის 21 მარტის ოქმით ა-–----------------ას ჩამოერთვა ოქროს ნაკეთობები. საქონელი გადაეცა სგპ „წითელ ხიდს“. აღნიშნული ოქმი ჩაიბარა ა-–----------------ამ, რაც მოცემული ოქმზე ხელის მოწერით დაადასტურა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესახებ“ 2018 წლის 21 მარტის ოქმი (ს.ფ.15-16).

 

3.3. „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ ექსპერტიზის 2018 წლის 21 მარტის №0---------- დასკვნის თანახმად, ა-–----------------ას კუთვნილი სამკაულების საბაჟო ღირებულებაა 5998.81 ლარი, მათ შორის, ოქროს ბეჭედი 585 სინჯის არაძვირფასი თვლებით 5 ცალი, წონა 10.58 გრამი, საბაჟო ღირებულებით 636.417 ლარი; ოქროს ბეჭედი 585 სინჯის ბრილიანტის თვლებით 1 ცალი, 4.07 გრამი, საბაჟო ღირებულებით 244.822 ლარი; ოქროს ბეჭედი 750 სინჯის ბრილიანტის თვლებით 2 ცალი, 5.95 გრამი, საბაჟო ღირებულებით 552.567 ლარი; ოქროს საყურე 585 სინჯის არაძვირფასი თვლებით 4 წყვილი, 7.11 გრამი, 427.686 ლარი; ოქროს საყურე 585 სინჯის 2 წყვილი, 9.15 გრამი, საბაჟო ღირებულებით 550.398 ლარი; ოქროს ყელსაბამი 585 სინჯის 1ცალი, 22.91 გრამი, საბაჟო ღირებულებით 1378.102 ლარი; ოქროს სამაჯური 585 სინჯის 2 ცალი, 13.9 გრამი, საბაჟო ღირებულებით 836.124 ლარი; ოქროს სამაჯური 585 სინჯის არაძვირფასი თვლებით 4 ცალი 22.82 გრამი, 1372.688 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ ექსპერტიზის 2018 წლის 21 მარტის №0---------- დასკვნა (ს.ფ.17-18).

 

3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 22 მარტის №0------- შეტყობინებით ა-–----------------ას ნებისმიერ სახის ქონებაზე წარმოიშვა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 22 მარტის №0------- შეტყობინება (ს.ფ.88).

 

3.5. ა-–----------------ამ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 21 მარტის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.

 

საჩივრის თანახმად, ა-–----------------ა საბაჟო საზღვარზე გადასვლისას იყო სპორტულ ფორმაში, ამიტომ ძვირფასეულობა მოიხსნა და ჩააწყო ჩანთაში, როდესაც მებაჟეებმა ჰკითხეს, ხომ არ ჰქონდა ძვირფასეულობა, მან ამოიღო ჩანთიდან პირადი ნივთები და აჩვენა მებაჟეებს მათ შორის, ძვირფასეულობაც, ოქმში კი არასწორად მიუთითეს, თითქოს მან დამალა ან არ გაუმჟღავნა მებაჟეებს ხელჩანთაში ძვირფასეულობის არსებობა. ა-–----------------ამ არ იცის ქართული ენა და ოქმი არ ეთარგმნა მისთვის გასაგებ ენაზე, რითაც დაირღვა მისი უფლება. ამასთან, ძვირფასეულობა წარმოადგენს მისი და მისი შვილის პირად საკუთრებას, რაც დასტურდება საჩივართან ერთად წარმოდგენილი ფოტო მასალით.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 აპრილის №1---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

ბრძანების თანახმად, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთები, მგზავრმა განაცხადა, რომ მას დეკლარირებას დაქვემდებარებული არაფერი მოჰქონდა, მათ შორის, არც ძვირფასეულობა, თუმცა მისი კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ, 8 ცალი ბეჭედი, 6 წყვილი საყურე, 6 ცალი სამაჯური და 1 ცალი ყელსაბამი. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (0----------), შეადგინა 5998,81 ლარი. საბჭომ მიუთითა იმ გარემოებაც, რომ ა-–----------------ა ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე და მისთვის ცნობილია მოქმედი საბაჟო პროცედურები. შემოსავლების სამსახური მთლიანად დაეთანხმა საბაჟო დეპარტამენტის მოსაზრებებს და დასკვნებს სადავო საკითხთან მიმართებაში და მიუთითა, რომ საჩივარში მითითებული არგუმენტები და ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოადგენს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გაუქმების ან დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს. ბრძანების მიხედვით, შემოსავლების სამსახურმა შეისწავლა რა საჩივრის მოტივები, მასში მითითებული გარემოებები, სამართლებრივი ნორმების ანალიზის, ფაქტობრივი გარემოებების და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დადასტურებულად მიიჩნია ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევა, რაც გამოიხატა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ა-–----------------ას მიერ დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით გადმოტანაში. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სამართალდამრღვევის მიმართ შედგენილი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შეფარდებული სანქცია სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ა-–----------------ას წარმომადგენლის 2018 წლის 28 მარტის საჩივარი (ს.ფ.81-82);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 აპრილის №1---- ბრძანება (ს.ფ.19-22).

 

3.6. ა-–----------------ამ 2018 წლის 17 აპრილს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 22 მარტის №0------- შეტყობინების გაუქმება.

 

საჩივრის თანახმად, ა-–----------------ას მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 21 მარტის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი უკანონოდ არის შედგენილი, შესაბამისად, უკანონოდ არის გამოყენებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ა-–----------------ას ქონების მიმართ.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №1---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

ბრძანების თანახმად, ვინაიდან ა-–----------------ას პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება საგადასახადო დავალიანება, მის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 22 მარტის №0------- საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ შეტყობინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ა-–----------------ას წარმომადგენლის 2018 წლის 17 აპრილის საჩივარი (ს.ფ.87);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №1---- ბრძანება (ს.ფ.89-90).

 

3.7. ა-–----------------ამ 2018 წლის 8 მაისს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 21 მარტის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 22 მარტის №0------- შეტყობინებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 აპრილის №1---- ბრძანების გაუქმება.

 

საჩივრის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურმა სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა წარდგენილი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩამორთმეული ნივთები ა-–----------------ას პირად ნივთებს წარმოადგენდა და არ იყო გამიზნული ეკონომიკური საქმიანობისათვის. საჩივარში მითითებულია ისიც, რომ ა-–----------------ას მისთვის გასაგებ ენაზე არ ეთარგმნა ოქმი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილების თანახმად, ოქროს ნაკეთობების მალულად გადმოტანისათვის შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერებასთან დაკავშირებით საბჭომ მიუთითა, რომ ა-–----------------ამ ინტერვიუირებისას განაცხადა, რომ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს არ გადაადგილებდა. აღნიშნული დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი სადავო ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერიდან. ამრიგად, ვინაიდან ა-–----------------ას მიერ საბაჟო საზღვრაზე გადაადგილებული საქონლის (ოქროს ნაკეთობები) საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5998.1 ლარი, რაც აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დაუბეგრავ ღირებულებას, მას წარმოეშვა კუთვნილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ ა-–----------------ას მიმართ გამოყენებული სანქცია მართლზომიერია და საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

გადაწყვეტილების მიხედვით, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკასთან დაკავშირებით საბჭომ მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებისა და წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ა-–----------------ას 2018 წლის 23 აპრილის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება სხვა ჯარიმებში 5998,81 ლარის ოდენობით. დავალიანება წარმოშობილია 2018 წლის 21 მარტის მდგომარეობით, აღნიშნული თარიღით შედგენილი №E------- სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დარიცხული თანხის გადაუხდელობით. აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში 2018 წლის 6 მაისს წარმოდგენილი საჩივრით გასაჩივრებულია საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 21 მარტის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან; ბ) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე; გ) გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რომელიც 2018 წლის 21 მარტის მდგომარეობით 5998,81 ლარს შეადგენს, საბჭომ მიიჩნია, რომ ა-–----------------ას ქონების მიმართ 2018 წლის 22 მარტს წარმოშობილი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ა-–----------------ას წარმომადგენლის 2018 წლის 8 მაისის საჩივარი (ს.ფ.91-92);

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ.23-31).

 

3.8. ა-–----------------ა არის საქართველოს მოქალაქე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ა-–----------------ას პასპორტის ასლი (ს.ფ.33).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 43-ე, 199-ე, 207-ე, 215-ე, 218-ე, 227-ე, 238-ე, 239-ე, 269-ე, 289-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-17 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქცია“, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 21 მარტის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 აპრილის №1---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა – შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა, ხოლო „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.

 

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

ამავე კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის (ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა) დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 21 მარტის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით ა-–----------------ას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5998.81 ლარის ოდენობით. ა-–----------------ას ხელჩანთის დათვალიერებისას აღმოაჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ 8 ცალი ბეჭედი, 6 წყვილი საყურე, 6 ცალი სამაჯური და 1 ცალი ყელსაბამი, საბაჟო ღირებულებით 5998.81 ლარი. ასევე, მას ჩამოერთვა აღნიშნული ნივთები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „გ“ და „კ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დეკლარანტი არის პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით; საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას.

 

მითითებული მუხლის „ნ“, „ჟ“ და „ღ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქონლის წარდგენა არის შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; საქონლის დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას; ზოგადი დეკლარირება – საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.

 

ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახდელი არის იმპორტის გადასახადი, აქციზი, დღგ, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან დაკავშირებით, ხოლო „მ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ საქონლის მფლობელი არის პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ ოპერაციებში არის საქონლის მესაკუთრე, ან რომელსაც აქვს საქონლის განკარგვის მსგავსი უფლება, ან რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს პირადი ნივთის დეფინიციას, კერძოდ, პირადი ნივთი არის მგზავრის პირადი გამოყენებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი საგანი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას გადაიზიდება ბარგით ან/და ხელბარგით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანილი საქონლის წარდგენისას ხორციელდება ზოგადი დეკლარირება, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე ხორციელდება ზოგადი დეკლარირება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.

 

ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის გაფორმების მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება სასაქონლო ოპერაცია.

 

საქონლის გაფორმებისას გამოსაყენებელი სასაქონლო ოპერაციების სახეებს განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის პირველი ნაწილი, კერძოდ, საქონლის გაფორმებისას გამოიყენება შემდეგი სასაქონლო ოპერაციები: იმპორტი; ექსპორტი; რეექსპორტი; ტრანზიტი; საწყობი; თავისუფალი ზონა; დროებითი შემოტანა; შიდა გადამუშავება; გარე გადამუშავება. მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის მიხედვით, საქონლის გაფორმებისას ხორციელდება დეკლარირება. საქონლის გაფორმებისას, სასაქონლო ოპერაციის პირობების შესაბამისად, წარმოიშობა კუთვნილი გადასახდელების გადახდის ან/და გარანტიის წარდგენის ვალდებულება.

 

ამავე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით კი დადგენილია, რომ გადასახდელების გადახდის ან/და გარანტიის წარდგენის ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან საქონლის მფლობელს. სასაქონლო ოპერაციებში საქონლის მოქცევისა და სასაქონლო ოპერაციების გამოყენების წესებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს.

 

ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ზოგად დეკლარირებას ახორციელებს: ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი ან საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირი; ბ) საქონლის მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი.

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/საქონლის მფლობელს.

 

ამავე ინსტრუქციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლარაცი ის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.

 

ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

 

აღნიშნული ინსტრუქციის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, №XI–02 დანართის შესაბამისად შევსებული „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა” (შემდგომში – ნუსხა) თან ერთვის ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციას შემდეგ შემთხვევებში: ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), გარდა ამ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევებისა.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია - ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსი განეკუთვნება საჯარო სამართლის ნორმატიულ აქტს, რომლის მეათე კარი არეგულირებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილების შესახებ წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობებს, რომელიც თავისი ბუნებით განეკუთნება სახელმწიფო მმართველობის სფეროში წარმოშობილ სამართალურთიერთობებს. მისი ერთ‑ერთი სუბიექტი უცილობლად არის სახელმწიფო მმართველობის განმხორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, საბაჟო საქმიანობა წარმოადგენს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლებრივი ფუნქციის განხორციელებას. სამართლებრივი ურთიერთობა საბაჟო სფეროში არის სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუტების, ფიზიკური და იურიდიული პირების (სამართლის სუბიექტების) სამართლებრივი ნორმებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების შესრულება, რომლებიც წარმოიშობა საბაჟო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო სამართალურთიერთობის მონაწილეებს საბაჟო სფეროში ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ სამართლის ნორმით დადგენილი უფლებანი და მოვალეობანი, რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია დარწმუნებით, ანუ კანონმორჩილებით და მისი დარღვევის შემთხვევაში – სახელმწიფო იძულებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით და პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს, ექსპორტს თუ ტრანზიტს, ვალდებულია, იცოდეს კანონის მოთხოვნები და ზუსტად შეასრულოს ისინი. ამასთან, პირმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, რაც მიზნად ისახავს საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა/გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით/მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით.

 

სასამართლო, დამატებით განმარტავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობა პირს ავალდებულებს, წარადგინოს საბაჟო დეკლარაცია საქონლის მიმართ, თუ ეს საქონელი გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და თუ ამ საქონლის ღირებულება აღემატება დაუბეგრავ მინიმუმს. სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა წარმომადგენლების არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ საბაჟო საზღვრზე გადმოსატანი საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატება დაუბეგრავ მინიმუმს, მიუხედავად იმისა, მოცემულ პირს აქვს თუ არა ეკონომიკურ საქმიანობაში მისი გამოყენების მიზანი, იგი ექვემდებარება დეკლარირებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ა-–----------------ას ჰქონდა განზრახვა საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოეტანა ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულებას შეადგენს 5998.81 ლარს, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ მინიმუმს აღემატება, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–----------------ას აღნიშნული საქონლის მიმართ წარმოეშვა დეკლარირების ვალდებულება, რაც მას არ განუხორციელებია.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ა-–----------------ას არ ჰქონდა განზრახვა მის საკუთრებაში არსებული ოქროს ნაკეთობები საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაეტანა მალულად, ამის დასადასტურებლად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული საქონელი მოსარჩელეს ჰქონდა ჩანთაში.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 ნომებრის გადაწყვეტილებაზე (№ბს-572-572(2კ-18) საქმე), რომლის თანახმად, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილი ალტერნატიულად იძლევა საბაჟო კონტროლისაგან როგორც მალულად, ასევე, მისი გვერდის ავლით საბაჟო საზღვარზე საქონლის გადმოტანის/გადატანის სახით ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პირის დაჯარიმების შესაძლებლობას. მითითებული მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ერთმანეთისაგან მკვეთრად იმიჯნება სამართალდარღვევის ჩადენის ორი ალტერნატიული „გზა“ - საბაჟო კონტროლის გვერდის ავლა და საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადმოტანა/გადატანა. შესაბამისად, ერთმანეთისაგან განსხვავებულია ის სამართლებრივი წინაპირობებიც, რომლებიც თითოეულ შემთხვევაში პირის მხრიდან აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის დროს აუცილებლად უნდა იკვეთებოდეს. კერძოდ, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქონლის გადმოტანის/გადატანის მიმართ პირის განზრახვა გამოხატულია შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული საბაჟო გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, მათ გარეთ არსებული სივრციდან სახელმწიფო საზღვრის შიგნით ან, პირიქით, საზღვრებს შიგნიდან - გარეთ საქონლის უკანონო გადაადგილების სურვილში, მაშინ, როდესაც საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადაადგილების მიმართ არსებული განზრახვა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, თუმცა მისგან ფარულად, საბაჟო კონტროლისათვის საქონლის გადაადგილების შემჩნევისათვის შემაფერხებელი გარემოებების შექმნის მცდელობით ვლინდება.“

 

მოცემულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადმოტანა/გადატანა არ გულისხმობს მხოლოდ სპეციალური სამალავით, ანუ მანქანის კონსტრუქციით გაუთვალისწინებელი, არაქარხნული, კუსტალურად დამზადებული, საქონლის ფარული გადაზიდვისათვის მოწყობილი სპეციალურად დახურული საშუალებით გადაზიდვას. საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადაადგილება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ზემოხსენებული სამალავით, ასევე, მის გარეშე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალდარღვევის მალულად ჩადენა არ გამოიხატება აღნიშნული ქმედების კონკრეტული, სპეციალურად მოწყობილი საშუალებისა თუ საგნის გამოყენებით განხორციელებაში. იგი დაკავშირებულია პირის ბრალეულ ქმედებასთან, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს პირის განზრახვას, საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადააადგილოს საქონელი საქართველოს საბაჟო საზღვარზე, ხოლო, მეორე მხრივ, მის გაუფრთხილებელ ქმედებას, რომლითაც დაირღვა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების მიმართ საჭირო ყურადღებიანობისა თუ გულისხმიერების აუცილებელი მოთხოვნები, რასაც, შედეგად, მოჰყვა პირის მიერ საბაჟო საზღვარზე გაუფრთხილებლობით საქონლის წარუდგენლობა და რასაც შეეძლო პოტენციური საფრთხე შეექმნა საბაჟო ზედამხედველობისა თუ კონტროლის ეფექტური განხორციელებისათვის.“ „საკასაციო სასამართლო, ასევე, დამატებით აღნიშნავს, რომ დეკლარირების მიზანს საბაჟო საზღვარზე გადასაადგილებელი ქონების წარდგენა წარმოადგენს. სწორედ აღნიშნული ქმედების ზედმიწევნით განხორციელებაზეა დამოკიდებული საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტურობის ხარისხიც. შესაბამისად, დეკლარაციის წარუდგენლობა და საბაჟო საზღვარზე საქონლის მალულად გადატანა წარმოშობს საფრთხეს იმისა, რომ ზემოხსენებული ქმედებები ვერ განხორციელდება. აღნიშნული კი, ავტომატურად ქმნის საბაჟო საზღვარზე საქონლის მალულად გადამაადგილებელი პირისათვის საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.“

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ ფაქტზე მითითებით, რომ საქმეში წარმოდგენილი აუდიო-ვიდეოს მასალის მიხედვით მებაჟე-ოფიცერი ესაუბრებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელშიც იჯდა ა-–----------------ა, მძღოლის განცხადებით მანქანაში მსხდომი პირები იყვნენ დედა და და, ამასთან, მებაჟე-ოფიცერი კითხვით მიმართავს ა-–----------------ას, იცის თუ არა რუსული, რაზეც ა-–----------------ა მხრების აჩეჩვით პასუხობს, თუმცა მძღოლს ესმის რუსული და იგი მებაჟე-ოფიცერს სცემს პასუხებს. აუდიო-ვიდეო მასალის მიხედვით, მებაჟე-ოფიცერი სთხოვს მძღოლს, გადაუთარგმნოს, აქვს თუ არა მოსარჩელეს დასადეკლარირებელი ძვირფასეულობა, იგივე შეკითხვით მიმართავს თავად ა-–----------------ას, რომელიც ხელებს შლის და შემდეგ ყელზე იკიდებს ხელს ყელსაბამის ჩვენების მიზნით. მძღოლი კი აცხადებს, რომ მათ არ გააჩნიათ დასადეკლარირებელი საქონელი. სასამართლო აღნიშნული აუდიო-ვიდეო მასალის შეფასებისას მიიჩნევს, რომ ა-–----------------ასთვის მოხდა შეკითხვის დასმა, ჰქონდა თუ არა დასადეკლარირებელი ძვირფასეულობა, მისი ჟესტებითა და მძღოლის განმატებით, მან განაცხადა, რომ არ გააჩნდა დასადეკლარირებელი საქონელი, შესაბამისად, აღნიშნული ქმედებით ა-–----------------ას სურდა საბაჟო კონტროლის მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოეტანა დასადეკლარირებელი ოქროს ნაკეთობები. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–----------------ას მიმართ სადავო სამართალდარღვევის ოქმი საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით არის შედგენილი.

 

სასამართლო, ასევე, ვერ გაითვალისწინებს მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტაციას, რომ ა-–----------------ას მისთვის გასაგებ ენაზე არ განემარტა ოქმის შინაარსი, არ ყოფილა მოწვეული თარჯიმანი, რაც აღნიშნული ოქმის ბათილად ცნობის საფუძველია.

 

სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 2071 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება ან/და საგადასახადო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების შედგენა შეიძლება უცხოურ ენაზედაც.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ შეიცავს მითითებას თარჯიმნის მოწვევის შესაძლებლობის შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რიგს განეკუთვნება, საგადასახადო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული იმ საკითხების მოსაწესრიგებლად, რომლის თაობაზედაც საქართველოს საგადასახადო კოდექსი მითითებას არ შეიცავს, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებანი. კერძოდ, ხსენებული კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები, რომლის პირველი ნაწილი სხვა უფლებებთან ერთად ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებას, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, უზრუნველყოს საქმეში მონაწილე წარმოების ენის არმცოდნე მხარის თარჯიმნით აღჭურვა, არამედ აღნიშნული თავად საგადასახადო პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებას წარმოადგენს, რომლის რეალიზებაც, ასევე, მის ნებაზეა დამოკიდებული. ამდენად, თუკი მოსარჩელე საჭიროებდა თარჯიმანს, მას გააჩნდა უფლება მიეთითებინა თარჯიმნის მოწვევის საჭიროებაზე, ხოლო ასეთი მოთხოვნის არარსებობის პირობებში ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა ვალდებულება, დამატებით, პასუხისგებაში მიცემული პირის ნების გამოვლენისაგან დამოუკიდებლად უზრუნველეყო საქმის განხილვაში თარჯიმნის მოწვევა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქმეში წარმოდგენილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერზე მითითებით, სადაც ნათლად ჩანს, რომ იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელშიც იჯდა მოსარჩელე, ესმოდა რუსული ენა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებსა და ა-–----------------ას შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფდა. ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება ა-–----------------ასთვის თარჯიმნის მოწვევაზე უარის თქმის ან მისი აღნიშნული უფლებით სარგებლობის სხვაგვარი შეზღუდვის არსებობის თაობაზე და ხსენებულს არც თავად მოსარჩელე ხდის სადავოდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით ჩატარებული წარმოება შესაბამისობაშია მოქმედ კანონმებლობასთან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოებები, რომელიც შეიძლება გახდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, კანონშესაბამისია სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინსიტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, ასევე, ა-–----------------ას მიმართ გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების კანონიერება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები - საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად მიღებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 39-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოებს კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელის ქონება დატვირთონ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკ ით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები მიზნად ისახავს პირის მიერ საგადასახადო ვალდებულების სათანადოდ შესრულებას, აგრეთვე საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში არასასურველი შედეგების თავიდან აცილებას ან შემცირებას. საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლება ვრცელდება: (1) გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე; (2) გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე და (3) საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ ქონებაზე. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია მხოლოდ ერთი გამონაკლისი შემთხვევა, კერძოდ, საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლება არ ვრცელდება გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხულ ლიზინგით მიღებულ ქონებაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 21 მარტის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაერიცხა გადასახდელად ჯარიმა 5998,81 ლარის ოდენობით. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენდა საგადასახადო ორგანოს მხრიდან გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გამოყენების წინაპირობას. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არის დაუსაბუთებელი და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ იკვეთება სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მათი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 180 (ას ოთხმოცი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ა-–----------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 180 (ასოთხმოცი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე